არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ქალაქ უელინგტონის მუნიციპალიტეტის შენობაში ასობით და-ძმაა შეკრებილი სპეციალურ კონგრესზე დასასწრებად (1947 წლის 8 მარტი); მარჯვნივ: ბეთელის ოფისი (ახალი ზელანდია, უელინგტონი, კენტ ტერასის №69)

2022 წლის 7 მარტი
ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ჩვენი საქმიანობის რეგისტრაციიდან 75 წელი შესრულდა

ახალ ზელანდიაში ჩვენი საქმიანობის რეგისტრაციიდან 75 წელი შესრულდა

2022 წლის მარტში ახალ ზელანდიაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის რეგისტრაციიდან 75 წელი შესრულდა. 1947 წლის 7 მარტს ძმები, ნეითან ნორი, მილტონ ჰენშელი და სკოლა „გალაადის“ პირველი კურსდამთავრებული მისიონერი ახალ ზელანდიაში, ჩარლზ კლეიტონი, ქვეყნის პარლამენტს ეწვივნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის იურიდიული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასცეს. დღეს ახალ ზელანდიაში დაახლოებით 14 500 მაუწყებელია აქტიურად ჩართული სამქადაგებლო საქმეში, რომელიც სულ უფრო წინ მიიწევს.

პირველად სასიხარულო ცნობა ახალ ზელანდიაში 1898 წელს იქადაგეს. მას შემდეგ ქვეყანაში მაუწყებლების რიცხვის ზრდა არ შეჩერებულა. კათოლიკური ეკლესია ძალიან გააღიზიანა იმან, რომ ჩვენი პუბლიკაციები ნათელს ჰფენდა ბიბლიურ მოძღვრებებს, და საზოგადოება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აამხედრეს. 1940 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფომ აკრძალა ჩვენი საქმიანობა, თუმცა 1941 წლის 8 მაისს პარლამენტმა აკრძალვის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რისი წყალობითაც ჩვენს და-ძმებს ერთად შეკრების და მსახურების უფლება მიენიჭათ. თუმცა მათ პუბლიკაციების გამოყენების უფლება არ ჰქონდათ და მხოლოდ ბიბლიით სარგებლობა შეეძლოთ. 1945 წლის 29 მარტს აკრძალვა საბოლოოდ მოიხსნა, რასაც მაუწყებლების რიცხვის დიდი ზრდა მოჰყვა. სულ რაღაც ორ წელში მქადაგებლების რაოდენობა 40 პროცენტით გაიზარდა და 659-ს მიაღწია.

მარცხნიდან მარჯვნივ: ჩარლზ კლეიტონი, მილტონ ჰენშელი და ნეითან ნორი იურიდიული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ (პარლამენტის შენობასთან გადაღებული ფოტო, 1947 წ.)

ნეითან ნორმა გადაწყვიტა, 1947 წელს, სამქადაგებლო მოგზაურობის დროს, ახალ ზელანდიაშიც ჩასულიყო. სწორედ ამ დროს ეწვია ის პარლამენტს.

იურიდიული აღიარების მოპოვების შემდეგ უელინგტონში ფილიალი გახსნეს, რათა უკეთ გაეწიათ ორგანიზება სამქადაგებლო საქმისთვის. ფილიალის მსახურად ძმა რობერტ ლეიზენბი დანიშნეს.

აი რა დაწერა ძმა ნეითან ნორმა ახალ ზელანდიაზე მომზადებულ ანგარიშში ახლად გახსნილი ფილიალისა და იქაური მაუწყებლების განწყობის შესახებ: „ყველა მზად იყო, რომ საკუთარ თავზე აეღო ახალი პასუხისმგებლობები, რათა მაქსიმალურად დაეჭირათ მხარი ფილიალის ფუნქციონირებისთვის“.

1947 წლის 8 და 9 მარტს ნეითან ნორმა და მილტონ ჰენშელმა მოხსენებები წარმოთქვეს სპეციალურ კონგრესზე, რომლის დილის პროგრამაც ქალაქ უელინგტონის მუნიციპალიტეტის შენობაში, ხოლო ნაშუადღევის პროგრამა ახლომდებარე ტექნიკურ კოლეჯში გაიმართა. შეხვედრას 500-მდე და-ძმა ესწრებოდა.

და ბერილ ტოდი, რომელიც მაშინ 17 წლისა იყო, იხსენებს: „იმ დროისთვის ამაზე დიდ კონგრესზე ნამყოფი არ ვიყავი. თანაც განსაკუთრებით ამაღელვებელი ის იყო, რომ ძმა ნეითან ნორი ესწრებოდა შეხვედრას“. ამ კონგრესზე მოინათლა ძმა კლაიდ კენტიც, რომელიც მოგვიანებით ახალი ზელანდიის ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად მსახურობდა.

1947 წლის 10 მარტს კიდევ 300 ადამიანი შეიკრიბა ოკლენდში ნეითან ნორის, მილტონ ჰენშელისა და რობერტ ლეიზენბის მოსასმენად. ძმა ნეითანმა აღნიშნა, რომ ახალ ზელანდიაში ზრდის დიდ პოტენციალს ხედავდა. მან ასეთი სიტყვები თქვა: „დარწმუნებული ვარ, სამქადაგებლო საქმე აქ ფართო მასშტაბებს მიაღწევს და დიდი ზრდის მოწმენი გავხდებით“.

ნეითან ნორის სიტყვები გამართლდა. მომდევნო 8 წლის მანძილზე ყოველწლიურად ქვეყანაში საშუალოდ 18%-იანი ზრდა იყო. 1955 წლისთვის იქ უკვე 2 519 მაუწყებელი მსახურობდა, ხოლო 1989 წელს მათმა რიცხვმა 10 000-ს მიაღწია.

ძალიან მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ დაეხმარა ჩვენს ძმებს, ახალ ზელანდიაში იურიდიული აღიარება მოეპოვებინათ (ფილიპელები 1:7).