არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 3 ოქტომბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ქარიშხალ „ირმას“ შედეგების მიმოხილვა

ქარიშხალ „ირმას“ შედეგების მიმოხილვა

ნიუ-იორკი — ბარბადოსში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაზარალებული და-ძმები.

ბარბადოსის ფილიალის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალდა შემდეგი კუნძულები: ანტიგუა და ბარბუდა, სენტ-კიტსი და ნევისი, ანგილია, მონსერატი, საბა, სინტ-ესტატიუსი და სინტ-მარტენი (ჰოლანდიური ნაწილი). მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, განსაკუთრებით დაზარალდა ბარბუდასა და სინტ-მარტენის კუნძულები.

პატარა კუნძულ ბარბუდაზე 1 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. ქარიშხლის შედეგად კუნძულზე სახლების დაახლოებით 95 პროცენტი სერიოზულად დაზიანდა და მოსახლეობას კომუნალური მომსახურება შეუწყდა, რის გამოც სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოწოდებული ცნობების თანახმად, თერთმეტივე მაუწყებელი უსაფრთხოდ გადაიყვანეს ახლომდებარე ანტიგუას კუნძულზე, სადაც მათ საჭიროებებზე სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს.

სინტ-მარტენის კუნძულზე (ჰოლანდიური და ფრანგული ნაწილები), სადაც დაახლოებით 700 მაუწყებელი ცხოვრობს, დაშავდა ერთი და. კუნძულზე ჩავიდა ბარბადოსისა და საფრანგეთის ფილიალების დელეგაცია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს ადგილობრივ და-ძმებს.

საფრანგეთის ფილიალის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალდა შემდეგი კუნძულები: გვადელუპა, მარტინიკა, სენ-ბართელმი და სენ-მარტენი (ფრანგული ნაწილი). გვადელუპასა და მარტინიკას კუნძულებზე არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა.

სენ-ბართელმის კუნძული (კუნძულ სენ-ბარტსის ფრანგული სახელი) სტიქიამ მთლიანად გაანადგურა. კუნძულზე მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება თითქმის შეუძლებელია. თუმცა ფილიალმა მოახერხა სარაიონო ზედამხედველისგან ინფორმაციის მიღება, რომლის თანახმადაც კუნძულზე მცხოვრები 30 მაუწყებლიდან არავინ დაშავებულა. უმნიშვნელოდ დაზიანდა სამეფო დარბაზი. ძმებმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბეს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც ორგანიზებას უწევს გვადელუპასა და მარტინიკას კუნძულებიდან საკვების, წყლისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდებას სენ-ბართელმისა და სენ-მარტენის კუნძულებზე მცხოვრები და-ძმებისთვის.

გვადელუპაში მდებარე იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზში ძმები გასაგზავნად ამზადებენ ჰუმანიტარულ დახმარებას

სტიქიის შედეგად დაზარალდა დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალის ტერიტორია. ფილიალის კომიტეტმა ჩამოაყალიბა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების 5 კომიტეტი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ 38 000 იეჰოვას მოწმეზე ზრუნავენ. რამდენიმე დღით ადრე, სანამ ქვეყანას ქარიშხალი „ირმა“ დაატყდებოდა თავს, სარაიონო ზედამხედველების მითითებით უხუცესებმა ყველა და-ძმა პირადად მოინახულეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ თითოეულს ჰქონდა მიღებული უსაფრთხოების ზომები. ჩრდილოეთ სანაპიროდან, სადაც უფრო დიდ წყალდიდობას ელოდნენ, უხუცესებმა 1 273 მოწმის ევაკუაცია მოახდინეს, ხოლო 2 068 მოწმე, რომელთა სახლებში დარჩენაც სახიფათო იყო, სამეფო დარბაზებსა და სხვა მოწმეების შედარებით უსაფრთხო სახლებში დააბინავეს.

უმნიშვნელოდ დაზიანდა რამდენიმე სამეფო დარბაზი, რომელთა მშენებლობაც ახლახან დასრულდა. აგრეთვე დაზიანდა ხუთი იეჰოვას მოწმის სახლი. აღდგენით სამუშაოებში ჩართული არიან სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები და ადგილობრივი კრებები. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.

შეერთებული შტატების ფილიალის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალდა ბაჰამის კუნძულები, ფლორიდა, ჯორჯია, პუერტო-რიკო, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები და ბრიტანეთისა და აშშ-ის ვირჯინის კუნძულები. როგორც უკვე ცნობილია, ამ ტერიტორიებზე სტიქიის შედეგად დაიღუპა ერთი ძმა და ერთი და. გარდა ამისა, ფილიალიდან მოწოდებული ცნობებით, ქარიშხლის შედეგად დაშავდა 6 ძმა, 3 000-ზე მეტ მოწმეს კი სახლ-კარის დატოვება მოუწია. ევაკუირებული მოწმეები ცენტრალურ ფლორიდასა და ჯორჯიაში მცხოვრებმა ასობით და-ძმამ შეიფარა.

ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდის შტატი) მდებარე მთარგმნელობითი ოფისის პერსონალმა დასავლეთ ფალმ-ბიჩიში მდებარე საკონგრესო დარბაზს შეაფარა თავი და იქ რამდენიმე დღე დარჩა. მთარგმნელობითი ოფისები წყალმა დააზიანა და საცხოვრებელ შენობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გათიშული იყო ელექტროენერგია და ინტერნეტი. დღეს ეს პრობლემები მოგვარებულია და ოფისებში მუშაობა განახლებულია.

ფალმ-ქოუსთში (ფლორიდის შტატი) მდებარე სასწავლო ცენტრიდან მოხდა სტუდენტების — სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეების, აგრეთვე სამეფოს მახარობელთა სკოლის 3 კლასის მოსწავლეების — ევაკუაცია. შენობის უსაფრთხო ნაწილში დაახლოებით 20 ადამიანი დარჩა. სასწავლო ცენტრის კომპლექსი სერიოზულად არ დაზიანებულა, თუმცა შენობებს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

კაგუაში (პუერტო-რიკო) მდებარე იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზში და-ძმები აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას

საპროექტო-სამშენებლო განყოფილება და დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც სამსახურებრივ განყოფილებაში შეიქმნა, კოორდინირებას უწევენ დაზარალებულთა დახმარებას. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ და-ძმებს უსაფრთხოდ და დროულად გაეწიოთ დახმარება.

შეერთებულ შტატებში ჩამოაყალიბეს დაზარალებულთა დახმარების რამდენიმე ცენტრი, რათა საკვებითა და წყლით მოემარაგებინათ დაზარალებულები. გარდა ამისა, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც პუერტო-რიკოში ჩამოყალიბდა, კუნძულებზე მცხოვრებ და-ძმებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

კარიბის ზღვის აუზში მოქცეულ კუნძულებზე სულ მცირე 61 სახლი მსუბუქად, ხოლო 55 სერიოზულად დაზიანდა. აგრეთვე, სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს ორი სამეფო დარბაზი.

ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე არსებული სამეფო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია წყალმა დატბორა

ადგილობრივი ფილიალიდან და მთავარი სამმართველოდან ძმები ფლორიდასა და მიმდებარე კუნძულებზე ჩავიდნენ, რათა დახმარება გაეწიათ დაზარალებული და-ძმებისთვის. ზარალის შესახებ მონაცემების შეგროვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ და ვლოცულობთ ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაზარალებულ და-ძმებზე; აგრეთვე ლოცვებში ვიხსენიებთ მათაც, ვინც მზადყოფნის სულს ავლენს და ამ მძიმე წუთებში დახმარების ხელს უწვდის გასაჭირში მყოფ და-ძმებს (რომაელები 15:5; 2 კორინთელები 1:3, 4, 7; 8:14).

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ბარბადოსი: ჯონ მედფორდი, ტელ. +1-246-438-0655

დომინიკელთა რესპუბლიკა: ხოსე ფელისი, ტელ. +1-809-595-4007

საფრანგეთი: გი კანონისი, ტელ. +33-2-32-25-55-55