არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 21 აპრილი
რუმინეთი

ბიბლიის გამოცემა რუმინულ ენაზე

ბიბლიის გამოცემა რუმინულ ენაზე

2020 წლის 19 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია რუმინულ ენაზე. ეს განცხადება გააკეთა რუმინეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჯონ ბრენკამ, სტრიმინგისა და ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, სადაც ჩართული იყო რუმინეთსა და მოლდოვაში არსებული ყველა რუმინულენოვანი კრება. შეხვედრა ითარგმნებოდა უნგრულ, ბოშურ (რუმინეთი) და რუმინულ ჟესტურ ენებზე. მთლიანობაში პროგრამა 69 000-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა.

ბიბლიის თარგმნაზე ორი მთარგმნელობითი ჯგუფი მუშაობდა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ბიბლიის ამ გადამუშავებულ თარგმანში აზრები უფრო გასაგებად და ბუნებრივად არის გადმოცემული; ამავდროულად, მასში შენარჩუნებულია დედნისეული ტექსტის სიზუსტე. მთარგმნელობითი ჯგუფის ერთი წევრი ასეთ რამეს ამბობს: «ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ ვერსიაში გამოყენებულია თანამედროვე ენა, რის გამოც ტექსტი ადვილი აღსაქმელია. ამგვარად, წმინდა წერილებში ჩაწერილი უმნიშვნელოვანესი ცნობა ღრმად ეხება მკითხველის გულს».

მთარგმნელობითი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი აღნიშნავს: «ვინაიდან ამ თარგმანში აზრები ნათლადაა გადმოცემული, ის ყველა ასაკის ადამიანისთვის ადვილად გასაგები იქნება. ეჭვგარეშეა, ეს თარგმანი გულწრფელ ადამიანებს იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარება. ეს თანამედროვე ენით გადმოცემული „ცოცხალი“ წიგნია».

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ან ნაწილობრივ ნათარგმნია 187 ენაზე, აქედან 31 ენაზე ხელმისაწვდომია ბიბლიის გადამუშავებული თარგმანის სრული ვერსია, რომელსაც საფუძვლად დაედო „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 2013 წლის გამოცემა. გადამუშავებული თარგმანი მრავალმხრივ დახმარებას გაუწევს მთელ მსოფლიოში რუმინულ ენაზე მოლაპარაკე 65 000-ზე მეტ იეჰოვას მოწმეს.

ეს სასიხარულო მოვლენა იმის უდავო მტკიცებულებაა, რომ „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს“ იმ ადამიანებს, რომელთაც მთელი გულით უყვართ ღმერთი და გაერთიანებულად სცემენ მას თაყვანს (იგავები 10:22).