არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფილიპინების ფილიალის წარმომადგენლები, ძმა ელნათან ლი (ზემოთ) და ძმა ისრაელ ავეზი (ქვემოთ) სიტყვით გამოვიდნენ 2021 წლის მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

2021 წლის 26 აპრილი
ფილიპინები

2021 წლის მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყურადღება მახვილდება იეჰოვას მოწმეთა მთარგმნელობით საქმიანობაზე ფილიპინებში

2021 წლის მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყურადღება მახვილდება იეჰოვას მოწმეთა მთარგმნელობით საქმიანობაზე ფილიპინებში

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე არის აკადემიური ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან განათლების მუშაკები, კანონმდებლები, მკვლევრები და მეცნიერები 12 ქვეყნიდან. წელს ფესტივალი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გაიმართა 21 თებერვლიდან 20 მარტამდე. რიკარდო ნოლასკომ, ფილიპინების დილიმანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ფაკულტეტის დოქტორმა, რომელიც კონფერენციას თავმჯდომარეობდა, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად იეჰოვას მოწმეთა ფილიპინების ფილიალის წარმომადგენლებიც მიიწვია. 2021 წლის 9 მარტს ძმები, ელნათან ლი და ისრაელ ავეზი, რომლებიც მთარგმნელები არიან, სიტყვით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე და ისაუბრეს იეჰოვას მოწმეთა მთარგმნელობით საქმიანობასთან დაკავშირებით. პროგრამას ონლაინ რეჟიმით 320 ადამიანი ესწრებოდა.

დოქტორმა რიკარდო ნოლასკომ აღნიშნა, რომ ფილიპინებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სასკოლო სახელმძღვანელოების შემდეგ, მოსახლეობა ყველაზე ხშირად ბიბლიას კითხულობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამას შესაფერისი სათაურიც ჰქონდა შერჩეული: „ბიბლიის თარგმანები ფილიპინურ ენებზე“. სწორედ ამ საკითხს შეეხნენ ჩვენი ძმებიც.

ძმა ისრაელის მოხსენება ასე იყო დასათაურებული: „ზუსტი, ადვილად წასაკითხი თუ ორივე? ადგილობრივი ენები და სირთულეები ბიბლიის თარგმნისას“. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეძლეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მომუშავე მთარგმნელებმა, რომ მათი თარგმანი ზუსტიც ყოფილიყო და ადვილად წასაკითხიც. ძმა ისრაელმა აუდიტორიას აუხსნა: „იეჰოვას მოწმეების მთავარი მიზანია, ხალხს ბიბლიური განათლების მიღებაში დაეხმარონ. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ბიბლია ისეთ ენებზეც თარგმნონ, რომლებზეც ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს. ეს თარგმანები კი უფასოდაა ხელმისაწვდომი ნებისმიერისთვის როგორც ონლაინ, ისე ბეჭდური სახით იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებებში. შეგიძლიათ გაეცნოთ და თავად დარწმუნდეთ, რამდენად ზუსტი და ადვილად წასაკითხია მათ მიერ შესრულებული ღვთის სიტყვის თარგმანი“.

მოხსენებაში, რომლის სახელწოდებაც იყო „ხალხის შეკრება ყველა ერიდან და ენიდან: იეჰოვას მოწმეთა გლობალური მთარგმნელობითი საქმიანობა“, ძმა ელნათანმა განიხილა ჩვენი მთარგმნელობითი საქმიანობის მასშტაბები. მან აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში ამ საქმეში 6 000 მთარგმნელი და მოხალისეა ჩართული. ძმა ელნათანმა აგრეთვე მიმოიხილა ჩვენი მთარგმნელობითი საქმიანობის ისტორია 1800-იანი წლების დასასრულიდან მოყოლებული თანამედროვე პერიოდამდე, როცა მთარგმნელობითმა საქმემ საოცარ მასშტაბებს მიაღწია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენმა ვებგვერდმა jw.org, რომელიც ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, 2019 წლის ნოემბერში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — მასში განთავსებული მასალა 1 000 ენაზე გახდა ხელმისაწვდომი.

ძმა ლიმ მოხსენების დასასრულს აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციების მთარგმნელები თავიანთ საქმეს საზოგადოებრივ სამსახურად მიიჩნევენ და მათი მიზანია, რომ შეასრულონ ადვილად გასაგები თარგმანები, თანაც განურჩევლად ყველანაირი ადამიანისთვის, რათა შეძლონ მათი ინფორმირებაც და გამხნევებასაც“.

გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, სხვებისთვისაც გაგვეცნო ჩვენი მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ. აშკარაა, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება ახლა ყველაზე დიდი მასშტაბებით მიმდინარეობს „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხადება 14:6).