ლევიანები 6:1—30

  • დანაშაულის შესაწირავთან დაკავშირებული დეტალები (1—7).

  • შესაწირავებთან დაკავშირებული მითითებები (8—30).

    • დასაწვავი მსხვერპლი (8—13).

    • მარცვლეული შესაწირავი (14—23).

    • ცოდვის შესაწირავი (24—30).

6  იეჰოვამ მოსეს უთხრა:  „თუ ვინმე შესცოდავს, უორგულებს იეჰოვას+ და მოატყუებს მოძმეს, რომელმაც მას რაიმე მიაბარა ან ათხოვა,+ ან გაქურდავს მოძმეს, ან გამოსტყუებს რამეს,  ან, თუ დაკარგულს იპოვის და იუარებს, რომ არ უპოვია, ანდა ცრუდ დაიფიცებს, რომ ასეთი ცოდვა არ ჩაუდენია,+ აი, რა უნდა გააკეთოს:  თუ შეუცოდავს და დამნაშავედ ჩაითვალა, უნდა დაუბრუნოს მოძმეს, რაც მოჰპარა, გამოსძალა, გამოსტყუა, რაც მიბარებული ჰქონდა, რაც იპოვა,  ან რაზეც ცრუდ დაიფიცა. რა დღესაც დანაშაული დაუმტკიცდება, პატრონს ზარალი იმავე დღეს სრულად უნდა აუნაზღაუროს+ და მეხუთედიც დაუმატოს.  მიუყვანოს მღვდელს დადგენილი ფასის შესაბამისი საღი ვერძი როგორც დანაშაულის შესაწირავი იეჰოვასთვის.+  მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს მისთვის იეჰოვას წინაშე და მას ჩადენილი დანაშაული ეპატიება“.+  შემდეგ იეჰოვამ მოსეს დაავალა:  «გადაეცი აარონსა და მის ვაჟებს: „ეს არის კანონი დასაწვავ მსხვერპლზე:+ დასაწვავი მსხვერპლი მთელი ღამე, დილამდე, იდოს სამსხვერპლოზე, სადაც ცეცხლი ენთება. 10  ჩაიცვას მღვდელმა სელის ქსოვილისგან დამზადებული სამოსელი+ და ქვედა საცვალი+ სხეულის დასაფარავად. აიღოს სამსხვერპლოდან ნაცარი+ და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს. 11  გამოიცვალოს სამოსელი+ და ნაცარი ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე გაიტანოს.+ 12  ცეცხლი სამსხვერპლოზე ყოველთვის უნდა ენთოს, არ უნდა ჩაქრეს. მღვდელმა ყოველ დილით დაუმატოს მას შეშა,+ ზედ დასაწვავი მსხვერპლი დადოს და შემდეგ სამსხვერპლოზე სამშვიდობო მსხვერპლის ქონი დაწვას, რომ აბოლდეს.+ 13  სამსხვერპლოზე მუდამ უნდა ენთოს ცეცხლი, არ უნდა ჩაქრეს. 14  ეს არის კანონი მარცვლეულ შესაწირავზე:+ მიიტანონ ის აარონის ვაჟებმა იეჰოვას წინაშე და სამსხვერპლოს წინ დადონ. 15  აიღოს ერთ-ერთმა მათგანმა ზეთმოსხმული და გუნდრუკმოყრილი მარცვლეული შესაწირავიდან ერთი მუჭა წმინდად დაფქული ფქვილი როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო და დაწვას სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+ 16  დანარჩენი ფქვილისგან აარონმა და მისმა ვაჟებმა+ ხმიადები დააცხონ და წმინდა ადგილას, შეხვედრის კარვის ეზოში, ჭამონ.+ 17  საფუარი არ უყონ.+ ეს არის მათი წილი, რომელიც ჩემთვის განკუთვნილი ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან მივეცი.+ ეს შესაწირავი წმინდაა,+ ისევე როგორც ცოდვის შესაწირავი და დანაშაულის შესაწირავი. 18  აარონის შთამომავალმა ყველა მამაკაცმა ჭამოს ის.+ ეს არის მათი წილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან თაობიდან თაობაში.+ ყველაფერი, რასაც შესაწირავის მოსამზადებლად გამოიყენებენ, წმინდა იქნება“». 19  შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 20  „აი, რა შესაწირავი უნდა მიუტანონ იეჰოვას აარონმა და მისმა ვაჟებმა აარონის ცხების დღეს:+ მეათედი ეფა*+ წმინდად დაფქული ფქვილი როგორც მარცვლეული შესაწირავი,+ ნახევარი — დილით, ნახევარი — საღამოს; 21  ზეთში კარგად მოზილონ, კეცზე გამოაცხონ+ და ნაჭრებად დაჭრილი მიიტანონ როგორც მარცვლეული შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის. 22  იგივე გააკეთოს აარონის ვაჟებიდან მან, ვინც ცხებული მღვდელი გახდება და მას შეცვლის.+ ეს არის სამარადისო წესი: დაწვას მთლიანად დასაწვავი შესაწირავი, რომ აბოლდეს იეჰოვას წინაშე. 23  მღვდლის მიერ გაღებული მარცვლეული შესაწირავი მთლიანად უნდა დაიწვას. ის არავინ არ უნდა ჭამოს“. 24  შემდეგ იეჰოვამ მოსეს დაავალა: 25  «გადაეცი აარონსა და მის ვაჟებს: „ეს არის კანონი ცოდვის შესაწირავზე:+ ცოდვის შესაწირავი იეჰოვას წინაშე იქ უნდა დაიკლას,+ სადაც დასაწვავი მსხვერპლი იკვლება. ეს შესაწირავი წმინდაა. 26  ის იმ მღვდელმა უნდა ჭამოს, რომელიც მას შესწირავს;+ მღვდელმა ის წმინდა ადგილას, შეხვედრის კარვის ეზოში, უნდა ჭამოს.+ 27  ყველაფერი, რაც ამ ხორცს შეეხება, წმინდა იქნება. თუ ვინმეს მისი სისხლი სამოსზე მოეცხება, წმინდა ადგილზე გაირეცხოს. 28  თიხის ჭურჭელი, რომელშიც ხორცი მოიხარშება, უნდა დაიმსხვრეს. თუ ის სპილენძის ჭურჭელში მოიხარშება, ჭურჭელი უნდა გაიხეხოს და გაირეცხოს. 29  ჭამოს ხორცი ყველა მამაკაცმა, ყველა მღვდელმა.+ ეს შესაწირავი წმინდაა.+ 30  მაგრამ ცოდვის შესაწირავი, რომლის სისხლიც შეხვედრის კარავში წმინდა ადგილზე+ გამოსყიდვის წესის შესასრულებლად შეაქვთ, არავინ არ უნდა ჭამოს; ცეცხლში უნდა დაიწვას“».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.