არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგი კომუნიკაცია თქვენსა და თქვენს შვილს შორის გადებულ ხიდს ჰგავს

ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

5. კომუნიკაცია

5. კომუნიკაცია

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

ურთიერთობა მაშინ არის სრულფასოვანი, როცა ორმხრივად ხდება აზრებისა თუ გრძნობების გაზიარება.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

განსაკუთრებით გარდატეხის ასაკშია რთული მოზარდებთან საერთო ენის გამონახვა. შესაძლოა არც ისე დიდი ხნის წინ თქვენი შვილის გულისკარი ღია იყო თქვენთვის, ახლა კი დაკეტილია და რამდენიც არ უნდა აკაკუნოთ, არა და არ იღება. ერთი შეხედვით შეიძლება ისე ჩანდეს, რომ მას არ უნდა თქვენთვის გულის გადაშლა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდება თქვენთან საუბარი.

ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ

ყოველთვის მზად იყავით შვილებთან სასაუბროდ. გვიან ღამითაც რომ მოუნდეთ საუბარი, ნუ ეტყვით უარს.

„შეიძლება გაღიზიანებულმა შვილს ასეთი რამ უთხრათ: მთელი დღე ერთად ვიყავით და ახლა მოგინდა ლაპარაკი?! მაგრამ როგორ უნდა უსაყვედურო შვილს, თუ მას შენთვის გულის გადაშლა მოუნდა?! განა ამას არ ნატრობს ყველა მშობელი?!“ (ლიზა).

„მიყვარს თავის დროზე დაძინება, მაგრამ ყველაზე გულახდილად მე და ჩემს მოზარდ შვილებს ღამის საათებში გვისაუბრია“ (ჰერბერტი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

არაფერმა გაგიფანტოთ ყურადღება. ერთი მამა აღიარებს: „არაერთხელ დამიჭერია თავი, რომ ათას რაღაცაზე ვფიქრობ, როცა შვილები მელაპარაკებიან. მათ ვერაფერს გამოაპარებ; მაშინვე ხვდებიან, რომ ფიქრებით სხვაგან ვარ“.

შესაძლოა თქვენც დაგმართნიათ ასეთი რამ. თუ ყურადღებას ტელევიზორი, მობილური ან სხვა ელექტრონული მოწყობილობები გიფანტავთ, გამორთეთ ან გვერდზე გადადეთ. მთელი გულისყურით მოუსმინეთ შვილს და გულთან ახლოს მიიტანეთ მისი ნათქვამი, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგეჩვენოთ.

„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ შვილები, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, რას გრძნობენ ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტებიან და დახმარებისთვის სხვას მიმართავენ“ (მარანდა).

„ნუ გექნებათ მძაფრი რეაქცია მაშინაც კი, თუ შეატყობთ, რომ შვილს აზროვნება საკმაოდ დამახინჯებული აქვს“ (ანტონი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18).

შვილებთან სასაუბროდ ხელიდან არ გაუშვათ ხელსაყრელი სიტუაციები. ხშირად შვილს უფრო უადვილდება გულღიად საუბარი, როცა მშობელი პირისპირ არ უზის.

„ჩვენ მანქანით მგზავრობის დროს ვსაუბრობთ ხოლმე. რადგან გვერდიგვერდ ვზივართ და არა პირისპირ, ჩვენ შორის ბევრჯერ საინტერესო საუბარი შემდგარა“ (ნიკოლი).

სასაუბროდ კარგი გარემო მაშინაც იქმნება, როცა ოჯახი ერთად სადილობს ან ვახშმობს.

„ვახშმის დროს ერთმანეთს ვუყვებით დღის მანძილზე მომხდარ როგორც კარგ, ისე ცუდ ამბებს. ეს აერთიანებს ჩვენს ოჯახს; ყველას ისეთი განცდა გვაქვს, რომ პრობლემებთან ჭიდილი მარტო არ გვიწევს“ (რობინი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას“ (იაკობი 1:19).