არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიზანი ესკიზივითაა — თუ გინდა, რეალობად აქციო, ძალ-ღონე არ უნდა დაიშურო

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

12. მიზნები

12. მიზნები

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

მიზნის დასახვა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ რაღაცაზე ოცნება. მიზანს რომ მიაღწიო, საჭიროა, ყველაფერი კარგად დაგეგმო, მზად იყო მოულოდნელობებისთვის და არ დაიშურო ძალისხმევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიზნები მიზნებად დარჩება.

ზოგი მიზნის მიღწევას რამდენიმე თვე სჭირდება, ზოგისთვის კი რამდენიმე დღე ან კვირაც საკმარისია. თუმცა არსებობს ისეთი მიზნებიც, რომელთა განხორციელებასაც შესაძლოა ერთი ან მეტი წელი დასჭირდეს. ზოგჯერ ასეთი მიზნების მისაღწევად ჯერ პატარ-პატარა მიზნები უნდა განახორციელო.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

როცა მიზნებს აღწევ, თვითრწმენა გემატება, მეგობრებთან ურთიერთობა გიმტკიცდება და თავს უფრო ბედნიერად გრძნობ.

თვითრწმენა. როცა პატარ-პატარა მიზნებს ისახავ და აღწევ, აღარ გაშინებს უფრო დიდი მიზნების დასახვა. ყოველდღიურ სირთულეებსაც უფრო მედგრად ხვდები. მაგალითად, ადვილად აღარ ექცევი თანატოლების გავლენაში.

მეგობრობა. ყველას სიამოვნებს მიზანსწრაფულ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც იციან, რა უნდათ ცხოვრებაში და მზად არიან, საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშურონ. ამასთან, მეგობრები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, როცა საერთო მიზნისკენ ისწრაფვიან.

ბედნიერება. როცა დასახულ მიზანს აღწევ, კმაყოფილების გრძნობა გეუფლება.

«მიყვარს მიზნების დასახვა, რადგან დროს უაზროდ არ ვკარგავ და ყოველთვის რაღაცით ვარ დაკავებული. მაგარი შეგრძნებაა, როცა მიზანს აღწევ; ამ დროს შენს თავს ეუბნები: „რა მაგარია, გამომივიდა! მე ეს შევძელი!“» (კრისტოფერი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“ (ეკლესიასტე 11:4).

ᲔᲪᲐᲓᲔ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔ

ქვემოთ მოყვანილი რჩევები მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში დაგეხმარება.

ჩამოყალიბდი. ჩამოწერე მიზნები, რომელთა მიღწევაც გინდა და შემდეგ დაადგინე, რომელი უფრო პრიორიტეტულია.

შეადგინე გეგმა. თითოეული მიზნის შემთხვევაში გაითვალისწინე შემდეგი:

  • განსაზღვრე, რამდენ ხანში შეძლებ მიზნის მიღწევას.

  • ჩამოწერე, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგა.

  • მზად იყავი მოულოდნელი დაბრკოლებებისთვის და წინასწარ მოიფიქრე, როგორ გადალახავ მათ.

იმოქმედე. მიზნის განხორციელებას რომ შეუდგე, აუცილებელი არ არის, ყველაფერი ბოლომდე გქონდეს გათვლილი. თავიდან დაფიქრდი, რით დაიწყებ, შემდეგ კი იმოქმედე. დროდადრო გადაამოწმე, რა ეტაპზე ხარ და რამდენად მიუახლოვდი შენს მიზანს.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება“ (იგავები 21:5).