არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენ შეგიძლიათ მოკრძალების შენარჩუნება რთულ სიტუაციებში!

თქვენ შეგიძლიათ მოკრძალების შენარჩუნება რთულ სიტუაციებში!

„რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა . . . მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“ (მიქ. 6:8).

სიმღერები: 48, 95

13. რა შეცდომა დაუშვა ერთმა წინასწარმეტყველმა და რა იყო შედეგი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

ერთხელ, იერობოამის მეფობის დროს, იეჰოვამ იუდადან წინასწარმეტყველი გაგზავნა ისრაელის ამ განდგომილი მეფისთვის მკაცრი განაჩენის გასაცხადებლად. თავმდაბალმა წინასწარმეტყველმა მეფეს ღვთის განაჩენი გადასცა და იეჰოვამაც დაიცვა ის იერობოამის რისხვისგან (1 მეფ. 13:1—10).

2 როცა წინასწარმეტყველი უკან ბრუნდებოდა, გზად ერთ მოხუც კაცს შეხვდა, რომელიც ახლომდებარე ბეთელიდან იყო. მოხუცმა კაცმა მას თავი იეჰოვას წინასწარმეტყველად წარუდგინა. მან შეცდომაში შეიყვანა ახალგაზრდა წინასწარმეტყველი და ღვთის ნათელი მითითების დარღვევისკენ უბიძგა, რომლის თანახმადაც, მას არ უნდა ეჭამა პური და არ უნდა დაელია წყალი ისრაელში; ის არც იმავე გზით უნდა დაბრუნებულიყო სახლში. იეჰოვა განრისხდა ახალგაზრდა წინასწარმეტყველზე. მოგვიანებით სახლისკენ მიმავალ წინასწარმეტყველს გზად ლომი გადაეყარა და მოკლა იგი (1 მეფ. 13:11—24).

3 რატომ მოიქცა კადნიერად ეს ერთ დროს მოკრძალებული წინასწარმეტყველი და რატომ გაჰყვა სახლში ცბიერ მოხუცს? ბიბლია არაფერს ამბობს ამის შესახებ. შესაძლოა, მან დაივიწყა, რომ ღმერთთან ერთად მოკრძალებულად სიარული მოეთხოვებოდა (წაიკითხეთ მიქას 6:8). როცა ბიბლია იეჰოვასთან ერთად სიარულზე ლაპარაკობს, გულისხმობს მასზე მინდობას, მისი უზენაესობის მხარდაჭერასა და მისი ხელმძღვანელობის მიყოლას. მოკრძალებულ ადამიანს კარგად ესმის, რომ მოსიყვარულე და ყოვლისშემძლე მამასთან გამუდმებით უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. წინასწარმეტყველს შეეძლო, იეჰოვასთვის ეთხოვა, ნათელი მოეფინა თავისი მითითებებისთვის, მაგრამ ბიბლია არ ამბობს, რომ ის ასე მოიქცა. დროდადრო ჩვენც ვდგებით რთული გადაწყვეტილებების წინაშე და შეიძლება გაგვიჭირდეს იმის განსაზღვრა, რა იქნებოდა ამ დროს სწორი. როცა მოკრძალებით ვეძებთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, თავს ვიცავთ სერიოზული შეცდომებისგან.

4. რას გავიგებთ ამ სტატიიდან?

4 წინა სტატიიდან გავიგეთ, რატომ არის მოკრძალება ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი თვისება და რას მოიცავს ის. ამ სტატიიდან კი გავიგებთ, თუ რამ შეიძლება გამოსცადოს ჩვენი მოკრძალება და როგორ შეგვიძლია ამ სასურველი თვისების განვითარება და რთულ სიტუაციებში გამოვლენა. ამისთვის განვიხილავთ სამ ნაცნობ სიტუაციას, რომლებმაც შეიძლება ჩვენი მოკრძალება გამოსცადოს. აგრეთვე დავინახავთ, როგორ შეგვიძლია ბრძნულად მოვიქცეთ თითოეულ სიტუაციაში (იგავ. 11:2).

როცა მდგომარეობა იცვლება

5, 6. როგორ გამოავლინა ბარზილაიმ მოკრძალება?

5 საკუთარი მდგომარეობის ან დავალების ცვლილებამ შეიძლება ჩვენი მოკრძალება გამოსცადოს. როცა დავითმა 80 წლის ბარზილაის მეფის სასახლეში ცხოვრება შესთავაზა, ალბათ, ბარზილაი ამას დიდ პატივად ჩათვლიდა. თანხმობის შემთხვევაში მას მეფესთან ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდა. მიუხედავად ამისა, ბარზილაიმ მეფეს უარი უთხრა შეთავაზებაზე. რატომ მოიქცა ის ასე? ბარზილაი უკვე ასაკში იყო შესული, ამიტომ არ სურდა, ტვირთად დასწოლოდა მეფეს. მან შესთავაზა დავითს, რომ მის ნაცვლად ქიმჰამი წაეყვანა, რომელიც სავარაუდოდ მისი ერთ-ერთი ვაჟი იყო (2 სამ. 19:31—37).

6 მოკრძალება ბარზილაის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. მან დავითის შეთავაზებაზე უარი იმიტომ არ თქვა, რომ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევდა ან უნდოდა, უშფოთველად გაეტარებინა ცხოვრების დარჩენილი წლები. ის აცნობიერებდა თავის მდგომარეობასა და შეზღუდულ შესაძლებლობებს. მას არ სურდა საკუთარ თავზე იმაზე მეტი აეღო, ვიდრე რეალურად შეეძლო (წაიკითხეთ გალატელების 6:4, 5). მდგომარეობის დაკავებაზე, სახელის მოხვეჭასა და აღიარების მოპოვებაზე გამუდმებული ფიქრი საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას შეგვიქმნის, მეტოქეობისკენ გვიბიძგებს და საბოლოოდ გულგატეხილობამდე მიგვიყვანს (გალ. 5:26). ამის საპირისპიროდ, მოკრძალება დაგვეხმარება, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი უნარითა და საერთო ძალებით განვადიდოთ ღმერთი და ყველაფერი გავაკეთოთ სხვების დასახმარებლად (1 კორ. 10:31).

7, 8. როგორ გვეხმარება მოკრძალება, რომ საკუთარ ძალებს არ დავენდოთ?

7 მეტ პასუხისმგებლობას ხშირად მეტი ძალაუფლება ახლავს, რამაც შეიძლება ჩვენი მოკრძალება გამოსცადოს. როცა ნეემიამ გაიგო იერუსალიმში მცხოვრები ხალხის გასაჭირის შესახებ, მხურვალედ მიმართა იეჰოვას ლოცვით (ნეემ. 1:4, 11). იეჰოვამ შეისმინა მისი ლოცვა და აღძრა მეფე არტაქსერქსე, ნეემია იუდეის გამგებლად დაენიშნა. გამოჩენილი მდგომარეობის, სიმდიდრისა და დიდი ძალაუფლების მიუხედავად, ნეემია არასდროს დანდობია საკუთარ გამოცდილებასა და უნარს. ის კვლავაც დადიოდა ღმერთთან ერთად და განუწყვეტლივ ეძებდა ხელმძღვანელობას ღვთის კანონში (ნეემ. 8:1, 8, 9). ის არ ბატონობდა ხალხზე და თავად სწევდა ხარჯს ხალხის მოსამსახურებლად (ნეემ. 5:14—19).

8 ნეემიას მაგალითიდან ჩანს, როგორ გვეხმარება მოკრძალება, რომ ახალი დავალების ან მეტი პასუხისმგებლობის მიღების შემდეგ საკუთარ ძალებს არ დავენდოთ. უხუცესი, რომელიც მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ენდობა, შეიძლება ისე შეუდგეს კრების საქმეების კეთებას, რომ იეჰოვას არ მიმართოს ლოცვით ხელმძღვანელობისთვის. სხვებმა შეიძლება ჯერ გადაწყვეტილება მიიღონ და შემდეგ სთხოვონ იეჰოვას, რომ აკურთხოს მათი გადაწყვეტილება. მაგრამ იქნება ეს მოკრძალებული საქციელი?! მოკრძალებულ ადამიანს ყოველთვის ახსოვს, რა მდგომარეობა უკავია ღვთის წინაშე და რა როლს ასრულებს ღვთის ორგანიზაციაში. ჩვენი უნარისა და შესაძლებლობების მიუხედავად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საკუთარ თავს არ დავენდოთ, განსაკუთრებით ნაცნობი სიტუაციებისა თუ პრობლემების დროს (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6). როგორც ღვთის დიდი ოჯახის წევრებმა, მთელი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ ოჯახსა თუ კრებაში ჩვენთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას და არა „დაწინაურებისკენ“ სწრაფვას (1 ტიმ. 3:15).

როცა გვაკრიტიკებენ ან გვაქებენ

9, 10. როგორ გვეხმარება მოკრძალება უსამართლო კრიტიკის დროს?

9 ადვილი არ არის ემოციების გაკონტროლება, როცა უსამართლოდ გვაკრიტიკებენ. ხანა ხშირად ტიროდა, რადგან მისი მეტოქე, ფენინა გამუდმებით დასცინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქმარს უყვარდა, ხანა ძალიან განიცდიდა უშვილობას. ერთხელ, როცა კარავში ლოცულობდა, მღვდელმთავარმა ელიმ შეცდომით დაასკვნა, რომ ის მთვრალი იყო და უსაყვედურა. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა თავს ხანა! ყველაფრის მიუხედავად, მოკრძალებულმა ხანამ თავი შეიკავა და ელის პატივისცემით ელაპარაკა. მისი გულში ჩამწვდომი ლოცვა ბიბლიაში ჩაიწერა. მასში მრავლადაა რწმენის, ქებისა და მადლიერების გამომხატველი სიტყვები (1 სამ. 1:5—7, 12—16; 2:1—10).

10 მოკრძალება აგრეთვე გვეხმარება, ბოროტებას სიკეთით ვძლიოთ (რომ. 12:21). მიუხედავად იმისა, რომ სატანის ქვეყნიერებაში ხშირად ვხვდებით უსამართლობას, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ განვრისხდეთ ბოროტმოქმედთა გამო (ფსალმ. 37:1). ბევრად მტკივნეულია, როცა პრობლემები თანაქრისტიანებს შორის იჩენს თავს. ამ დროს მოკრძალებული ადამიანი იესოს ჰბაძავს. „როცა [მას] ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, . . არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტ. 2:23). იესომ იცოდა, რომ შურისძიება იეჰოვასია (რომ. 12:19). ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, იესოს მიჰბაძონ თავმდაბლობაში და სამაგიერო არავის გადაუხადონ (1 პეტ. 3:8, 9).

11, 12. ა) როგორ გვეხმარება მოკრძალება ზედმეტი ქათინაურებისა და ქების დროს? ბ) როგორ უნდა ახდენდეს მოკრძალება გავლენას ჩვენს ჩაცმულობაზე, გარეგნობასა და საქციელზე?

11 ჩვენი მოკრძალება შეიძლება ზედმეტმა ქათინაურებმა და ქებამაც გამოსცადოს. დაფიქრდით, რა შესანიშნავად მოიქცა ესთერი, როცა მისი მდგომარეობა მოულოდნელად შეიცვალა. ამ მშვენიერ ქალწულს ერთი წლის მანძილზე სილამაზის პროცედურებით ანებივრებდნენ. მას ყოველდღე ჰქონდა ურთიერთობა ახალგაზრდა ქალწულებთან, რომლებიც სპარსეთის იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან იყვნენ და მეფის გულის მოგებას ცდილობდნენ. მაგრამ ესთერი ყოველთვის მოკრძალებული და თავშეკავებული იყო. ის მას შემდეგაც არ გაამაყებულა, რაც მეფემ დედოფლად აირჩია (ესთ. 2:9, 12, 15, 17).

რაზე მეტყველებს ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობა — იეჰოვასა და სხვების მიმართ პატივისცემაზე თუ მოკრძალების ნაკლებობაზე? (იხილეთ აბზაცი 12)

12 მოკრძალება გვეხმარება, რომ ჩვენი ჩაცმულობა, გარეგნობა და საქციელი ყოველთვის ღირსეული იყოს და პატივისცემას ირეკლავდეს. ჩვენ გვესმის, რომ სხვების გულს „სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ მოვიგებთ და არა ტრაბახითა თუ საკუთარ თავზე ზედმეტი ყურადღების მიქცევით (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:3, 4; იერ. 9:23, 24). გულში დაბუდებული პატივმოყვარეობა საბოლოოდ საქციელში გამოვლინდება. მაგალითად, შეიძლება გადაკვრით ვახსენოთ, რომ პრივილეგიებით ვსარგებლობთ, კონფიდენციალურ ინფორმაციას ვფლობთ ან პასუხისმგებელ ძმებთან ახლოს ვართ. შეიძლება ისე წარმოვაჩინოთ საქმე, თითქოს რაიმე იდეის ავტორები ვართ ან მიღწეული წარმატება ჩვენი დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში სხვებმაც შეიტანეს წვლილი. ამ დროსაც უნდა გვახსოვდეს იესოს შესანიშნავი მაგალითი. ბევრი რამ, რაც მან თქვა, ან აზრი იყო ებრაული წერილებიდან, ან პირდაპირი ციტატა. თავისი მოკრძალებული საუბრით ის მსმენელებს ახვედრებდა, რომ ყველაფერი, რასაც ამბობდა, იეჰოვას დამსახურება იყო და არა მისი გონიერებისა თუ სიბრძნის დამსახურება (იოან. 8:28).

გაურკვევლობის პირისპირ

13, 14. როგორ გვეხმარება მოკრძალება გადაწყვეტილების მიღების დროს?

13 ჩვენი მოკრძალება გადაწყვეტილების მიღების დროსაც შეიძლება გამოიცადოს. კესარეაში ყოფნის დროს მოციქულ პავლეს წინასწარმეტყველმა აგაბემ უთხრა, რომ იერუსალიმში ჩასვლის შემთხვევაში დააპატიმრებდნენ და შეიძლებოდა მოეკლათ კიდეც. ძმებს ძალიან შეეშინდათ, ამიტომ შეეხვეწნენ პავლეს, არ წასულიყო, მაგრამ ვერ გადაათქმევინეს. პავლე არც ზედმეტად თავდაჯერებული იყო და არც შიშით შეპყრობილი. ის სრულად ენდობოდა იეჰოვას და მზად იყო, ბოლომდე შეესრულებინა თავისი დავალება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოუწევდა წასვლა. ამის გაგების შემდეგ ძმებმა მოკრძალება გამოავლინეს და აღარ შეეწინააღმდეგნენ პავლეს (საქ. 21:10—14).

14 მოკრძალება მაშინაც გვეხმარება გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში, როცა ბოლომდე არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ან ვერ ვაკონტროლებთ მათ. მაგალითად, თუ სრული დროით მსახურებას დავიწყებთ, ვინ იზრუნებს ჩვენზე ავადმყოფობის შემთხვევაში? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მშობლებს ჩვენი დახმარება დასჭირდებათ? ან როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, როცა დავბერდებით? რამდენიც არ უნდა ვილოცოთ და გამოვიკვლიოთ ეს საკითხები, სრულ პასუხს მაინც ვერ მივიღებთ (ეკლ. 8:16, 17). იეჰოვასადმი ნდობა გვეხმარება ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების გათვითცნობიერებასა და მათთან შეგუებაში. გამოკვლევის, რჩევის კითხვისა და ლოცვის შემდეგ უნდა მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:4—6). ამის წყალობით იეჰოვა გვაკურთხებს ან მიზნების შეცვლაში დაგვეხმარება (იგავ. 16:3, 9).

მოკრძალების განვითარება

15. როგორ გვეხმარება იეჰოვაზე ფიქრი, ვიყოთ თავმდაბლები?

15 როგორც დავინახეთ, მოკრძალება მრავალმხრივ სასურველი თვისებაა. მაგრამ როგორ შეგვიძლია მეტად განვივითაროთ ის? განვიხილოთ ამის ოთხი საშუალება. პირველი, იეჰოვასადმი მეტი მოკრძალება და მოწიწება გვექნება, თუ მადლიერებით დავფიქრდებით მის უსაზღვროდ აღმატებულ თვისებებსა და მდგომარეობაზე (ეს. 8:13). უნდა გვახსოვდეს, რომ ანგელოზთან ან ადამიანთან ერთად კი არ დავდივართ, არამედ ყოვლისშემძლე ღმერთთან ერთად. ამის გათვითცნობიერება აღგვძრავს, დავიმდაბლოთ თავი „ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ“ (1 პეტ. 5:6).

16. როგორ აღგვძრავს ღვთის სიყვარულზე ფიქრი, მოკრძალებულები ვიყოთ?

16 მეორე, იეჰოვას სიყვარულზე ფიქრი ხელს უწყობს მოკრძალების განვითარებას. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ იეჰოვამ ადამიანის სხეულის იმ ნაწილს, რომელსაც რაღაც აკლდა, „უფრო მეტი პატივი“ არგუნა (1 კორ. 12:23, 24). მსგავსად, იეჰოვა ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებისა თუ ნაკლოვანებების მიუხედავად. ის არ ადარებს თავის მსახურებს ერთმანეთს და შეცდომების გამო არ გვრიყავს. სადაც არ უნდა ვმსახურობდეთ, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, რადგან მას ვუყვარვართ.

17. როგორ აისახება ჩვენზე ის, რომ სხვებში კარგის დანახვას ვცდილობთ?

17 მესამე, მეტად დავაფასებთ ჩვენს ადგილს იეჰოვას ორგანიზაციაში, თუ ღვთის მსგავსად შევეცდებით, სხვებში კარგი დავინახოთ. ნაცვლად იმისა, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყოთ ან სადავეების ხელში ჩასაგდებად ყოველთვის საქმეში ჩავერიოთ, ჩვენ მოკრძალებულად მივმართავთ სხვებს რჩევისთვის და ვითვალისწინებთ მათ აზრს (იგავ. 13:10). ჩვენ მათთან ერთად გავიხარებთ, როცა ისინი მეტ პასუხისმგებლობას მიიღებენ. იმის დანახვა, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა მთელ ჩვენს საძმოს, აღგვძრავს, ხოტბა შევასხათ მას (1 პეტ. 5:9).

18. როგორ გვეხმარება სინდისის გაწვრთნა ღვთისმოსაწონი მოკრძალების განვითარებაში?

18 მეოთხე, ბიბლიური პრინციპებით სინდისის გაწვრთნა უფრო მოკრძალებულს გვხდის. განსჯის უნარს დავხვეწთ, თუ შევეცდებით, ყველაფერს იეჰოვას თვალით შევხედოთ. რეგულარული შესწავლის, ლოცვისა და ნასწავლის გათვალისწინების შედეგად ჩვენი სინდისი გაიწაფება (1 ტიმ. 1:5). ამასთან, ვისწავლით, რომ საკუთარ თავზე წინ სხვები დავაყენოთ. თუ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ გავაკეთებთ, იეჰოვა თავისი დაპირების თანახმად დაასრულებს ჩვენს მომზადებას და დაგვეხმარება მოკრძალებისა თუ სხვა ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში (1 პეტ. 5:10).

19. რა დაგვეხმარება, მარადიულად გამოვავლინოთ მოკრძალება?

19 სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა წინასწარმეტყველმა ერთი კადნიერი საქციელის გამო დაკარგა სიცოცხლე და ღმერთთან კარგი სახელი. მიუხედავად ამისა, მოკრძალების შენარჩუნება რთულ სიტუაციებშიც კი შესაძლებელია, რასაც ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული ადამიანებისა თუ ჩვენს დროში მცხოვრები ღვთის მოკრძალებული მსახურების მაგალითები ადასტურებს. იეჰოვასთან ერთად დიდხანს სიარულმა უფრო მოკრძალებულები უნდა გაგვხადოს (იგავ. 8:13). ჩვენი დავალებისა თუ პასუხისმგებლობის მიუხედავად, იეჰოვასთან ერთად სიარული შეუდარებელი პატივია. დააფასეთ ის და ყველაფერი გააკეთეთ, რომ მოკრძალებულად იაროთ იეჰოვასთან ერთად მარადიულად!