არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 23

ფრთხილად იყავით, რომ სატანამ არ დაგატყვევოთ!

ფრთხილად იყავით, რომ სატანამ არ დაგატყვევოთ!

„ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“ (კოლ. 2:8).

სიმღერა 96 ღვთის წიგნი საუნჯეა

მოკლე შინაარსი *

1. კოლოსელების 2:4, 8-ის თანახმად, როგორ ცდილობს სატანა ჩვენი გონების დატყვევებას?

სატანის მიზანია, იეჰოვას წინააღმდეგ განგვაწყოს, ამიტომ ცდილობს, ჩვენს აზროვნებაზე მოახდინოს გავლენა, ანუ დაატყვევოს ჩვენი გონება და ის გაგვაკეთებინოს, რაც თავად სურს. სატანა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ დასაყოლიებლად და შესაცდენად ჩვენივე სურვილები გამოიყენოს (წაიკითხეთ კოლოსელების 2:4, 8).

2, 3. ა) რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება კოლოსელების 2:8-ში ჩაწერილ გაფრთხილებას? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 მართლა შეუძლია სატანას სერიოზული შეცდომა დაგვაშვებინოს? რა თქმა უნდა! გახსოვდეთ, რომ კოლოსელების 2:8-ში ჩაწერილი სიტყვები პავლემ წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანებს მისწერა და არა მათ, ვინც არ ემსახურებოდა იეჰოვას (კოლ. 1:2, 5). მაშინდელ ქრისტიანებს სატანა დიდ საფრთხეს უქმნიდა, თუმცა ჩვენ გაცილებით სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ (1 კორ. 10:12). ამას იმიტომ ვამბობთ, რომ სატანის მოქმედების არეალი შეზღუდულია — ის დედამიწაზეა გადმოგდებული და ყველანაირად ცდილობს ღვთის ერთგული მსახურების შეცდენას (გამოცხ. 12:9, 12, 17). გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ბოროტები და თვითმარქვიები უფრო უარესად იქცევიან (2 ტიმ. 3:1, 13).

3 ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ ცდილობს სატანა „ფუჭი ცდუნებით“ ჩვენს აზროვნებაზე გავლენის მოხდენას. აგრეთვე ვიმსჯელებთ სამ ხრიკზე, რომელთაც ის ჩვენ შესაცდენად იყენებს (ეფეს. 6:11). მომდევნო სტატიიდან კი გავიგებთ, როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი გავლენისგან, რომელიც შეიძლება ჩვენს აზროვნებაზე აისახა. თავდაპირველად გავიგოთ, როგორ შეაცდინა სატანამ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ და ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია აქედან.

სატანამ ისრაელები კერპთაყვანისმცემლობის მახეში გააბა

4—6. კანონის 11:10—15-ის თანახმად, რა ცვლილებების მოხდენა მოუწევდათ მიწათმოქმედების საკითხში აღთქმულ მიწაზე დამკვიდრებულ ისრაელებს?

4 სატანამ მოხერხებულად გააბა ისრაელები კერპთაყვანისმცემლობის მახეში. მან იცოდა, რომ აღთქმულ მიწაზე დასახლებულ ისრაელებს მოსავლის მოყვანა მოუწევდათ, ამიტომ ახალი მეთოდები უნდა აეთვისებინათ. ეგვიპტეში ისინი მიწების მოსარწყავად ნილოსის წყალს იყენებდნენ. აღთქმულ მიწაზე კი დიდი მდინარეები არ იყო, ამიტომ მოსავლის მისაღებად სეზონურ წვიმებსა და ცვარზე იყვნენ დამოკიდებულნი (წაიკითხეთ კანონის 11:10—15; ეს. 18:4, 5). ისრაელებს მიწათმოქმედების ახალი მეთოდები უნდა ესწავლათ. ეს არც თუ ისე ადვილი იქნებოდა, რადგან მათი უმრავლესობა, ვისაც მოსავლის მოყვანის გამოცდილება ჰქონდა, უდაბნოში დაიხოცა.

როგორ შეძლო სატანამ ებრაელი მიწათმოქმედების აზროვნებაზე გავლენის მოხდენა? (იხილეთ აბზაცები 4—6) *

5 იეჰოვამ აუხსნა თავის ხალხს, რომ ახლა უკვე განსხვავებულ გარემოში იყვნენ. შემდეგ ისეთი გაფრთხილება მისცა, რომელიც ერთი შეხედვით არ უკავშირდებოდა მიწათმოქმედებას: „ფრთხილად იყავით, რათა არ ცდუნდეს თქვენი გული, გზიდან არ გადაუხვიოთ, არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთებს და არ დაემხოთ მათ წინაშე“ (კან. 11:16, 17). რატომ გააფრთხილა იეჰოვამ თავისი ხალხი ცრუ ღმერთების თაყვანისცემის შესახებ, როცა მიწათმოქმედების ახალი მეთოდების ათვისებაზე ესაუბრებოდა?

6 იეჰოვამ იცოდა, რომ ისრაელები შეიძლებოდა ცდუნებულიყვნენ და მეზობლად მცხოვრები წარმართი ერებისგან მიწათმოქმედების ადგილობრივი მეთოდები გადმოეღოთ. რა თქმა უნდა, ისინი უკეთ ერკვეოდნენ სოფლის მეურნეობაში და ღვთის ხალხს მათგან კარგი მეთოდების სწავლა შეეძლო, თუმცა ამაში გარკვეული საფრთხეც იმალებოდა. ქანაანელები ბაალს ეთაყვანებოდნენ, ამიტომ ეს მათ სამეურნეო საქმიანობაზეც ახდენდა გავლენას. ისინი ბაალს ცის პატრონად მიიჩნევდნენ და სჯეროდათ, რომ წვიმას ის იძლეოდა. იეჰოვას არ სურდა, რომ მისი ხალხი ცრუ სწავლებების გავლენაში მოქცეულიყო. მიუხედავად ამისა, ისინი არაერთხელ გაებნენ ბაალის თაყვანისმცემლობის მახეში (რიცხ. 25:3, 5; მსაჯ. 2:13; 1 მეფ. 18:18). შენიშნეთ, რა მეთოდს მიმართა სატანამ ისრაელების დასატყვევებლად?

სამი ხრიკი, რომლებიც სატანამ ისრაელების დასატყვევებლად გამოიყენა

7. როგორ გამოიცადა ისრაელების რწმენა აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ?

7 პირველი ხრიკი, რომელიც სატანამ ისრაელების შესაცდენად გამოიყენა, იმის ბუნებრივი სურვილი იყო, რომ წვიმა მოსულიყო და მათი მიწები მოერწყა. ჩვეულებრივ, აღთქმული მიწის ტერიტორიაზე გვიანი აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე წვიმა თითქმის არ მოდიოდა. ხალხის კეთილდღეობა და მოსავლის სიუხვე წვიმის სეზონზე იყო დამოკიდებული, რომელიც ჩვეულებრივ ოქტომბრიდან იწყებოდა. სატანამ დააჯერა ისრაელებს, რომ უხვი მოსავლის მისაღებად წარმართი მეზობლების წეს-ჩვეულებები უნდა გადმოეღოთ. ამ ხალხების რწმენით, ღმერთებს რომ ეწვიმებინათ, გარკვეული რიტუალების შესრულება იყო საჭირო. მათ, ვისაც იეჰოვასადმი რწმენა აკლდა, სჯეროდათ, რომ ეს იყო ხანგრძლივი გვალვის თავიდან არიდების ერთადერთი გზა, ამიტომ ბაალის თაყვანსაცემად წარმართულ რიტუალებს ასრულებდნენ.

8. რომელია სატანის მეორე ხრიკი? ახსენით.

8 სატანის მეორე ხრიკი უზნეო სურვილები იყო. სწორედ ასეთი სურვილები გამოიყენა ისრაელების შესაცდენად. წარმართი ერები თავიანთი ღმერთების თაყვანისმცემლობის დროს საშინელ გარყვნილებას სჩადიოდნენ. უზნეო რიტუალებში მონაწილეობას ტაძრის მეძავი ქალები და კაცებიც იღებდნენ. ჰომოსექსუალიზმსა და უზნეობის სხვა ფორმებს ხალხი უბრალოდ კი არ იწყნარებდა, არამედ ნორმადაც მიიჩნევდა (კან. 23:17, 18; 1 მეფ. 14:24). ამ წარმართ ერებს სჯეროდათ, რომ ასეთი რიტუალების შემდეგ ღმერთები მიწას უფრო ნაყოფიერს გახდიდნენ. ბევრი ისრაელი მოიხიბლა მათი უზნეო რიტუალებით და ცრუ ღმერთების თაყვანისცემის მახეში გაება. სინამდვილეში ისინი სატანის ტყვეები გახდნენ.

9. ოსიას 2:16, 17-დან გამომდინარე, როგორ გახადა სატანამ ბუნდოვანი ისრაელებისთვის იეჰოვას ვინაობა?

9 სატანამ მესამე ხრიკსაც მიმართა. მან ისრაელებისთვის ბუნდოვანი გახადა იეჰოვას ვინაობა. წინასწარმეტყველ იერემიას დროს იეჰოვამ ამხილა ცრუწინასწარმეტყველები, რომლებმაც „ბაალის გამო“ ხალხს ღვთის სახელი დაავიწყეს (იერ. 23:27). როგორც ჩანს, ღვთის ხალხმა იეჰოვას სახელის ნაცვლად ბაალის ხსენება დაიწყო, რაც „ბატონს“ ან „პატრონს“ ნიშნავს. შედეგად, ისრაელებს გაუჭირდებოდათ იეჰოვასა და ბაალს შორის განსხვავების დანახვა და ადვილად აურევდნენ ერთმანეთში ბაალისა და იეჰოვას თაყვანისმცემლობას (წაიკითხეთ ოსიას 2:16, 17).

რა ხრიკებს მიმართავს სატანა დღეს

10. რა მეთოდს მიმართავს სატანა დღეს?

10 სატანა დღესაც იმავე მეთოდებს მიმართავს. ის ცდილობს, ადამიანური ბუნებრივი სურვილები ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენოს, უზნეო სურვილები აღგვიძრას და ბუნდოვანი გახადოს იეჰოვას ვინაობა. მოდი ჯერ მესამე ხრიკზე ვისაუბროთ.

11. როგორ გააბუნდოვანა სატანამ იეჰოვას ვინაობა?

11 სატანა ცდილობს, ბუნდოვანი გახადოს იეჰოვას ვინაობა. მოციქულების სიკვდილის შემდეგ ზოგმა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, ცრუ სწავლებების გავრცელება დაიწყო (საქ. 20:29, 30; 2 თეს. 2:3). ეს განდგომილები ცდილობდნენ, ბუნდოვანი გაეხადათ ჭეშმარიტი ღმერთის ვინაობა. მაგალითად, ბიბლიის ხელნაწერების ასლებში მათ ღვთის სახელის ნაცვლად გამოიყენეს სიტყვა „უფალი“. შედეგად, მკითხველი ვეღარ ხედავს განსხვავებას იეჰოვასა და ბიბლიის სხვა მონაკვეთებში მოხსენიებულ „უფალს“ შორის (1 კორ. 8:5). მათ იეჰოვასა და იესოსთან მიმართებით ერთი და იგივე წოდება — „უფალი“ გამოიყენეს, რის გამოც ხალხს უჭირს იმის დანახვა, რომ იეჰოვა და იესო ერთი და იგივე პიროვნება არ არის და განსხვავებული მდგომარეობა უკავიათ (იოან. 17:3). ამან არაბიბლიური სწავლების — სამების მოძღვრების განვითარებას შეუწყო ხელი. შედეგად, ბევრისთვის ღმერთი საიდუმლოებით მოცული და შეუცნობელი გახდა. რამხელა სიცრუეა! (საქ. 17:27).

როგორ იყენებს სატანა ცრუ რელიგიას, რომ უზნეობის მახეში გაგვაბას? (იხილეთ აბზაცი 12) *

12. რას უწყობს ხელს ცრუ რელიგია და, რომაელების 1:28—31-ის თანახმად, რა მოყვა ამას შედეგად?

12 სატანა ცდილობს, სექსუალური უზნეობა მისაღები გახადოს ჩვენთვის. მან ისრაელები ცრუ თაყვანისმცემლობის მეშვეობით გააბა უზნეობის მახეში და ჩვენს შემთხვევაშიც ამ მეთოდს მიმართავს. ცრუ რელიგია არა მხოლოდ იწყნარებს, არამედ ნორმადაც კი წარმოაჩენს სექსუალურ უზნეობას. ამიტომ ბევრმა, ვისაც ღვთის მსახურად მოაქვს თავი, უგულებელყო ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმები. რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქული ამბობს, რა მოყვა ამას შედეგად (წაიკითხეთ რომაელების 1:28—31). ამ მუხლებში მოხსენიებულ „არასაკადრის საქმეებს“ მიეკუთვნება ყველანაირი სექსუალური უზნეობა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი (რომ. 1:24—27, 32; გამოცხ. 2:20). ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, იმ ზნეობრივი ნორმების თანახმად ვიცხოვროთ, რომლებიც ბიბლიაში პირდაპირ და არაორაზროვნად წერია.

13. კიდევ რა ხრიკს მიმართავს სატანა?

13 სატანა ადამიანურ ბუნებრივ სურვილებს ჩვენ წინააღმდეგ იყენებს. ყველას გვსურს, ისეთ უნარ-ჩვევებს დავეუფლოთ, რომლებიც საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენაში დაგვეხმარება (1 ტიმ. 5:8). ხშირად ასეთ უნარ-ჩვევებს სკოლა და სიბეჯითე გვივითარებს. თუმცა ამ დროს სიფრთხილე გვმართებს. დღეს ბევრ ქვეყანაში განათლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მოსწავლეებს საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებასთან ერთად ადამიანურ სიბრძნესაც ასწავლის. მაგალითად, მასწავლებლები მათ ღვთის არსებობაში აეჭვებენ და ბიბლიისადმი უპატივცემულოდ განაწყობენ. ისინი ეუბნებიან მოსწავლეებს, რომ ყველა მოაზროვნე და განათლებული ადამიანი ევოლუციის თეორიას უჭერს მხარს (რომ. 1:21—23). ასეთი სწავლებები ეწინააღმდეგება ღვთიურ სიბრძნეს (1 კორ. 1:19—21; 3:18—20).

14. რისკენ გვიბიძგებს ადამიანური სიბრძნე?

14 ადამიანური სიბრძნე უგულებელყოფს და ეწინააღმდეგება იეჰოვას სამართლიან ნორმებს. ასეთი სიბრძნე ღვთის წმინდა სულის ნაყოფის განვითარებას კი არ უწყობს ხელს, არამედ „ხორცის საქმეებისკენ“ გვიბიძგებს (გალ. 5:19—23). ის ადამიანებს სიამაყესა და ქედმაღლობას უვითარებს, რის გამოც ისინი „საკუთარი თავის მოყვარულები“ ხდებიან (2 ტიმ. 3:2—4). სიამაყე და ქედმაღლობა სრულიად ეწინააღმდეგება თვინიერებასა და თავმდაბლობას, რომელთა დანახვაც ღმერთს თავის მსახურებში სურს (2 სამ. 22:28). ზოგმა ქრისტიანმა, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტა, ღვთის სიბრძნე უგულებელყო და ქვეყნიური აზროვნების გავლენაში მოექცა. განვიხილოთ ამის ერთი მაგალითი.

როგორ შეუძლია ადამიანურ სიბრძნეს ჩვენს აზროვნებაზე გავლენის მოხდენა? (იხილეთ აბზაცები 14—16) *

15, 16. რას სწავლობთ ერთი დის შემთხვევიდან?

15 ერთი და, რომელიც 15 წელზე მეტია, სრული დროით მსახურობს, ამბობს: „როგორც იეჰოვას მოწმეს, არაერთხელ მქონდა წაკითხული და მოსმენილი იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას ახლავს. მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ვფიქრობდი, რომ ეს რჩევა მე არ მეხებოდა“. რა პრობლემები შეექმნა მას? ის გულახდილად ამბობს: „სწავლას იმდენი დრო მიჰქონდა, რომ უწინდებურად დიდ დროს ვეღარ ვუთმობდი ლოცვას. იმდენად ვიღლებოდი, რომ სხვებთან ბიბლიურ თემებზე საუბარი სიამოვნებას აღარ მანიჭებდა და ვეღარც კრებისთვის ვახერხებდი სათანადოდ მომზადებას. საბედნიეროდ, როცა გავაცნობიერე, რომ უმაღლესი განათლების მიღება იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობას საფრთხეს უქმნიდა, მივხვდი, რომ სწავლისთვის თავი უნდა დამენებებინა და ასეც მოვიქეცი“.

16 რა გავლენა მოახდინა უმაღლესმა განათლებამ ამ დის აზროვნებაზე? ის ამბობს: „მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ უმაღლესმა განათლებამ სხვების მიმართ კრიტიკული გამხადა, განსაკუთრებით და-ძმების მიმართ. მათგან ძალიან ბევრს მოვითხოვდი და თავს შორს ვიჭერდი. დიდი ხანი დამჭირდა, რომ ასეთი აზროვნება მომეშორებინა. იმ პერიოდში მივხვდი, რამდენად სახიფათოა ზეციერი მამისგან მომდინარე რჩევების უგულებელყოფა, რომელთაც თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს. საკუთარ თავზე უკეთ იეჰოვა მიცნობს. ვნანობ, რომ თავის დროზე არ გავითვალისწინე მისი რჩევა“.

17. ა) რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 არ დაუშვათ, რომ სატანის ქვეყნიერებამ „ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით“ დაგატყვევოთ. კვლავაც იფხიზლეთ, რათა სატანის ხრიკებს არ ემსხვერპლოთ (1 კორ. 3:18; 2 კორ. 2:11). არ მისცეთ მას საშუალება, ბუნდოვანი გახადოს თქვენთვის იეჰოვას ვინაობა. იცხოვრეთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად. ნუ გაებმებით სატანის მახეში, რომელსაც სურს, უგულებელყოთ იეჰოვას რჩევები! მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ აღმოაჩენთ, რომ ქვეყნიურმა აზროვნებამ უკვე მოახდინა თქვენზე გავლენა? მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, როგორ შეგვიძლია ღვთის სიტყვის დახმარებით მოვიშოროთ ძვალ-რბილში გამჯდარი შეხედულებები და ჩვევები (2 კორ. 10:4, 5).

სიმღერა 49 გული გავუხაროთ იეჰოვას

^ აბზ. 5 სატანა ადამიანების შეცდენის დიდოსტატია. ის ბევრს უქმნის თავისუფლების ილუზიას, რომლებიც სინამდვილეში მისი ტყვეები არიან. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა მეთოდებს მიმართავს სატანა ხალხის შეცდომაში შესაყვანად.

^ აბზ. 48 სურათის აღწერა: ქანაანელებთან ურთიერთობამ ისრაელები ბაალის თაყვანისმცემლობასა და სექსუალურ უზნეობაში ჩააბა.

^ აბზ. 51 სურათის აღწერა: რელიგიური რეკლამა, რომელიც იწყნარებს ჰომოსექსუალიზმს.

^ აბზ. 53 სურათის აღწერა: ახალგაზრდა და უნივერსიტეტში სწავლობს. მას და მის თანაკურსელებს ხიბლავთ ლექტორის ნათქვამი, რომ მეცნიერებასა და ტექნოლოგიას კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა შეუძლია. ამის შემდეგ ის კრების შეხვედრას ინტერესით აღარ ისმენს და კრიტიკულადაა განწყობილი.