არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

იეჰოვამ მასზე მინდობილი უსაფრთხოდ მატარა

იეჰოვამ მასზე მინდობილი უსაფრთხოდ მატარა

„ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ხელში ჩემოდანი ვარ“. ასე ვპასუხობ ხოლმე მათ, ვინც ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ მეკითხება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიდი სურვილი მაქვს, იეჰოვამ და მისმა ორგანიზაციამ იქ „წამიღონ“, სადაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. ცხოვრებაში არაერთი რთული და სახიფათო დავალება მიმიღია. თუმცა საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ თუ იეჰოვას მივენდობოდი, ყოველთვის საიმედო ხელში ვიქნებოდი.

ᲕᲞᲝᲣᲚᲝᲑ ᲡᲐᲜᲓᲝ ᲛᲔᲒᲝᲑᲐᲠᲡ

დავიბადე 1948 წელს ნიგერიის ერთ პატარა სოფელში. იმ პერიოდში ბიძაჩემი მუსტაფა და ჩემი უფროსი ძმა ვაჰაბი იეჰოვას მოწმეები გახდნენ. მამა საკმაოდ პატარას დამეღუპა, რაც ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის. მაშინ, სულ რაღაც, 9 წლის ვიყავი. სწორედ იმ დროს მითხრა ჩემმა ძმამ, რომ მამა მკვდრეთით აღდგებოდა და კვლავ შევხვდებოდით. ამ აზრმა ისე მანუგეშა, რომ გადავწყვიტე, ბიბლიის შესწავლა დამეწყო. მოვინათლე 1963 წელს. მალევე ჩემმა სამმა ძმამაც მიუძღვნა თავი იეჰოვას.

1965 წელს გადავედი ჩემს ძმასთან, უილსონთან, რომელიც ლაგოსში ცხოვრობდა. ადგილობრივ კრებაში ბევრ პიონერს დავუმეგობრდი. მათი სიხარულისა და ენთუზიაზმის შემხედვარემ, მეც გადავწყვიტე, შევერთებოდი პიონერთა რიგებს და 1968 წლის იანვარში ასეც მოვიქეცი.

იმ წელს ერთმა ბეთელელმა ძმამ, ალბერტ ოლუგბებიმ, სპეციალური შეხვედრა მოაწყო ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე მან ისაუბრა, რომ ჩრდილოეთ ნიგერიაში სპეციალური პიონერების დიდი საჭიროება იყო. ახლაც ცხადად მახსოვს მისი მოწოდება: „ახალგაზრდებო, ნუ დაიშურებთ დროსა და ენერგიას იეჰოვასთვის. თქვენ წინაშე მსახურების ფართო კარია ღია!“. მინდოდა, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა და ესაიას მსგავსად იქ წავსულიყავი, სადაც იეჰოვა გამგზავნიდა. ამიტომ შევავსე განცხადება სპეციალურ პიონერად მსახურებისთვის (ეს. 6:8).

იმავე წლის მაისში სპეციალურ პიონერად დამნიშნეს ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კანოში. მაშინ იმ მხარეში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა (1967—1970 წწ.), რომელმაც მოგვიანებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც გადაინაცვლა. ერთი ძმა, რომელსაც გულწრფელად შესტკიოდა ჩემზე გული, ცდილობდა, გადაეფიქრებინა ჩემთვის იქ წასვლა. მახსოვს, მას ასეთი სიტყვები ვუთხარი: „მადლობა, რომ ასე გაღელვებს ჩემი მდგომარეობა. მაგრამ, თუ იეჰოვა მგზავნის იქ, ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ ჩემ გვერდით იქნება“.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲖᲔ ᲛᲘᲜᲓᲝᲑᲐ ᲝᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ

კანოში წასულებს შემაძრწუნებელი სურათი დაგვხვდა. სამოქალაქო ომს მთლიანად გაენადგურებინა იქაურობა. მსახურებაში ზოგჯერ გზად ომის დროს დახოცილთა გვამებს ვაწყდებოდით. მართალია, ამ ქალაქში ერთ დროს რამდენიმე კრება იყო, მაგრამ ომის გამო მაუწყებელთა უმეტესობას იქაურობის დატოვება მოუწია. იქ 15 და-ძმაც კი არ იყო დარჩენილი და ისინიც შეშინებულები და გულგატეხილები იყვნენ. მათ ძალიან გაუხარდათ ექვსი სპეციალური პიონერის ჩასვლა. ყველანაირად ვცდილობდით, გაგვემხნევებინა ისინი. ამან კარგი შედეგი გამოიღო. და-ძმები კვლავაც აქტიურად ჩაებნენ სულიერ საქმეებში — ესწრებოდნენ კრების შეხვედრებს და ქადაგებდნენ.

ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ადგილობრივებს სასიხარულო ცნობა მშობლიურ ენაზე მოესმინათ. ამიტომაც ჰაუსა ენის სწავლას შევუდექით. ამის წყალობით ბევრი სიამოვნებით გვისმენდა. თუმცა ადგილობრივი რელიგიის მრევლს არ ვეხატებოდით გულზე, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა გვიწევდა. ერთხელ მე და ჩემს პარტნიორს მსახურებაში ერთი კაცი დანით გამოგვედევნა. საბედნიეროდ, მასზე სწრაფები აღმოვჩნდით. სახიფათო სიტუაციების მიუხედავად იეჰოვა გვიცავდა და მაუწყებელთა რიცხვიც იზრდებოდა (ფსალმ. 4:8). დღეს კანოში 11 კრებაა, სადაც 500-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს.

ᲕᲮᲕᲓᲔᲑᲘᲗ ᲓᲔᲕᲜᲐᲡ ᲜᲘᲒᲔᲠᲨᲘ

ნიამეიში (ნიგერი) სპეციალურ პიონერად მსახურების დროს

კანოში ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1968 წლის აგვისტოში, მე და კიდევ ორი სპეციალური პიონერი ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში გაგვგზავნეს. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე ეს ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია დედამიწის ზურგზე. ცხელ კლიმატთან შეგუებაც გვიწევდა და ქვეყნის ოფიციალური ენის, ფრანგულის, სწავლაც. სირთულეების მიუხედავად მთელი გულით მივენდეთ იეჰოვას და იქ მცხოვრებ რამდენიმე მაუწყებელთან ერთად დედაქალაქში ქადაგებას შევუდექით. საკმაოდ მოკლე ხანში თითქმის ყველამ, ვინც კითხვა იცოდა, მიიღო წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. ზოგი გვეძებდა კიდეც, რომ ამ წიგნის ეგზემპლარი მათთვისაც მიგვეცა.

არც ისე დიდი ხნის შემდეგ მივხვდით, რომ ხელისუფლება არ იყო ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი. ამ რეალობის წინაშე 1969 წლის ივლისში აღმოვჩნდით, როცა დაახლოებით 20 კაცი ქვეყანაში პირველი სარაიონო კონგრესის ჩასატარებლად შევიკრიბეთ. ამ კონგრესზე ორი კაცი უნდა მონათლულიყო. თუმცა პირველივე დღეს პოლიცია მოგვადგა და კონგრესი ჩაშალა. სპეციალური პიონერები და სარაიონო ზედამხედველი განყოფილებაში გადაგვიყვანეს, დაგვკითხეს და გვიბრძანეს, რომ მეორე დღესაც გამოვცხადებულიყავით იქ. მივხვდით, რომ ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. ამიტომ ნათლობის თემა ერთ კერძო სახლში წავიკითხეთ და ნათლობის მსურველები მდინარეში ისე მოვნათლეთ, რომ სხვას თვალში არ მოვხვედროდით.

რამდენიმე კვირის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექვსივე სპეციალურ პიონერს ქვეყნის დატოვება გვიბრძანა და ამისთვის, სულ რაღაც, 48 საათი მოგვცა, თანაც მგზავრობის ხარჯები თავად უნდა დაგვეფარა. ჩვენც დავემორჩილეთ და პირდაპირ ნიგერიის ფილიალში გავემგზავრეთ. იქიდან ახალ ტერიტორიებზე გაგვგზავნეს.

მე მსახურება სოფელ ორისუნბარეში გავაგრძელე. იქაური და-ძმების პატარა ჯგუფთან ვთანამშრომლობდი. ჩვენს მსახურებას საკმაოდ კარგი შედეგი მოჰქონდა. მაგრამ, სულ რაღაც, ექვსი თვის შემდეგ ფილიალმა ისევ ნიგერში დაბრუნება შემომთავაზა, თანაც სრულიად მარტო უნდა წავსულიყავი. ამ მოულოდნელი დავალების მიღებამ თავიდან ცოტა არ იყოს შემაშინა, მაგრამ გამახარა იმ ფაქტმა, რომ ნიგერელ და-ძმებს კვლავ შევხვდებოდი.

დავბრუნდი ნიამეიში. იქ ჩასვლიდან მეორე დღეს შევხვდი ერთ ნიგერიელ ბიზნესმენს, რომელიც მაშინვე მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი და კითხვები დამაყარა. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, თავი დაანება მოწევასა და სმას და მოინათლა. სამეფო საქმე ნიგერის სხვადასხვა მხარეში ნელა, მაგრამ სტაბილურად მიიწევდა წინ. მიხაროდა, რომ ამაში ჩემი მოკრძალებული წვლილი მეც შემქონდა. ჩემს იქ ყოფნაში მაუწყებელთა რიცხვი 31-დან 69-მდე გაიზარდა.

„ᲒᲕᲘᲜᲔᲔᲚ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲖᲔ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲕᲘᲪᲘᲗ“

1977 წლის მიწურულს სამკვირიანი სასწავლო კურსის გასავლელად ნიგერიაში დავბრუნდი. კურსის ბოლოს ფილიალის კომიტეტის კოორდინატორმა, ძმა მალკოლმ ვაიგომ, წამაკითხა სიერა-ლეონის ფილიალიდან მიღებული წერილი. ძმებს სურდათ, გვინეაში სარაიონო ზედამხედველად გაეგზავნათ ჯანმრთელი, დაუქორწინებელი, პიონერი ძმა, რომელსაც ინგლისურიც ეცოდინებოდა და ფრანგულიც. ძმა მალკოლმმა სწორედ მაშინ მითხრა, რომ ამ საქმისთვის მამზადებდნენ და ისიც ამიხსნა, რომ ეს არ იყო ადვილი დავალება. მან მირჩია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დავფიქრებულიყავი. თუმცა მე მაშინვე მივუგე, რახან იეჰოვა მგზავნის, წავალ-მეთქი.

სიერა-ლეონეში გავფრინდი და ფილიალში ძმებს შევხვდი. შეხვედრის დროს ფილიალის კომიტეტის ერთმა წევრმა მითხრა: „გვინეელ და-ძმებზე ბევრი არაფერი ვიცით“. მართალია, სამქადაგებლო საქმეს მეზობელ გვინეაში სიერა-ლეონის ფილიალი ზედამხედველობდა, მაგრამ დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო და-ძმებთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ფილიალმა ვერ მოახერხა მათ მოსანახულებლად გვინეაში ვინმეს გაგზავნა. ამიტომ მე მთხოვეს, წავსულიყავი გვინეის დედაქალაქ კონაკრიში და ბინადრობის ნებართვის მოპოვება მეცადა.

„რახან იეჰოვა მგზავნის, წავალ!“

კონაკრიში ჩასვლისთანავე ნიგერიის საელჩოში მივედი და ელჩს შევხვდი. მას პირდაპირ ვუთხარი, რომ გვინეაში ქადაგება მსურდა. ელჩმა მირჩია, ქვეყანა დამეტოვებინა, რადგან, დიდი ალბათობით, პატიმრობა ან უარესი რამ მელოდა. მისი აზრით, ჯობდა, ნიგერიაში დავბრუნებულიყავი და იქ მექადაგა, მაგრამ გადაჭრით ვუთხარი, რომ დარჩენას ვაპირებდი. მანაც გვინეის შინაგან საქმეთა მინისტრს მისწერა და სთხოვა, ჩემთვის დახმარება გაეწია. მინისტრმა გულთბილად მიმიღო.

ცოტა ხანში სიერა-ლეონის ფილიალში ჩავედი და ძმებს შევატყობინე, რომ ბინადრობის ნებართვა მივიღე. ისინი უზომოდ გაახარა იმის გაგებამ, თუ როგორ მომიმართა ხელი იეჰოვამ.

სიერა-ლეონეში სარაიონო მსახურების დროს

1978—1989 წლებში გვინეასა და სიერა-ლეონეში სარაიონო მსახურებას ვეწეოდი და შიგადაშიგ ლიბერიაშიც ვმსახურობდი სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ. თავიდან ხშირად ვხდებოდი ავად, თანაც, მაინცდამაინც მაშინ, როცა შორეულ სოფლებში ვიყავი. თუმცა ძმები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დროულად გადავეყვანე საავადმყოფოში.

ერთხელ მალარიის საკმაოდ მძიმე ფორმა შემხვდა და ნაწლავის ჭიებიც აღმომაჩნდა. როცა გამოვჯანმრთელდი, შევიტყვე, რომ თურმე ძმები უკვე ჩემს დასამარხ ადგილსაც კი ეძებდნენ. მსგავსი საფრთხეების მიუხედავად გულშიც არ გამივლია, რომ შემეწყვიტა იქ მსახურება. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა, რომელსაც შეუძლია სიცოცხლეც კი დაგვიბრუნოს, ნამდვილი უსაფრთხოების გარანტია.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲖᲔ ᲛᲘᲜᲓᲝᲑᲐ ᲓᲐᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ

ჩვენი ქორწილის დღეს (1988 წ.)

1988 წელს გავიცანი ერთი თავმდაბალი და სულიერად მოაზროვნე პიონერი და დორკასი. ჩვენ დავქორწინდით და ერთად გავაგრძელეთ სარაიონო მსახურება. დორკასი ყველანაირად მედგა მხარში და მზად იყო, იეჰოვასთვის ბოლომდე დახარჯულიყო. თუ კრებებს შორის მანძილი 25 კილომეტრამდე იყო, ფეხით მივდიოდით და ბარგიც ჩვენვე მიგვქონდა. როგორც წესი, გზა ტალახიანი და დიდი ორმოებით სავსე იყო, ამიტომ უფრო შორ მანძილზე გადასაადგილებლად სატრანსპორტო საშუალებებს ვეძებდით და ნებისმიერზე თანახმა ვიყავით, რაც გამოჩნდებოდა.

დორკასი ძალიან უშიშარიც იყო. ზოგჯერ ნიანგებით სავსე მდინარეების გადალახვაც გვიწევდა. ერთხელ მდინარეზე ხიდები ჩამტვრეული დაგვხვდა. ამიტომ კანოეებით გადაცურვა მოგვიხდა. როცა დორკასი ნაპირზე გადასასვლელად ფეხზე წამოდგა, კანოედან წყალში გადავარდა. არცერთმა არ ვიცოდით ცურვა, ეს მდინარე კი სავსე იყო ნიანგებით. საბედნიეროდ, იქვე მახლობლად ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ, რომლებიც უცებ გადახტნენ წყალში და დორკასი სამშვიდობოზე გამოიყვანეს. მართალია, ამ შემთხვევიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში ორივეს კოშმარები გვესიზმრებოდა, მაგრამ მსახურების შეწყვეტაზე არც კი გვიფიქრია.

ორივე შვილი, ჯაჰგიფტი და ერიკი, ჩვენთვის საჩუქარია იეჰოვასგან.

1992 წლის დასაწყისში გავიგეთ, რომ დორკასი ფეხმძიმედ იყო. ეს ამბავი ჩვენთვის, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა მივხვდით, რომ იეჰოვამ შვილის სახით საჩუქარი გვიბოძა. ამიტომაც ჩვენს გოგონას ჯაჰგიფტი, ანუ „იაჰის საჩუქარი“ დავარქვით. ოთხი წლის შემდეგ ვაჟიც, ერიკიც, შეგვეძინა. ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ორივე შვილი ჩვენთვის საჩუქარია იეჰოვასგან. ჯაჰგიფტი რაღაც პერიოდი კონაკრის მთარგმნელობით ოფისში მსახურობდა, ერიკი კი კრებაში მომსახურეა.

იეჰოვას დახმარებით შევძელი სპეციალური სრული დროით მსახურების გაგრძელება. მართალია, დორკასს სპეციალური პიონერობის შეწყვეტა მოუწია, მაგრამ პიონერობას მაინც ახერხებდა, სანამ ბავშვები პატარები იყვნენ. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა, ერთად გვემსახურა სპეციალურ პიონერებად. ამჟამად კონაკრიში მისიონერებად ვმსახურობთ.

ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘ

ყოველთვის მზად ვიყავი, იქ მემსახურა, სადაც იეჰოვას უნდოდა. იეჰოვა გვიცავდა და კურთხევებს არ გვაკლებდა მე და დორკასს. მასზე მინდობამ იმ საწუხარისა და ტკივილისგან დაგვიცვა, რაც სიმდიდრეზე დაიმედებას მოაქვს. საკუთარი გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ნამდვილი უსაფრთხოების გარანტი ჩვენი მხსნელი იეჰოვაა (1 მატ. 16:35). დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი „სიცოცხლის ქისაში შეინახავს“ მასზე მინდობილთა სიცოცხლეს (1 სამ. 25:29).