არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის დამნაშავე?

ვინ არის დამნაშავე?

თუ ღმერთი არ იწვევს ჩვენს ტანჯვას, მაშინ რატომ შიმშილობს მილიონობით ადამიანი და რატომ ცხოვრობს უკიდურეს სიღატაკეში, რატომ ხოცავენ ომებში ასე უმოწყალოდ ერთმანეთს, რატომ იტანჯებიან საშინელი დაავადებებით და რატომ ხდება ამდენი სტიქიური უბედურება? ღვთის სიტყვა, ბიბლია გვიმჟღავნებს ადამიანთა ტანჯვის სამ ძირითად მიზეზს. ესენია:

  1. ეგოიზმი, სიხარბე, სიძულვილი. „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ხშირად არასრულყოფილი, ეგოისტი და სასტიკი ადამიანები სხვებს დიდ ტკივილს აყენებენ.

  2. დრო და შემთხვევა. ხშირად ტანჯვა იმითაა გამოწვეული, რომ „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ცუდ დროს აღმოვჩნდებით ხოლმე ცუდ ადგილას — შეიძლება უბედური შემთხვევის დროს დავზარალდეთ ან ეს ვიღაცის დაუდევრობის ან შეცდომის გამო მოხდეს.

  3. ქვეყნიერების ბოროტი მმართველი. ბიბლიიდან ვიგებთ, რა არის სინამდვილეში ადამიანთა ტანჯვის უმთავრესი მიზეზი: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ეს „ბოროტი“ სატანა ეშმაკია, ძლევამოსილი სულიერი ქმნილება, რომელიც თავდაპირველად ღვთის ანგელოზი იყო, მაგრამ „განუდგა ჭეშმარიტებას“ (იოანე 8:44). მას სხვა სულიერი ქმნილებებიც შეუერთდნენ და ღმერთს დაუპირისპირდნენ, რათა თავიანთი ეგოისტური სურვილები დაეკმაყოფილებინათ; ამიტომაც იქცნენ დემონებად (დაბადება 6:1—5). იმ დროიდან მოყოლებული სატანა და მისი დემონები თავიანთ ჭკუაზე ატარებენ ადამიანებს და ჩაგრავენ. ამის თქმა განსაკუთრებით ჩვენს დროზე შეიძლება. ეშმაკს, რომელიც დიდად განრისხებულია, „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“, რის გამოც კაცობრიობა უკიდურესად სავალალო მდგომარეობაშია (გამოცხადება 12:9, 12). სატანა ნამდვილი ტირანია. მას სიამოვნებას ანიჭებს ადამიანთა ტანჯვა. ასე რომ, ღვთის კი არა, სატანის ბრალია, რომ ვიტანჯებით.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: მხოლოდ მას შეუძლია მიაყენოს ტკივილი უდანაშაულო ადამიანებს, ვინც გულქვა და ულმობელია. ბიბლიაში წერია, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ამიტომ წარმოუდგენელია, ასეთმა მოსიყვარულე პიროვნებამ ბოროტება გაგვიკეთოს ან უსამართლოდ მოგვექცეს! (იობი 34:10).

თუმცა შეიძლება დაგებადოთ კითხვა: კიდევ რამდენ ხანს მისცემს ყოვლისშემძლე ღმერთი სატანის ტირანულ მმართველობას არსებობის უფლებას? როგორც უკვე დავინახეთ, ღმერთს სძულს ბოროტება და ის დიდ ტკივილს გრძნობს, როცა ხედავს, როგორ ვიტანჯებით. მეტიც, ღვთის სიტყვაში ასეთი მოწოდებაა ჩაწერილი: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ღმერთს ვუყვარვართ და ძალუძს, აღმოფხვრას ყოველგვარი უსამართლობა და ტანჯვა, როგორც ამას შემდეგი სტატიიდან გავიგებთ. *

^ აბზ. 7 თუ გსურთ, უფრო დაწვრილებით გაიგოთ, რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას, იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 26-ე გაკვეთილი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.pr418.com. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ.