არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყარყატი

ისწავლეთ ფრინველებისგან

ისწავლეთ ფრინველებისგან

„ჰკითხე . . . ცის ფრინველებს, და გეტყვიან. რომელმა მათგანმა არ იცის, რომ ეს იეჰოვას ხელის ნამოქმედარია“ (იობი 12:7, 9).

ღვთის მსახურ იობს, რომელიც 3 000-ზე მეტი წლის წინათ ცხოვრობდა, კარგად ესმოდა, რომ ცის ფრინველებზე დაკვირვებით ბევრი რამის გაგება შეიძლება ღვთის ხელთა ნამოქმედარის შესახებ. ფრინველებს თავიანთი ნიშან-თვისებების გამო ხშირად ვხვდებით მაგალითებსა თუ მეტაფორებში. მაგალითად, ბიბლიის მრავალი მონაკვეთიდან, სადაც ფრინველები არიან მოხსენიებული, ბევრ რამეს ვსწავლობთ იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვროთ და როგორ განვივითაროთ ღმერთთან ახლო ურთიერთობა. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

სად იკეთებენ მერცხლები ბუდეს

მერცხალი

იერუსალიმის მკვიდრთათვის მერცხალი კარგად ნაცნობი ფრინველი იყო. ის, როგორც წესი, ბუდეს სახურავის კიდის ქვეშ იკეთებს. მერცხლის ბუდეებს სოლომონის მიერ აშენებული ტაძრის მიდამოებშიც ნახავდით. როგორც ჩანს, ამ ფრინველებისთვის ეს უსაფრთხო ადგილი იყო, სადაც ბარტყებს ზრდიდნენ.

მერცხლის ბუდეები ტაძრის მიდამოებში კორახის ერთ-ერთმა შთამომავალმა, 84-ე ფსალმუნის დამწერმაც შენიშნა. იგი ტაძარში ყოველ ექვს თვეში ერთხელ ერთი კვირის მანძილზე მსახურობდა, რომელიც ნატრობდა, რომ მერცხალივით სამუდამოდ დაედო ბინა იეჰოვას სახლში: „როგორ მიყვარს შენი დიდებული კარავი, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა! იეჰოვას ეზოებს ნატრობს და მათთვის ილევა ჩემი სული . . . ჩიტმაც კი იპოვა ბინა და მერცხალმა — ბუდე, სადაც თავის პატარებს სხამს, შენს დიდებულ სამსხვერპლოსთან, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ჩემო მეფეო და ჩემო ღმერთო!“ (ფსალმუნი 84:1—3). კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით, გვაქვს თუ არა ჩვენ და ჩვენს შვილებსაც ფსალმუნმომღერალივით ძლიერი სურვილი, რეგულარულად შევიკრიბოთ ღვთის ხალხთან ერთად და გამოვხატოთ მადლიერება (ფსალმუნი 26:8, 12).

ყარყატმა იცის თავისი დრო

„ცაში ყარყატმაც იცის თავისი დრო“, — დაწერა წინასწარმეტყველმა იერემიამ. მას, უეჭველად, ეყოლებოდა ნანახი ყარყატთა გუნდი, რომლებიც აღთქმულ მიწას გადაუფრენდნენ ხოლმე. ყოველ გაზაფხულზე იორდანის ველის თავზე შესაძლებელია აფრიკიდან ევროპაში გადამფრენი 300 000-ზე მეტი თეთრი ყარყატის დანახვა. ამ ფრინველებს ბიოლოგიური საათი კარნახობს, რომ ზაფხული ახლოვდება და უნდა დაბრუნდნენ თავიანთი გამრავლების ადგილას. სხვა გადამფრენი ფრინველების მსგავსად, მათაც იციან თავიანთი დრო (იერემია 8:7).

„ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ გადამფრენი ფრინველები ინსტინქტით მოქმედებენ“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Collins Atlas of Bird Migration). იეჰოვა ღმერთმა ფრინველები ინსტინქტური სიბრძნით დააჯილდოვა, რის წყალობითაც გადამფრენი ფრინველები ხვდებიან, როდის დგება მიგრაციის დრო; ადამიანებს კი უბოძა უნარი, განსაზღვრონ დროები და ვადები (ლუკა 12:54—56). ყარყატისგან განსხვავებით, რომელსაც ინსტინქტი ამოძრავებს, ადამიანებს შეგვიძლია ღვთის შესახებ ცოდნა შევიძინოთ, რაც გვეხმარება, განვითარებული მოვლენების მიხედვით განვსაზღვროთ, რა დროში ვცხოვრობთ. იერემიას დროს მცხოვრები ისრაელები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ იმ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ღვთის სიტყვა თავად ხსნის ამის მიზეზს: „ისინი იეჰოვას სიტყვას უარყოფენ და რაღა სიბრძნე აქვთ?!“ (იერემია 8:9).

დღეს უამრავი ფაქტი ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორედ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1—5). შეძლებთ ყარყატის მსგავსად დროის ამოცნობას?

არწივის მახვილი თვალი

არწივი

ბიბლიაში არწივი არაერთხელაა მოხსენიებული; აღთქმულ მიწაზე რომ გეცხოვრათ, ხშირად მოჰკრავდით თვალს ცაში მოლივლივე არწივს; ის ციცაბო კლდეზე იშენებს ბუდეს და „იქიდან ეძებს საჭმელს და შორს იყურება მისი თვალი“ (იობი 39:27—29). არწივს იმდენად მახვილი მზერა აქვს, რომ, როგორც ამბობენ, ერთი კილომეტრიდანაც კი შეუძლია შეამჩნიოს, ისეთი პატარა ცხოველი, როგორიცაა კურდღელი.

როგორც არწივს შეუძლია საკმაოდ შორი მანძილიდან დაინახოს ობიექტი, ისე იეჰოვას შეუძლია განჭვრიტოს შორეული მომავალი. ამიტომაცაა ნათქვამი ბიბლიაში იეჰოვა ღმერთის შესახებ: „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10). თუ ყურად ვიღებთ იეჰოვას დარიგებას, მისი უბადლო სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა ჩვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება (ესაია 48:17, 18).

ბიბლიაში ღვთის მოიმედენი არწივს არიან შედარებულნი: „იეჰოვაზე მინდობილები კი ძალას განიახლებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს“ (ესაია 40:31). ფრენის დროს არწივი ჰაერის მაღლა ამავალი ნაკადით სარგებლობს, რომელსაც უფრო და უფრო მაღლა აჰყავს. არწივი შლის ფრთებს და ჰაერის ნაკადს მიჰყვება. ამგვარად ეს ფრინველი დიდ მანძილზე ფრენისა და ლივლივისას საკუთარ ენერგიას ზოგავს. მსგავსად ამისა, იეჰოვა თავის მოიმედეთ ჰპირდება, რომ მისცემს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7, 8).

„როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს“

კრუხი და წიწილები

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ ისრაელის დედაქალაქზე სინანულით თქვა: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ“ (მათე 23:37).

ფრინველებს აქვთ თავიანთი ბარტყების დაცვის ინსტინქტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტინქტია. შინაური ფრინველები, მაგალითად ქათმები, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ საფრთხის თავიდან ასარიდებლად. როგორც კი კრუხი ქორს შენიშნავს, უმალვე იწყებს კრიახს, რის შემდეგაც წიწილები დედისკენ გარბიან და მის ფრთებქვეშ აფარებენ თავს. დაფრთიანებული წიწილებიც კი დედის ფრთებქვეშ ეძებენ თავშესაფარს თავსხმა წვიმისგან და მცხუნვარე მზისგან თავდასაცავად. იესოსაც ძლიერ სურდა, რომ იერუსალიმის მკვიდრთ სულიერი თავშესაფარი ეპოვათ. დღეს იესო მოგვიწოდებს, მასთან „მივიდეთ“, რათა დაგვიცვას, შეგვიმსუბუქოს ცხოვრებისეული საზრუნავი და გამოგვაცოცხლოს (მათე 11:28, 29).

მართლაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამ ფრთოსანი არსებებისგან. როდესაც მათ აკვირდებით, შეეცადეთ, გაიხსენოთ ის ბიბლიური მონაკვეთები, სადაც ეს ფრინველები შედარების მიზნით არიან მოხსენიებულნი. მაგალითად, მერცხლისგან შეგიძლიათ ისწავლოთ, რომ მასავით „დაიდოთ ბინა ღვთის სახლში“, ანუ დააფასოთ ღვთის თაყვანისმცემლობის ადგილი; თუ გსურთ, არწივივით „მსუბუქად ილივლივოთ“, იეჰოვას ძალაზე იყავით დაიმედებული. როგორც წიწილები აფარებენ კრუხის ფრთებქვეშ თავს, ისე შეაფარეთ თავი სულიერ თავშესაფარს, რომელსაც იესო გთავაზობთ. ყარყატის მაგალითმა კი ყოველთვის შეგახსენოთ ის, თუ რაზე მეტყველებს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, რათა სიფხიზლე შეინარჩუნოთ.