არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იქ, სადაც თოჯინები ოპერებს დგამენ

იქ, სადაც თოჯინები ოპერებს დგამენ

იქ, სადაც თოჯინები ოპერებს დგამენ

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრიიდან

„მუსიკა არაჩვეულებრივი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ თოჯინების შესრულების ტექნიკაზე. ასეთი დახვეწილი მოძრაობები არც ერთ სხვა თოჯინების თეატრში არ მინახავს!“

საბავშვო თოჯინების სპექტაკლს ხომ არ აღწერს მაყურებელი? გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს სიტყვები ეკუთვნის უფროსი ასაკის ადამიანს, რომელმაც საოპერო დადგმა ნახა. სად დაიდგა ეს შთამბეჭდავი ოპერა? ყველაზე უჩვეულო საოპერო თეატრში — ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის, მოცარტის მშობლიურ ქალაქ ზალცბურგში.

მაგრამ იცოდით, რომ ხის მარიონეტებს, რომელთა სიმაღლეც ნახევარი მეტრიდან ერთ მეტრამდეა, ოპერის დადგმა შეუძლიათ? ზალცბურგის მარიონეტების თეატრში ეს ნამდვილად შესაძლებელია. როდესაც სცენაზე თოჯინები ცეკვას იწყებენ, მაყურებლები აღტაცებაში მოდიან და ფანტაზიისა და მომაჯადოებელი მუსიკის სამყაროში ხვდებიან.

ფანტაზიისა და რეალობის შერწყმა

როგორც კი უვერტიურა იწყება, იწევა ფარდა და მაყურებელი გაოცებული რჩება. ნუთუ ეს ხის მარიონეტებია, რომლებიც სცენაზე გადაადგილდებიან და ისე ჟესტიკულირებენ, თითქოს არიებს მღერიან? ან ეს თხელი ძაფები რაღაა, მათ თავს ზემოთ რომ მოჩანს? ზოგ მაყურებელს შეიძლება იმედი გაუცრუვდეს და იფიქროს: „ეს რა არის, ყველაფერი ხელოვნურია, ძაფებიც კი ჩანს!“ გარდა ამისა, სცენაზე არც ორკესტრია. ცოცხალი მუსიკის ნაცვლად ფონოგრამის მოსმენა კი არცთუ ისე სასიამოვნოა. ოპერის ხშირმა სტუმარმა შეიძლება უკმაყოფილება ვერ დამალოს და იფიქროს: „ეს რა საშინელებაა!“ მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მაყურებელს აზრი ეცვლება.

როგორც კი პუბლიკა საყურებლად განეწყობა, მარიონეტები მათ მოჯადოებას იწყებენ. დგება ფანტაზიისა და რეალობის შერწყმის საოცარი მომენტი. ის აბრეშუმის ძაფები, რომლებიც თოჯინებს აცოცხლებს, თითქოს სადღაც უჩინარდება. მაგრამ მაყურებლებს მხოლოდ დადგმა კი არ ანცვიფრებს, არამედ ის უჩვეულო ფაქტი, რომ პატარა საოპერო თეატრის სცენაზე მარიონეტები დგანან. მათ ეს სანახაობა უაზრობად აღარ ეჩვენებათ და ავიწყდებათ, რომ უსიცოცხლო მარიონეტებს უყურებენ. თოჯინებს მართლაც აქვთ საოცარი უნარი, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მაყურებელიც კი აღაფრთოვანონ და თავიანთ პატარა სამყაროში გადაიყვანონ.

სცენაზე და სცენის მიღმა

არანაკლებ შთამბეჭდავია ის, რაც სცენის მიღმა ხდება. ნამდვილი შემსრულებლები თოჯინების თეატრის მსახიობები არიან, რომლებიც სცენის ზემოთ გადებული ხიდიდან ათამაშებენ თოჯინებს. მსახიობები ხელებს ისე ამოძრავებენ, თითქოს ჟესტების ენაზე ლაპარაკობდნენ, თოჯინები კი ამასობაში მღერიან, ტირიან, ერთმანეთს ებრძვიან და რევერანსს აკეთებენ.

გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ერთ-ერთ ნომერში ახსნილი იყო, თუ რით არის მიმზიდველი ხელოვნების ეს დარგი: „სცენის ზემოდან მსახიობებს შეუძლიათ შეასრულონ ნებისმიერი ასაკის ადამიანის, ქალისა თუ კაცის როლი; ამისათვის ისინი განსაკუთრებულ ოსტატობას უნდა ფლობდნენ“. სწორედ შეუდარებელი ოსტატობის წყალობით აცოცხლებენ მარიონეტებს ზალცბურგის თოჯინების თეატრის მსახიობები.

უსიცოცხლო ფიგურებს თოჯინები ცვლიან

უკვე 90 წელზე მეტია, რაც ზალცბურგის მარიონეტების თეატრში წარმოდგენები იდგმება. 1913 წელს ამ თეატრში თოჯინებმა პირველად შეასრულეს მოცარტის ოპერა. თეატრის ფუძემდებელი იყო მოქანდაკე, ანტონ აიხერი. მიუნხენში დამატებითი განათლების მიღების შემდეგ მან ისეთი თოჯინების გაკეთება დაიწყო, რომლებიც ცოცხალ მოძრაობებს შეასრულებდნენ. მალე ის მიხვდა, რომ მარიონეტებთან მუშაობა უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებდა, ვიდრე უსიცოცხლო ქანდაკებების კეთება.

ამ საქმემ ცოტა ხანში აიხერის ოჯახის წევრებიც გაიტაცა. ისინი დიდი მონდომებით კერავდნენ მარიონეტებისთვის ტანსაცმელს, ამღერებდნენ და ალაპარაკებდნენ თოჯინებს. მათ მალე მიაღწიეს წარმატებას და რეპერტუარიც გაამრავალფეროვნეს. 1927 წლიდან კი სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებს აწყობდნენ. დღეს ისინი რეგულარულად სტუმრობენ რამდენიმე ქვეყანას, მაგალითად იაპონიასა და შეერთებულ შტატებს. მარიონეტების წარმოდგენებს ყველგან ჰყავს თავისი მაყურებელი.

გინდათ ნახოთ თოჯინების წარმოდგენა?

სიტყვა ოპერა განიმარტება, როგორც „თეატრალური წარმოდგენა საორკესტრო მუსიკის შესრულებით, სადაც, ჩვეულებრივ, მომღერლები კოსტიუმებში გამოდიან“ („ოქსფორდის შემოკლებული მუსიკის ლექსიკონი“). ოპერის ლიბრეტოს (ტექსტი) შეიძლება საფუძვლად ედოს მითოლოგია, ისტორიული თუ ბიბლიური ამბავი, ან რომელიმე მხატვრული ნაწარმოები. ჟანრი შეიძლება იყოს ეპიკური, ლირიკული ან დრამატული. ზალცბურგის მარიონეტების თეატრში წარმოდგენები იდგმება გერმანულ და იტალიურ ენებზე. ამიტომ გონივრული იქნება, თუ მაყურებელი გაეცნობა სინოპსისის (მოკლე შინაარსი) თარგმანს, რათა გადაწყვიტოს, დაესწრება თუ არა წარმოდგენას.

რის მიხედვით უნდა განსაზღვროს ქრისტიანმა, უყურებს თუ არა ამა თუ იმ ოპერას? მხოლოდ იმის მიხედვით, რომ სახელოვანი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, თუ იმის მიხედვით, რომ ლამაზი მუსიკა იქნება, ან იქნებ იმ სიუჟეტის მიხედვით, რომელიც ლიბრეტოს უდევს საფუძვლად?

როგორც ნებისმიერი ფილმისა თუ თეატრალური წარმოდგენის შერჩევამდე ეცნობა ქრისტიანი მოკლე შინაარს, ასევე უნდა გაეცნოს სინოპსისს ოპერის შერჩევამდე და კრიტერიუმად გამოიყენოს პავლე მოციქულის სიტყვები: „ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8).

[რუკა 8 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ავსტრია

ვენა

ზალცბურგი

[სურათი 8 გვერდზე]

მარიონეტების დასი მზადაა სხვადასხვა ოპერაში მონაწილეობის მისაღებად

[სურათი 9 გვერდზე]

ზალცბურგის მარიონეტების თეატრი

[სურათი 10 გვერდზე]

ანტონ აიხერი, მარიონეტების თეატრის დამფუძნებელი

[საავტორო უფლება]

By courtesy of the Salzburg Marionette Theatre

[სურათის საავტორო უფლება 8 გვერდზე]

All photos on pages 8 and 9: By courtesy of the Salzburg Marionette Theatre