არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უკვდავ სიმბოლოდ ქცეული ხიდი

უკვდავ სიმბოლოდ ქცეული ხიდი

უკვდავ სიმბოლოდ ქცეული ხიდი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბულგარეთიდან

ჩრდილოეთ ბულგარეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ლოვეჩში, მდინარე ოსიმზე აგებულია გადახურული ხიდი. ხიდზე მოსიარულეთა მსგავსად, ამ შესანიშნავ ნაგებობას თავისი ისტორია აქვს.

პირველი, ვინც ამ ხიდით დაინტერესდა, იყო ავსტრიელი გეოლოგი ამი ბვა, რომელიც ლოვეჩს მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ეწვია. ის წერდა „ქვის გადახურული ხიდის შესახებ, რომელზეც პატარა მაღაზიები იყო ჩამწკრივებული“. ეს უჩვეულო ხიდი ქალაქის ორ ნაწილს აერთებდა; მასზე იმართებოდა ვაჭრობაც. ამ ორი მიზეზის გამო ხალხისთვის ამ ხიდს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

თავდაპირველად ლოვეჩის გადახურული ხიდი ხის იყო. მაგრამ წლების განმავლობაში წყალდიდობები ხიდს აზიანებდა და ამიტომ აღდგენას საჭიროებდა. 1872 წელს ნიაღვარმა მთლიანად წალეკა ხიდი, რის გამოც ქალაქის ორ ნაწილს შორის მნიშვნელოვანი კავშირი გაწყდა.

ხიდის აღდგენა ადვილი საქმე არ იყო. ამიტომ ახალი, უფრო გამძლე ხიდის აგება ცნობილ ბულგარელ არქიტექტორს, კოლიო ფიჩეტოს დაავალეს.

ინოვაციური პროექტი

ძველი ხიდის მსგავსად, ფიჩეტომ ახალი ხიდი გადახურა და ზედ პატარა მაღაზიები განათავსა. 84 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის ხიდს საყრდენად ელიფსის ფორმის ბურჯები ჩაუყენა. ხუთმეტრიანი ბურჯების ერთი ბოლო დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ვიწროვდებოდა, რაც სიახლე იყო. ბურჯებს ზედა ნაწილში ჰქონდა ხვრელები, რაც ადიდებულ წყალს ბურჯში გავლის საშუალებას აძლევდა. ფიჩეტომ ბურჯებზე მუხის კოჭები და ფიცრები გადო. ნაგებობის დანარჩენი ნაწილი, მათ შორის ხიდის ორივე მხარეს ჩამწკრივებული 64 მაღაზია, წიფლისგან გააკეთა. სახურავიც წიფლისგან დაამზადა და რკინის ფირფიტებით გადაფარა.

ფიჩეტოს პროექტს კიდევ ერთი თავისებურება ჰქონდა. მან ხიდის კოჭების დასამაგრებლად ლურსმნებისა და რკინის დამჭერების ნაცვლად ხის სოლები გამოიყენა. ბოლოს ხიდი მოკირწყლა და ზედ ხრეში დაყარა. კედლებზე ამოჭრილი პატარა ფანჯრებიდან და სახურავის ღიობებიდან დღის შუქი შედიოდა, საღამოს კი გაზის ფარნები ინთებოდა. მთლიანობაში, ახალი ხიდის [1] დაპროექტებასა და აგებას სამი წელი დასჭირდა.

რა ხდებოდა ხიდზე

ერთი თვითმხილველი აღწერს: „გამყიდველები, გამვლელები და მაყურებლები იშვიათად წუხდებოდნენ მანქანების, ურმებისა და დატვირთული სახედრების გავლა-გამოვლით. მოფუსფუსე ხალხის ხმას ემატებოდა მეთუნუქეების ჩაქუჩის ხმაური . . . და ვაჭრების ძახილი, რომლებიც მუშტარს საქონელს სთავაზობდნენ. ხიდზე სიცოცხლე ჩქეფდა. სხვადასხვა ფერის პატარა მაღაზიები სავსე იყო შალის მოწნული ხალიჩებით, მძივებითა და ნაირ-ნაირი საქონლით; ეს ყველაფერი კი იქაურ ტრადიციას ასახავდა“.

ვაჭრობის გარდა, ხალხი ხიდზე გასართობადაც იკრიბებოდა; მაღაზიის მეპატრონეები ინსტრუმენტებზეც უკრავდნენ. ზემოთხსენებული თვითმხილველი იხსენებს: „სადალაქოში ხუთი-ექვსი დალაქი მუშაობდა, რომლებიც, ამავე დროს, კარგი დამკვრელები იყვნენ; თავისუფალ დროს ისინი ძირითადად სიმებიან საკრავებზე უკრავდნენ, და თუ იმ დროს კლიენტები მივიდოდნენ, მანამ უცდიდნენ, სანამ დაკვრას არ დაამთავრებდნენ“. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ზოგმა დალაქმა ორკესტრი ჩამოაყალიბა.

ფერფლად ქცეული ხიდი

ფიჩეტოს გადახურული ხიდი ნახევარი საუკუნის მანძილზე უძლებდა წყალდიდობებს, ომებს და სხვა უბედურებებს. მაგრამ 1925 წლის 2 აგვისტოს ღამეს ცეცხლის ალმა ლოვეჩის ცა გაანათა, ქალაქის ღირსშესანიშნავ ხიდს ხანძარი გაუჩნდა და ფერფლად იქცა. დღემდე არ არის ცნობილი, რა იყო ამის მიზეზი — დაუდევრობა თუ განზრახ ჩადენილი დანაშაული. რა მიზეზიც უნდა ყოფილიყო, ლოვეჩი კიდევ ერთხელ დარჩა ხიდის გარეშე.

1931 წელს კვლავ აშენდა ახალი გადახურული ხიდი [2] თავისი მაღაზიებითა და სახელოსნოებით. მაგრამ ამჯერად ხიდი ხითა და ქვით კი არ ააგეს, არამედ რკინაბეტონით. ახალი ხიდი ფიჩეტოს ხიდისგან განსხვავდებოდა. სახურავი შუშისა იყო, ხოლო ხიდის ცენტრალურ ნაწილს კედლები არ ჰქონდა. 1981—1982 წლებში კი ფიჩეტოს პროექტის მიხედვით ხიდს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა [3].

ლოვეჩის გადახურული ხიდი ქალაქის სიმბოლო და, ამავე დროს, ოსტატობის ჩინებული ნიმუშია. ხიდი დღესაც იზიდავს ადგილობრივ ხალხს და ტურისტებს; ისინი სეირნობენ ხიდზე, რომელსაც იქ ჩამწკრივებული მაღაზიები ამშვენებს.

[რუკა 22 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბულგარეთი

სოფია

ლოვეჩი

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

Photo 2: From the book Lovech and the Area of Lovech