არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძალადობა ქალებზე გლობალური პრობლემა

ძალადობა ქალებზე გლობალური პრობლემა

ძალადობა ქალებზე გლობალური პრობლემა

ოცდახუთი ნოემბერი ქალებზე ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წელს იმ მიზნით დააწესა, რომ გაეთვითცნობიერებინა საზოგადოება ქალების უფლებების დარღვევის შესახებ. რატომ დააწესეს ეს დღე?

მრავალ ქვეყანაში ქალებს მეორეხარისხოვან ადამიანებად თვლიან. ასეთი შეხედულება ღრმად არის ფესვგადგმული. ქალებზე ნებისმიერი ფორმის ძალადობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება ეგრეთ წოდებულ განვითარებულ ქვეყნებშიც კი. გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის აზრით, „ქალებზე ძალადობა გლობალურ პრობლემად იქცა ყველა ტიპის საზოგადოებასა თუ კულტურაში. ქალები ნებისმიერი რასის, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური წარმოშობისა თუ დაბადების ადგილის მიუხედავად, ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან“.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, რადიკა კუმარასვამმა აღნიშნა, რომ ქალების უმრავლესობისთვის ეს „არის ტაბუდადებული თემა, საზოგადოებისთვის უცნობი და, ამავე დროს, სამარცხვინო რეალობა“. ჰოლანდიის ვიქტიმოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით, სამხრეთ ამერიკის მხოლოდ ერთ ქვეყანაში ქალების 23 პროცენტი, ანუ ყოველი ოთხი ქალიდან ერთი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს მონაცემებით, ყოველი ოთხი ევროპელი ქალიდან ერთი მთელი სიცოცხლის მანძილზე ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის მონაცემებით, ინგლისსა და უელსში მხოლოდ ერთ წელიწადში ყოველკვირა საშუალოდ ორ ქალს კლავდა თავისი იმჟამინდელი თუ ყოფილი პარტნიორი. ინდოეთში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი იუწყებოდა, რომ ამ ქვეყანაში ქალებს შიში მუდამ თან სდევთ; მოძალადე მათ შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას დახვდეს — მოსახვევში, გზაზე თუ საზოგადოებრივ ადგილას, და გააუპატიუროს. საერთაშორისო ამნისტია (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია) ქალებზე და გოგონებზე ძალადობას ასახელებს „ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მოვლენად“.

მაგრამ როგორია ღვთის თვალსაზრისი? ეს განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.