არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თოვლის თბილი საბურველი

თოვლის თბილი საბურველი

თოვლის თბილი საბურველი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფინეთიდან

თბილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე შორეული ჩრდილოეთის ცივ ზამთარში კაცი გაიყინებოდა და სიცივისგან მოკვდებოდა. მაგრამ მრავალი ცხოველი წლის ნებისმიერ სეზონს უძლებს. თბილი საფარველის — ფრთებისა და ბეწვის — გარდა, ამაში მათ თოვლიც ეხმარებათ.

თოვლი შედგება წყლის ორთქლის გაყინვის შედეგად წარმოქმნილი კრისტალებისგან; 2,5 კუბური სანტიმეტრი წყლისგან დაახლოებით 25 კუბური სანტიმეტრი თოვლი წარმოიქნება. ასე რომ, თოვლის ფიფქის კრისტალებს შორის დიდი რაოდენობით არის ჰაერი. ამიტომ თოვლი კარგი იზოლატორია და გაზაფხულის სითბოს დადგომამდე გაყინვისგან იცავს მცენარის თესლებსა თუ თვითონ მცენარეებს; შემდეგ კი მიწის ზედაპირზე გართხმული წყლის ეს უზარმაზარი გაყინული „რეზერვუარი“ ლღვება, მიწას რწყავს და ნაკადულებს წყლით ამარაგებს.

სიცოცხლე თოვლის საფარქვეშ

თოვლის საფარქვეშ მრავალ პატარა, ბეწვით შემოსილ ცხოველს გაჰყავს ხვრელები და იქ ეწევა თავის ყოველდღიურ საქმიანობას, რაშიც უმთავრესად საკვების ძიება შედის. ეს ცხოველებია: ლემინგები, მემინდვრიები, ბიგასებრნი და სხვა. ისინი ძირითადად ღამის ცხოველები არიან და მწერებითა და მატლებით იკვებებიან. თაგვები კი თოვლის ზედაპირზე თავქუდმოგლეჯილი დარბიან კენკროვნების, თხილის, თესლების ან ნორჩი ხეების რბილი ქერქების საპოვნელად.

როგორ ინარჩუნებენ პატარა ძუძუმწოვრები სხეულის სათანადო ტემპერატურას? მრავალს არა მარტო თბილი „სამოსი“ აქვს, არამედ „გამათბობელიც“, რომელსაც ენერგიით სწრაფი ნივთიერებათა ცვლა ამარაგებს. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენი „საწვავია“ საჭირო ამ „ცოცხალი გამათბობელისთვის“. მაგალითად, ბიგასებრნი ყოველდღიურად თითქმის იმდენივე საკვებს — მწერს, მატლსა თუ ჭუპრს — მიირთმევენ, რამდენსაც თავად იწონიან. ბიგასებრთა შორის ყველაზე პატარა — ჯუჯა ბიგა — კი უფრო მეტსაც მიირთმევს! ასე რომ, ეს ცხოველები გამოღვიძებისთანავე საჭმლის ძებნას იწყებენ.

ეს პატარა ძუძუმწოვრები, თავის მხრივ, მტაცებლების, მაგალითად, ბუსა და კვერნისებრთა ოჯახის ორი წარმომადგენლის — ყარყუმისა და დედოფალას — საყვარელი კერძი არიან. ტანწერწეტა და მარდი კვერნისებრნი კარგად არიან აღჭურვილნი იმისათვის, რომ თოვლის ლაბირინთებში საკვები ეძებონ. ისინი ბოცვერებზეც ნადირობენ, რომლებიც ტანით მათზე დიდები არიან.

ბუებიც გაფაციცებით ეძებენ ნადავლს. დიდ ნაცრისფერ ბუს იმდენად მახვილი სმენა აქვს, რომ, თუ თოვლის ფენა ძალიან ღრმა არ არის, შეუძლია განსაზღვროს თოვლში გაკეთებულ ლაბირინთში, სად არის მემინდვრია. მას შემდეგ, რაც ბუ მსხვერპლის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს, სწრაფად ეშვება თოვლში, უმწეო მსხვერპლს ბრჭყალებში იქცევს და მიჰყავს. მაგრამ დიდთოვლობისას ბუები შიმშილობენ და შიმშილისგან იხოცებიან კიდეც, რაც მტაცებელთა რაოდენობის კლებას, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობის მკვეთრ მატებას იწვევს.

ბევრი ცხოველი, როდესაც ზამთარში საკმარის საკვებს ვერ პოულობს, ზაფხულში დაგროვილი ცხიმის მარაგს იყენებს, მაგრამ ზოგი ცოტა საკვებს მაინც პოულობს. მაგალითად, ლოსი ჭამს ნორჩი ხეების, განსაკუთრებით ფიჭვების, ტოტებს. ციყვები თავიანთ „საკუჭნაოებში“ დამალულ ნოყიერ თესლებს მიირთმევენ, კურდღლები კი ნორჩი ხეების ქერქებს, გამხმარ რტოებსა და ყლორტებს ღრღნიან. ფრინველთა ზოგი სახეობის წარმომადგენლები სიამოვნებით მიირთმევენ გაყინულ კენკროვნებსა და ფიჭვის ყლორტებს.

ისინი თოვლში „ყვინთავენ“!

მრავალი ფრინველი იყენებს თოვლის საიზოლაციო თვისებას და დღისით თუ ღამით თოვლში ისვენებს. ამ ფრინველებს შორისაა: ჟრუნი, ჩვეულებრივი როჭო, გნოლთეთრა და ისეთი პატარა ფრინველები, როგორიცაა მეკანაფია, სტვენია და ბეღურა. თუ თოვლი ღრმა და ფაფუკია, ზოგი ფრინველი ისევე „ყვინთავს“ თოვლში, როგორც ზღვის ფრინველები — წყალში. ამ ჭკვიანური ხერხის გამოყენების შედეგად ფრინველი არავითარ კვალს არ ტოვებს თოვლზე და მტაცებლები სუნსაც ვერ იღებენ.

თოვლის საბანში გახვეულ ფრინველს ჰორიზონტალური მიმართულებით სამი ფუტი სიგრძის ხვრელი გაჰყავს, რომელსაც ფინურად „კიეპი“ ეწოდება; ღამის განმავლობაში ამოვარდნილი ქარი კი იქ ცოცხალი ქმნილების არსებობის ყოველგვარ კვალს სპობს. როდესაც ადამიანი სეირნობისას ამ ადგილს უახლოვდება, ფრინველს ნაბიჯების ხმა სიგნალს აძლევს. შედეგად ის სწრაფად ამოძრავებს ფრთებს, რის გამოც ჰაერში ნამქერი იყრება და მოსეირნეს მოულოდნელობისგან გული უქანდება!

ზამთრის „სამოსი“

სეზონის შეცვლისას, ზამთარში ზოგი არქტიკული ცხოველი სხეულის საფარველს იცვლის; ამგვარად ის ინიღბება და თოვლში შეუმჩნეველი ხდება. ფინეთში მობინადრე ყარსაღი, თეთრი კურდღელი და ყარყუმის რამდენიმე სახეობა შემოდგომაზე სქელი თეთრი ან მოთეთრო ბეწვით იმოსებიან.

გნოლთეთრაც იცვლის ბუმბულს და, თუ ის ზაფხულში ჭრელია, ზამთარში ქათქათა, თეთრი ბუმბულით იწონებს თავს. მათ ზაფხულში ფეხები მეჩხერად აქვთ შებუმბვლილი, ზამთარში კი ისე სქლად, რომ გეგონება ზამთრის ჩექმები აცვიათო. თუმცა ფრინველები ზამთარში სხეულის საფარველს იცვლიან, ზოგი სახეობა მაინც ჭრელი რჩება, რათა ალაგ-ალაგ თოვლით დაფარული ლანდშაფტის ფონზე ჭრელი შებუმბვლის გამო მტაცებელი ფრინველებისთვის შეუმჩნეველი იყვნენ.

ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არ აყენებს ზიანს ან, სულ მცირე, რატომ არ გრძნობენ დისკომფორტს ფრინველები, რომლებიც „შიშველი“ ფეხებით დადიან თოვლზე ან ყინულზე? მათი ფეხები ისე საოცრად არის შექმნილი, რომ სითბოს ინარჩუნებენ. გულიდან თბილი არტერიული სისხლი ფეხებისკენ მიედინება და ათბობს ცივ სისხლს, რომელიც ფეხებიდან ზევით მიედინება.

დიახ, კლიმატური პირობების მიუხედავად, ცივი ჩრდილოეთ პოლუსიდან ცხელ ტროპიკებამდე სიცოცხლე არა მხოლოდ არსებობს, არამედ ყვავის კიდეც. როდესაც ადამიანები ასეთ ცოცხალ არსებებს პოულობენ და სურათებს უღებენ, გაწეული ძალისხმევისთვის მათ დიდად აფასებენ და სრულიად დამსახურებულად! მაშ, რამდენად მეტად უნდა დავაფასოთ დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ცოცხალი არსების შემოქმედი! გამოცხადების 4:11-ში ნათქვამია: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“.

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

ისინი ამინდს არ უშინდებიან!

ზამთარში ფინელი იეჰოვას მოწმეები ამინდის შესაბამისად იცვამენ და რელიგიურ საქმიანობას განაგრძობენ. ზოგი მოწმე ქრისტიანულ შეხვედრებზე დასასწრებად საკმაოდ დიდ მანძილს გადის. ხანგრძლივი ზამთრის პერიოდში სოფლებში კრებებზე დამსწრეთა რიცხვი არ კლებულობს. იეჰოვას მოწმეები არც ქადაგებას უთმობენ ნაკლებ დროს. ისინი დიდ პატივად მიიჩნევენ, იქადაგონ შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, შესახებ და თბილი სახლებიდან გადიან, რათა სხვებს ღვთის სამეფოზე ესაუბრონ (მათე 24:14).

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ქარიშხალები თოვლის საფარქვეშ

[საავტორო უფლება]

By courtesy of John R. Peiniger

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ყარყუმი

[საავტორო უფლება]

Mikko Pöllänen/Kuvaliiteri

[სურათი 17 გვერდზე]

გედები

[სურათი 17 გვერდზე]

კურდღელი

[სურათი 17 გვერდზე]

ყარსაღი