არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოფილი სამხედრო პირი „ქრისტეს მეომარი“ ხდება

ყოფილი სამხედრო პირი „ქრისტეს მეომარი“ ხდება

ყოფილი სამხედრო პირი „ქრისტეს მეომარი“ ხდება

მოგვითხრო მარკ ლუისმა

„დილა მშვიდობისა, თქვენო უდიდებულესობავ“, „დღე მშვიდობისა, თქვენო აღმატებულებავ“, „საღამო მშვიდობისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო“, — ასე ვესალმებოდი მაღალჩინოსნებს, როცა მფრინავი და ავსტრალიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური ვიყავი. სახელმწიფო მმართველებსა და მაღალი თანამდებობის პირებს თვითმფრინავით ვემსახურებოდი ავსტრალიის ფარგლებს შიგნით, თუ ფარგლებს გარეთ; ახლა კი უფრო მეტი კმაყოფილების მომგვრელ საქმეს ვემსახურები. თქვენი ნებართვით დავიწყებ თხრობას.

დავიბადე 1951 წელს დასავლეთ ავსტრალიაში, ქალაქ პერთში, სამხედროების ოჯახში. 15 წლის ასაკში აეროკლუბის წევრი გავხდი. მას შემდეგ შემიყვარდა ფრენა და ეს სიყვარული მთელი ცხოვრება გამყვა.

მალე ჩემი მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ და ჩვენი ოჯახი დაინგრა. სკოლის დამთავრებამდე რეაქტიული თვითმფრინავების სამხედრო-საჰაერო ფლოტის მეთაურის ოჯახმა მთელი გულით მიმიღო და შემიკედლა. სწორედ მასთან ურთიერთობამ აღმძრა საოფიცრო-სამხედრო სასწავლებელში, ავსტრალიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიაში ჩამებარებინა.

„ფრთები“ შევისხი

დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ დავამთავრე სამხედრო-საჰაერო ძალების საოფიცრო სასწავლებელი, მივიღე ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი და ფრენის უფლება. თავიდან სამხედრო თვითმფრინავის პილოტი ვიყავი; ამ თვითმფრინავის მარშრუტი მთელ ავსტრალიაში, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვრცელდებოდა. ჩვენ ხშირად გადავუფრენდით მაღალმთიან უღელტეხილს და ასევე ღია ტრამალებს, რომელსაც ხშირად საველე აეროდრომად ვიყენებდით. ეს სახიფათო იყო. იმ წლებში ჩვენმა ესკადრონმა რამდენიმე თვითმფრინავი დაკარგა, რასაც არაერთი კარგი ადამიანი შეეწირა; მიუხედავად ამისა, ჩვენი რეისები მიუდგომელი რეგიონების მოსახლეობას ეხმარებოდა. ჩვენ გადაგვყავდა მედპერსონალი და გადაგვქონდა სამშენებლო მასალები ხიდების ასაშენებლად, პატარა ბულდოზერები გზების დასაგებად და ჰუმანიტარული დახმარება საკვების სახით. ასევე გადაგვყავდა ისინი, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

1978 წელს მფრინავ ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მივიღე და სამხედრო-საჰაერო ძალების საოფიცრო სასწავლებელში დავბრუნდი, მაგრამ უკვე მასწავლებლად. იქ ურთიერთობა განვაახლე ახალგაზრდა ქვრივთან, დიანასთან, რომელსაც სამი წლის გოგონა ჰყავდა. დიანას მეუღლე ჩემი კურსელი იყო, რომელიც მოგვიანებით ავიაკატასტროფაში დაიღუპა. როდესაც დიანას ხელი ვთხოვე, მან მთხოვა დრო მიმეცა. მას ის აფიქრებდა, უნდოდა თუ არა, მეორე ქმარიც პილოტი ჰყოლოდა.

ამასობაში, თორმეტი თვით ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის, საიდუმლო ასისტენტად დავინიშნე. კანბერაში მთავრობის რეზიდენციაში ცხოვრებამ პოლიტიკაში ჩამახედა და მაღალჩინოსან სამოქალაქო, სამხედრო და რელიგიურ პირებთან ახლო ურთიერთობის საშუალება მომცა. ჩემი დანიშნულების ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ მფრინავ ინსტრუქტორად დავიწყე მუშაობა. მე და დიანა მალევე, 1980 წელს დავქორწინდით.

1982 წელს ორწლიანი გაცვლითი პროგრამის შედეგად გამგზავნეს შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების სამსახურში ფრენის უსაფრთხოების ოფიცრისა და ავიაკატასტროფების მოკვლევის ექსპერტის კვალიფიკაციის მისაღებად. ჩვენი საქმიანობა ვრცელდებოდა მთელ შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. ამაში შედიოდა ავიაკატასტროფების მიზეზების გამოძიება და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ავსტრალიაში დაბრუნება

ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ ოჯახის მეოთხე წევრი შეგვეძინა და ჩვენს გოგონას კერი დავარქვით. იმის გამო, რომ სამსახურში უამრავი საქმე მქონდა, დიანა ჩვენი გოგონებისთვის დედაც იყო და მამაც, რაც ჩვენი ოჯახისთვის ადვილი ასატანი არ ყოფილა. სამი წლის შემდეგ ავსტრალიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურად დავინიშნე, როგორც უკვე მოგახსენეთ. 1991 წელს, როცა სპარსეთის ყურეში ომი დაიწყო, ჩემმა ესკადრონმა თავისი წვლილი შეიტანა გაეროს მიერ განხორციელებულ ოპერაციაში; მოგვიანებით კი იგივე გააკეთა პაკისტანში, ავღანეთში, აფრიკასა და ისრაელში.

1992 წელს გენერალური შტაბის ოფიცრად დამნიშნეს. ავსტრალიაში ყველაზე მაღალი ჩინის სამხედრო პირის ასისტენტად მსახურებამ უფრო ღრმად ჩამახედა სამხედრო სისტემის, პოლიტიკისა და გაეროს ურთიერთობებში. მივხვდი, რომ გაეროს არაერთი ნაკლი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის ერთადერთ იმედად გვევლინებოდა. მოგვიანებით ოჯახში განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩემი შეხედულებები გადაფასდა.

დიანას შეკითხვებს პასუხი ეცემა

დიანა კათოლიკე იყო. პირველი ქმრის სიკვდილის შემდეგ მას ბევრი კითხვა გაუჩნდა, რომლებზეც პასუხის მიღება სცადა, მაგრამ ამაოდ. მდგომარეობა მაშინ გაუარესდა, როცა ჩვენი უფროსი გოგონა, რენე, ოკულტიზმმა გაიტაცა. დიანამ თავის მეგობრის სახლში „გამოიღვიძეთ!“-ის ერთ-ერთი ნომერი შენიშნა, რომელშიც დაბეჭდილი იყო სტატია სატანიზმზე *; მას ეს ჟურნალი არასოდეს ენახა. როცა სახლში ბრუნდებოდა, მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, როგორ ეშოვა ჟურნალის ეს ნომერი.

სამი დღის შემდეგ კარზე იეჰოვას მოწმეებმა მოგვიკაკუნეს, და დიანამ მიიღო სასურველი ნომერი. მოგვიანებით მან ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მიხაროდა, ბიბლიას რომ სწავლობდა, დროდადრო კრებაზეც მივყვებოდი, მაგრამ ბიბლიის შესწავლის დაწყების აუცილებლობა არ მიგრძნია. ჩემი თავი ვერ წარმომედგინა რელიგიურ პიროვნებად. ღვთისა მწამდა, მაგრამ რელიგიურ სამყაროში იმდენი ფარისევლობა მქონდა ნანახი, რომ რელიგიას სერიოზულად ვერ მოვეკიდებოდი. მაგალითად, ვერ გამეგო, რატომ ქადაგებდა მღვდელი სიყვარულსა და მშვიდობას მაშინ, როცა მხარს უჭერდა ომს.

დიანა განზრახ მიდებდა თვალსაჩინო ადგილას „საგუშაგო კოშკი“-სა და „გამოიღვიძეთ!“-ის ნომრებს, რათა წამეკითხა. მე ვკითხულობდი მათ და ისევ თავის ადგილას ვდებდი; არ მინდოდა ჩემი ინტერესი მისთვის ცხადი გამხდარიყო. თანდათანობით ჩემი ბიბლიური ცოდნა იზრდებოდა; ორმა ბიბლიურმა მუხლმა განსაკუთრებით შემაფიქრიანა. ერთი იყო გამოცხადების 19:17 და 18, სადაც ეწერა, რომ ფრინველებს „ათასისთავთა ხორცი“ უნდა ეჭამათ. მეორე იყო გამოცხადების 17:3, რომელშიც მოხსენიებული იყო „ალისფერი მხეცი“. მოწმეები ამ მხეცს გაეროს სიმბოლოდ ასახელებდნენ, ეს კი გაეროს მიმართ ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა *. მაგრამ ჩემში ნებისმიერი კითხვის ჩაკვლას ვცდილობდი.

1993 წელს დიანამ მთხოვა მის ნათლობას დავსწრებოდი. მისი თხოვნა ჩემთვის მოულოდნელი იყო. ვკითხე, ჩემსა და იეჰოვას შორის არჩევნის გაკეთება რომ მოგიწიოს, ვის აირჩევდი-მეთქი? მან მიპასუხა, იეჰოვას, მაგრამ იმედი მაქვს, არ დამჭირდება ამ არჩევნის გაკეთება; მე თქვენ ორივე მჭირდებითო. მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდა გამეგო იმ პიროვნებაზე, ვინც მის ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ადგილობრივი კრების უხუცესმა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.

დიდად დამაინტერესა ბიბლიურმა წინასწარმეტყველებებმა, განსაკუთრებით იმ წინასწარმეტყველებებმა, რომლებიც სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდა. მაგალითად, სტუდენტობის პერიოდში გავეცანი ანტიკური საბერძნეთის სამხედრო მიღწევებს. მაგრამ ახლა გავიგე, რომ ამ ისტორიის მრავალი დეტალი საუკუნეებით ადრე დანიელის მე-8 თავში იყო აღწერილი. ამ და სხვა წინასწარმეტყველებებმა თანდათანობით დამარწმუნა იმაში, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული.

ახლა სხვა თვალით შევხედე გაეროს. უკვე ვიცი, რომ სამხედრო ძალა უძლურია კაცობრიობის პრობლემების წინაშე და ნამდვილი მშვიდობა მუქარითა და ომით არ მიიღწევა; გაერო ვერ გადაჭრის პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური დაყოფის პრობლემას, რაც ომის მიზეზია. მივხვდი, რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო კაცობრიობის პრობლემების მოგვარება. მართლაც, ის უკვე აგვარებს ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს მთელი მსოფლიოს იეჰოვას მოწმეებს შორის (ფსალმუნი 133:1; ესაია 2:2—4). ვეკითხებოდი ჩემს თავს, შევძლებდი ღვთისმსახურებისთვის სამხედრო კარიერაზე უარის თქმას?

ბიბლიური ჭეშმარიტებით ცხოვრება

დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო, როცა 1994 წელს სიდნეიში იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესს დავესწარი. კონგრესზე წარმოდგენილი იყო ბიბლიური კოსტუმირებული დრამა, რომელიც ხაზს უსვამდა ძველ ისრაელთა არჩევანს იეჰოვა ღმერთის მსახურებასა და ქანაანელთა ღმერთის, ბაალის, მსახურებას შორის. იეჰოვას წინასწარმეტყველმა ელიამ გამოიწვია ისრაელები: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით“ (1 მეფეები 18:21). ეს სიტყვები ჩემს გულს შეეხო. ისრაელებისა არ იყოს, მეც არჩევნის წინაშე დავდექი — უნდა გადამეწყვიტა, იეჰოვასთვის მემსახურა, თუ სამხედრო კარიერას გავყოლოდი.

იმ ღამით შინ დაბრუნებისას დიანას ვუთხარი, რომ გადაწყვეტილი მქონდა, უარი მეთქვა სამხედრო-საჰაერო ძალების სამსახურზე და ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი. მართალია, ის გააკვირვა ჩემმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, მაგრამ სრული მხარდაჭერა გამომიცხადა. რამდენიმე დღემ გაიარა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. ასე რომ, სამსახურიდან წამოვედი.

იმ დროს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში, თავდაცვის სამხედრო-საოფიცრო კორპუსის მეთაური ვიყავი. მეთვალყურეობას ვუწევდი დაახლოებით 1 300 არმიის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, სამხედრო-საჰაერო საოფიცრო სასწავლებლის კურსანტებისა და სამხედრო პერსონალის აკადემიურ წვრთნებს. აკადემიური წლის ბოლო დღეს დაახლოებით 400 კურსანტსა და სასწავლებლის პერსონალს ვუთხარი, რომ სამსახურიდან მივდიოდი, რათა, როგორც ქრისტიან მსახურს, კარდაკარ მევლო და ხალხისთვის ბიბლია მესწავლებინა. ამ განცხადებას საინტერესო საუბრები მოჰყვა.

სრული დროით მსახური ვხდები

სამსახურიდან წამოსვლისთანავე სამქადაგებლო საქმიანობა დავიწყე. სამი თვის შემდეგ, 1995 წლის აპრილში, მოვინათლე. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, მაშინვე პიონერად მსახურება დავიწყე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი ჩემი დრო მსახურებისთვის მიმეძღვნა.

სამხედრო პირი ‘ქრისტეს მეომარი’ რომ გავმხდარიყავი, ცხოვრებაში ბევრი ცვლილება უნდა მომეხდინა (2 ტიმოთე 2:3). ჩემი პირველი დავალება ქრისტიანული შეხვედრების მსვლელობისას მიკროფონის ტარება იყო. ბრძანების გაცემის ნაცვლად, თხოვნით მიმართვა ვისწავლე. სხვების მიმართ ყურადღებისა და სიყვარულის გამოვლენა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე საქმის ეფექტურად კეთება, თუმცა დღემდე ვცდილობ, გაწონასწორებული ვიყო. დღეს არც ისე დიდი შემოსავალი მაქვს, რის გამოც ჩვენს ოჯახს ცხოვრების გამარტივება მოუწია.

ქადაგება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და ეს დღემდე ასეა. ერთხელაც ჩემს ცხრა წლის გოგონას, კერის, ქადაგებისას ვთხოვე, დაკვირვებოდა მობინადრეების რეაქციას. მალე შევნიშნეთ, რომ ბევრი ინტერესს არ ავლენდა, მაგრამ ზოგი ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო და ინტერესდებოდა კიდეც. ეს ჩვენთვის, ორივესთვის, გამამხნევებელი იყო. ჩვენი მეორე გოგონა ერთ დროს სწავლობდა ბიბლიას, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ემსახურება იეჰოვას.

მე და დიანა კერის ვურჩევდით, რომ მიზნად სრული დროით მსახურება დაესახა. არც ისე დიდი ხნის წინ მე და კერი პიონერული მსახურების სკოლაში ერთად ვსწავლობდით. კერიმ მაშინ პირველად გაიარა სკოლა, მე კი — მეორედ. რა სასიხარულოა იმის ყურება, რომ ის და სხვა ახალგაზრდები სულიერად წინ მიიწევენ და ქრისტიანულ მსახურებას განაგრძობენ! (ფსალმუნი 110:3).

უხვი კურთხევა

როდესაც წარსულს ვაანალიზებ, ვხედავ, თუ რა მსგავსება და რა განსხვავებაა სამხედრო სამსახურსა და ქრისტეს მეომრად ყოფნას შორის. ორივე ითხოვს ერთგულებას, მორჩილებას, უკომპრომისობას, თვითდისციპლინასა და თავგანწირვას. მაშინ, როცა მრავალი სამხედრო პირი მზად არის თავისი ქვეყნისთვის და თანამებრძოლებისთვის თავი გასწიროს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავიანთი მტრებიც კი უნდა უყვარდეთ (მათე 5:43—48). მაშინ, როცა ომის გმირმა შეიძლება ერთი მამაცური საქციელით ჯილდო მიიღოს, ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის მოწონებას იმსახურებენ მისთვის მტკიცე და ურყევი მსახურებით — რაც შეიძლება წლიდან წლამდე წინააღმდეგობების, დაცინვისა და სხვა განსაცდელების პირისპირ მამაცურად დგომას ნიშნავდეს (ებრაელები 10:36—39). თანაქრისტიანები ყველაზე უკეთესი ადამიანები არიან, ვისაც კი ვიცნობ.

იმ მისალმებებისგან განსხვავებით, რომლებიც თხრობის დასაწყისში ვახსენე, ამჟამად ჩემი სალამი ასეთია, „დილა მშვიდობისა, დაო“, საღამო მშვიდობისა, ძმაო“. რა სასიხარულოა ქრისტიანული მსახურება იმ ხალხთან ერთად, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ღმერთი! მაგრამ უდიდესი პატივი უზენაესი იეჰოვას მსახურებაა! მეტი კმაყოფილების მომგვრელ ცხოვრებაზე ვერც კი ვიოცნებებდი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 15 1989 წლის 22 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 2—10 (ინგლ.).

^ აბზ. 17 იხილეთ წიგნი „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 240—243. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 14 გვერდზე]

მაშინ, როცა მრავალი სამხედრო პირი მზად არის თავისი ქვეყნისთვის და თანამებრძოლებისთვის თავი გასწიროს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავიანთი მტრებიც კი უნდა უყვარდეთ.

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

სამთავრობო თვითმფრინავი კანბერაში პარლამენტის შენობის თავზე

[სურათი 15 გვერდზე]

ბიბლიური დრამა 1994 წელს საოლქო კონგრესზე სიდნეიში (ავსტრალია)

[სურათი 15 გვერდზე]

პიონერული მსახურების სკოლაში კერისთან ერთად

[სურათი 15 გვერდზე]

დღეს დიანასთან და კერისთან ერთად