არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ეწოდება მას დიდი კუნძული?

რატომ ეწოდება მას დიდი კუნძული?

რატომ ეწოდება მას დიდი კუნძული?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ჰავაიდან

ჰავაის კუნძულების ხსენებაზე რა წარმოუდგება თვალწინ ადამიანს? შესაძლოა თეთრი ქვიშიანი სანაპიროები, კამკამა წყლები, ქოქოსის პალმის ხეები და პატარა ჩირაღდნებით განათებულ ვერანდაზე გატარებული თბილი საღამოები. გარდა ამისა ადამიანს, უდავოდ, გაახსენდება პოლინეზიური ნადიმი „ლუაუ“, რომელიც წარმოუდგენელია ანანასის, ჰავაიური კერძის „პოის“, ორაგულისგან დამზადებული სალათის „ლომილომისა“ და, რაღა თქმა უნდა, „კალუას“, განსაკუთრებული წესით მომზადებული ღორის, გარეშე. ახლა კი მას თვალწინ ჰავაის კუნძულების თითქმის სრული სურათი წარმოუდგება. უკეთესს რას ინატრებდით?

სინამდვილეში, მრავალს ჰავაი მხოლოდ ამით როდი იზიდავს! დავიწყოთ იმით, რომ კუნძულ ჰავაის მოიხსენიებენ დიდი კუნძულის სახელით იმის გამო, რომ მის არქიპელაგში შემავალი ყველაზე დიდი კუნძულები — ოაჰუ, მაუი და კაუაი — ერთად რომ აგვეღო, თავისუფლად დაეტეოდა ამ ერთ კუნძულზე! ამ საოცარი კუნძულის ფართობი 10 432 კვადრატული კილომეტრია, და ის ჯერაც იზრდება. მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ადგილმდებარეობა და კლიმატი

რამდენადაც ზემოხსენებული არქიპელაგიდან კუნძული ჰავაი ყველაზე სამხრეთით მდებარეობს, იქ საკმაოდ რბილი ჰავაა. სანაპირო ზოლზე, სადაც საკურორტო ზონაა, ზაფხულობით (მაისი—ოქტომბერი) დღის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია, ზამთარში კი (ნოემბერი—აპრილი) ტემპერატურა 21 გრადუსზე დაბლა არ ეცემა; ხოლო რაც შეეხება ღამის ტემპერატურას, ჩვეულებრივ ის 15—18 გრადუსებს შორის მერყეობს. კონას რაიონი, რომელიც კუნძულის მშრალ კალთებზე მდებარეობს, ჩვეულებრივ, მზიანია, ხოლო ქარპირა კალთებზე არსებული ჰილოს რეგიონი შედარებით წვიმიანი.

ტროპიკული ჰავისა და მდიდარი ვულკანური ნიადაგის წყალობით კუნძულზე ხილისა და ბოსტნეულის უხვი მოსავალი მოდის. ყველგან შეხვდებით უგემრიელეს მანგოს, ლიჩის, პაპაიას და სხვა ეგზოტიკურ ხილს, აგრეთვე მშვენიერ ორქიდეებსა და ანტურიუმებს. აქ კარგად ხარობს კაკლოვანი მცენარე მაკადამია, აქვეა გაშენებული ყავის პლანტაციები. მსოფლიოში ცნობილია ყავა „კონა“, რომელსაც აქ აწარმოებენ. აქ ყველა კუთხიდან ჩამოდიან ყავის დისტრიბუტორები ყავა „კონას“ ყოველწლიურ ფესტივალზე მის გასასინჯად და შესაძენად.

კუნძული ჰავაი კლიმატური ზონების მრავალფეროვნებით გამოირჩევა — აქ ვხვდებით როგორც ტენიანი ტროპიკების ტყეებს, ისე უდაბნოსა და ტუნდრას. ეს ტროპიკული ტყეები მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც წვიმები საკმაოდ ხშირია. აქ მრავალი ეგზოტიკური ფრინველი ბუდობს. ტყეში შეხვდებით გვიმრებსა და სხვადასხვა ჯიშის ველურ ორქიდეებს. კუნძულზე ნალექების რაოდენობა სხვადასხვაგვარია, მაგალითად, კონა-კოჰალას რაიონში ნალექების რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 25 სანტიმეტრია, ხოლო ჰილოს რეგიონში — 250 სანტიმეტრს აღემატება.

კილაუეა — მოქმედი, მაგრამ უსაფრთხო ვულკანი

კუნძულზე ხუთი ვულკანია: მაუნა-ლოა, მაუნა-კეა, კილაუეა, კოჰალა და ჰუალალაი. სახელი „კილაუეა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „ბევრის ამომფრქვევს“. 1979 წელს ვულკანმა კილაუეამ გაიღვიძა და გავარვარებული ლავა შადრევანივით ამოაფრქვია. 1983 წლიდან ამ ვულკანის გავარვარებული წითელი ლავა თითქმის უწყვეტად მოედინება. ლავამ სანაპირო ზოლზე მდებარე სამი ქალაქი გაანადგურა და ასობით ჰექტარი ახალი მიწა წარმოშვა.

როდესაც გახურებული ლავა გრუხუნითა და შიშინით ოკეანეს აღწევს, ის წარმოშობს კვამლისა და ორთქლის უზარმაზარ სვეტებსა და ღრუბლებს. გარდა ამისა, ლავა, რომელიც წყალში ჩაედინება, ახალ შავ სანაპიროებს ქმნის. ჩვეულებრივ, კილაუეასთვის ახლო მანძილიდან თვალის შევლება საშიში არ არის.

ჩამქრალი ვულკანი მაუნა-კეა, რომლის სიმაღლეც 4 205 მეტრია, კუნძულის ყველაზე მაღალი მთაა. ის ოდნავ აღემატება მაუნა-ლოას, რომელიც 4 169 მეტრ სიმაღლეზეა აზიდული. მაგრამ, თუ მანუა-კეას ოკეანის ფსკერიდან გავზომავთ, სადაც მისი ძირი იწყება, ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ მთად ჩაითვლება, რადგან მთლიანობაში მისი სიმაღლე 9 000 მეტრზე მეტია. რაც შეეხება მაუნა-ლოას, ის მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობის მთაა, რომლის ფართობიც 40 000 კვადრატული კილომეტრია!

მრავალფეროვანი სანახაობა

ზამთარში მაუნა-კეა ხშირად თოვლით იფარება. ამ დროს ის ზუსტად შეესაბამება იმ სახელს, რაც მას უწოდეს — „თეთრი მთა“. ადგილობრივი მოსახლეობიდან ზოგი აქ სიამოვნებით სრიალებს თხილამურებით მიუხედავად იმისა, რომ ამ მთის კლდოვან ფერდობებზე სრიალი უსაფრთხო არ არის. ამჟამად, 11 ქვეყნის უმძლავრესი ტელესკოპებიდან 13 ტელესკოპი მაუნა-კეას სამეცნიერო-კვლევით ცენტრშია განთავსებული.

კუნძულ ჰავაის სანაპირო ზოლზე მრავალი გასართობი საშუალებაა. იმის გამო, რომ კუნძულზე საკმაოდ თბილა და წყალიც შედარებით მაღალ ტემპერატურას ინარჩუნებს, თითქმის მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ წყლის სპორტით. სანაპიროზე შეხვდებით როგორც ცნობილ თეთრქვიშიან საკურორტო ზონებს, ისე განმარტოებულ პლაჟებს, სადაც მისვლა მხოლოდ ფეხით ან მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებელი.

დიდი კუნძული ჰავაი მართლაც რომ მრავალი რამით გამოირჩევა, მაგალითად სიდიდით, ადგილმდებარეობით, კლიმატითა თუ ბუნებით. თუ თქვენ ჰავაის ესტუმრებით, დარწმუნდებით, რომ აქ თბილი, მეგობრული და მზრუნველი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით.

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ნიიჰაუ

კაუაი

ოაჰუ

ჰონოლულუ

მოლოკაი

მაუი

ლანაი

კაჰულავი

ჰავაი

ჰილო

კოჰალა

მაუნა-კეა

ჰუალალაი

მაუნა-ლოა

კილაუეა

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

მაუნა-კეას ხედი

[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]

U.S. Geological Survey/ Photo by T.J. Takahashi