არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უძველესი ტრადიციები თანამედროვე მექსიკაში

უძველესი ტრადიციები თანამედროვე მექსიკაში

უძველესი ტრადიციები თანამედროვე მექსიკაში

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან

დღევანდელ მექსიკაში, სადაც ხალხი თანამედროვე ტექნიკით — მობილური ტელეფონებითა და ინტერნეტით სარგებლობს, ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი რელიგიური წეს-ჩვეულებები. საუკუნეების განმავლობაში ინდიელთა ზოგი ტრადიცია კათოლიციზმში აირია. ფაქტობრივად, ზოგი ასეთი ტრადიცია მექსიკელი კათოლიკების თაყვანისმცემლობაში ჯერ კიდევაა ფესვგადგმული.

მაგალითად, ყოველი წლის 2 ნოემბერს მექსიკაში მრავალი ადამიანი სასაფლაოზე გადის, რომ აღნიშნონ „ყველა სულის მოსახსენიებელი დღე“, რომელსაც აგრეთვე მიცვალებულთა დღეს უწოდებენ. საყვარელი ადამიანების საფლავებზე მათ შეიძლება დატოვონ ყვავილები, საჭმელი და ალკოჰოლური სასმელები. ზოგმა შეიძლება მუსიკოსებიც კი მიიყვანოს საფლავზე, რათა ის სიმღერები დაუკრან, რომლებიც მათ გარდაცვლილ ახლობლებს უყვარდათ. ამასთანავე, მრავალი კათოლიკე სახლში მიცვალებულის კუთხეს აკეთებს, სადაც მის სურათს დებს.

ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ მიცვალებულების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული გარკვეული წეს-ჩვეულებები, როგორც ჩანს, „გადმოღებულია ინდიელთა რიტუალებიდან, რომლებსაც ისინი ოჩპანიცტლისა და ტეოტლეკოს თვეებში ასრულებდნენ. ამ დროს ისინი ყვავილ კემპასუჩილსა და სიმინდით დამზადებულ კერძს, ტამალის სწირავდნენ მანებს [მიცვალებულთა სულებს]. ეს რიტუალები ტარდებოდა იმ დროს, როცა მოსავალი ახალი მომკილი იყო — ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში“ („Enciclopedia de México“). როგორც ენციკლოპედიაშია აღნიშნული, ზოგი ახლანდელი წეს-ჩვეულება იმ დღესასწაულების მსგავსია, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ იმართებოდა, სანამ ესპანელები შევიდოდნენ მექსიკის ტერიტორიაზე, და რომლებზეც ისეთივე სული იყო გამეფებული, როგორიც ზოგ დღევანდელ კარნავალზე შეინიშნება.

რელიგიური მოშურნეობა

12 დეკემბერი მექსიკელი კათოლიკებისთვის სადღესასწაულო დღეა. ამ დღეს მექსიკის სხვადასხვა შტატიდან ჩასული ათასობით პილიგრიმი თავს იყრის გვადელუპელი ქალწულის ტაძარში, რომელიც მეხიკოში, ტეპეიაკის ბორცვზე მდებარეობს. მრავალი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ლოცვა-ლოცვით მიემართება მისი ტაძრისკენ. ისინი ტაძარში, ჩვეულებისამებრ, მუხლზე დაჩოქილები შედიან (ზემოთ) და თავიანთ სათაყვანებელ ქალწულს ვარდებს უძღვნიან.

გვადელუპელი ქალწულის გამოსახულების ნახვა აგრეთვე შეიძლება როგორც სახლებში, ისე ავტოსადგურებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გვადელუპელ ქალწულს სხვადასხვა სახელითაც მოიხსენიებენ, მაგალითად მას უწოდებენ „ღვთისმშობელს“ და „ტეპეიაკის პატარა მუქკანიან ქალწულს“. მე-16 საუკუნიდან მოყოლებული მორწმუნეები მას ხშირად სხვადასხვა სასწაულს მიაწერდნენ, მათ შორის ავადმყოფთა განკურნებას.

საიდან იღებს სათავეს გვადელუპელი ქალწულის თაყვანისცემა?

ქალღმერთის თაყვანისმცემლობა, ისევე როგორც ამ დღესასწაულის სხვა თავისებურებები, დასაბამს იღებს აცტეკების დედა-ღმერთის კიჰუაგუატლის თაყვანისცემიდან, რომელსაც აგრეთვე უწოდებდნენ ტონანცინს, რაც ნიშნავს: „ჩვენი პატარა დედა“. ერთ-ერთ წიგნში „México a través de los siglos“ (მექსიკა საუკუნეების განმავლობაში) ნათქვამია, რომ აცტეკებმა ამ ღვთაებისა და მისი ვაჟის უიცილოპოჩტლის თაყვანისცემა შემოიღეს ტენოჩტიტლანში (ახლანდელი მეხიკო), რომელიც ერთ დროს აცტეკების იმპერიის დედაქალაქი იყო.

კიჰუაგუატლის ტაძარი, რომელიც ტეპეიაკის ბორცვზე მდებარეობდა, ესპანელებმა გაანადგურეს. 40 წელიც კი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც კოლუმბმა ფეხი დადგა ამ კონტინენტზე, რომ აქ, ლეგენდის თანახმად, გვადელუპელი ქალწული გამოეცხადა ადგილობრივ ინდიელს, ხუან დიეგოს. როგორც ლეგენდა გვამცნობს, ქალწულმა მოისურვა, რომ იმ ადგილზე მისი სახელობის საწმინდარი აშენებულიყო.

აცტეკები დიდი მოკრძალებით ეთაყვანებოდნენ კიჰუაგუატლს. როგორც ამბობენ, მას ჰქონდა გრძელი, გაშლილი თმა და ის თეთრი სამოსით იყო შემოსილი. მის ტაძარს ისეთი დაბალი შესასვლელი ჰქონდა, რომ იქ მხოლოდ მუხლზე დაჩოქილი თუ შევიდოდა ვინმე. ტაძრის შიგნით შესული ადამიანი დაინახავდა კიჰუაგუატლის გამოსახულებას, რომელიც კერპებით იყო გარშემორტყმული და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ის იყო „ღმერთების დედა“.

კიჰუაგუატლის სახელობის დღესასწაულის დროს ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ, ცეკვავდნენ და იმართებოდა მეომართა აღლუმი, რომლებსაც „ხელში ვარდები ეჭირათ, თავზე ვარდების გვირგვინი ედგათ და კისერზე ვარდებისგან დაწნული ყელსაბამი ეკიდათ“. ამ ვარდებს ტაძრის თავზე ტოვებდნენ, რაც უიცილოპოჩტლის შესაწირავად ითვლებოდა. ზოგი ინდიელი, მათ შორის მრავალი, ვინც გვატემალას ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ფეხით ათასობით კილომეტრს გადიოდა, რომ უიცილოპოჩტლის დღესასწაულს დასწრებოდა.

აქვს მნიშვნელობა იმას, თუ საიდან იღებს სათავეს თაყვანისმცემლობა?

აშკარაა, რომ გვადელუპელი ქალწულის გამოსახულების თაყვანისმცემლობა, რომელიც მექსიკელ კათოლიკებს შორისაა გავრცელებული, სათავეს იღებს იმ ხალხის რიტუალებიდან, რომლებიც თაყვანს არ სცემდნენ ბიბლიაში მოხსენიებულ ჭეშმარიტ ღმერთს (ფსალმუნი 83:18). აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა? მისაღებია ღვთისთვის თაყვანისმცემლობის ნებისმიერი ფორმა მიუხედავად იმისა, თუ საიდან იღებს ის სათავეს?

პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით ბრძნულ რჩევას გვაძლევს: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან . . . რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ პავლემ აგრეთვე თქვა: „ყველაფერში დარწმუნდით; კარგს ჩაეჭიდეთ“ (2 კორინთელები 6:14, 15; 1 თესალონიკელები 5:21).

ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია. საჭიროა დავფიქრდეთ, თუ როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს, და ვკითხოთ საკუთარ თავს: „ეთანხმება ღვთის სიტყვის, ბიბლიის სწავლებებს თაყვანისმცემლობის ის ფორმა, რომელსაც მე მივდევ? თუ ჩემს რელიგიაში ზოგი რამ ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლობიდან იღებს სათავეს?“ ის, ვისაც სურს, ასიამოვნოს ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვას, სერიოზულად დაფიქრდება ამ კითხვებზე.

[სურათი 23 გვერდზე]

პილიგრიმები გვადელუპელი ქალწულის ტაძარში იყრიან თავს

[სურათი 23 გვერდზე]

2 ნოემბერს სასაფლაოზე შეკრებილი მუსიკოსები