არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოპერის სამყაროში

ოპერის სამყაროში

ოპერის სამყაროში

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან

წარმოიდგინეთ ოპერის სცენაზე მომღერალი, რომელიც წელგამართული დგას, თავაწეულია, გულმკერდი წინ აქვს წამოწეული და შუბლი — გახსნილი. საორკესტრო შესავლის შემდეგ ტენორი არიის შესრულებას იწყებს, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდა მსმენელი. მუსიკალური ბგერები ისე თავისუფლად და დაუბრკოლებლად ამოდის მისი ხორხიდან, რომ გიჩნდება კითხვა, ნეტავ საიდან ასეთი ხმა?! ბოლოს კი მქუხარე აპლოდისმენტების ხმა ისმის.

ოპერა თეატრალური წარმოდგენაა, რომელშიც მონაწილენი ორკესტრის თანხლებით მღერიან. გიყვართ ოპერა? ყოფილხართ ოპერის თეატრში? თუ იცით, საიდან აქვთ ოპერის მომღერლებს ასეთი საუცხოო ხმა?

ადამიანის ხმა — უნიკალური ინსტრუმენტი

ხმა ღვთის შესანიშნავი საბოძვარია. ამიტომაც უწოდებენ მას მუსიკალურ ინსტრუმენტს. ოპერის მომღერალივით ბევრი ვერ მღერის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სიმღერის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ისევე როგორც ჭამისა და ძილის გარეშე. მოდი, ახლოს გავეცნოთ ამ „ინსტრუმენტს“, იმის მიუხედავად კარგად მღერით თუ არა.

ხორხი, რომელიც ტრაქეის თავზეა მოთავსებული, ხმის წარმომქმნელი აპარატია. იგი ხრტილოვანი ორგანოა. მასში განლაგებულია მცირე ზომის კუნთების ორი წყება, რომელთაც მბგერი იოგები ეწოდება. როგორ წარმოიქმნება ხმა? სუნთქვის დროს მბგერი იოგები მოდუნებულია და ქმნის სამკუთხა ფორმის სივრცეს, ანუ ყიას. მღერის დროს ხორხში ჰაერის ნაკადი მატულობს, ყია ვიწროვდება და გამავალი ჰაერი მბგერი იოგების რხევას იწვევს; რხევები კი ბგერების სახით გვესმის. რაც უფრო დაჭიმულია მბგერი იოგები, მით უფრო მატულობს ვიბრაციის სიხშირე და შესაბამისად, ხმაც მაღალია. ხოლო, თუ ჰაერის ნაკადი შემცირდება და მბგერი იოგები მოდუნდება, ყია გაფართოვდება; ეს კი შეამცირებს რხევის სიხშირეს და ხმაც შესაბამისად დაბალი იქნება.

შესრულების ტექნიკა და ფიზიკური აღნაგობა

ახალგაზრდობაში ენრიკო კარუზოს არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, მაგრამ მის ხმას სიძლიერე აკლდა. ხმის დამუშავების შედეგად კი ხმა გაუძლიერდა. ადამიანი კარგი ხმით შეიძლება ბუნებამ დააჯილდოოს, მაგრამ საოპერო მომღერლისთვის კარგ ხმასთან ერთად შესრულების ტექნიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომღერალი სწორად უნდა სუნთქავდეს, რათა ჰაერის საკმარისი მარაგი ჰქონდეს და შეძლოს მისი რეგულირება. ამბობენ, რომ მე-18 საუკუნის ცნობილ მომღერალს, კარლო ბროსკის, რომელსაც ფარინელის სახელით იცნობენ, ერთი ამოსუნთქვით 150 ნოტის მღერა შეეძლო.

ოპერის მომღერალმა აგრეთვე უნდა ისწავლოს მთელი სხეულის საშუალებით ხმის გაძლიერება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დაბალი ბგერების აღების ფუნქციას ასრულებს მკერდის ძვალი, ხოლო მაღალი ბგერების აღების ფუნქციას — ყბისა და სახის ძვლები.

ბევრს ჰგონია, რომ მღერის დროს მხოლოდ ხორხი ფუნქციონირებს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ამ დროს მთელი სხეულია მობილიზებული, რადგან მომღერალი მთელ თავის ენერგიას იყენებს. აუცილებელია, რომ სხეულის ყველა კუნთი ურთიერთშეთანხმებულად მუშაობდეს. საოპერო სიმღერის შესასრულებლად მომღერალს უნდა ჰქონდეს დიდი ფიზიკური ძალა და ენერგია. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ოპერის ზოგი მომღერალი ხორცსავსეა. მაგალითად, ბევრის აზრით, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ოპერის მომღერალს, მარია კალასს, ხმა მას შემდეგ გაუუარესდა, რაც მკაცრი დიეტის გამო წონაში სწრაფად დაიკლო.

ზოგი რამ ოპერის ისტორიიდან

საოპერო სიმღერამ შესრულების სტილისა და ტექნიკის თვალსაზრისით განვითარების სხვადასხვა ეტაპი განვლო. განვიხილოთ ორი მაგალითი. მას შემდეგ, რაც საოპერო სიმღერების შესრულების ადგილმა სამლოცველოებიდან საოპერო თეატრებში გადაინაცვლა, წყნარი და ნაზი ჟღერადობის ხმა ძლიერმა ხმამ შეცვალა, რომლის წარმოსაქმნელად მომღერალს მთელი სხეულით უნდა ემღერა. ეს ცვლილება იმან განაპირობა, რომ კამერულ ორკესტრთან შედარებით, რომლისთვისაც მოცარტი წერდა მუსიკას, უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დიდმა სიმფონიურმა ორკესტრმა დაიკავა, რომლისთვისაც ვერდი და ვაგნერი ქმნიდნენ ნაწარმოებებს. მე-17 საუკუნიდან დაწყებული მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით საოპერო მუსიკაში წამყვანი როლი მომღერლის საშემსრულებლო ხელოვნებას ენიჭებოდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის საშემსრულებლო სტილი მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ამ პერიოდში საოპერო ხელოვნება ბევრმა სხვა ელემენტმა გაამდიდრა, თუმცა ხმა კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ოპერის განვითარებამ გასაქანი მისცა მუსიკალური ხელოვნების გამრავალფეროვნებას. ისეთმა ცნობილმა კომპოზიტორებმა, როგორებიც იყვნენ პეიზიელო, ჩიმაროზა, გლუკი, მოცარტი, დონიცეტი, როსინი, ბელინი, ვაგნერი, ვერდი, პუჩინი, ბიზე, მეიერბერი და მასკანი, შექმნეს შედევრები, რომლებიც ადამიანში ღრმა ემოციებს აღძრავს.

მუსიკის სახელით ჩადენილი სისასტიკე

ოპერის ისტორიას შავბნელი დღეებიც ახსოვს. იტალიურ ოპერაზე კასტრაციის მეთოდი საუკუნეზე მეტ ხანს ახდენდა გავლენას *. მოზარდ ბიჭებს მაღალი და ძლიერი ხმის შესანარჩუნებლად ასაჭურისებდნენ. გვედო ტარტონის აზრით, კასტრაციის მეთოდი ეკლესიამ იმის გამო დაამკვიდრა, რომ ქალებს იქ გალობა ეკრძალებოდათ.

ოპერის ბევრი მომღერალი საქვეყნოდ გახდა ცნობილი. ზოგიერთი თაყვანისმცემელი მათ აღმერთებდა კიდეც. ამის დასტურია თუნდაც ლუჩანო პავაროტის დაკრძალვის ცერემონიალი. მაგალითად, მარია კალასს თაყვანისმცემლებმა „ლა დივინა“ (ღვთაებრივი) უწოდეს, ჯონ სატერლენდს კი — „ლა სტუპენდა“ (სასწაულთმოქმედი). ოპერის მომღერალი იმ შემთხვევაში მოიპოვებს პოპულარობას, თუ თავისი შესრულების მანერით მსმენელის აღფრთოვანებას შეძლებს.

თუ სოპრანოს შესრულებით რომელიმე ცნობილ არიას მოისმენთ, დაფიქრდით, რა დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდებოდა მომღერალს ასეთი მშვენიერი ხმის გამოსამუშავებლად. ამან შეიძლება დაგაფიქროთ საოპერო მუსიკაზე და გაიზიაროთ ერთ-ერთი მწერლის სიტყვები, რომელმაც საოპერო ხელოვნება ასე შეაფასა: „ოპერა პოეზიისა და მელოდიის უნიკალური შერწყმაა“.

[სქოლიო]

^ აბზ. 16 მომღერლების დასაჭურისების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1996 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 11—14 (რუს.).

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

ხმების ნაირსახეობა

კოლორატურული სოპრანო: ქალის ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმა, რომელსაც შეუძლია მაღალი ბგერების აღება სწრაფი მონაცვლეობით. ხშირად ასრულებს კომიკური ხასიათის პარტიას და გამოირჩევა ვირტუოზული შესრულებით.

ლირიკული სოპრანო: ქალის რბილი, ნაზი ტემბრის ხმა. ასრულებს სენტიმენტალური ან რომანტიკული ხასიათის პარტიას.

დრამატული სოპრანო: ქალის დაბალი ტემბრის ხმა ძლიერი ჟღერადობით. ასრულებს დრამატული ხასიათის პარტიას.

მეცო-სოპრანო: ქალის ხავერდოვანი ხმა, დრამატულ სოპრანოზე დაბალი. ასრულებს ასაკოვანი ქალის პარტიას.

კონტრალტო: ქალის იშვიათი, ყველაზე დაბალი ხმა, რომელიც ასრულებს იმავე პარტიას, რასაც მეცო-სოპრანო.

ტენორი: მამაკაცის ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმა, სოპრანოს მსგავსი, ასრულებს დრამატული და ლირიკული ხასიათის პარტიებს, ხშირად შეყვარებულის როლს.

ბარიტონი: მამაკაცის ხმა ტენორსა და ბანს შორის. ხშირად ასრულებს მამის, ძმის ან მეტოქის როლს.

ბანი: მამაკაცის ყველაზე დაბალი სასიმღერო ხმა. ბანი იყოფა სამ კატეგორიად: ბანი-ბუფი, კანტანტე და ღრმა ბანი. პირველი კატეგორიის ხმა ასრულებს კომიკურ პარტიას, მეორე — სენტიმენტალური ხასიათის პარტიას, მესამე კი — ძლიერი გრძნობების აღმძვრელ პარტიას.

[სურათი 10 გვერდზე]

ოპერის თეატრი

ოპერის სცენა

[სურათის საავტორო უფლებები 10 გვერდზე]

Stage: Philip Groshong for The Cincinnati Opera; house: Courtesy of Tourism Office of Budapest