არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გადაშენება ხომ არ ემუქრება ციმბირულ ვეფხვს?

გადაშენება ხომ არ ემუქრება ციმბირულ ვეფხვს?

გადაშენება ხომ არ ემუქრება ციმბირულ ვეფხვს?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის რუსეთიდან

ზამთრის მზიანი დღეა. რუსეთის შორეული აღმოსავლეთი თოვლითაა დაფარული. ბუნების სიმყუდროვეს მხოლოდ ერთი რამ არღვევს. თეთრ თოვლზე მთელი სისწრაფით გარბის უზარმაზარი ვეფხვი, რომელსაც უკან ვერტმფრენი მიჰყვება. როდესაც სნაიპერი მას ვერტმფრენიდან იარაღს უმიზნებს, ვეფხვი ხეზე ხტება და მუქარის ნიშნად ღრიალებს. ამ დროს ისმის სროლის ხმა. ვერტმფრენი მიწაზე ეშვება. იქიდან ჩამოდიან მამაკაცები და ფრთხილად უახლოვდებიან დაჭრილ ცხოველს.

ბრაკონიერები არიან ეს მამაკაცები? არა, ისინი არიან მკვლევარები, რომლებმაც ცხოველი წამლით დროებით დააძინეს. ისინი იმ მიზნით ჩამოვიდნენ, რომ ეწარმოებინათ დაკვირვებები ერთ-ერთი იშვიათი ჯიშის ცხოველზე, ციმბირულ ვეფხვზე *. ეს ვეფხვი დედამიწის იმ ბინადართა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ.

საუცხოო ქმნილება

ციმბირული ვეფხვი ადრე გავრცელებული იყო კორეაში, ჩრდილოეთ ჩინეთში, მონღოლეთსა და რუსეთის შორეულ დასავლეთში, ბაიკალის ტბის ტერიტორიაზე. მაგრამ, გასულ საუკუნეში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამჟამად მათი ერთადერთი თავშესაფარი ვლადივოსტოკის ჩრდილოეთით, იაპონიის ზღვასთან ახლოს არსებული მთაგრეხილია.

ვეფხვები ერთმანეთს სუნით ცნობენ. დაწყვილების დროს ეს უნარი კარგად ეხმარება ხვადს ძუ ვეფხვის მოძებნაში. ძუ ვეფხვი აჩენს ორ-სამ უსუსურ ბოკვერს, რომლებსაც თავიდან თვალები არა აქვთ ახელილი. კატის კნუტებისგან განსხვავებით, ციმბირული ვეფხვის ბოკვრები არასოდეს კრუტუნებენ. ჭამისას ისინი ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს იღრინებიან. ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ისინი დედის რძით იკვებებიან, შემდეგ კი ხორცის ჭამას იწყებენ. თავიდან ისინი დედასთან ერთად ნადირობენ, დამოუკიდებლად ნადირობას მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ იწყებენ. ვეფხვის ნაშიერი დედასთან შეიძლება ორი წელი დარჩეს, შემდეგ კი ცალკე ცხოვრებას იწყებს და თავისთვის ტერიტორიასაც ნიშნავს.

ველურ ბუნებაში ზოგი ციმბირული ვეფხვი ძალიან დიდი იზრდება. ხვადები დაახლოებით 270 კილოგრამს იწონიან და სიგრძეში, კუდიდან თავამდე, 3 მეტრს აღემატებიან. ვეფხვები ადვილად იტანენ ცივ, თოვლიან ზამთარს. მათ სხეულს სქელი ბეწვი ფარავს. ვეფხვს დიდი თათებიც ბეწვით აქვს დაფარული, რის წყალობითაც ის თოვლზე ადვილად დადის.

ციმბირულ ვეფხვს ნარინჯისფერი ბეწვი მუქი ზოლებით აქვს მოხატული. ზოლები მის სხეულზე ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები, რაც ვეფხვებს ერთმანეთისგან განარჩევს. უძრავ მდგომარეობაში მყოფი ვეფხვი თავისი მოხატულობისა და შეფერილობის წყალობით ტყეში ნაკლებად შესამჩნევია. მაგრამ, როდესაც ზამთარში ის მოშიშვლებულ ადგილზე გადის, თეთრ ფონზე ძალიან მკაფიოდ ჩანს. სწორედ ამით სარგებლობს ვეფხვის ერთადერთი მტერი — ადამიანი.

ვეფხვს გადაშენება ემუქრება

ციმბირული ვეფხვი არსებობისთვის ისეთ დიდ ცხოველებზე ნადირობს, როგორიცაა ირემი, ლოსი და გარეული ღორი. მაგრამ, აღმოსავლეთ ციმბირში ასეთი ნადავლის მოპოვება უფრო და უფრო ძნელი ხდება. ცხოველების ის რაოდენობა, რომლებიც 1000 კვადრატულ კილომეტრ ტყის ფართობზე ბინადრობენ, მხოლოდ ოთხ-ხუთ ვეფხვს თუ ეყოფა გამოსაკვებად. ამიტომ, ციმბირულმა ვეფხვმა ველურ ბუნებაში რომ იარსებოს, მას საკმაოდ დიდი ტერიტორია სჭირდება.

მრავალი წლის განმავლობაში ციმბირის უზარმაზარი მიუვალი ტყეები იდეალურ გარემოს წარმოადგენდა ამ ვეფხვებისთვის. ადამიანები, რომლებიც ერთადერთ სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ამ დიდ კატებს, ადრე იქ იშვიათად ჩადიოდნენ. მაგრამ, ბოლო წლებში ხე-ტყის მომპოვებელმა უცხოურმა კომპანიებმა ტყის საფრის დიდი ნაწილი გაჩეხეს.

ტყეების განადგურებასთან ერთად უფრო და უფრო მცირდება ირმების, ლოსების, გარეული ღორებისა და, მათთან ერთად, ციმბირული ვეფხვების რიცხვი. ცხოველთა დაცვის მიზნით რუსეთის მთავრობა ველური ბუნების დიდ ტერიტორიებს ნაკრძალებად აცხადებს, რის ერთ-ერთ მაგალითსაც სიხოტე-ალინის ნაკრძალი წარმოადგენს. მართალია, ნაკრძალში ვეფხვი დაცულია, მაგრამ საკმარისია ის მის საზღვრებს გასცდეს, რომ მაშინვე ფულზე დახარბებული, ეგზოტიკური ნივთებით მოვაჭრე ბრაკონიერების სამიზნე ხდება. ვეფხვისა თუ ბოკვრის კბილები, ბრჭყალები, ძვლები და ტყავი ძალიან ძვირად იყიდება.

ვეფხვების დაცვა

დიდი ძალისხმევა ხმარდება იმას, რომ ციმბირული ვეფხვი არ გადაშენდეს. ამაში ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე აქტიურ მონაწილეობას იღებს. ამის წყალობით ციმბირული ვეფხვის პოპულაცია ოდნავ გაიზარდა. 2005 წელს გაკეთებულმა აღრიცხვამ გამოავლინა, რომ ციმბირში 430-დან 540-მდე ვეფხვი ბინადრობს.

მეორე მხრივ, ციმბირული ვეფხვები, რომლებსაც ზოოპარკებში უვლიან, კარგად იკვებებიან და თავსაც მეტ-ნაკლებად კარგად გრძნობენ. ასეთი ვეფხვების რაოდენობა მთელ მსოფლიოში 500-ზე მეტია. რატომ არ უშვებენ ზოგ მათგანს ველურ ბუნებაში, რომ იქ მათი რიცხვი გაიზარდოს? მეცნიერები ერიდებიან ამის გაკეთებას. „აზრი არა აქვს მათ გაშვებას, რადგან ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მათ საფრთხე არ დაემუქრებათ“, — ამბობს ერთი მკვლევარი.

ყველა ცოცხალი არსება, მათ შორის ვეფხვები, ღვთის სიბრძნესა და ძლიერებაზე მეტყველებს. ღმერთი ყურადღებას აქცევს მათ და ზრუნავს მათზე (ფსალმუნი 104:10, 11, 21, 22). ყველა, ვინც აფასებს ღვთის შემოქმედებას, დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როდესაც ციმბირულ ვეფხვს აღარ დაემუქრება გადაშენება.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ციმბირულ ვეფხვს ზოგჯერ ამურის ვეფხვსაც უწოდებენ, რადგან ამჟამად ეს ცხოველი ძირითადად რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, მდინარე ამურის ხეობაში ბინადრობს.

[ჩარჩო⁄სურათი 16, 17 გვერდებზე]

კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი

ციმბირულ ვეფხვს ზომით აღემატება ლიგერი — ხვადი ლომისა და ძუ ვეფხვის ნაშიერი. ლიგერი სიგრძეში შეიძლება 3 მეტრს, წონაში კი 500 კილოგრამს აღემატებოდეს. კატისებრთა ოჯახის ეს ყველაზე დიდი წარმომადგენელი ზოოპარკში გამოიყვანეს. მას ველურ ბუნებაში თითქმის ვერსად შეხვდებით.

[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]

Top: © photodisc/age fotostock; bottom: Hobbs, courtesy Sierra Safari Zoo, Reno, NV