არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სათამაშო არა მხოლოდ სათამაშოდ

სათამაშო არა მხოლოდ სათამაშოდ

სათამაშო არა მხოლოდ სათამაშოდ

ეგვიპტელები მათ ხის ბრტყელი ნაჭრებისგან ამზადებდნენ, იაპონელები — ქაღალდისგან, გერმანელები — ფაიფურისგან, ხოლო ესკიმოსები — სელაპის ტყავისგან. უფროსები მათ კოლექციას აგროვებენ. ბავშვებს ისინი ძალიან უყვართ. რაზე მიდის აქ საუბარი? თოჯინებზე.

ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ძველ დროში თოჯინების მსგავსი ფიგურები უმეტესწილად სათამაშოდ კი არ გამოიყენებოდა, არამედ მათ რელიგიური რიტუალების ან ჯადოქრობის დროს იყენებდნენ“. ძველი ეგვიპტელები ნიჩბის ფორმის ხის პატარა ნაჭერს ტანსაცმელს ახატავდნენ, ხოლო თმების ადგილზე მძივის მსგავსად გამოძერწილ თიხას აწებებდნენ. ეგვიპტელები ამ თოჯინებს თავიანთ მიცვალებულებს სამარხში უდებდნენ, რადგან სწამდათ, რომ საიქიოში ისინი მათ მოემსახურებოდნენ. ვესტინდოეთში შურისძიების მიზნით ზოგიერთები თავიანთ მტრებს ჯადოს უკეთებდნენ — ისინი თოჯინებს ქინძისთავებს ურჭობდნენ, რომ მტრისთვის ევნოთ.

მრავალ ქვეყანაში თოჯინებს ნაყოფიერების რიტუალების დროს იყენებდნენ. მაგალითად, ძველ საბერძნეთში გათხოვებამდე ცოტა ხნით ადრე გოგონები თავიანთ თოჯინებს ნაყოფიერების ქალღმერთის, არტემიდას სამსხვერპლოზე ტოვებდნენ. განაში (აფრიკა) მცხოვრები აშანტის ტომის ქალები წელზე შემოკრული სარტყლით დღესაც ატარებენ თოჯინებს, რადგან სჯერათ, რომ ამის წყალობით ლამაზი ბავშვები ეყოლებათ. ზოგი სირიელი გოგონა ფანჯარაში თოჯინებს კიდებს, რითაც მიანიშნებს, რომ ის უკვე გასათხოვარია.

ყოველი წლის 3 მარტს იაპონიაში ტარდება დღესასწაული, რომელსაც ეწოდება „ჰინა მაცური“, ანუ „თოჯინების დღესასწაული“. ის აგრეთვე ცნობილია როგორც „გოგონების დღესასწაული“, რომელსაც «საფუძვლად სხვადასხვა ჩვეულება უდევს, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში. — ერთ-ერთი რიტუალი, საიდანაც ამ დღესასწაულმა აიღო დასაბამი, ტარდებოდა ჩინეთში. ეს იყო განწმენდის რიტუალი, რომელსაც მდინარესთან მესამე მთვარისმიერი თვის დასაწყისში ატარებდნენ. განწმენდის რიტუალი აგრეთვე მიღებული იყო იაპონიაში, ჰეიანის პერიოდში (794—1185 წწ.). სამეფო კარის წარმომადგენლები მესამე თვის მესამე დღეს შემლოცველებს უხმობდნენ, რათა თავიანთი უწმინდურებისგან განწმენდილიყვნენ და მათი უწმინდურება ქაღალდის გამოსახულებებზე „გადასულიყო“ . . . ამ გამოსახულებებს შემდეგ მდინარეში ან ოკეანეში ყრიდნენ» („Japan — An Illustrated Encyclopedia“).

თოჯინები სათამაშოები ხდებიან

იაპონიაში, ედოს პერიოდში (1603—1867 წწ.) თოჯინებს უშუალოდ ბავშვებისთვის აკეთებდნენ. მათ ადამიანს ამსგავსებდნენ და ნაირ-ნაირი ტანსაცმლით მოსავდნენ. იქ ისეთ თოჯინებსაც აკეთებდნენ, რომლებსაც ძაფებით, ზამბარებით, გორგოლაჭებითა და ხის კბილანებით ამოძრავებდნენ. ერთ-ერთ ასეთ თოჯინას სტუმრისთვის ჩაის მირთმევაც კი შეეძლო!

მე-18 საუკუნეში დასავლეთის ქვეყნებში „ბავშვებს ნამდვილი ბავშვობა არ ჰქონდათ, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში. — პატარებს ისე ექცეოდნენ, როგორც დიდებს და მათგან იმასაც მოელოდნენ, რომ ისინიც დიდებივით მოიქცეოდნენ“. თოჯინებს აკეთებდნენ როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში საზოგადოება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თამაში მნიშვნელოვანი იყო ბავშვის განვითარებისთვის. ამის შედეგად, ევროპაში თოჯინების წარმოებამ ფართო მასშტაბები შეიძინა.

ჯერ კიდევ 1824 წელს გერმანელმა მეწარმეებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც თოჯინას შეეძლო ეთქვა ორი სიტყვა — „დედა“ და „მამა“. მოგვიანებით იმავე საუკუნეში ავსტრიელებმა მოსიარულე თოჯინებიც შექმნეს. ამერიკელმა გამომგონებელმა ტომას ედისონმა თოჯინებში მინიატურული სპეციალური აპარატი ჩაამონტაჟა, რომლითაც თოჯინები „აამეტყველა“. ამავე პერიოდში ფრანგებმა შექმნეს თოჯინა „ბებე გურმანი“, რომელსაც ჭამა შეეძლო. ფრანგებმა იმითაც გაითქვეს სახელი, რომ თავიანთი თოჯინები მოდურ, ელეგანტურ სამოსში გამოაწყვეს. მყიდველს ისინი თოჯინებისთვის განკუთვნილ სხვა მრავალ რამესაც სთავაზობდნენ, მაგალითად სავარცხელს, მარაოს, ქურქსა და ავეჯს.

მე-20 საუკუნეში თოჯინების წარმოებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. 40-იან წლებში თოჯინების გასაკეთებლად დაიწყეს პლასტმასის გამოყენება, რამაც შესაძლებელი გახადა, ეწარმოებინათ იაფფასიანი, მაგრამ, ამავე დროს, მრავალი დეტალისგან შემდგარი თოჯინები. პლასტმასის თოჯინა „ბარბი“, რომელიც ბაზარზე პირველად 1959 წელს გამოჩნდა, დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ თოჯინად ითვლება. დღეისათვის ერთ მილიარდზე მეტი „ბარბია“ გაყიდული. მხოლოდ 1997 წელს „ბარბიმ“ მილიარდ რვაასი მილიონი ამერიკული დოლარის მოგება მოუტანა თავის მწარმოებლებს.

თოჯინებისგან სწავლობენ

შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები პუებლოს ტომის ინდიელები შვილებს თოჯინების საშუალებით თავიანთი ღმერთების შესახებ ასწავლიდნენ. ამ თოჯინებს ეწოდებოდა „კაჩინა“. მათ კაქტუსის ფესვებისგან ან ფიჭვისგან თლიდნენ. სპეციალური რიტუალის დროს ტომის რომელიმე წევრი ერთ-ერთი ღმერთის მსგავსად იმოსებოდა და მისნაირად იქცეოდა. ამ რიტუალის შემდეგ მშობლები შვილებს აძლევდნენ თოჯინას, რომელიც ღვთაებას იყო დამსგავსებული, რათა თამაშის დროს ბავშვები თანდათანობით კარგად გაცნობოდნენ თავიანთ ღმერთს.

თოჯინებით «თამაშის დროს ბავშვი გამოხატავს გულისტკენას, გაბრაზებასა თუ სხვა გრძნობებს, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. — გარდა ამისა, თოჯინებით თამაში ბავშვს საშუალებას აძლევს, ისეთი ვინმე განასახიეროს, ვინც უნდა, რომ გამოვიდეს მომავალში“. იაპონიაში „ბავშვების დღესასწაულზე“, რომელიც ყოველ წელს მაისის თვეში ტარდება, წარმოდგენილია მეომრის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი თოჯინა სრული საომარი აღჭურვილობით. ეს თოჯინა ბიჭებისთვის ერთგვარი ნიმუშია, რომელიც უბიძგებს მათ იმისკენ, რომ საზოგადოების ძლიერი და ღირსეული წევრები გახდნენ, როგორც ამას მათ ადგილობრივი კულტურაც კარნახობს.

ჩვეულებრივ, ბავშვი თოჯინას ძალიან ეჩვევა და ის მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ამიტომ გონიერი მშობლები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ იმ გავლენაზე, რომელიც შეიძლება თოჯინამ მოახდინოს ბავშვის განვითარებაზე. მაგალითად, ზოგის აზრით ამა თუ იმ თოჯინის გარეგნობამ და მათი ტანსაცმლის სიმრავლემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გოგონებზე. ერთი კრიტიკოსის აზრით ასეთმა თოჯინებმა შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს „გოგონებზე, რადგან ბავშვებს ყურადღება გარეგნობასა და ტანსაცმელზე გადააქვთ და არა იმაზე, თუ როგორები უნდა იყვნენ პიროვნულად“.

ვისაც უნახავს თოჯინებით მოთამაშე ბავშვი, მისთვის ერთი რამ ნათელია: რისგანაც არ უნდა იყოს დამზადებული თოჯინა — ქსოვილისგან, ქაღალდისგან, ხისგან, პლასტმასისგან თუ სხვა ნებისმიერი მასალისგან — ბავშვისთვის ის მხოლოდ სათამაშო არ არის. მისთვის ის არის მეგობარი, რომელიც მას უყვარს, რომელთანაც ის თამაშობს, ვისაც ის ენდობა და ვისთანაც ბავშვობას ატარებს.

[ჩარჩო 27 გვერდზე]

ძველი თოჯინებისადმი განახლებული ინტერესი

თოჯინების კოლექციონირება დღეს ბევრისთვის საყვარელი ჰობი გახდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ბევრი დაინტერესდა თოჯინების კოლექციონირებით, რამაც ხელი შეუწყო საერთაშორისო ბაზარზე მათ გამოჩენას. კოლექციონერები ყველანაირ თოჯინებს იძენდნენ, იქნებოდა ეს პლასტმასის ჩვეულებრივი, სულ რამდენიმე დოლარის ღირებულების თოჯინები თუ კამერისა და რაინჰარდტის ფირმის მიერ წარმოებული იშვიათი და ძვირად ღირებული თოჯინები. გერმანიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ერთი ასეთი თოჯინა აუქციონზე 277 500 აშშ დოლარად გაიყიდა! ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციაში, რომელიც ქალაქ როჩესტერში (ნიუ-იორკი, აშშ) სტრონგის ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული, დაახლოებით 12 000 თოჯინაა თავმოყრილი.

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

თოჯინები რაზე უნდა დაფიქრდნენ მშობლები?

როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები იმ შესაძლო უარყოფითი გავლენისგან, რომელიც ზოგიერთმა თოჯინამ შეიძლება მათზე მოახდინოს? „ვაშინგტონ პოსტში“ გამოთქმული იყო შეშფოთება: „თამბაქოს მეწარმეთა მსგავსად, როგორც გართობის ინდუსტრიის მესვეურები, ისე სათამაშოების მწარმოებლები მომხმარებლის წინაშე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან და, როგორც ეტყობათ, არანაირად არ ცდილობენ აღებული კურსის შეცვლას“. ნათელია, რომ მშობლებმა არ უნდა მოადუნონ ყურადღება და თავად უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა.

ბიბლია მშობლებს მოუწოდებს, რომ შვილები ყოველდღიურად დაარიგონ (კანონი 6:6—9; იგავები 22:6). როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს, რომ თოჯინამ მათზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს? ერთი დედა ამბობს, რომ თავის გოგონას ყოველთვის უკითხავს ისეთ აზრებს, რომლებიც უკავშირდება 1 ტიმოთეს 2:9-ში აღწერილ მოკრძალებულ ტანსაცმელს, და ბავშვთან საუბრობს ამ თემაზე. მათ შორის დაახლოებით ასეთი საუბარი იმართება:

დედა: ვის გაგონებს ეს თოჯინა, ბავშვს თუ ქალს?

შვილი: ქალს.

დედა: რატომ?

შვილი: იმიტომ, რომ ქალისნაირი ტანი აქვს და ქალის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვია.

დედა: მართალი ხარ. ხომ გახსოვს, რა წავიკითხეთ ბიბლიიდან?! შენი აზრით, ამ თოჯინას ისე აცვია, როგორც ქრისტიანს უნდა ეცვას?

შვილი: არა.

დედა: რატომ ფიქრობ ასე?

შვილი: იმიტომ, რომ მას მოკლე კაბა აცვია . . . გული აქვს ამოღებული . . . და ტანსაცმელი მოტკეცილი აქვს.

მშობლებისგან დიდი ძალისხმევა მოითხოვება იმისთვის, რომ ბავშვებს ღვთის პრინციპები ასწავლონ, რათა მათ თავად შეძლონ ასეთი დასკვნების გამოტანა. მართალია, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ძალისხმევად! შვილებისთვის ღვთის პრინციპების სწავლებაში მრავალ მშობელს ძალიან ეხმარება იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.

თუ გსურთ, რომ მიიღოთ ეს 256-გვერდიანი დასურათებული წიგნი, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს.

[სურათი 26 გვერდზე]

იაპონური თოჯინა, რომელიც ჩაით უმასპინძლდება სტუმრებს

[სურათი 26 გვერდზე]

ფრანგული თოჯინა „ბრუ“

[სურათის საავტორო უფლებები 26 გვერდზე]

Top: © SHOBEI Tamaya IX; middle: Courtesy, Strong National Museum of Play, Rochester, New York; bottom: © Christie’s Images Ltd