არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სახელი იეჰოვა პირველად საპატიმროში გავიგონე

ღვთის სახელი იეჰოვა პირველად საპატიმროში გავიგონე

ღვთის სახელი იეჰოვა პირველად საპატიმროში გავიგონე

მოგვითხრო პავოლ კოვარმა

დაბომბვის დროს ძლივძლივობით გავიკვლიეთ გზა თავშესაფრისკენ. როდესაც ბომბების ცვენა გახშირდა და ჩვენმა თავშესაფარმა რყევა დაიწყო, ერთმა პატიმარმა ხმამაღლა ილოცა: „იეჰოვა, გადაგვარჩინე! შენი წმინდა სახელის გულისთვის, გთხოვ, გადაგვარჩინე!“

ეს მოხდა 1945 წლის 8 იანვარს, ავსტრიის ქალაქ ლინცში, სადაც სამხედრო ტყვეობაში ვიმყოფებოდი. ამ თავშესაფარში დაახლოებით 250 ტყვე ვიყავით. ჩვენ ყველა გადავურჩით დაბომბვას. როდესაც თავშესაფრიდან გამოვედით, დავინახეთ, რომ ირგვლივ ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული. ეს გულწრფელი ლოცვა ღრმად ჩამებეჭდა გონებაში მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ ვიცი, ვინ წარმოთქვა ის. ვიდრე მოგითხრობდეთ, როგორ გავიგე ჭეშმარიტება იეჰოვას შესახებ, მანამდე საკუთარ თავზე ცოტა რამეს მოგიყვებით.

დავიბადე 1921 წლის 28 სექტემბერს, დასავლეთ სლოვაკეთის სოფელ კრაინეს მახლობლად, მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. ჩემი მშობლები იყვნენ პროტესტანტები. ისინი თავიანთი რელიგიის ერთგული მიმდევრები იყვნენ. ყოველ კვირა დილით მამა კითხულობდა ხოლმე ბიბლიას, ხოლო ჩვენ — დედა და ოთხი შვილი, ყურადღებით ვუსმენდით. არ მახსოვს, რომ მამას ოდესმე ეხსენებინოს სახელი იეჰოვა. ჩვენს მხარეში ხალხი უბრალოდ ცხოვრობდა, ჩვენც ვკმაყოფილდებოდით იმ მცირედით, რაც გვქონდა.

1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ხალხი შიშმა მოიცვა. მრავალს ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა, რა საშინელება დატრიალდა დაახლოებით 20 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს. 1942 წელს სლოვაკეთის ჯარში გამიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთი ოფიციალურად გერმანიას უჭერდა მხარს, 1944 წლის აგვისტოში დემოკრატიის აღდგენის მიზნით ქვეყანაში აჯანყება დაიწყო. როდესაც აჯანყება ჩაახშეს, მე აღმოვჩნდი იმ ათასობით სლოვაკ ჯარისკაცს შორის, რომლებიც გერმანიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადააგზავნეს. საბოლოოდ, აღმოვჩნდი ქალაქ ლინცთან ახლოს, გიუცენის ბანაკში, რომელიც მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის გვერდით მდებარეობდა.

სამხედრო ტყვეობაში

ჩვენ უნდა გვემუშავა ავიაქარხანაში, რომელიც სოფელ სანკტ-გეორგენ-ან-დერ-გუზენისგან არცთუ ისე შორს მდებარეობდა. მე სახერხ დაზგაზე ვმუშაობდი. ჩვენ ძალიან ცოტას გვაჭმევდნენ; 1945 წლის იანვრიდან კი ის ულუფაც შეგვიმცირეს, რასაც გვაძლევდნენ, რადგან ნაცისტები ყველა ფრონტზე აგებდნენ ბრძოლებს. ჩვენი ერთადერთი თბილი კერძი ცოტაოდენი წვნიანი იყო. ყოველ დილით მაუტჰაუზენის მთავარი ბანაკიდან მუშები მოდიოდნენ. დასუსტებულ პატიმრებს, რომლებსაც მუშაობა აღარ შეეძლოთ, მცველები ცემით კლავდნენ. გვამებს სხვა პატიმრები ვაგონში ყრიდნენ და კრემატორიუმში გადაჰქონდათ.

ტანჯვა-წამების მიუხედავად ჩვენ არ ვკარგავდით იმედს, რომ ომი მალე დასრულდებოდა. 1945 წლის 5 მაისს, ზემოთ მოხსენიებული დაბომბვიდან ოთხი თვის შემდეგ, ხმაურმა გამაღვიძა. ირგვლივ საშინელი აურზაური იყო. ეზოსკენ გავიქეცი. მცველები აღარსად ჩანდნენ და იარაღიც ერთად ეყარა. ჭიშკარი ფართოდ იყო გაღებული, ამიტომ კარგად ვხედავდით, როგორ გარბოდნენ პატიმრები მდელოს იქით მდებარე მეორე ბანაკიდან. ისინი ალმოდებული სკიდან გამოფრენილ ფუტკრებს მოგაგონებდნენ. პატიმრებმა სასტიკ შურისძიებას მიმართეს. ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას იქ ნანახი ხოცვა-ჟლეტა.

პატიმრები ცემით კლავდნენ „კაპოებს“, ანუ იმ პატიმრებს, რომლებიც მცველებთან თანამშრომლობდნენ. ხშირად თავად „კაპოები“ ნაცისტებზე დაუნდობლები იყვნენ. დავინახე, როგორ ურტყამდა ერთი პატიმარი „კაპოს“ და თან განწირული ხმით ყვიროდა: „ამან მომიკლა მამა. ჩვენ ყველაფერს გავუძელით და აქამდე ძლივს მოვატანეთ, ამან კი სულ ორი დღის წინ მოკლა მამაჩემი!“ განრისხებულმა პატიმარმა „კაპო“ ცემით მოკლა. საღამოს მთელი მდელო სავსე იყო „კაპოებისა“ და სხვა დახოცილი პატიმრების გვამებით. მოგვიანებით, სანამ იქაურობას დავტოვებდით, შევედით ბანაკში და ვნახეთ გაზის კამერები, სადაც ნაცისტები ხალხს ხოცავდნენ, და ღუმლები, სადაც გვამებს წვავდნენ.

ვეცნობი ჭეშმარიტ ღმერთს

სახლში 1945 წლის მაისის ბოლოს დავბრუნდი. ჩემს მშობლებს არათუ გაგებული ჰქონდათ ღვთის სახელი იეჰოვა, რომელიც ბუნკერში მოვისმინე, არამედ იეჰოვას მოწმეებიც გამხდარან. დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ შევხვდი ერთ გოგონას, ოლგას, რომელსაც ძალიან უყვარდა ღმერთი. ერთი წლის შემდეგ ჩვენ დავქორწინდით. ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი მისმა დიდმა ინტერესმა მეც აღმძრა, რომ მეტი გამეგო იეჰოვას შესახებ. ვიდრე 1949 წელს კომუნისტური რეჟიმი აკრძალავდა ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას, ერთ-ერთ ბოლო კონგრესზე მე და ოლგა დაახლოებით 50 სხვა მსურველთან ერთად ქალაქ პიეშტიანში, მდინარე ვაჰში მოვინათლეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ ორი ქალიშვილი, ოლგა და ვლასტა შეგვეძინა.

იან სებინი, რომელიც ძმებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამქადაგებლო საქმიანობის რეორგანიზებაში ეხმარებოდა, ჩვენი ხშირი სტუმარი იყო. მასთან ხშირად ვთანამშრომლობდი ხოლმე მსახურებაში. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების მხრიდან დევნა უფრო ძლიერდებოდა, ჩვენ მაინც განვაგრძობდით ქადაგებას. სიფრთხილეს ვიჩენდით, როდესაც ხალხს ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ვესაუბრებოდით. ბევრი ინტერესდებოდა და მალე ბიბლიის მრავალი შესწავლა დავიწყეთ. როდესაც იანმა დატოვა ჩვენი მხარე, ამ შესწავლების ჩატარება მე და ჩემმა მეუღლემ განვაგრძეთ. მოგვიანებით, იმ ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ბიბლიას ვასწავლიდით, ხშირად ვხვდებოდით კონგრესებზე თავიანთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ამ დროს უდიდეს სიხარულს განვიცდიდით!

განსაკუთრებული მსახურება

იდგა 1953 წელი. მრავალი მოწმე, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა სამქადაგებლო საქმიანობას, დაპატიმრებული იყო. ამიტომ, ძმებმა მთხოვეს, რომ ჩვენი სახლიდან დაახლოებით 150 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე და-ძმებს მსახურებაში დავხმარებოდი. ყოველ მეორე შაბათს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, შუადღისით მატარებლით მივდიოდი ქალაქ ნოვე-მესტო-ნად-ვაჰომიდან ქალაქ მარტინში, რომელიც ჩრდილოეთ სლოვაკეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. შაბათს, დღის ბოლომდე და მთელი მეორე დღის განმავლობაში იქ ვრჩებოდი და ხალხს ბიბლიას ვასწავლიდი. კვირა საღამოს მატარებლით ისევ ნოვე-მესტოში ვბრუნდებოდი. ჩვეულებრივ, ქალაქში შუაღამისას ჩავდიოდი. იქ ერთი სტუმართმოყვარე ხანდაზმული წყვილის ოჯახში ვრჩებოდი. მეორე დილით, ორშაბათს, პირდაპირ სამსახურში მივდიოდი და მხოლოდ ღამით ვბრუნდებოდი სახლში, სოფელ კრაინეში. იმ შაბათ-კვირას, როდესაც სახლში არ ვიყავი, გოგონებზე ოლგა ზრუნავდა.

მოგვიანებით, 1956 წელს, შემომთავაზეს, რომ სარაიონო ზედამხედველად მემსახურა. ასეთი სახის მსახურება იმას მოიცავდა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კრებები მომენახულებინა და სულიერად გამეძლიერებინა. ვინაიდან ბევრი ძმა, რომლებიც სარაიონო ზედამხედველებად მსახურობდნენ, დაპატიმრებულები იყვნენ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ დამეწყო ამ სახის მსახურება. მე და ჩემი ცოლი დარწმუნებული ვიყავით, რომ იეჰოვა იზრუნებდა ჩვენს ოჯახზე.

კომუნისტური კანონების თანახმად ყველა მოქალაქეს უნდა ემუშავა. მთავრობა უმუშევრებს მუქთახორებად თვლიდა და ციხეში სვამდა. ამიტომ მუშაობა განვაგრძე. თვეში ორი კვირა ჩემს ოჯახთან ვიყავი და მათთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას სულიერ საქმეებში, ჩვენ ერთად ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებდით; დანარჩენი ორი კვირა კი ჩემს რაიონში შემავალი ექვსი კრებიდან ერთ-ერთს ვინახულებდი.

ლიტერატურის გამოცემა აკრძალვის დროს

სარაიონო ზედამხედველების პასუხისმგებლობაში შედიოდა ის, რომ თავიანთ რაიონში შემავალ ყველა კრებას ბიბლიური ლიტერატურა ჰქონოდა. იმ დროს ჟურნალები საკმარისი რაოდენობით არ გვქონდა, ამიტომ თავიდან მათი ხელით გადაწერა ან საბეჭდ მანქანებზე დაბეჭდვა გვიხდებოდა. მოგვიანებით ჩვენ შევძელით ფოტოფირებზე აღბეჭდილი „საგუშაგო კოშკების“ მიღება და ამ ფირების კრებებისთვის დაგზავნა. შემდეგ ჟურნალები ფოტოქაღალდზე იბეჭდებოდა. ვინაიდან დიდი რაოდენობით ასეთი ქაღალდის ყიდვა ეჭვს დაბადებდა, მათგან, ვინც ამ ქაღალდს ყიდულობდა, გაბედულება და სიფრთხილე მოითხოვებოდა.

შტეფან ხუჩკო ამ საქმეს დიდი მონდომებით ასრულებდა და ეს მას კარგადაც გამოსდიოდა. გავიხსენებ ერთ შემთხვევას: ერთხელ ფოტოქაღალდის საყიდლად შტეფანი თავისი ქალაქიდან საკმაოდ დაშორებულ ქალაქში ჩავიდა და მივიდა მაღაზიაში, სადაც ფოტოქაღალდი იყიდებოდა. მაღაზიაში ქაღალდი არ იყო. ის-ის იყო შტეფანი უკან უნდა გამობრუნებულიყო, რომ დაინახა გამყიდველი, რომელიც ადრე შეჰპირდა, რომ მისთვის ქაღალდს შეუკვეთავდა. შტეფანი ქალისკენ წავიდა, მაგრამ უეცრად შენიშნა, რომ მაღაზიაში პოლიციელი შემოვიდა. სწორედ ამ დროს გამყიდველმაც დაინახა შტეფანი და სიხარულით უთხრა: „ბატონო! თქვენ სწორედ რომ კარგ დროს მოხვედით. ჩვენ მივიღეთ ფოტოქაღალდის პარტია, რომელიც თქვენ გჭირდებოდათ“.

შტეფანმა სწრაფად განჭვრიტა სიტუაცია და უპასუხა: „უკაცრავად, ქალბატონო, თქვენ ვიღაცაში გეშლებით. მე მხოლოდ ერთი ფოტოფირი მინდოდა“.

თავის მანქანასთან მისული შტეფანი იმაზე წუხდა, როგორ დაბრუნებულიყო სახლში ფოტოქაღალდის გარეშე, რომლისთვისაც ამხელა გზა გამოიარა! ამიტომ, მან ცოტა ხანს მოიცადა. მერე გაიხადა პალტო, მოიხადა ქუდი, გარეგნობა ცოტათი შეიცვალა, შევიდა მაღაზიაში და პირდაპირ გამყიდველთან მივიდა. „აქ ერთი კვირის წინ ვიყავი, — უთხრა მან გამყიდველს, — თქვენ შემპირდით, რომ ჩემთვის ფოტოქაღალდს შეუკვეთავდით. ხომ არ მიგიღიათ?“

„დიახ, მივიღეთ, — უპასუხა გამყიდველმა, — იცით, რამდენიმე წუთის წინ აქ ერთი კაცი შემოვიდა. ის ისე ძალიან გგავდათ, თითქოს თქვენი ტყუპისცალი ყოფილიყო!“ შტეფანმა იყიდა ფოტოქაღალდი და სწრაფად დატოვა იქაურობა. ის მადლობას უხდიდა იეჰოვას დახმარებისთვის.

80-იან წლებში ჩვენ დავიწყეთ მიმეოგრაფებისა და ოფსეტური საბეჭდი დანადგარების გამოყენება ბიბლიური ლიტერატურის დასაბეჭდად. ლიტერატურას სარდაფებსა და სხვა ძნელად მისაგნებ ადგილებში ვბეჭდავდით. დროთა განმავლობაში იმდენ ეგზემპლარად ვბეჭდავდით ჟურნალებს, წიგნებსა თუ ბროშურებს, რომ მათმა რიცხვმა მოწმეთა რაოდენობასაც კი გადააჭარბა.

არასასიამოვნო ვიზიტები

ერთხელ, 60-იან წლებში, ასეთი რამ გადამხდა თავს. სამხედრო უწყებაში დამიბარეს. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა სამმა მამაკაცმა მკითხა: „რამდენი ხანია, რაც იეჰოვას მოწმეებთან გაქვთ კავშირი? კონკრეტულად ვის იცნობთ?“ მე არავის ვინაობა არ გამიმხელია. მათ მითხრეს, რომ მოგვიანებით კიდევ დამიკავშირდებოდნენ. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანუ საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებთან.

ამის შემდეგ, მალევე, სამსახურიდან პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. მათ სუფთა ფურცელი დამიდეს წინ და მითხრეს, რომ სხვა მოწმეთა სახელები და გვარები ჩამომეწერა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ოთახში კვლავ შემოვიდა პოლიციის თანამშრომელი და დაინახა, რომ ფურცელზე არაფერი ეწერა. მე მას ვუთხარი, რომ არავის ვინაობას არ გავამხელდი. ერთი კვირის შემდეგ იგივე განმეორდა, მაგრამ ამჯერად მცემეს და წიხლის კვრით გამომაგდეს.

ამის შემდეგ ერთი წელი აღარავის შევუწუხებივარ. შემდეგ პოლიციამ ერთი კაცი გამოგზავნა ჩემთან. ომის დროს, როცა დაპატიმრებული ვიყავი, ეს კაცი მაშინ საკონცენტრაციო ბანაკში იჯდა. მან მითხრა: „თქვენთან სხვა ტაქტიკა უნდა გამოვიყენოთ. როცა ერთ მოწმეს ვიჭერთ, ციხიდან ხუთი მოწმე გამოდის“. მთავრობას უნდოდა, რომ ცოტათი მაინც გაეკონტროლებინა ჩვენი საქმიანობა. მაგრამ, მე ერთი სიტყვაც კი არ დამცდენია ისეთი, რასაც ისინი თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენებდნენ.

წლების განმავლობაში მოწმეებიდან ზოგიერთს პერიოდულად გვაკითხავდა საიდუმლო პოლიცია. ზოგჯერ ისინი მეგობრულად გვიდგებოდნენ, ზოგჯერ კი ერთ-ერთ ჩვენგანს იჭერდნენ. პირადად მე პოლიციას არასოდეს დავუპატიმრებივარ, თუმცა მათთან არასასიამოვნო შეხვედრები 1989 წლამდე, ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმის დამხობამდე გრძელდებოდა.

კომუნისტური რეჟიმის დამხობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემთან მოვიდა სახელმწიფო უშიშროების ერთი თანამშრომელი, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა. მან მომიბოდიშა: „ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არასოდეს შეგაწუხებდით“. შემდეგ მანქანიდან დაკონსერვებული ხილით სავსე ორი ჩანთა გადმოიღო და საჩუქრად გადმომცა.

იეჰოვა მტკიცე კოშკია

მიუხედავად იმისა, რომ პირველი 40 წელი ისეთ დროს ვმსახურობდი, როცა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო, მაინც ბედნიერი და კურთხევებით სავსე ცხოვრება მქონდა. იმ სირთულეებმა, რაც იმ წლებში გადავიტანეთ, ღვთის მსახურები ერთმანეთთან უფრო დაგვაახლოვა. ჩვენ უფრო მეტად დავინახეთ მეგობრობის ფასი და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ერთმანეთისთვის ნდობა არ გაგვემტყუნებინა.

2003 წლის მარტში უდიდესი დანაკლისი განვიცადე, როცა ჩემი საყვარელი მეუღლე, ოლგა ხელიდან გამომეცალა. ის მთელი ცხოვრება ერთგულად მედგა მხარში. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ დაკავებულები ვიყავით ქრისტიანული მსახურებით. ამჟამად ქრისტიანულ კრებაში უხუცესად ვმსახურობ და კვლავინდებურად ვეძებ ღირსეულ ადამიანებს, რომ მათ ბიბლიური ჭეშმარიტება გავუზიარო. სახელი იეჰოვა, რომელიც პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს ბუნკერში გავიგონე, ჩემთვის მტკიცე კოშკად იქცა * (იგავები 18:10).

[სქოლიო]

^ აბზ. 33 ძმა პავოლ კოვარი 2007 წლის 14 ივლისს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა ეს სტატია გამოსაცემად მზადდებოდა.

[სურათი 12 გვერდზე]

სლოვაკეთის ჯარში მსახურებისას, 1942 წელი

[სურათი 12 გვერდზე]

(უკანა ფონი) გიუცენის ბანაკი, რომელშიც დაპატიმრებული ვიყავი

[საავტორო უფლება]

© ČTK

[სურათი 12 გვერდზე]

მამა ყოველ კვირა დილას ბიბლიას გვიკითხავდა

[სურათი 13 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღე, 1946 წელი

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ოლგა (გადაღებულია ოლგას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე)