არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ავირიდოთ საგზაო შემთხვევები?

როგორ ავირიდოთ საგზაო შემთხვევები?

როგორ ავირიდოთ საგზაო შემთხვევები?

საბურავების გამაყრუებელი წუილი, დაჯახებისა და მინის მსხვრევის ხმა, ხალხის ყვირილი . . . ეს ხმები, ალბათ, ნაცნობია მათთვის, ვინც თავად გახდა საგზაო შემთხვევის მსხვერპლი. „მოსახლეობის აღწერის ბიუროს“ მონაცემებით, მსოფლიოში „ყოველწლიურად დაახლოებით 1, 2 მილიონი ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფის შედეგად და 50 მილიონი შავდება“.

უსაფრთხოების ზომების მიღება და საღი განსჯის უნარი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ საგზაო შემთხვევები. ვნახოთ, როგორაა ეს შესაძლებელი.

დასაშვები სიჩქარე, უსაფრთხოების ღვედები და ტექსტური შეტყობინებები

შეიძლება ფიქრობთ, რომ ზოგან დასაშვები სიჩქარე ძალიან დაბალია. მაგრამ თუ ამ ზღვარს გადახვალთ და სიჩქარეს მოუმატებთ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მაინცდამაინც ბევრ დროს ვერ დაზოგავთ. მაგალითად, 50 კილომეტრის დასაფარად, თუ სიჩქარეს საათში 90-დან 110კილომეტრამდე გაზრდით, მხოლოდ ექვს წუთს დაზოგავთ. გიღირთ ექვსი წუთის გამო სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება?

უსაფრთხოების ღვედები თქვენსავე უსაფრთხოებას ემსახურება. შეერთებული შტატების ერთ-ერთ სამთავრობო სააგენტოს დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ 2005—2009 წლებში უსაფრთხოების ღვედებმა 72 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა. შეუძლია უსაფრთხოების ბალიშს უსაფრთხოების ღვედის მაგივრობა გასწიოს? არა, რადგან უსაფრთხოების ბალიში უსაფრთხოების ღვედის გარეშე საიმედოდ ვერ დაიცავს მძღოლს. თუ არ შეიკრავთ უსაფრთხოების ღვედს, მხოლოდ უსაფრთხოების ბალიშის იმედად ვერ დარჩებით და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ის საშიშიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ, ჩვევად გაიხადეთ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება და იგივე მოსთხოვეთ თქვენს მგზავრებს. კიდევ ერთი გაფრთხილება: მართვის დროს ნურასოდეს წაიკითხავთ ან დაწერთ ტექსტურ შეტყობინებებს.

გზებისა და ავტომობილების მდგომარეობა

საბურავის მოჭიდების ძალა მცირდება სველ, დანაგვიანებულ, ქვიშიან ან ხრეშიან გზაზე. თუ სვლას შეანელებთ, მცირეა იმის ალბათობა, რომ დამუხრუჭების დროს მანქანა მოცურდეს. თუ ხშირად დადიხართ თოვლიან ან მოყინულ გზაზე, გამოიყენეთ ზამთრის საბურავები, რადგან მათ კარგი მოჭიდების ძალა აქვთ.

გზაჯვარედინი სახიფათო ადგილია ყველა მძღოლისთვის. ერთი ექსპერტი გვირჩევს: შუქნიშანზე მწვანე რომ აინთება, გზაჯვარედინზე მაშინვე ნუ გაივლით. დაელოდეთ ცოტა ხანი, რომ არ დაგეჯახოთ წითელ შუქზე მომავალი მანქანა.

საგზაო შემთხვევის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, აუცილებელია, მანქანა კარგ მდგომარეობაში გყავდეთ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ მუხრუჭები გიმტყუნებთ. ავტომობილის ზოგ მფლობელს პერიოდულად მიჰყავს თავისი მანქანა ავტომექანიკოსთან ტექდათვალიერებაზე. სხვები კი ამას თავად აკეთებენ. მაგრამ თუ ზრუნავთ თქვენი მანქანის მდგომარეობაზე, დარწმუნდით, რომ მანქანა კარგად შემოწმებული და შეკეთებულია.

ალკოჰოლი და მანქანის მართვა

ის მძღოლები, რომლებიც ყოველმხრივ ფრთხილები არიან, მაგრამ საჭესთან დაჯდომამდე ალკოჰოლურ სასმელს იღებენ, საფრთხეში იგდებენ სიცოცხლეს. მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2010 წელს ქვეყნის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 509 ადამიანი დაიღუპა. არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს მომხდარი 196 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 30 სასიკვდილო შედეგით დასრულდა. ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებამაც კი შეიძლება იმოქმედოს მძღოლზე. ამიტომ, საჭესთან დაჯდომამდე ზოგმა გადაწყვიტა, ერთი წვეთიც არ დალიოს.

საგზაო წესების დაცვა — უსაფრთხოების ღვედების გამოყენება, მანქანის შეკეთება და საჭესთან დაჯდომამდე ალკოჰოლისგან თავის შეკავება დაიცავს როგორც თქვენს, ისე სხვების სიცოცხლეს. თუ აქ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებთ, თავიდან აირიდებთ ავტოკატასტროფას.

[ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]

ნუ მართავთ მანქანას მთვლემარე მდგომარეობაში

„ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მთვლემარე მდგომარეობაში მანქანის მართვა იგივეა, რომ მანქანა ნასვამ მდგომარეობაში მართოს“. შეერთებული შტატების „ძილის ეროვნული ფონდის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ეს განაცხადი აჩვენებს, თუ რამდენად საშიშია მანქანის მართვა მთვლემარე მდგომარეობაში. ქვემოთ მოცემულია სია, რომელიც დაგანახვებთ, რა შემთხვევაში არ არის მანქანის მართვა უსაფრთხო: *

ყურადღების კონცენტრირების ნაკლებობა, თვალების ხშირი ხამხამი, დამძიმებული ქუთუთოები

თავის დაჭერის გაძნელება

ხშირი მთქნარება

გავლილი ბოლო რამდენიმე კილომეტრის დავიწყება

მოსახვევების და საგზაო ნიშნების გამოტოვება

სხვის სავალ ნაწილზე გადასვლა, ავტომობილებს შორის საჭირო დისტანციის დაცვის უგულებელყოფა ან თერმოპლასტით მონიშნული ზოლის გადაკვეთა, რაც ვიბრაციის ეფექტს ქმნის

თუ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, საჭესთან სხვა დასვით ან უსაფრთხო ადგილას გააჩერეთ და ცოტა წაუძინეთ. თქვენი და სხვების უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, დაიგვიანოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 16 სია მოწოდებულია „ძილის ეროვნული ფონდის“ მიერ.