არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავხდეთ მშვიდობიანები

როგორ გავხდეთ მშვიდობიანები

როგორ გავხდეთ მშვიდობიანები

მართალია, დაბადებიდან თან დაგვყვება ცუდი მიდრეკილებები, მაგრამ ძალადობის გამოვლენას მაინც მერე სწავლობს ადამიანი. იმავეს თქმა შეიძლება მშვიდობაზეც. მაგრამ ისმის კითხვა: ვის შეუძლია გვასწავლოს ნამდვილი მშვიდობა? სადავო ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ ამ საკითხში შეუდარებელი და უნიკალურია ჩვენი შემქმნელი და გამომსახველი, რომლის სიბრძნეც განუზომლად დიდია. განვიხილოთ ხუთი ფაქტორი და მათთან დაკავშირებული ძვირფასი ბიბლიური რჩევები.

1 „მოძალადე კაცის ნუ შეგშურდება“ (იგავები 3:31). მჯობნის მჯობნი არ დაილევა, ამიტომ ძლიერი ის კი არ არის, ვინც სხვას ჩაგრავს, არამედ ის, ვინც საკუთარ თავს ერევა და რბილ ხასიათს ავლენს. „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“, — ნათქვამია იგავების 16:32-ში. როგორც კაშხლის ძლიერი კედელი უძლებს და აკავებს დიდ წყალს, ასევე უძლებს რისხვაში ნელი კაცი ნებისმიერ გამოწვევას და არ ჰყვება პროვოკაციას. ის მშვიდად რეაგირებს სხვის რისხვაზე და ამგვარად „სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1). მეორე მხრივ, ფიცხი ადამიანი უმნიშვნელო რამეზეც კი მძაფრად რეაგირებს (იგავები 25:28).

2 დააკვირდი, ვისთან გაქვს ურთიერთობა. „მოძალადე თავის მოძმეს შეაცდენს“, — ნათქვამია იგავების 16:29-ში. ის კი, ვინც „ბრძენებთან მოსიარულეა, თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20). დიახ, ასეა, თუ ურთიერთობა გვექნება მშვიდობიან ხალხთან, რომლებიც თავშეკავებასა და რბილ ხასიათს ავლენენ, ჩვენც გაგვიჩნდება სურვილი, მივბაძოთ მათ ამ თვისებების გამოვლენაში.

3 განივითარე ნამდვილი სიყვარული სხვების მიმართ. არავის არასოდეს ისე დიდებულად არ აღუწერია სიყვარული, როგორც ეს პავლე მოციქულმა 1 კორინთელების 13:4—7-ში. ის წერს: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის . . . ყველაფერს იტანს . . . ყველაფერს ითმენს“. იესომ კი თქვა, რომ ღვთიური სიყვარული მტრების სიყვარულსაც მოიცავს (მათე 5:44, 45).

4 მიენდე ღმერთს და სძლევ ბოროტებას. «ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . მშვიდობიანად იყავით ყველასთან. ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო . . . რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:17—19). ის, ვინც ენდობა ღმერთს და სწამს მისი დაპირებების, გრძნობს შინაგან სულის სიმშვიდეს, რაც ვერ გაუგიათ მათ, ვისაც არა აქვთ საკმარისი რწმენა ღვთის მიმართ (ფსალმუნი 7:14—16; ფილიპელები 4:6, 7).

5 იფიქრეთ ღვთის სამეფოზე, რომელიც ნამდვილ მშვიდობას დაამყარებს დედამიწაზე. ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც ძირფესვიანად აღმოფხვრის ყოველგვარ ბოროტებას და სრულ კონტროლს დაამყარებს დედამიწაზე (ფსალმუნი 37:8—11; დანიელი 2:44). ამ სამეფოს მმართველობის დროს „აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“ (ფსალმუნი 72:7).

ამგვარი ბიბლიური სწავლებები მილიონებს დაეხმარა, შეცვლილიყვნენ და მშვიდი და მოსიყვარულე ადამიანები გამხდარიყვნენ, მათ შორის ისეთებსაც, ვინც მთელი ცხოვრება საქმეებს მუშტი-კრივით აგვარებდა. მომდევნო გვერდზე სალვადორ გარსას პატარა ისტორიას მოგიყვებით.