არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნარშავას ფრთაკუთხა — საიდუმლოს ფარდა აეხადა

ნარშავას ფრთაკუთხა — საიდუმლოს ფარდა აეხადა

ევროპაში ბუნების მოყვარულები დიდი ხანია ტკბებიან ჭრელი პეპლის, ნარშავას ფრთაკუთხას (Vanessa cardui) სილამაზით. მაგრამ მათ ვერ გაურკვევიათ, სად ქრებიან ზაფხულის მიწურულს ეს ლამაზი არსებები. შემოდგომის სიცივეს ხომ არ ეწირებიან? ბოლოდროინდელი გამოკვლევის შედეგად გასაოცარი რამ გახდა ცნობილი. პეპლები ყოველწლიურად მიფრინავენ ჩრდილოეთი ევროპიდან აფრიკაში და ისევ უკან ბრუნდებიან.

მკვლევრებმა შეაჯამეს რადარის მიერ მიღებული მონაცემები და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეების მიერ გაკეთებული ათასობით დაკვირვების შედეგები. ამ შედეგებიდან გაირკვა, რომ ზაფხულის ბოლოს მილიონობით ნარშავას ფრთაკუთხა გეზს სამხრეთისკენ იღებს. უმეტესწილად, ისინი, სულ მცირე, 500 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავენ, რის გამოც მათი დანახვა ადამიანის თვალისთვის თითქმის შეუძლებელია. პეპლები ელოდებიან იმ დროს, როცა ქარი სასურველი მიმართულებით დაუბერავს. ქარის დახმარებით ისინი 45 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავენ. ყოველწლიურად ისინი დაახლოებით 15 000 კილომეტრს ფარავენ. გადაფრენას იწყებენ ჩრდილოეთი არქტიკის საზღვრებიდან და ასრულებენ დასავლეთ აფრიკაში. ეს პეპელა ჩრდილოეთი ამერიკის პეპელა მონარქთან შედარებით ორჯერ მეტ მანძილს ფარავს. ვიდრე ამ შთამბეჭდავ გადაფრენას დაასრულებენ და ისევ ჩრდილოეთში დაბრუნდებიან, ნარშავას ფრთაკუთხას ექვსი თაობა იცვლება.

იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეინ ჰილი ამბობს: „ნარშავას ფრთაკუთხა გზადაგზა მრავლდება და მთელ ცხოვრებას ფრენაში ატარებს“. ყოველწლიურად ასე მეორდება პეპლების ამ სახეობის მთელი პოპულაციის მიგრაცია ჩრდილოეთი ევროპიდან აფრიკაში და უკან.

„ეს პაწაწინა ქმნილებები ერთ გრამზე ნაკლებს იწონიან, ტვინი ქინძისთავისოდენა აქვთ და უფროსი თაობის გამოცდილებით ვერ სარგებლობენ, თუმცა ისინი შთამბეჭდავ საკონტინენტთაშორისო მიგრაციას ასრულებენ“, — აღნიშნავს რიჩარდ ფოქსი, პეპლების დაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბრიტანეთში. როგორც რიჩარდ ფოქსი ამბობს, ერთ დროს ფიქრობდნენ, რომ ქარი საითკენაც დაუბერავდა პეპელაც იქითკენ მიფრინავდა, სანამ ბრიტანეთის ცივი ზამთარი მას სიცოცხლეს არ მოუსწრაფებდა. მაგრამ როგორც ზემოხსენებული კვლევიდან გამოჩნდა, ნარშავას ფრთაკუთხა პეპლები საკმაოდ გამჭრიახი მოგზაურები არიან.