არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ალქაჯებზე ნადირობა ევროპაში

ალქაჯებზე ნადირობა ევროპაში

რამდენიმე საუკუნის წინ ევროპა ალქაჯების შიშმა მოიცვა, რასაც მოჰყვა მათზე ნადირობა და სიკვდილით დასჯა. ეს ძირითადად საფრანგეთში, გერმანიაში, ჩრდილოეთ იტალიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში ხდებოდა. „ათობით ათასი ადამიანი მოკლეს ევროპასა და ევროპის კოლონიებში, ხოლო მილიონებს აწამებდნენ, აპატიმრებდნენ, დაკითხვებზე იბარებდნენ, ბრალს დებდნენ და აშინებდნენ“ — ნათქვამია ერთ წიგნში (Witch Hunts in the Western World ). * როგორ დაიწყო ეს პარანოია და რამ შეუწყო მის გავრცელებას ხელი?

ინკვიზიცია და „ალქაჯების ურო“

ამ შავბნელ ისტორიაში ლომის წილი ინკვიზიციას მიუძღვის. ინკვიზიცია XIII საუკუნეში რომის კათოლიკურმა ეკლესიამ იმ მიზნით დააარსა, რომ „განდგომილები მოებრუნებინათ და სხვები დაეცვათ, არ ასცდენოდნენ გზას“ — აღნიშნულია ერთ წიგნში (Der Hexenwahn). სინამდვილეში, ინკვიზიცია ეკლესიის ხელში ძლიერ სადამსჯელო იარაღს წარმოადგენდა.

1484 წლის 5 დეკემბერს პაპმა ინოკენტი VIII-მ გამოსცა ბულა ანუ ბრძანებულება, რომელიც გმობდა ჯადოქრობას. პაპმა ამ პრობლემის მოგვარება ორ ინკვიზიტორს, იაკობ შპრენგერსა და ჰეინრიხ კრამერს დაავალა. მათ გამოსცეს წიგნი სათაურით „ალქაჯების ურო“ (Malleus Maleficarum). კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც ამ წიგნს ავტორიტეტად მიიჩნევდნენ ალქაჯებთან ბრძოლაში. წიგნში აღწერილი იყო ხალხში გავრცელებული გამოგონილი ამბები ალქაჯებზე. ის შეიცავდა თეოლოგიურ და იურიდიულ არგუმენტებს ჯადოქრების წინააღმდეგ და მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ამოეცნოთ და გაენადგურებინათ ისინი. «მსოფლიო ლიტერატურაში „ალქაჯების ურო“ ყველაზე საშინელ და მავნე წიგნად იქნა შერაცხილი».

«მსოფლიო ლიტერატურაში „ალქაჯების ურო“ ყველაზე საშინელ და მავნე წიგნად იქნა შერაცხილი»

ბრალდების წასაყენებლად არანაირი მტკიცებულება არ იყო საჭირო. ამ თემასთან დაკავშირებით  ერთ წიგნში აღნიშნულია, რომ სასამართლოების ერთადერთი მიზანი ის იყო, დაშინებითა და ზეწოლით ბრალდებულს დანაშაული ეღიარებინა. წამება ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო (Hexen und Hexenprozesse).

„ალქაჯების უროსა“ და პაპ ინოკენტ VIII-ს ბრძანებულებას ევროპაში ალქაჯებზე გააფთრებული ნადირობა მოჰყვა. გარდა ამისა, ახალმა ტექნოლოგიამ, კერძოდ საბეჭდი დაზგის გამოგონებამ, ხელი შეუწყო აგორებული ტალღის კიდევ უფრო გაძლიერებას, რომელმაც გადაუარა ატლანტიკის ოკეანეს და ამერიკამდე მიაღწია.

ვინ იყვნენ ეჭვმიტანილნი?

ეჭვმიტანილთა 70 პროცენტზე მეტი ქალი იყო, ძირითადად ქვრივები, რომლებსაც ხშირად დამცველი არ ჰყავდათ. მსხვერპლთა შორის იყვნენ ღარიბები და მოხუცი ქალები, რომლებიც ბალახებისგან ამზადებდნენ წამლებს; განსაკუთრებით მაშინ წავიდოდა მათი საქმე ცუდად, თუ წამალი ავადმყოფს არ უშველიდა. დაცული არავინ იყო: არც მდიდარი, არც ღარიბი; არც კაცი, არც ქალი; არც დიდგვაროვანი და არც გლეხი.

მათ, ვისაც ალქაჯებად ჩათვლიდნენ, ყველანაირ ბოროტებას აბრალებდნენ. ისინი თითქოსდა „იწვევდნენ ყინვას, ლოკოკინებისა და მუხლუხების შემოსევას, რომლებიც მოსავალს ანადგურებდნენ„ — ნათქვამია გერმანულ გაზეთში (Damals). თუ მოსავალს სეტყვა გაანადგურებდა, თუ ძროხა არ მოიწველიდა, თუ კაცი იმპოტენტი იყო ან ქალი — უშვილო, ყველაფერი აუცილებლად ალქაჯებს ბრალდებოდა.

ეჭვმიტანილებს წონიდნენ, რადგან გავრცელებული აზრის თანახმად, ალქაჯებს წონა არ ჰქონდათ ან ძალიან ცოტას იწონიდნენ

როგორ ხდებოდა ალქაჯების ამოცნობა? ზოგ ეჭვმიტანილს ხელ-ფეხს უკრავდნენ და „ნაკურთხ“ ცივ წყალში აგდებდნენ. თუ ჩაიძირებოდა, მას უდანაშაულოდ ჩათვლიდნენ და ამოიყვანდნენ. თუ ამოტივტივდებოდა, ჯადოქრად მიიჩნევდნენ და მაშინვე სიკვდილით დასჯიდნენ ან სასამართლოს გადასცემდენ. სხვა ეჭვმიტანილებს წონიდნენ, რადგან გავრცელებული აზრის თანახმად, ალქაჯებს წონა არ ჰქონდათ ან ძალიან ცოტას იწონიდნენ.

ეჭვმიტანილთა ამოსაცნობი კიდევ ერთი ხერხი „ეშმაკის ნიშნის“ პოვნა იყო, რომელსაც „ეშმაკი ალქაჯს შეთანხმების ნიშნად ასვამდა“, ნათქვამია ერთ წიგნში (Witch Hunts in the Western World). იმისათვის, რომ ეს ნიშანი ეპოვათ, „ბრალდებულს თმას პარსავდნენ და სახალხოდ უთვალიერებდნენ სხეულის ყველა კუთხე კუნჭულს“. შემდეგ იმ ადგილას სადაც ხალს, მეჭეჭს ან ნაიარევს უპოვიდნენ, ნემსს ჩხვლეტდნენ. თუ ჩხვლეტისას ტკივილს ვერ იგრძნობდა ან სისხლი არ წამოუვიდოდა, ლაქა სატანასთან კავშირის ნიშნად აღიქმებოდა.

როგორც კათოლიკური, ისე პროტესტანტული ხელისუფლება აქტიურად უჭერდა მხარს ალქაჯებზე ნადირობას, ზოგ ქვეყანაში პროტესტანტი მმართველები უფრო დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ, ვიდრე კათოლიკეები. მაგრამ დროთა განმავლობაში საღმა აზრმა იმარჯვა. 1631 წელს იეზუიტმა მღვდელმა ფრიდრიხ შპამ, რომელიც ხელმძღვანელობდა იმ უამრავი ადამიანის ცოცხლად დაწვას, რომლებიც ჯადოქრებად ჩათვალეს, მოგვიანებით დაწერა, რომ მისი აზრით, არც ერთი მათგანი არ იყო დამნაშავე. მისივე თქმით, თუ ნადირობა ასე უმოწყალოდ გაგრძელდებოდა, ქვეყანა დაცარიელდებოდა. ამასობაში ექიმებიც მიხვდნენ, რომ ისეთი გამოვლინება, როგორიცაა კრუნჩხვები, შეიძლებოდა ავადმყოფობით ყოფილიყო გამოწვეული და არა დემონების ზეგავლენით. XVII საუკუნეში, სასამართლოების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და საუკუნის ბოლოსთვის თითქმის შეწყდა.

რას ვსწავლობთ ამ ავბედითი ეპოქიდან? უმთავრესად იმას, რომ ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა ენით აღუწერელ ბოროტებას მისცეს გასაქანი, როცა იესო ქრისტეს ჯანსაღი სწავლებები რელიგიური სიცრუითა და ცრურწმენით ჩაანაცვლეს. ასეთ ორგულ ადამიანებზე, რომლებმაც ჩირქი მოსცხეს ჭეშმარიტ ქრისტიანობას, ბიბლიაში ნათქვამი იყო, რომ „მათ გამო ჭეშმარიტების გზა დაიგმობოდა“ (2 პეტრე 2:1, 2).

^ აბზ. 2 ევროპის კოლონიებში ამერიკაც შედიოდა.