არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ გადაატანინოთ ბავშვს მწუხარება?

როგორ შეგიძლიათ გადაატანინოთ ბავშვს მწუხარება?

როგორ შეგიძლიათ გადაატანინოთ ბავშვს მწუხარება?

წიგნების ერთ დიდ მაღაზიაში გაღიზიანებულმა დედამ გამყიდველს უყვირა: „ამდენი წიგნი გაქვთ და შვილისთვის ვერაფერი ვიპოვე!“ დედა ისეთ წიგნს ეძებდა, რომელიც ბავშვს ოჯახის წევრის მოულოდნელი სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას გადაატანინებდა.

დედის გაბრაზება არცთუ უსაფუძვლო იყო. ბავშვისთვის მართლაც ძალიან რთულია საყვარელი ადამიანის სიკვდილთან შეგუება. ბავშვები, რომლებიც მზრუნველ ოჯახებში იზრდებიან თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ საყვარელი ადამიანის სიკვდილი არღვევს ოჯახურ იდილიას. მშობლებო, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში ან მაშინ, როცა საყვარელი ადამიანის სიკვდილი გარდაუვალია?

ახლობლის დაკარგვისას შეიძლება თავად გიწევთ საკუთარ ემოციებთან ჭიდილი; შეიძლება სული გაქვთ გამწარებული და სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს თქვენი დახმარება სჭირდება! „ბავშვები ყურს მოკრავენ ხოლმე ნაწყვეტებს საუბრებიდან, შემდეგ კი ფაქტებს თავისებურად და ხშირად დამახინჯებულად აღიქვამენ“, — ამბობს მინესოტას (აშშ) უპატრონო ბავშვთა ერთ-ერთი თავშესაფრის მიერ გამოცემული პუბლიკაცია. ბოლოს კი დასძენს: „ბავშვებმა უნდა იცოდნენ სიმართლე“. გონივრული იქნება, თუ მშობელი ბავშვს ასაკის შესაბამისად აუხსნის მდგომარეობას; ეს კი რთულია, რადგან სხვადასხვა ბავშვს აღქმის სხვადასხვა უნარი აქვს (1 კორინთელები 13:11).

როგორ აუხსნით, რა არის სიკვდილი?

ზოგი მეცნიერის აზრით, ბავშვთან სიკვდილზე ლაპარაკისას მშობელი ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა გამოიყენოს ისეთი სიტყვები, როგორიცაა „დაიძინა“, „დავკარგეთ“ ან „ჩვენგან წავიდა“. განმარტების გარეშე ნათქვამმა ასეთმა სიტყვებმა შეიძლება ბავშვი დააბნიოს. ცხადია, იესომ სიკვდილთან დაკავშირებით გამოიყენა სიტყვა „ძილი“ და ეს მართებულიც იყო, მაგრამ ის იმ დროს ბავშვებს არ ელაპარაკებოდა. შემდეგ ისიც განმარტა, რას გულისხმობდა. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა“. მოწაფეებს, რომლებიც ზრდასრულები იყვნენ, ეგონათ, რომ „[იესო] ჩვეულებრივ ძილზე ლაპარაკობდა“. ამიტომ იესომ პირდაპირ უთხრა: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:11—14). თუ მოწიფულ მამაკაცებს სჭირდებოდათ ასე პირდაპირ თქმა, მით უმეტეს ბავშვებს!

მწერლები მერი ენ და ჯეიმზ ემსვილერები ამბობენ: „სიკვდილის ახსნისას მშობელი შეიძლება ისეთი სიტყვების შერჩევას ცდილობდეს, რომლებიც შვილს ძლიერი ემოციური ტკივილისგან დაიცავდა. მაგრამ ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან მშობელი ბავშვის გონებას ახალ ინფორმაციას აწვდის, რამაც შეიძლება ბავშვი დააშინოს ან ზიანი მიაყენოს მას“. მაგალითად, თუ მას ეტყვიან, რომ გარდაცვლილს მხოლოდ სძინავს, ბავშვს შეიძლება დაძინების შეეშინდეს და იფიქროს, რომ ვეღარ გაიღვიძებს; თუ იმას ეტყვიან, რომ საყვარელი ადამიანი „ჩვენგან წავიდა“, მიტოვებულად იგრძნობს თავს.

მშობლებმა, რომლებიც შეეცადნენ ბავშვისთვის მარტივად, ყოველგვარი გადაკვრისა და დაფარვის გარეშე აეხსნათ, რა იყო სიკვდილი, დაინახეს, რომ ბავშვმა ყველაფერი გაიგო (1 კორინთელები 14:9). ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ აღძრან ბავშვი, დასვას კითხვები და ილაპარაკოს თავის სატკივარზე. ხშირი საუბრები მშობელს დაეხმარება, ბავშვი არ დატოვოს გაურკვევლობაში, და პრობლემის მოგვარების სხვა გზებიც დაინახოს.

ხელმძღვანელობის საიმედო წყარო

ოჯახის წევრის დაღუპვისას ბავშვი თქვენგან მოელის ხელმძღვანელობას, მხარდაჭერასა და კითხვებზე პასუხების მიღებას. სად შეგიძლიათ სიკვდილის შესახებ სანდო ინფორმაციის პოვნა? ბევრისთვის ბიბლია ნუგეშისა და იმედის წყაროა. მასში კონკრეტული ინფორმაციაა მოცემული სიკვდილის მიზეზის, მკვდრების მდგომარეობისა და გარდაცვლილთათვის იმედის შესახებ. უბრალო ჭეშმარიტება, რომ „მკვდრებმა . . . არაფერი იციან“, თქვენს შვილს დაეხმარება, გაიგოს, რომ გარდაცვლილი საყვარელი ადამიანი არ იტანჯება (ეკლესიასტე 9:5). გარდა ამისა, ბიბლიაში ვკითხულობთ ღვთის დანაპირების შესახებ, რომ დედამიწაზე სამოთხეში კვლავ ვიხილავთ საყვარელ ადამიანს (იოანე 5:28, 29).

საღვთო წერილიდან შეგიძლიათ შვილს დაანახვოთ, რომ ბიბლია ნებისმიერ რთულ მდგომარეობაში გვიწევს საიმედო ხელმძღვანელობას და გვანუგეშებს. ამავე დროს, ბავშვი დაინახავს, რომ ცხოვრებაში ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მშობელი ღვთის სიტყვაში ეძებს ხელმძღვანელობას (იგავები 22:6; 2 ტიმოთე 3:15).

კითხვებზე პასუხები

როდესაც ბავშვს ეხმარებით, გაუმკლავდეს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ საგონებელში ჩავარდეთ. რა უნდა ქნათ ამ დროს? * განვიხილოთ რამდენიმე კითხვა, რომლებიც ჩვეულებრივ ამ დროს ებადებათ.

უნდა დავუმალო ბავშვს ჩემი მწუხარება? ბუნებრივია, ყველა მშობელს სურს, დაიცვას შვილი. მაგრამ არის რაიმე ცუდი იმაში, რომ ბავშვმა დაინახოს მშობლის წუხილი? მრავალი მშობელი ფიქრობს, რომ არ არის საჭირო მწუხარების დამალვა და შვილს უხსნის, რომ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას ემოციების გამოხატვა ნორმალურია. ზოგმა ბავშვს ბიბლიიდან ის მონაკვეთები წაუკითხა, სადაც ბიბლიური პერსონაჟები მწუხარებას არ მალავენ. მაგალითად, იესო აცრემლდა, როდესაც მისი საყვარელი მეგობარი ლაზარე მოკვდა. მას არ დაუმალავს თავისი გრძნობები (იოანე 11:35).

უნდა ესწრებოდეს ბავშვი პანაშვიდს ან უნდა წავიყვანოთ ის სასაფლაოზე? თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ საჭიროა ბავშვის იქ ყოფნა, წინასწარ უნდა აუხსნას ყველაფერი — რა მოხდება და რატომ. ზოგჯერ მშობელი გადაწყვეტილებას იღებს, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო ბავშვი საერთოდ არაფერს დაესწროს ან გარკვეულ პროცესს არ დაესწროს. შეიძლება ბავშვისთვის ურიგო არ იყოს დაკრძალვისას იეჰოვას მოწმის მიერ წარმოთქმული ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენების მოსმენა. გარდა ამისა, და-ძმების „სათუთმა გრძნობებმა“ და სიყვარულმა შეიძლება ბავშვზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს და ანუგეშოს ის (რომაელები 12:10, 15; იოანე 13:34, 35).

უნდა ველაპარაკო ბავშვს გარდაცვლილზე? ზოგი ფსიქოლოგის აზრით, თუ საერთოდ არ ლაპარაკობთ გარდაცვლილზე, ბავშვმა შეიძლება არასწორად დაასკვნას, რომ რაღაცას უმალავთ ან მიცვალებულის დავიწყება გსურთ. მწერალმა ჯულია რათკიმ აღნიშნა: „მნიშვნელოვანია ბავშვებს ასწავლოთ, რომ არ დაივიწყონ საყვარელი ადამიანი და არ ეშინოდეთ მიცვალებულის“. გარდაცვლილზე თავისუფლად ლაპარაკი, მისი ხასიათის დადებითი მხარეებისა და კარგი საქმეების გახსენება, მწუხარებას ამსუბუქებს. იეჰოვას მოწმე მშობლები შვილებს დედამიწაზე სამოთხეში მკვდრეთით აღდგენის იმედით ანუგეშებენ, სადაც არც ავადმყოფობა იქნება და არც სიკვდილი (გამოცხადება 21:4).

როგორ დავეხმარო მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფ შვილს? ბავშვი შეიძლება დაავადდეს; უმწეობამ და გამოუვალმა მდგომარეობამ შესაძლოა აგრესიული გახადოს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბავშვი თავს დამნაშავედ იგრძნობს, უფრო მოგეკედლებათ ან პანიკაში ჩავარდება, როცა დაიგვიანებთ ან ავად გახდებით. როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ აფორიაქებულ შვილს? ბავშვმა არასდროს უნდა იგრძნოს, რომ მისი ცუდად ყოფნა შეუმჩნეველი გრჩებათ. ასე რომ, იყავით გამჭრიახი და ნუ გამოგრჩებათ მხედველობიდან, როგორ გრძნობს ბავშვი თავს. ეცადეთ, არ გააკეთოთ არასწორი დასკვნები და არ იფიქროთ, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილმა ბავშვზე არც ისე დიდი გავლენა იქონია. ყოველთვის დაამშვიდეთ ბავშვი და აღძარით, თავისუფლად დაგისვათ კითხვები და გულახდილად გელაპარაკოთ. „წერილებიდან მიღებული ნუგეშით“ შეგიძლიათ იმედი განუმტკიცოთ შვილს, და თავადაც გაძლიერდეთ (რომაელები 15:4).

რამდენ ხანში უნდა აღდგეს ოჯახში ცხოვრების ჩვეული რიტმი? სპეციალისტების აზრით, ოჯახი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, აკეთოს ყველაფერი, რასაც საყვარელი ადამიანის გარდაცვალებამდე აკეთებდა. ეს მათ მწუხარებასთან გამკლავებაში დაეხმარებათ. მრავალმა იეჰოვას მოწმე მშობელმა დაინახა, რომ რეგულარულად ბიბლიის ოჯახური შესწავლა და ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება ოჯახზე დადებით გავლენას ახდენდა — ისინი უფრო სტაბილურები და მტკიცენი ხდებოდნენ (კანონი 6:4—9; ებრაელები 10:24, 25).

მანამ, სანამ იეჰოვა ღმერთი ავადმყოფობასა და სიკვდილს მოსპობს, შეიძლება ბავშვებს სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება მოუწიოთ (ესაია 25:8). მაგრამ სათანადო ნუგეშისა და მხარდაჭერის წყალობით ბავშვი გაუძლებს საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 ამ სტატიაში მოცემულია რჩევები და არა კანონები. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში ჩვეულებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

[ჩანართი 19 გვერდზე]

აღძარით ბავშვი, დაგისვათ კითხვები და გელაპარაკოთ თავის სატკივარზე

[სურათი 20 გვერდზე]

რეგულარულად ჩაატარეთ ბიბლიის ოჯახური შესწავლა