არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი დაიცავით ბოროტი სულებისგან

თავი დაიცავით ბოროტი სულებისგან

თავი დაიცავით ბოროტი სულებისგან

ჯეიმზი კუნძულ მალაიტაზე გაიზარდა, რომელიც სოლომონის კუნძულებს ეკუთვნის. ბავშვობიდანვე მას სულების პატივისცემას ასწავლიდნენ. ის ამბობს: „სულებისთვის სხვების საზიანოდ არაფერი მითხოვია. მაგრამ ცხოვრება ვერც რარაფონოს [სულებისთვის დახმარების თხოვნის ტრადიცია] გარეშე წარმომედგინა. მეგონა, რომ ხიფათისგან ასე დავიცავდი თავს“.

სოლომონის კუნძულების მკვიდრებს სხვა ხალხების მსგავსად სჯერათ, რომ სულებს ადამიანის დახმარებაც შეუძლიათ და მისთვის ზიანის მიყენებაც. რაც შეეხება მელანეზიელებს, მათ სულაც არ ეშინიათ, ეგრეთ წოდებული, კეთილი სულების; პირიქით, უყვართ კიდეც.

სულების რწმენა ბევრ რამეში ვლინდება. მაგალითად, ჯეიმზს ბავშვობიდან ახსოვს, როგორ შერბოდნენ ქალები სახლებში ბავშვებთან ერთად კოელის (კოროკოროს) ხმის გაგონებაზე. მათი აზრით, ამ ჩიტის ხმა უბედურების მომასწავებელი იყო.

ზოგიერთ სოფელში ხალხი სპეციალურ თეთრ ქვას ამაგრებს კარის თავზე. ჯეიმზიც ასე იქცეოდა იმ იმედით, რომ ეს ბოროტი სულებისგან დაიცავდა. სამსახურში წახემსების შემდეგ ის არ ყრიდა საჭმლის ნარჩენებს, ჩანთაში აგროვებდა და მოგვიანებით აგდებდა ნაგავში იმის შიშით, რომ ჯადოქარს ნარჩენებისთვის არ შეელოცა და ავად არ გამხდარიყო.

შეიძლება თქვენს ქვეყანაში გავრცელებული არ არის ზუსტად ასეთი ტრადიციები, მაგრამ შესაძლოა იცავთ გარკვეულ წეს-ჩვეულებებს ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად. ალბათ ფიქრობთ, რომ სხვაგვარად თავს ვერ აარიდებთ უბედურებას.

თუ აფასებთ ბიბლიას, ალბათ, თქვენთვის საინტერესო იქნება მისი პასუხები შემდეგ კითხვებზე: 1) რა ზიანის მოყენება შეუძლიათ ბოროტ სულებს? 2) გიცავთ, თუ პირიქით, ბოროტი სულების გავლენაში გაქცევთ მსგავსი ტრადიციების დაცვა? 3) სინამდვილეში, როგორ უნდა დაიცვათ თავი ბოროტი სულებისგან?

როგორ აყენებენ ზიანს ბოროტი სულები ადამიანებს

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ბოროტი სულები მიცვალებულთა სულები არ არიან. მასში ნათქვამია: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). სინამდვილეში, ბოროტი სულები ურჩი ანგელოზები არიან, რომლებიც სატანასთან ერთად ცდილობენ ადამიანების შეცდენას (გამოცხადება 12:9).

ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ თავი უნდა დავიცვათ ბოროტი სულებისგან. ეფესოელ ქრისტიანებს პავლე მოციქული სწერდა: „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ . . . ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“. მოციქულმა პეტრემ ბოროტ სულთა მმართველს, სატანა ეშმაკს „მბრდღვინავი ლომი“ უწოდა, რომელიც „ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (ეფესოელები 6:12; 1 პეტრე 5:8).

სატანის მთავარი მიზანია, ადამიანები შეაცდინოს და ის გააკეთებინოს, რაც ღმერთს არ სიამოვნებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „თვით სატანაც . . . სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 კორინთელები 11:14). მას თავი მფარველ ანგელოზად მოაქვს, სინამდვილეში კი ბოროტი განზრახვა ამოძრავებს. ის გონებას უბრმავებს ადამიანებს, რათა მათ ვერ გაიგონ სიმართლე ვერც თავად მის და ვერც ღვთის შესახებ (2 კორინთელები 4:4). რატომ უბრმავებს სატანა ადამიანებს გონებას?

სატანას დიდება სწყურია, ამიტომ უნდა, რომ გათვითცნობიერებულად თუ გაუთვითცნობიერებლად ხალხი მას სცემდეს თაყვანს. მან ისიც კი მოინდომა, რომ ღვთის ძე, იესო ‘დამხობილიყო და თაყვანი ეცა’ მისთვის. იესოს პასუხი ასეთი იყო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი“» (მათე 4:9, 10). იესომ ყველაფერზე უარი თქვა, რაც სატანის თაყვანისცემად შეიძლება აღქმულიყო.

იეჰოვა ნებისმიერ სულიერ ქმნილებაზე ძლიერია და არ დაუშვებს, რომ მის მორჩილ ადამიანებს სატანამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს (ფსალმუნი 83:18; რომაელები 16:20). თუ გვინდა, რომ იესოსავით ვასიამოვნოთ იეჰოვა ღმერთს, უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც სატანისა და მისი დემონების თაყვანისცემის ტოლფასი იქნება. ეს რომ არ მოხდეს, უნდა გავერკვეთ, ჩვენთვის ნაცნობი წეს-ჩვეულებებიდან რომელიმე ხომ არ ემსახურება ბოროტი სულებისთვის პატივის მიგებას. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

რომელი წეს-ჩვეულებები არ სიამოვნებს ღმერთს

ძველად იეჰოვა ღმერთმა თავისი ერი, ისრაელი გააფრთხილა, არ გადაეღოთ მეზობელი ერების წეს-ჩვეულებები. მან უთხრა: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი“. ბიბლიაში ნათქვამია: „ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12).

ამგვარად, როცა საქმე ეხება ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ რომელიმე წეს-ჩვეულებას, უნდა დავფიქრდეთ: ხომ არ უკავშირდება ის ცრურწმენას? მიეწერება რომელიმე საგანს ზებუნებრივი ძალა? უკავშირდება ეს ვინმეს მოჯადოებას ან ჯადოსგან თავის დაცვას? ამ ჩვეულების დაცვით, იეჰოვასა და იესოს ნაცვლად, სხვა რომელიმე სულის მიმართ ხომ არ ვავლენთ მორჩილებას? (რომაელები 14:11; ფილიპელები 2:9, 10).

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ უარი თქვათ ასეთ ტრადიციებზე, რადგან მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით თქვა: «შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც». პავლეს სიტყვების თანახმად, ისინი, ვინც ცდილობდნენ ღვთისთვისაც ესიამოვნებინათ და სხვა სულებისთვისაც, ‘იეჰოვას განრისხებას ბედავდნენ’ (1 კორინთელები 10:20—22). იეჰოვა ღმერთი ჩვენგან განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს და ამას იმსახურებს კიდეც (გამოსვლა 20:4, 5).

დავფიქრდეთ ამ კითხვაზეც: ეს წეს-ჩვეულება მხარს ხომ არ უჭერს იმ აზრს, რომ ადამიანი პასუხისმგებელი არ არის თავის მოქმედებებზე? მაგალითად, მრუშობა და ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი ბევრ კულტურაში მიუღებლად ითვლება და ამას ბიბლიაც გმობს (1 კორინთელები 6:9, 10). მაგრამ წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე სავსებით მისაღებია, გოგომ თქვას, რომ ის „მწვანეფოთლიანია“, * რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჯადო ჰქონდა გაკეთებული და ამიტომ დაამყარა მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე (რომაელები 14:12; გალატელები 6:7). პირველი ქალი, ევა, თვლიდა, რომ სატანამ აიძულა, არ დამორჩილებოდა ღმერთს. მან თქვა: „გველმა . . . მან მაცდუნა და მეც ვჭამე“. მაგრამ იეჰოვამ პასუხი აგებინა ევას თავის საქციელზე (დაბადება 3:13, 16, 19). ის ჩვენც მოგვთხოვს პასუხს! (ებრაელები 4:13)

რა უნდა გავაკეთოთ

სიმტკიცე დაგჭირდებათ, თუ გსურთ, ღმერთს ასიამოვნოთ და ბიბლიის პრინციპებით იცხოვროთ. პირველ საუკუნეში ეფესოში მცხოვრებმა გულწრფელმა ადამიანებმა ამ მხრივ კარგი მაგალითი მოგვცეს. ბოროტი სულებისგან რომ დაეცვათ თავი, მათ მოაგროვეს სპირიტული შინაარსის წიგნები და ‘ყველას თვალწინ დაწვეს’ (საქმეები 19:19).

ვიდრე ამას გააკეთებდნენ, მრავალი მათგანი „მოდიოდა და საჯაროდ აღიარებდა თავის საქმეებს“ (საქმეები 19:18). პავლეს ქადაგება ქრისტეს შესახებ იმდენად შეეხო ეფესოელების გულს, რომ მათ არა მარტო წიგნები გადაყარეს, არამედ მთლიანად შეიცვალეს ტრადიციებისადმი თავიანთი დამოკიდებულება.

ფაქტია, რომ ტრადიციების მიტოვება არც ისე ადვილია. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ჯეიმზმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან, რაც ძალიან მოსწონდა. თუმცა დახმარებისთვის ისევ სულებს მიმართავდა. ერთხელაც გულდასმით დაუკვირდა ყველაფერს და მიხვდა, რომ იეჰოვას დაპირებების სჯეროდა, მაგრამ საფრთხისგან თავის დაცვას მაინც ტრადიციული წეს-ჩვეულებებით ცდილობდა.

რა დაეხმარა ჯეიმზს თვალსაზრისის შეცვლაში? ის ამბობს: „იეჰოვას ვთხოვდი მფარველობას და იმას, რომ მისადმი ნდობა მესწავლა. ამავე დროს ვცდილობდი, მიმეტოვებინა არასწორი წეს-ჩვეულება“. ცუდი ხომ არაფერი შეემთხვა მას ამის გამო? ჯეიმზის თქმით არა. „ერთადერთი რაც შემემთხვა ის იყო, რომ იეჰოვაზე მინდობა ვისწავლე. ახლა ვხვდები, რამდენად ახლობელი გახდა ჩემთვის იეჰოვა“. შვიდი წელია, რაც ჯეიმზი სრული დროით მსახურობს და სხვებსაც ეხმარება იმის გაგებაში, თუ სინამდვილეში რას გვასწავლის ბიბლია.

კარგს იზამთ, თუ მიჰბაძავთ ჯეიმზს. დაფიქრდით იმ ტრადიციებზე, რომლებსაც თქვენში მისდევენ და გონივრული მსჯელობით გადაწყვიტეთ, შეესაბამება თუ არა ისინი „ღვთის ნებას“ (რომაელები 12:1, 2). ძალა მოიკრიბეთ და მიატოვეთ ცრურწმენასთან დაკავშირებული ადათ-წესები. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ გქონდეთ იმის იმედი, რომ იეჰოვა „მიგიღებთ“ და დაგიფარავთ (2 კორინთელები 6:16—18). ჯეიმზივით თქვენც დარწმუნდებით ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“ (იგავები 18:10).

[სქოლიო]

^ აბზ. 18 ტერმინი „მწვანეფოთლიანი“ უკავშირდება რომელიმე მცენარის ფოთლის ან რაიმე საჭმლის შელოცვის ტრადიციას. შელოცვილ ფოთოლს ან საჭმელს გოგოს აძლევენ, რადგან კუნძულელებს სჯერათ, რომ მას მამაკაცისკენ ლტოლვა გაუჩნდება. ეს განსხვავდება იმ შემთხვევისგან, როცა გოგოს ნარკოტიკებით აბრუებენ და აიძულებენ სქესობრივ კავშირს. ასეთ დროს გოგო უდანაშაულოდ ითვლება.

[სურათი 19 გვერდზე]

კოელი

[საავტორო უფლება]

Courtesy of Dr. Bakshi Jehangir

[სურათი 19 გვერდზე]

გოგონა აგროვებს საჭმლის ნარჩენებს იმის შიშით, რომ ვინმემ არ შეულოცოს