არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

3 ჭეშმარიტება იესოს შესახებ

3 ჭეშმარიტება იესოს შესახებ

3 ჭეშმარიტება იესოს შესახებ

„ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

პრობლემა: ზოგის აზრით, იესოს არასდროს უცხოვრია. სხვებს სჯერა მისი არსებობის, მაგრამ თვლიან, რომ ის ერთი უბრალო მოკვდავი იყო.

გამოსავალი: მიჰბაძეთ იესოს ერთ-ერთ მოწაფეს, ნათანაელს. * მას ფილიპემ უთხრა, რომ იპოვა მესია, „იესო, იოსების ვაჟი, ნაზარეთიდან“. მაგრამ ნათანაელს მაშინვე არ დაუჯერებია მეგობრის სიტყვები და თქვა: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?“. მაგრამ მაინც გაჰყვა ფილიპეს იმის სანახავად, თუ ვინ იყო იესო (იოანე 1:43—51). კარგს იზამთ, თუ თქვენც გამოიკვლევთ იესოსთან დაკავშირებულ ფაქტებს.

ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ იესო ნამდვილად არსებობდა. პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსები, იოსებ ფლავიუსი და ტაციტუსი, არ იყვნენ ქრისტიანები. თავიანთ ნაშრომებში ისინი იესოს რეალურ პიროვნებად მოიხსენიებდნენ. ახ. წ. 64 წელს რომის გადაწვაში იმპერატორი ნერონი ქრისტიანებს ადანაშაულებდა. ამ ფაქტის შესახებ ტაციტუსი წერდა: „ნერონმა ყველაფერი გადააბრალა ადამიანებს, რომლებსაც ხალხი ქრისტიანებს უწოდებდა. ისინი სძულდათ სისაძაგლეთა გამო და ნერონმა ადვილად გაიმეტა უსასტიკესი ტანჯვისთვის. ქრისტუსი [ქრისტე], რომლის სახელსაც ეს ხალხი ატარებს, ტიბერიუსის მმართველობის დროს პროკონსულმა პონციუს [პონტიუს] პილატემ სიკვდილით დასაჯა“.

პირველ და მეორე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსთა იმ ნაშრომების შესახებ, სადაც იესო და ადრინდელი ქრისტიანები არიან მოხსენიებული, ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებით დასტურდება, რომ ძველ დროში ქრისტიანების მოწინააღმდეგეებსაც კი არასდროს შეუტანიათ ეჭვი იესოს არსებობაში, რაზეც პირველად და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს კამათი მე-18 საუკუნის მიწურულს, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა“ (Encyclopædia Britannica, 2002 წლის გამოცემა). 2002 წელს ერთი ჟურნალის სარედაქციო სტატიაში ეწერა: „თუ არ ჩავთვლით ზოგ ათეისტს, მეცნიერთა უმეტესობამ იესო ნაზარეთელი უკვე აღიარა ისტორიულ პიროვნებად“ (The Wall Street Journal).

იესოს აღდგომის დამადასტურებელი მტკიცებები. დაპატიმრებული იესო ახლობლებმა მიატოვეს. მისმა მეგობარმა პეტრემ შიშისგან ისიც კი უარყო, რომ იცნობდა მას (მათე 26:55, 56, 69—75). იესოს მიმდევრები გაიფანტნენ (მათე 26:31). მაგრამ მალე მისი მოწაფეები კვლავ გააქტიურდნენ. პეტრე და იოანე გაბედულად დაუპირისპირდნენ იესოს მკვლელებს. იესოს მოწაფეებმა მისი მოძღვრება მთელ რომის იმპერიაში გაავრცელეს. თავიანთი მრწამსის დასაცავად ისინი სიკვდილსაც არ უშინდებოდნენ.

რამ განაპირობა მოწაფეების ასეთი რადიკალური ცვლილება? მოციქულმა პავლემ განმარტა, რომ იესო აღდგა მკვდრეთით და „ეჩვენა კეფას [პეტრეს], შემდეგ კი — თორმეტს. შემდეგ ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად“. იმ დროს, როცა პავლე ამ სიტყვებს წერდა, თვითმხილველთა უმეტესობა ცოცხალი იყო (1 კორინთელები 15:3—7). ორი ან სამი მოწმის ჩვენება სკეპტიკოსებს შესაძლოა არაფრად ჩაეგდოთ, მაგრამ ხუთასზე მეტი თვითმხილველის მოწმობა საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ იესო მკვდრეთით აღდგა (ლუკა 24:1—11).

შედეგი: ვისაც სწამს იესო და ემორჩილება მას, ცოდვები მიეტევება და სუფთა სინდისი ექნება (მარკოზი 2:5—12; 1 ტიმოთე 1:19; 1 პეტრე 3:16—22). თუ დაიღუპებიან, იესო ჰპირდება მათ, რომ აღადგენს „უკანასკნელ დღეს“ (იოანე 6:40).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 4, „ვინ არის იესო ქრისტე?“ და თავი 5, „გამოსასყიდი — ღვთის უძვირფასესი საჩუქარი“. *

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში ნათანაელი ბართლომედ არის მოხსენიებული.

^ აბზ. 10 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 7 გვერდზე]

ნათანაელის მსგავსად თქვენც გამოიკვლიეთ იესოსთან დაკავშირებული ფაქტები