არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

დატოვეს ქრისტიანებმა იუდეა იერუსალიმის განადგურებამდე, ახ. წ. 70 წლამდე?

„როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ“ (ლუკა 21:20, 21). იესომ ასეთი მითითება იმიტომ მისცა თავის მოწაფეებს, რომ იერუსალიმი მალე უნდა განადგურებულიყო. არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მოწაფეებმა ყურად იღეს იესოს გაფრთხილება?

იესოს სიკვდილის შემდეგ რამდენიმე ათწლეული იყო გასული, როცა რომაელი მხედართმთავარი ცესტიუს გალუსი იუდეველთა აჯანყების ჩასახშობად თავისი ჯარით პალესტინაში შეიჭრა. ამ ლაშქრობის შესახებ ცნობებს იმ დროის იუდეველი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, ნაშრომებშიც ვხვდებით. იერუსალიმი რომაელთა ჯარებს ალყაში ჰყავდა მოქცეული და, როგორც ჩანდა, ქალაქი მალე დაეცემოდა. მაგრამ მოულოდნელად გალუსმა ალყა მოხსნა ქალაქს. საეკლესიო მწერლისა და ისტორიკოსის, ევსები კესარიელის, ცნობით, ქრისტიანებმა დრო იხელთეს და მთიან მხარეში, დეკაპოლისში, მდებარე ქალაქ პელას შეაფარეს თავი.

რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ, ახ. წ. 70 წელს, სხვა რომაელმა მხედართმთავარმა, ტიტუსმა შემოარტყა ალყა იუდეველთა დედაქალაქს. ამჯერად რომაელთა ჯარმა გალუსის მიერ წამოწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და ქალაქი მიწასთან გაასწორა. ასობით ათასმა იუდეველმა ქალაქიდან გასვლა ვერ მოახერხა და მტრის მახვილით დაეცა.

ვინ იყვნენ „წინასწარმეტყველთა ძეები“?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ წინასწარმეტყველებს — სამუელს, ელიასა და ელისეს — ურთიერთობა ჰქონდათ მამაკაცებთან, რომლებიც „წინასწარმეტყველთა ძეებად“ იწოდებოდნენ. მაგალითად, როცა ელისეს ისრაელის მეფედ უნდა ეცხო იეჰუ, ეს მან „წინასწარმეტყველთა ძეთაგან ერთ-ერთს“ დაავალა (2 მეფეები 9:1—4).

თეოლოგთა აზრით, „წინასწარმეტყველთა ძეებში“ იგულისხმებოდა წინასწარმეტყველთა ჯგუფი, რომლებიც ასწავლიდნენ ან ერთად მსახურობდნენ, და არა უშუალოდ წინასწარმეტყველთა შთამომავლები. ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალის თანახმად, „წინასწარმეტყველთა ძეებად“, როგორც ჩანს, იწოდებოდნენ ის კაცები, რომელთაც „იაჰვეს [იეჰოვას] მსახურებისთვის ჰქონდათ თავი მიძღვნილი და რომელიმე წინასწარმეტყველის მითითებებისამებრ მოქმედებდნენ . . . ეს წინასწარმეტყველი მათი სულიერი მამა იყო“ (Journal of Biblical Literature) (2 მეფეები 2:12). იეჰუს მეფედ ცხების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიიდან ვიგებთ, რომ ელისეს მიერ გაგზავნილ „წინასწარმეტყველთა ძეს“ „წინასწარმეტყველის მსახურიც“ ეწოდებოდა (2 მეფეები 9:4).

ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ „წინასწარმეტყველთა ძეები“ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. ელისეს თანამედროვე „წინასწარმეტყველთა ძეები“ თავად იშენებდნენ საცხოვრებელს და ცულიც კი ნათხოვარი ჰქონდათ (2 მეფეები 6:1—5). ზოგიერთ მათგანს ცოლიც ჰყავდა, რაშიც გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ ბიბლიაში მოხსენიებულია ერთ-ერთი „წინასწარმეტყველთა ძის“ ქვრივი (2 მეფეები 4:1). როგორც ჩანს, ერთგული ისრაელები დიდად აფასებდნენ „წინასწარმეტყველთა ძეების“ შრომას, რადგან ბიბლიის ერთი მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ ისინი მათ საკვებითაც უზრუნველყოფდნენ (2 მეფეები 4:38, 42).