არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა სახის მელანსა და კალამს იყენებდნენ ბიბლიურ დროში?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მოციქული იოანე თავის მესამე წერილს შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მსურს, მელნითა და კალმით განვაგრძო წერა“. ბერძნული სიტყვები, რომლებიც იოანემ ამ მუხლში გამოიყენა, სიტყვასიტყვით ნიშნავს, რომ მას აღარ სურდა, გაეგრძელებინა წერა „ჭვარტლითა [მელნითა] და ლერწმით“ (3 იოანე 13, „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“).

მწიგნობრები კალმად ლერწმის ღეროს იყენებდნენ. ლერწმის ღეროს სიგრძეზე დიაგონალურად ჭრიდნენ და წვერს უთლიდნენ. როცა წვერი ბლაგვდებოდა, მწიგნობრები პემზის ქვის მეშვეობით ლერწამს ხელმეორედ უთლიდნენ წვერს. ეს საწერი საშუალება თავისი ფორმითა და დანიშნულებით ძლიერ წააგავდა თანამედროვე მელნის კალამს, რომელსაც ლითონის წვერი აქვს.

ბიბლიურ დროში მელანი წარმოადგენდა ჭვარტლისა და რბილი ფისის ნარევს. ეს უკანასკნელი ამ ნაერთს კრავდა. ასეთი მელანი მყარი სახით იყიდებოდა და სასურველი სისქის სითხის მისაღებად წყალს ამატებდნენ. ასეთი მელნით ადვილად წერდნენ პაპირუსსა და პერგამენტზე. გარდა ამისა, პაპირუსისა და პერგამენტის ზედაპირი მას არ შეიწოვდა. სწორედ ამის წყალობით, მწერალს ნებისმიერი შეცდომის გასწორება შეეძლო სველი ღრუბლით, რომელიც მისი საწერი მოწყობილობების განუყოფელი ატრიბუტი იყო. რადგანაც ბიბლიის დამწერებისთვის ცნობილი იყო მელნის ეს თავისებურება, გასაგებია, თუ რას გულისხმობდნენ ისინი, როცა ამბობდნენ, რომ სიცოცხლის წიგნიდან სახელები ამოიშლებოდა (გამოსვლა 32:32, 33; გამოცხადება 3:5).

როგორ კარვებს კერავდა მოციქული პავლე?

საქმეების 18:3-ში ვკითხულობთ, რომ მოციქული პავლე კარვებს კერავდა. ბიბლიურ დროში კარვების შესაკერად აქლემისა და თხის ბეწვით ნაქსოვ ნაჭრებს იყენებდნენ. ამ ნაჭრებს ისინი ერთმანეთს აკერებდნენ და მომთაბარეთათვის კარვებს კერავდნენ. იმ დროს კარვების უმეტესობას, ძირითადად, ტყავით კერავდნენ, თუმცა მათ შესაკერად სელსაც იყენებდნენ. სელის ნაჭრებს პავლეს მშობლიურ ქალაქში, ტარსოსში ამზადებდნენ. როგორც ჩანს, პავლე კარვების შესაკერად ტყავსაც იყენებდა და სელსაც. აკვილასთან თანამშრომლობის დროს პავლე შეიძლება სელის საჩრდილობლებს კერავდა, რომელთაც სახლის შიდა ეზოში მზისგან მოსაჩრდილებლად იყენებდნენ.

როგორც ჩანს, პავლემ ეს ხელობა სიყმაწვილეში შეისწავლა. როგორც ეგვიპტური პაპირუსებიდან ვიგებთ, რომაელთა ბატონობის დროს შეგირდები ეგვიპტეში ხელობის შესწავლას დაახლოებით 13 წლის ასაკში იწყებდნენ. თუ პავლემაც ამ ასაკში დაიწყო ხელობის შესწავლა, 15-16 წლისას უკვე თავისუფლად შეეძლებოდა ქსოვილისაგან სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნაჭრების გამოჭრა და საჭირო ხელსაწყოების ოსტატურად გამოყენება. „იმ დროისთვის, როცა პავლე ამ ხელობის შესწავლას დაასრულებდა, ალბათ, უკვე ექნებოდა საკუთარი ინსტრუმენტები, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში. — რადგან მკერავს მხოლოდ საჭრელები და სადგისები სჭირდებოდა, მათი თან ტარება და საკუთარი ხელობით თავის გატანა ყველგან შეეძლო“ (The Social Context of Paul’s Ministry). სწორედ ეს აძლევდა პავლეს იმის საშუალებას, რომ მისიონერული მოგზაურობის დროს თავი ერჩინა.