არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კითხვა 1 აქვს აზრი ჩემს ცხოვრებას?

კითხვა 1 აქვს აზრი ჩემს ცხოვრებას?

როზალინდი, რომელიც ინგლისში გაიზარდა, პატარაობიდანვე სწავლას იყო მოწყურებული. მას ხალხის დახმარების სურვილიც ჰქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ როზალინდი პრესტიჟულ ადგილას მუშაობდა. ის აგრეთვე ეხმარებოდა უსახლკაროებს, უნარშეზღუდულებსა და ინვალიდებს. მიუხედავად იმისა, რომ როზალინდს სასურველი სამუშაო და კარგი შემოსავალი ჰქონდა, ასეთ რამეს ამბობს: „წლების მანძილზე მოსვენებას მიკარგავდა იმაზე ფიქრი, თუ რისთვის ვარსებობდი და რა იყო ცხოვრების აზრი?“

რატომ გვებადება კითხვები?

ადამიანებს ცხოველებისგან განსხვავებით აზროვნების უნარი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე, დავგეგმოთ მომავალი და უმიზნოდ არ გავლიოთ ცხოვრება.

რა თვალსაზრისი აქვს ზოგს?

ბევრისთვის ცხოვრებაში უმთავრესია სახელისა და ქონების მოხვეჭა. მათ სწორედ ეს მიაჩნიათ ბედნიერების საწინდრად.

რაზე მოწმობს მათი თვალსაზრისი?

ისინი თავად საზღვრავენ, რა არის უმნიშვნელოვანესი ცხოვრებაში. მათთვის ღვთის ნების შესრულებაზე წინ პირადი სურვილები დგას.

რას ამბობს ბიბლია?

მეფე სოლომონმა აურაცხელი სიმდიდრე დააგროვა და არც ქვეყნიური სიამენი დაუკლია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა მან ვერ დაინახა ცხოვრების აზრი. სოლომონმა დაწერა, თუ რა სძენდა სიცოცხლეს ნამდვილ აზრს: „ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლესიასტე 12:13). რას ნიშნავს ღვთის მცნებების დაცვა?

ღვთის განზრახვაში ისიც შედიოდა, რომ დავმტკბარიყავით ცხოვრებით. სოლომონმა თქვა: „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით. ვნახე, რომ ესეც ჭეშმარიტი ღვთის ხელიდანაა“ (ეკლესიასტე 2:24).

ღმერთს აგრეთვე სურს, რომ გვიყვარდეს საკუთარი ოჯახის წევრები და ვიზრუნოთ მათზე. ყურადღება მიაქციეთ, რა მარტივ და პრაქტიკულ რჩევებს აძლევს ბიბლია ოჯახის თითოეულ წევრს:

თუ ამ ბიბლიურ პრინციპებს გამოვიყენებთ, კმაყოფილებასაც ვიგრძნობთ და სიხარულიც არ მოგვაკლდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალ-ღონე არ დავიშუროთ ჩვენი შემოქმედის გასაცნობად და მასთან დასამეგობრებლად. ბიბლია მოგვიწოდებს კიდეც, რომ „დავუახლოვდეთ ღმერთს“, რადგან ამ შემთხვევაში „ისიც დაგვიახლოვდება“ (იაკობი 4:8). თუ გამოეხმაურებით ამ მოწვევას, თქვენი ცხოვრება ნამდვილ აზრს შეიძენს.

ზემოხსენებულმა როზალინდმა უკვე იპოვა ცხოვრების აზრი. ამ ჟურნალის მე-10 გვერდზე თქვენ შეიტყობთ, რამ უბიძგა მას, შეეცვალა თვალსაზრისი.