არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ ეწოდებოდა ძველ ნინევეს „სისხლისმღვრელი ქალაქი“?

კედლის რელიეფი, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აგროვებენ ერთ ადგილას ჯარისკაცები დატყვევებულთა თავებს

ნინევე იყო ასურეთის იმპერიის დედაქალაქი. ეს იყო ძლევამოსილი ქალაქი დიდებული სასახლეებით, ტაძრებით, განიერი ქუჩებითა და მასიური კედლებით. ებრაელმა წინასწარმეტყველმა ნაუმმა მას „სისხლისმღვრელი ქალაქი“ უწოდა (ნაუმი 3:1).

ასურეთში სინახერიბის სასახლის კედლებზე ასახული რელიეფი აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ასურელები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთ კედელზე აღწერილია, როგორ გლეჯენ ენას მიწაზე დაჭედებულ ტყვეს. საოცარი ამბიციითაა აღწერილი ისიც, თუ როგორ მიათრევენ თოკებით ცხვირში და ტუჩებში კაუჭგამოდებულ ტყვეებს. დატყვევებული ქალაქების დიდებულებსა და მთავრებს აიძულებდნენ, თავიანთი მეფეების მოჭრილი თავები კისერზე ჩამოეკიდათ და სამკაულებივით ეტარებინათ.

ასირიოლოგი არჩებალდ ჰენრი სეისი აღწერს ერთ-ერთ დაპყრობილ ქალაქში ასურელების ბარბაროსულ საქციელს: „ადამიანის თავებისგან აგებული პირამიდები მიუთითებდა დამპყრობლების მიერ გავლილ გზაზე. ბიჭებსა და გოგონებს ცოცხლად წვავდნენ ან უფრო უარესი სასჯელისთვის ინახავდნენ. კაცებს ძელზე აკრავდნენ, ცოცხლად ატყავებდნენ, თვალებს თხრიდნენ, ან ხელებს, ფეხებს, ყურებსა და ცხვირებს აჭრიდნენ“.

რატომ ჰქონდა ებრაელთა სახლის ბანებს მოაჯირი შემოვლებული?

ებრაელებს ღმერთმა უბრძანა: „როცა სახლს აიშენებ, ბანს მოაჯირიც გაუკეთე, რომ არავინ გადმოვარდეს და შენს სახლს სისხლი არ მოეკითხოს“ (კანონი 22:8). უსაფრთხოების ასეთი ზომების დაცვა აუცილებელი იყო, რადგან ბიბლიურ დროში ებრაელები ბანს ხშირად იყენებდნენ.

ისრაელები სახლებს უმეტესწილად ბრტყელ სახურავებს უკეთებდნენ. ოჯახის წევრები ხშირად ადიოდნენ ბანზე, სადაც მზეს ეფიცხებოდნენ და სახლის საქმეებს აკეთებდნენ. ზაფხულში ბანზე ძილს არაფერი სჯობდა (1 სამუელი 9:26). მიწათმოქმედი ბანზე აშრობდა მარცვლეულს, ლეღვსა და ქიშმიშს (იესო ნავეს ძე 2:6).

ბანს თაყვანისმცემლობისთვისაც იყენებდნენ. ბიბლიიდან ჩანს, რომ ზოგი ებრაელი ბანზე ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს, ზოგი კი — ცრუ ღმერთებს (ნეემია 8:16—18; იერემია 19:13). ერთხელ მოციქული პეტრე შუადღისას ბანზე ავიდა სალოცავად (საქმეები 10:9—16). ზოგი ბანზე ვაზის ან პალმის ტოტების საჩრდილობელს აკეთებდა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა იქ დასვენებას.

ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ბანზე ასასვლელად ისრაელების სახლებს „კიბე გარედან ჰქონდათ მიშენებული ან მიდგმული“ (The Land and the Book). ამგვარად ოჯახის წევრებს სახლში შეუსვლელად შეეძლოთ ბანზე ასვლა და ჩამოსვლა. ალბათ, ამით აიხსნება იესოს გაფრთხილება, რომელიც მან დასაღუპავად განწირული ქალაქიდან დაუყოვნებლივ გაქცევასთან დაკავშირებით წარმოთქვა: „ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს სახლიდან რამის ასაღებად“ (მათე 24:17).