არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა აღმზრდელობით ზომებს უნდა მიმართონ მშობლებმა?

რა აღმზრდელობით ზომებს უნდა მიმართონ მშობლებმა?

„ნერვებდაწყვეტილი ყველა გამვლელი მანქანის ხმას ყურს ვუგდებდი. ჯორდანმა უკვე მესამედ დააგვიანა. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, ნეტავ სად არის ამდენ ხანს? რამე ხომ არ შეემთხვა? ნუთუ მისთვის სულერთია, რომ ასე ვნერვიულობთ? როცა მოვიდა, ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამეგლიჯა“ (ჯორჯი).

„ჩემი ქალიშვილი ისეთი კივილით გამოვარდა, მეგონა ქვეყანა დაიქცა. რომ მივიხედე, დავინახე, თავზე ხელები წაევლო და გულამოსკვნით ტიროდა. თურმე თავის ოთხი წლის ძმას მისთვის თავში ჩაურტყამს“ (ნიკოლი).

«„ბეჭედი არ მომიპარავს, მე ის ვიპოვე“, — გვითხრა ჩვენმა ექვსი წლის ქალიშვილმა, ნატალიმ. დიდი ცისფერი თვალებით უცოდველი კრავივით შემოგვყურებდა. ვიცოდით, რომ ტყუოდა, მაგრამ ვერაფრით გამოვტეხეთ. ამან ისე გვატკინა გული, რომ ცრემლები წამოგვივიდა» (სტეფანი).

მშობელებო, შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორი რეაქცია გქონდათ მსგავს სიტუაციებში? გიფიქრიათ ასეთ დროს, როგორ დაგესაჯათ შვილი ან საერთოდ უნდა დაგესაჯათ თუ არა? არასწორია შვილების დასჯა?

რა იგულისხმება დასჯაში?

ბიბლია სიტყვა „დასჯაში“ მაინცდამაინც მკაცრი აღმზრდელობითი ზომების გატარებას არ გულისხმობს. დასჯაში უმთავრესად რჩევა-დარიგების მიცემა მოიაზრება. დასჯა არავითარ შემთხვევაში არ მოიცავს შეურაცხყოფის მიყენებას ან სასტიკად მოპყრობას (იგავები 19:18).

მშობლის მხრიდან შვილების დასჯა ანუ აღმზრდელობითი ზომების მიღება შეიძლება მებაღეობას შევადაროთ. მცენარემ რომ გაიხაროს, მებაღე მას რწყავს და კვებავს. იგი მას პარაზიტებისა და სარეველასგანაც იცავს. მცენარემ რომ ტანი აიყაროს და სწორი მიმართულებით წავიდეს, საჭიროა გასხვლა. მებაღემ იცის, რომ ყველა ეს პროცედურა დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. მშობლებიც მრავალმხრივ ზრუნავენ შვილებზე. მათ იციან, რომ ზოგჯერ შვილებსაც სჭირდებათ დასჯა, ასე ვთქვათ, გასხვლა ანუ ადრეულ ასაკში არასწორი მიდრეკილებების მოშორება და მათთვის სწორი მიმართულების მიცემა. თუ მებაღემ გასხვლისას სიფრთხილე არ გამოიჩინა, შეიძლება მცენარე დაზიანდეს. მსგავსადვე, მშობელი სიყვარულით უნდა მოქმედებდეს, როცა შვილს სჯის.

ბიბლიის ავტორი, იეჰოვა ღმერთი, ამ მხრივ მშობლებს შესანიშნავ მაგალითს აძლევს. რჩევა-დარიგებები, რომლებსაც ღმერთი თავის მორჩილ თაყვანისმცემლებს აძლევს, იმდენად ეფექტური და სასურველია, რომ მათ უყვარდებათ მისი დარიგებები (იგავები 12:1). ისინი ეჭიდებიან ღვთის დარიგებას და იცავენ მის მითითებებს (იგავები 4:13). თქვენი შვილი ადვილად მიიღებს დასჯას, თუ ამ დროს გაითვალისწინებთ სამ ძირითად ფაქტორს, რომელსაც ღმერთი მხედველობაში იღებს დასჯისას. ეს არის სიყვარული, გონიერება და სიმტკიცე.

 სიყვარულის გამოვლენა

იეჰოვა სიყვარულიდან გამომდინარე გვსჯის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს, როგორც შვილის მოყვარული მამა“ (იგავები 3:12). გარდა ამისა, „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი“ (გამოსვლა 34:6). აქედან გამომდინარე, ღმერთი არასოდეს ავლენს სისასტიკეს. ის არც უხეშ სიტყვებს იყენებს, არც გამუდმებულ კრიტიკას და არც სარკაზმს, რაც „მახვილივით ჭრის“ (იგავები 12:18).

მოუსმინეთ

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ მშობელს არ შეუძლია ბოლომდე მიჰბაძოს იეჰოვას, რომელიც სრულყოფილად ავლენს თავშეკავებას. ზოგჯერ შეიძლება მოთმინების ძაფი გაგიწყდეთ, ამიტომ განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ შვილს იმ მომენტში სჯით, როცა გაცეცხლებული ხართ, დიდია იმის ალბათობა, რომ ზედმეტი მოგივიდეთ და ბავშვს სასტიკად მოექცეთ; ყოველივე ამან კი შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს. გარდა ამისა, ცხელ გულზე დასჯა სულაც არ იქნებოდა აღმზრდელობითი ზომა. თქვენი მხრიდან ეს მხოლოდ თავშეუკავებლობის გამოვლენა იქნებოდა და მეტი არაფერი.

მეორე მხრივ, დასჯის დროს სიყვარულისა და თავშეკავების გამოვლენას უკეთესი შედეგები მოაქვს. ვნახოთ, როგორ მოიქცნენ ზემოთ მოხსენიებული მშობლები ჯორჯი და ნიკოლი.

ილოცეთ

„ჯორდანი რომ მოვიდა, მე და ჩემი ცოლი ძალიან ვიყავით გაბრაზებულები, მაგრამ მოთმინებით ვისმენდით მის ახსნა-განმარტებას. რადგან უკვე გვიანი იყო, გადავწყვიტეთ, მას დილით დავლაპარაკებოდით. ერთად ვილოცეთ და დავიძინეთ. მეორე დღეს დამშვიდებულებმა უკეთ შევძელით მასთან წყნარად საუბარი და იმის დანახვება, თუ რა იყო მის საქციელში არასწორი. ის მიხვდა თავის შეცდომას და დაგვპირდა, რომ გაითვალისწინებდა ჩვენ მიერ დადგენილ შეზღუდვებს. დავინახეთ, რომ თუ ცხელ გულზე არაფერს გააკეთებ, კარგ შედეგებს მიიღებ. იმის გამო, რომ რისხვა არ გადმოვანთხიეთ და მოვუსმინეთ, საქმე კარგად წავიდა“ (ჯორჯი).

ესაუბრეთ

„კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, როცა ვნახე, რა უმოწყალოდ დაურტყამს ჩემს ბიჭს თავისი დისთვის. ვეცადე, თავი ხელში ამეყვანა; ბავშვს ვუთხარი, რომ თავის ოთახში შესულიყო, რადგან ვშიშობდი, გაბრაზებულს ზედმეტი არ მომსვლოდა. მოგვიანებით, ცოტა რომ დავმშვიდდი, ბავშვს მკაცრად დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ ძალადობა არ შეიძლებოდა, მერე დაიკოს დაზიანებული თავი ვაჩვენე. ასეთმა მიდგომამ შედეგი გამოიღო. მან ბოდიში მოუხადა თავის დას და გადაეხვია“ (ნიკოლი).

 დიახ, სწორი აღმზრდელობითი ზომების გატარებისას, თუნდაც მკაცრად დასჯისას, მშობელი ყოველთვის სიყვარულით უნდა მოქმედებდეს.

გონიერების გამოვლენა

იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად სჯის (იერემია 30:11; 46:28). ის ყველა გარემოებას ითვალისწინებს, მათ შორის შეუმჩნეველსაც. როგორ შეუძლიათ მშობლებს მსგავსად მოიქცნენ? სტეფანი ამბობს: „ნატალი გვატყუებდა და არაფრის დიდებით არ აღიარებდა, რომ ბეჭედი მოიპარა. ეს ძალიან გვტკენდა გულს. მიუხედავად ამისა, ვცდილობდით, გაგვეთვალისწინებინა მისი ასაკი“.

ნიკოლის ქმარი რობერტიც ცდილობს, მხედველობაში მიიღოს ყველა გარემოება. ყოველთვის, როცა ბავშვები ცუდად იქცევიან, ის ფიქრობს: ეს ერთხელ მოუვიდათ, თუ უკვე ჩვევაში აქვთ გადასული? ბავშვი დაღლილი ხომ არ არის ან თავს ცუდად ხომ არ გრძნობს? მისი საქციელი იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ რაღაც პრობლემა აქვს?

გონიერმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვები დიდები არ არიან. ეს ფაქტი მოციქულმა პავლემაც მოიხსენია: „როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი“ (1 კორინთელები 13:11). რობერტი ამბობს: „იმის გახსენება, მე როგორ ვიქცეოდი პატარაობისას, მეხმარება გამოვავლინო თავშეკავება და ნაჩქარევად არ ვიმოქმედო“.

მნიშვნელოვანია რეალური მოლოდინი გქონდეთ, ამავდროულად, არასოდეს დახუჭოთ თვალი შვილის არასწორ საქციელსა და შეხედულებებზე. თუ გაითვალისწინებთ მის უნარს, შესაძლებლობებს და სხვა გარემოებებს, თქვენ მიერ გატარებული აღმზრდელობითი ზომები გონივრული და ზომიერი იქნება.

სიმტკიცის გამოვლენა

„მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“, — ნათქვამია მალაქიას 3:6-ში. ღვთის მსახურები დარწმუნებული არიან ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში და თავს დაცულად გრძნობენ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლების მიერ დადგენილი აღმზრდელობითი ზომები არ შეიცვლება. თუ არა ხართ მტკიცე და დასჯის მეთოდებს განწყობის მიხედვით ცვლით, ამან შეიძლება ბავშვი დააბნიოს და გააღიზიანოს.

გაიხსენეთ, რა თქვა იესომ: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა. მშობლებმა ეს სიტყვები განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ (მათე 5:37). კარგად იფიქრეთ, რომ შვილს ისეთი სასჯელით არ დაემუქროთ, რომლის შესრულებასაც არ აპირებთ. თუ ბავშვს გააფრთხილებთ, რომ ცუდი საქციელის გამო ასე და ასე დაისჯება, სიტყვა შეასრულეთ.

მშობლების თანამშრომლობაც არსებითად მნიშვნელოვანია. რობერტი ამბობს: „თუ ბავშვებმა დამითანხმეს იმაში, რაც დედას მათთვის აკრძალული ჰქონდა და მე ეს მოგვიანებით გავიგე, ვცვლი ჩემს გადაწყვეტილებას და ცოლს ვუჭერ მხარს“. თუ მშობლები ვერ თანხმდებიან, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში, უმჯობესია, ცალკე იმსჯელონ ამ საკითხზე და საერთო აზრამდე მივიდნენ.

აღმზრდელობითი ზომების გატარება გარდაუვალია

თუ იეჰოვას მსგავსად დასჯის დროს ავლენთ სიყვარულს, გონიერებას და სიმტკიცეს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ძალისხმევა დადებითად აისახება თქვენს შვილზე. სიყვარულით მიცემული მითითებები დაეხმარება მას, ჩამოყალიბდეს მოწიფულ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და გაწონასწორებულ პიროვნებად. ბიბლია მოგვიწოდებს: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6).