როდის დაიბადა იესო?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლია არ ასახელებს იესოს დაბადების ზუსტ თარიღს. ამას მოწმობს ქვემოთ მოყვანილი წყაროები:
„ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია“ („ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“).
„ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი არაა ცნობილი“ (Encyclopedia of Early Christianity).
მართალია, ბიბლიაში არ არის ჩაწერილი იესოს დაბადების ზუსტი თარიღი, მაგრამ მასში მოხსენიებულია ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც იესოს დაბადებას უკავშირდება. ამ მოვლენებზე დაფიქრების შედეგად ბევრი იმ დასკვნამდე მიდის, რომ იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა.
არ დაბადებულა ზამთარში
მოსახლეობის აღწერა. სანამ იესო დაიბადებოდა, კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა ბრძანება, „რომ აღწერილიყო მთელი დედამიწის მოსახლეობა“. ყველა თავ-თავის ქალაქში უნდა წასულიყო აღსაწერად, რისთვისაც შესაძლოა ერთი-ორი კვირა დასჭირვებოდათ (ლუკა 2:1—3). ასეთი აღწერა ამარტივებდა გადასახადების აკრეფისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს. უეჭველია, ასეთი ბრძანება ხალხს არ მოეწონებოდა, წელიწადის რა დროსაც არ უნდა გამოეცათ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავგუსტუსს ასეთი ბრძანება ცივ ზამთარში გამოეცა, რაც ხალხს კიდევ უფრო გააღიზიანებდა.
ფარა. „იმ მხარეში მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ“ (ლუკა 2:8). ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ იმ დროს მწყემსებს ცხვარი ღია ცის ქვეშ ჰყავდათ „პასექის წინა კვირიდან [მარტის ბოლოს]“ ნოემბრის შუა რიცხვებამდე. შემდეგ კი დასძენს: „მწყემსებს ცხვარი ზამთარში გადახურულ სადგომში ჰყავდათ. მარტო აქედანაც შეიძლება იმის დანახვა, რომ იესო ზამთარში არ დაბადებულა, რადგან სახარების თანახმად, მწყემსები ველად იყვნენ“ (Daily Life in the Time of Jesus).
დაიბადა ადრეულ შემოდგომაზე
თუ უკან გადავითვლით დროს ახ. წ. 33 წლის 14 ნისანიდან, პასექიდან, შევძლებთ დავადგინოთ, სავარაუდოდ როდის დაიბადა იესო (იოანე 19:14—16). იესო დაახლოებით 30 წლის იყო, როდესაც დაიწყო მსახურება. იგი სამწელიწად-ნახევარი მსახურობდა. როგორც ჩანს, იესო ძვ. წ. 2 წელს, ადრეულ შემოდგომაზე, უნდა დაბადებულიყო (ლუკა 3:23).
რატომ აღნიშნავენ შობას 25 დეკემბერს?
არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ იესო ქრისტე 25 დეკემბერს დაიბადა. მაშ რატომ აღნიშნავენ შობის დღესასწაულს ამ დღეს? ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ გვამცნობს, რომ ეკლესიის წინამძღოლებმა «ეს თარიღი წარმართულ რომაულ დღესასწაულს, „უძლეველი მზის დაბადების დღეს“, დაამთხვიეს», რომელიც ზამთრის ბუნიობას ეძღვნებოდა. ენციკლოპედიაში „ამერიკანა“ ნათქვამია, რომ ბევრი სწავლულის აზრით, „ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ახალმოქცეული წარმართებისთვის ქრისტიანობას მეტი აზრი შეეძინა“.