არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსაცდელებმა ვერ დამიმსხვრია იმედი

განსაცდელებმა ვერ დამიმსხვრია იმედი

განსაცდელებმა ვერ დამიმსხვრია იმედი

მოგვითხრო ანდრეი ჰანაკმა

იდგა 1943 წელი. მძვინვარებდა მეორე მსოფლიო ომი. ნეიტრალური პოზიციის გამო ბუდაპეშტის (უნგრეთი) ციხეში ვიჯექი. იქ ერთმა წვეროსანმა მართლმადიდებელმა მღვდელმა პურის სამი დღის ულუფაში თავისი ბიბლიის გადაცვლა შემომთავაზა. თუმცა შიმშილით ვიტანჯებოდი, ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ჩვენს ქვეყანაში ადვილი არ იყო ქრისტიანული სინდისის სუფთად შენარჩუნება. მოგვიანებით, თითქმის 40-წლიანი კომუნისტური რეჟიმის დროს, ჩვენი შემოქმედისადმი, იეჰოვა ღმერთისადმი, მსახურება და ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება ჩვენგან ყოველდღიურ ბრძოლას მოითხოვდა.

ვიდრე მოგიყვებოდეთ, რა ფასად გვიჯდებოდა იმ დროს ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება, ნება მიბოძეთ, ცოტა რამ ჩემ შესახებ მოგითხროთ. თქვენთვის, უეჭველია, საინტერესო იქნება უფრო მეტის გაგება იმის შესახებ, თუ რისი ატანა უწევდათ იეჰოვას მოწმეებს იმ ადრეულ წლებში. თავდაპირველად მოგითხრობთ იმ დროს გაბატონებულ რელიგიურ ატმოსფეროზე, რამაც სერიოზული კითხვები გამიჩინა ჩვენი ქვეყნის ძირითადი სარწმუნოებრივი მიმდინარეობების შესახებ.

ჩემი თავსატეხი

დავიბადე 1922 წლის 3 დეკემბერს, სლოვაკეთის საზღვართან მდებარე უნგრეთის სოფელ პაცინში. სლოვაკეთი მაშინ ჩეხოსლოვაკიის აღმოსავლეთ ნაწილს შეადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირმა შეიერთა და უკრაინასთან არსებულმა საზღვარმა ჩვენი სოფლიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში გადმოინაცვლა.

ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ. მათი ხუთი შვილიდან მე მეორე ვიყავი. 13 წლისა ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რამაც პირველად სერიოზულად დამაფიქრა რელიგიაზე. დედაჩემი სალოცავად წავიდა 80 კილომეტრით დაშორებულ უნგრეთის სოფელ მარიაპოჩში და მეც თან წამიყვანა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ამით ღმერთს ვასიამოვნებდით და ისიც უფრო მეტად გვაკურთხებდა. სალოცავად როგორც რომის კათოლიკური ეკლესიის, ისე ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წევრები იყვნენ მოსულნი. ადრე მეგონა, რომ ეს ორი ეკლესია ერთიანი კათოლიკური რელიგიის შემადგენელი ნაწილი იყო. მაგრამ მალე სულ სხვა რამეში დავრწმუნდი.

მოხდა ისე, რომ ჯერ ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წირვა ჩატარდა და გადავწყვიტე, მას დავსწრებოდი. როდესაც დედამ ამის შესახებ გაიგო, ძალიან გულნატკენი დარჩა. ცოტა არ იყოს დაბნეულმა ვკითხე: „რა მნიშვნელობა აქვს, რომელ წირვას დავესწრებით? ჩვენ ხომ ყველანი ქრისტეს ერთ სხეულს შევადგენთ“.

დედამ ამაზე ვერაფერი მიპასუხა და უბრალოდ გამაფრთხილა: „ასეთი კითხვების დასმა ცოდვაა, შვილო“. მაგრამ ჩემი კითხვები მაინც კითხვებად რჩებოდა.

ვპოულობ პასუხს!

17 წლის ასაკში, 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, საცხოვრებლად გადავედი რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ სტრედა-ნად-ბოდროგომში, რომელიც ამჟამად სლოვაკეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იქაურმა მჭედელმა შეგირდად ამიყვანა და მასთან უნდა მეცხოვრა. მაგრამ მის სახლში ნალებისა და ლითონის სხვა ნაკეთობების დამზადებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე.

მჭედლის ცოლი, მარია პანკოვიჩი, იეჰოვას მოწმე იყო. ასე რომ, დღისით მის ქმართან მჭედლის ხელობას ვეუფლებოდი, საღამოობით კი ბიბლიას ვსწავლობდი და ადგილობრივი კრების შეხვედრებს ვესწრებოდი. რადგან მჭედლის შეგირდი ვიყავი, ჩემთვის გაცილებით გულში ჩამწვდომი გახდა ფსალმუნების 11:7-ში ჩაწერილი სიტყვები: „უფლის სიტყვები — წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული“. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა საღამოობით იეჰოვას სიტყვის კვლევა და კითხვებზე პასუხების პოვნა!

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემს ახალშეძენილ რწმენას დიდი გამოცდა ელოდა მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა.

ციხეში რწმენის გამო

დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც მჭედლობის სწავლა დავიწყე, რომ უნგრეთში ახალგაზრდა მამაკაცებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულოდ გამოცხადდა. გადავწყვიტე, მტკიცედ დამეცვა ესაიას 2:4-ში ჩაწერილი პრინციპი და ‘არ მესწავლა ომი’. ამის გამო ათი დღით ციხეში ჩამსვეს. განთავისუფლების შემდეგ ბიბლიის შესწავლა განვაგრძე და 1941 წლის 15 ივლისს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.

იმ დროს ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირს დაესხა თავს და მთელი აღმოსავლეთ ევროპა ომის ქარცეცხლში გაეხვია. პატრიოტულმა პროპაგანდამ მთელი ქვეყანა წალეკა და ნაციონალისტურმა სულისკვეთებამ პიკს მიაღწია. მაგრამ ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენის გამო, იეჰოვას მოწმეები ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ.

1942 წლის აგვისტოში ჩვენს წინააღმდეგ ვერაგული გეგმა შეიმუშავეს. მთავრობის დავალებით შეარჩიეს ათი ადგილი, სადაც ხნიერ თუ ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეებს — მათ შორის დაინტერესებულებს — მოუყარეს თავი. ის ჯგუფი, რომელშიც მეც აღმოვჩნდი, ჩემი სოფლიდან, პაცინიდან, 20-მდე კილომეტრით დაშორებულ ქალაქ შაროშპატაკის ციხეში გაგზავნეს.

ყველაზე პატარა პატიმარი სამი თვის ბავშვი იყო. ციხეში ის დედასთან ერთად ჩასვეს, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. როდესაც ვითხოვეთ, რომ ბავშვისთვის მაინც მიეცათ საჭმელი, მცველმა გვითხრა: „გაუშვით, იტიროს. გაკაჟდება და მისგან გამობრძმედილი იეჰოვას მოწმე დადგება“. ძალიან გვეცოდებოდა ბავშვი და იმაზეც გული გვწყდებოდა, რომ ნაციონალისტურმა პროპაგანდამ ახალგაზრდა მცველს ამდენად გაუქვავა გული.

მე ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს, რის შემდეგაც ბუდაპეშტში, მარგიტ კერუტის №85-ში მდებარე ციხეში გადამიყვანეს. კამერებში, რომელთა სიგრძე-სიგანე 4×6 მეტრი იყო, 50—60 კაცი ვიჯექით. ასეთ მდგომარეობაში, ყოველგვარი სააბაზანოსა და საპირფარეშოს გარეშე, რვა თვე დავყავით. შხაპის მიღება და ბანაობა არსად შეგვეძლო, ტანსაცმლის დარეცხვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ყველას ტილები გვეხვია და ღამ-ღამობით იმასაც ვგრძნობდით, როგორ დაცოცავდნენ ბაღლინჯოები ჩვენს ჭუჭყიან კანზე.

ვდგებოდით დილის ოთხ საათზე. მთელი ჩვენი საუზმე მხოლოდ ერთი პატარა ფინჯანი ყავა იყო. შუადღისას ამდენივე სუპს, 150 გრამ პურსა და ცოტაოდენ ფაფას გვაძლევდნენ. ვახშამი საერთოდ არ გვქონდა. თუმცა 20 წლის ჯანმრთელი ახალგაზრდა ვიყავი, თანდათან ისე დავსუსტდი, რომ სიარული აღარ შემეძლო. პატიმრებს შიმშილი და სხვადასხვა ავადმყოფობა ბოლოს უღებდა.

იმ დროს ერთი ახალი პატიმარი ჩასვეს ჩვენს კამერაში. ეს სწორედ ის წვეროსანი მართლმადიდებელი მღვდელი იყო, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიე. მას ნება დართეს, ბიბლია თან ჰქონოდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა მისი წაკითხვა! მაგრამ როცა ნებართვა ვთხოვე, უარით გამომისტუმრა. მოგვიანებით კი თავად მოვიდა ჩემთან და მითხრა:

— მომისმინე! შენ ხომ ბიბლია გინდოდა. შენი იყოს, მოგყიდი.

— მომყიდი?! როგორ, მე ხომ ფული არა მაქვს, — გავოცდი მე.

სწორედ მაშინ შემომთავაზა, სამი დღის ულუფა პური მიმეცა ბიბლიის სანაცვლოდ. გარიგება მართლაც რომ „სარფიანი“ გამოდგა ჩემთვის. ფიზიკურად ვშიმშილობდი, სამაგიეროდ, უხვად მქონდა სულიერი საზრდო, რომელიც მეც და სხვა ძმებსაც ძალიან დაგვეხმარა იმ მშფოთვარე დროში განსაცდელებთან გამკლავებაში. ამ ბიბლიას დღემდე ვინახავ (მათე 4:4).

ჩვენი სიმტკიცე იცდება

1943 წლის ივნისში ახალგაზრდა ძმები უნგრეთის სხვადასხვა კუთხიდან, დაახლოებით 160 კაცი, ბუდაპეშტთან ახლოს მდებარე ქალაქ იასბერენში ჩაგვიყვანეს. მოთხოვნაზე — სამხედრო ფორმის ქუდები დაგვეხურა და მკლავზე დროშის გამოსახულებიანი სამფეროვანი სამკლავურები გაგვეკეთებინა — უარი ვთქვით, რის შემდეგაც სატვირთო ვაგონებში ჩაგვსხეს და ბუდაპეშტ-კებანიას რკინიგზის სადგურზე წაგვიყვანეს. სამხედრო პირები იქ სათითაოდ გვიძახებდნენ ვაგონებიდან და გვიბრძანებდნენ, სამხედრო სამსახურს შევდგომოდით.

გარდა ამისა, გვიბრძანეს „ჰაილ ჰიტლერ!“ გვეთქვა. ამაზე ძმებმა უარი განაცხადეს, რის გამოც ისინი სასტიკად სცემეს. ბოლოს მტანჯველები დაიღალნენ და ერთ-ერთმა მათგანმა დაიძახა: „ახლა ერთსღა ვცემთ, მაგრამ მანამ არ მოვეშვებით, სანამ სული არ ამოხდება“.

ტიბორ ჰაფნერს, ხანში შესულ ძმას, რომელიც უკვე მრავალი წელი ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას, როგორღაც მატარებელში მყოფი ძმების სია ჩაეგდო ხელთ. მან წამჩურჩულა: „ძმაო, შემდეგი შენა ხარ. გამაგრდი! მიენდე იეჰოვას“. ეს თქვა თუ არა, გამომიძახეს. მე ვაგონის კართან შევჩერდი, მაგრამ მიბრძანეს დაბლა ჩავსულიყავი. „ამას უყურეთ, მუშტის მოსარტყამი ადგილი არ შერჩენია“, — წამოიძახა ერთმა ჯარისკაცმა და მომმართა:

— თუ დაგვემორჩილები და სამხედრო სამსახურს შეუდგები, სამზარეულოში დაგნიშნავთ საჭმლის მოსამზადებლად. თუ არა და მოკვდები.

— ჯარში არ ვიმსახურებ. მინდა ვაგონში დავბრუნდე, სადაც ჩემი ძმები არიან, — ვუპასუხე მე.

ჯარისკაცს შევეცოდე, ხელი დამტაცა და უკან, ვაგონში შემისროლა. მას ეს სულაც არ გასჭირვებია, რადგან 40 კილოზე ნაკლებს ვიწონიდი. ძმა ჰაფნერი ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი მომხვია, ლოყაზე მომიტყაპუნა და ფსალმუნების 19:2-ში ჩაწერილი სიტყვები მითხრა: „გისმინოს შენმა უფალმა გაჭირვების დღეს, აღგამაღლოს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა“.

შრომა-გასწორების კოლონიაში

ამის შემდეგ გემში ჩაგვსხეს და მდინარე დუნაიზე ცურვით იუგოსლავიაში ჩაგვიყვანეს. 1943 წლის ივლისში მიგვიყვანეს ქალაქ ბორთან მდებარე შრომა-გასწორების კოლონიაში, სადაც ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი სპილენძის საბადო იყო. დროთა განმავლობაში კოლონიაში პატიმართა რაოდენობამ 60 000-ს მიაღწია. აქ იყო მრავალი ეროვნების ადამიანი, მათ შორის, 6 000 ებრაელი. ბანაკში დაახლოებით 160 იეჰოვას მოწმე იყო.

მოწმეები ერთ დიდ ბარაკში შეგვასახლეს. შუაში მაგიდები და გრძელი სკამები იდგა, სადაც კვირაში ორჯერ შეხვედრას ვატარებდით. ვსწავლობდით ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“, რომელიც მალულად შემოჰქონდათ ჩვენთვის და ვკითხულობდით იმ ბიბლიას, რომელიც პურზე გადავცვალე. ასევე ვმღეროდით საგალობლებს და ერთად ვლოცულობდით.

ვცდილობდით, კარგი ურთიერთობა გვქონოდა სხვა პატიმრებთან, რასაც სასიკეთო შედეგები მოჰქონდა. ერთ ძმას ნაწლავის ძლიერი ტკივილი სტანჯავდა, მაგრამ მცველებს არაფრის გაკეთება არ უნდოდათ მის დასახმარებლად. მდგომარეობა სულ უფრო მწვავდებოდა, ამიტომ ერთმა ებრაელმა პატიმარმა, პროფესიით ექიმმა, თანხმობა განაცხადა ძმისთვის ოპერაციის გაკეთებაზე. მან პრიმიტიული ტკივილგამაყუჩებლები მისცა ძმას და ოპერაცია კარგად გალესილი კოვზის ტარით გაუკეთა. ძმა გამოჯანმრთელდა და ომის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

საბადოში მუშაობა უზომოდ დამქანცველი იყო, საკვებს კი ძალიან ცოტას გვაძლევდნენ. ორი ძმა მუშაობისას მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ერთი კი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. 1944 წლის სექტემბერში საბჭოთა ჯარი მოგვიახლოვდა და კოლონიის ზედამხედველებმა გადაწყვიტეს, პატიმრები სადმე სხვაგან გაეყვანათ. იმას, რაც შემდეგ მოხდა, ალბათ არ დავიჯერებდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა.

შემზარავი ღამე

დამქანცველი ერთკვირიანი სიარულის შემდეგ უამრავ ებრაელ პატიმართან ერთად ბელგრადში ჩავედით. შემდეგ კვლავ განვაგრძეთ სვლა და რამდენიმე დღეში სოფელ ჩერვენკაში ჩავედით.

სოფელში რომ შევედით, იეჰოვას მოწმეებს გვიბრძანეს ხუთ-ხუთ კაციან რიგებად ჩავმწკრივებულიყავით. ყოველი მეორე რიგიდან ერთი გაჰყავდათ. თვალებზე ცრემლმორეული ვუყურებდით ამ ძმებს — ვფიქრობდით, რომ დასახვრეტად მიჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე ხანში ისინი უკან დაბრუნდნენ. საინტერესოა, რა მოხდა? გერმანელ ჯარისკაცებს ისინი საფლავების გასათხრელად სჭირდებოდათ, მაგრამ უნგრელმა მეთაურმა მათ აუხსნა, რომ ამ პატიმრებს ერთი კვირა არაფერი ეჭამათ და ძალ-ღონე არ ეყოფოდათ ამ სამუშაოს შესასრულებლად.

იმ საღამოს ყველა იეჰოვას მოწმე აგურების გამოსაშრობი ერთი შენობის სხვენში აგვიყვანეს. გერმანელმა ოფიცერმა გვითხრა: „წყნარად ისხედით აქ. ამაღამ დიდი ამბავი დატრიალდება!“ შემდეგ გავიდა და კარი ჩარაზა. რამდენიმე წუთი რომ გავიდა, ჯარისკაცების ყვირილი შემოგვესმა: „ფეხი გადაადგით! ჩქარა!“ შემდეგ ავტომატის ხმა გაისმა, რასაც სამარისებული სიჩუმე მოჰყვა. მერე ისევ ყვირილი: „ჩქარა! ჩქარა!“ და ისევ ავტომატის ჯერი.

სახურავიდან ვხედავდით, რაც ხდებოდა. ჯარისკაცებს ერთ ჯერზე რამდენიმე ათეული ებრაელი პატიმარი გამოჰყავდათ, ორმოს პირას აყენებდნენ და ხვრეტდნენ. მერე ისინი ხელყუმბარებს ყრიდნენ ორმოში, გვამების გროვაზე. გათენებისას მხოლოდ რვა ებრაელი იყო ცოცხალი, გერმანელი ჯარისკაცები კი გაქცეულიყვნენ. მორალურად და ფიზიკურად განადგურებული ვიყავით. ამ ხოცვა-ჟლეტის თვითმხილველთა შორის იყვნენ ძმები იანოშ ტერეკი და იან ბალი, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან.

გადარჩენილთა შორის

უნგრელი ჯარისკაცების ბადრაგის თანხლებით კვლავ გავუდექით გზას ჯერ დასავლეთის მიმართულებით, მერე კი — ჩრდილოეთით. განუწყვეტლივ მოგვიწოდებდნენ, სამხედრო ოპერაციებში ჩავბმულიყავით, მაგრამ როგორღაც ვახერხებდით როგორც ნეიტრალური პოზიციის, ისე სიცოცხლის შენარჩუნებას.

1945 წლის აპრილში ქალაქ სომბატჰეიში, რომელიც ავსტრიისა და უნგრეთის საზღვართან მდებარეობს, გერმანელთა და საბჭოთა ჯარებს შორის აღმოვჩნდით. როდესაც საჰაერო განგაში გამოცხადდა, ერთმა უნგრელმა კაპიტანმა, რომელიც ჩვენს თანმხლებ ბადრაგში შედიოდა, გვთხოვა: „შეიძლება თქვენთან წამოვიდე თავშესაფრის საძებნად? ვხედავ, რომ ღმერთი თქვენთანაა“. როგორც კი დაბომბვა დამთავრდა, ქალაქიდან გავედით. გზას მკვდარ ცხოველებსა და ადამიანებს შორის მივიკვლევდით.

კაპიტანს ესმოდა, რომ ომი სადაცაა დამთავრდებოდა, ამიტომ ყველანი ერთად შეგვკრიბა და გვითხრა: „მადლობა, რომ პატივს მცემდით. აი, ჩაი და შაქარი. წაიღეთ, ყველას გეყოფათ. სულ არარაობას, ეს მაინც გექნებათ“. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ, ასე ჰუმანურად რომ მოგვეპყრო.

რამდენიმე დღეში საბჭოთა ჯარი შემოვიდა და პატარ-პატარა ჯგუფებად სახლებისკენ გავეშურეთ. მაგრამ ჩვენი განსაცდელი ამით არ დასრულებულა. ბუდაპეშტში რომ ჩავედით, რუსმა ჯარისკაცებმა დაგვაკავეს და მათაც სამხედრო ვალდებულების — ამჯერად საბჭოთა ჯარში — მოხდა გვიბრძანეს.

გასაწვევ კომისიას თავმჯდომარეობდა მაღალი თანამდებობის პირი, პროფესიით ექიმი. მასთან ოთახში რომ შეგვიყვანეს, ვერ ვიცანით, მან კი გვიცნო. იგი, თურმე, ჩვენთან ერთად მჯდარა ბორის კოლონიაში და ებრაელების იმ მცირერიცხოვანი ჯგუფიდან იყო, რომლებიც ნაცისტების მიერ მოწყობილ გენოციდს გადაურჩნენ. ჩვენ დანახვაზე, მცველებს უბრძანა: „სახლში გაუშვით ეს რვა კაცი“. მას მადლობა გადავუხადეთ და ყველაზე მეტად, რაღა თქმა უნდა, იეჰოვას ვმადლობდით მფარველობისთვის.

ჩემი იმედი კვლავ ცოცხლობს

1945 წლის 30 აპრილს, როგორც იქნა, სახლში დავბრუნდი ჩემს სოფელ პაცინში. მალე კვლავ მჭედლის სახლში გადავედი სტრედა-ნად-ბოდროგომში, ხელობის სწავლა რომ დამემთავრებინა. პანკოვიჩების ოჯახმა ბევრი რამ მომცა — იქ არა მარტო იმ ხელობას დავეუფლე, რომლითაც თავის გატანა შემეძლო, არამედ ბიბლიური ჭეშმარიტებაც გავიგე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ახლა კი, მათგან კიდევ ერთი დიდი საჩუქარი მერგო. 1946 წლის 23 სექტემბერს მათ მომხიბლავ ქალიშვილზე, იოლანაზე, დავქორწინდი.

მე და იოლანა რეგულარულად ვსწავლობდით ბიბლიას და ვქადაგებდით. 1948 წელს ვაჟიშვილი ანდრეი შეგვეძინა, რაც დიდი სიხარული იყო ჩვენთვის. ჩვენი რელიგიური თავისუფლება, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა. ქვეყნის სათავეში მალე კომუნისტები მოვიდნენ და დევნის ახალი ტალღა აგორდა. 1951 წელს, ამჯერად ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური მთავრობის სახელით, კვლავ ჯარში გაწვევის უწყება მივიღე. ყველაფერი ძველებური სცენარით განვითარდა: სასამართლო, ციხე, კატორღული შრომა და შიმშილი. მაგრამ ღვთის დახმარებით ამასაც გავუძელი. 1952 წელს ამნისტია შემეხო და გამათავისუფლეს, რის შემდეგაც ოჯახს დავუბრუნდი, რომელიც ლადმოვცეში (სლოვაკეთი) ცხოვრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქრისტიანული მოღვაწეობა თითქმის 40 წლის განმავლობაში აკრძალული იყო, მაინც განვაგრძობდით წმინდა მსახურებას. 1954—1988 წლებში მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი. შაბათ-კვირას იეჰოვას მოწმეთა კრებებს ვინახულებდი და ქრისტიან ძმებსა და დებს ვამხნევებდი, იეჰოვასადმი ერთგულება შეენარჩუნებინათ. კვირის დანარჩენ დღეებში კი ვმუშაობდი, თავი რომ გვერჩინა, და დროს ოჯახთან ერთად ვატარებდი. ყოველთვის ვგრძნობდით იეჰოვას სიყვარულსა და ხელმძღვანელობას. საკუთარ თავზე გამოვცადე, თუ როგორ სრულდებოდა ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცნი, მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე“ (ფსალმუნები 123:2, 3).

მე და იოლანას ძალიან გაგვიხარდა ანდრეის დაქორწინება, რომელიც მოწიფული ქრისტიანი ზედამხედველი გახდა. მისი ცოლი ელიშკაც და მათი ორივე ვაჟიც, რადიმი და დანიელი, აქტიური ქრისტიანი მსახურები არიან. 1998 წელს საყვარელი მეუღლე, იოლანა, სიკვდილმა გამომაცალა ხელიდან. ყველა იმ განსაცდელიდან, რომლებიც გადამხდენია, ეს ყველაზე ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. უმისობას ყოველდღე განვიცდი, მაგრამ აღდგომის იმედით ვინუგეშებ თავს (იოანე 5:28, 29).

ამჟამად 79 წლისა ვარ და სლოვაკეთის სოფელ სლოვენსკე-ნოვე-მესტოში უხუცესად ვმსახურობ. სოფლის მცხოვრებლებს შესანიშნავი ბიბლიური იმედის შესახებ ვუყვები, რაც უდიდეს სიხარულს მანიჭებს. როდესაც წარსულზე ვფიქრობ და იეჰოვას მსახურებაში გატარებულ 60-ზე მეტ წელს ვიხსენებ, ერთ რამეში ვრწმუნდები: იეჰოვას დახმარებით ნებისმიერი დაბრკოლებისა თუ განსაცდელის გადატანა შეგვიძლია. ჩემი სურვილი და იმედი კარგად არის გადმოცემული ფსალმუნების 85:12-ში: „გადიდებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და პატივს მივაგებ შენს სახელს უკუნისამდე“.

[სურათი 12 გვერდზე]

ბიბლია, რომელიც პურზე გადაცვლით მივიღე.

[სურათი 13 გვერდზე]

ტიბორ ჰაფნერი განსაცდელების დროს მამხნევებდა.

[სურათი 14 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები ბორის შრომა-გასწორების კოლონიაში.

[სურათი 14 გვერდზე]

გარდაცვლილი მოწმის დაკრძალვა ბორის შრომა-გასწორების კოლონიაში გერმანელი ჯარისკაცების თანდასწრებით.

[სურათები 15 გვერდზე]

იანოშ ტერეკი და იან ბალი (ჩანართი), მასობრივი მკვლელობების თვითმხილველები.

[სურათი 15 გვერდზე]

იოლანაზე 1946 წლის სექტემბერში დავქორწინდი.

[სურათი 16 გვერდზე]

მე, ჩემი ვაჟი, მისი მეუღლე და ჩემი შვილიშვილები.