არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პორნოგრაფია — უწყინარი გართობაა?

პორნოგრაფია — უწყინარი გართობაა?

ბიბლიის თვალსაზრისი

პორნოგრაფია — უწყინარი გართობაა?

როდესაც ვიქტორიანული ეპოქის არქეოლოგები უძველესი ქალაქის, პომპეის, ნანგრევების გათხრას შეუდგნენ, აღმოჩენილით შოკირებულნი დარჩნენ. ფრესკებსა და ხელოვნების სხვა მშვენიერ ნიმუშებს შორის უხვად მოიძებნებოდა სექსუალური აღვირახსნილობის ამსახველი სურათები თუ სკულპტურები. ამ სენსაციური მასალით შეძრულმა ხელისუფლებამ ეს მონაპოვრები საიდუმლო მუზეუმებში გადამალა. მატერიალური კულტურის ამ უხამსი ნაშთების კლასიფიცირებისთვის მათ გამოიგონეს ტერმინი „პორნოგრაფია“ (ბერძნული სიტყვებიდან „პორნე“ და „გრაფოს“, რაც ნიშნავს „წერა მეძავების შესახებ“). დღესდღეობით პორნოგრაფია განისაზღვრება, როგორც სქესობრივი აღვირახსნილობისა და გარყვნილების ცინიკურად გამოხატვა ლიტერატურაში, მხატვრობაში, კინემატოგრაფიაში და ა. შ., რაც სექსუალური აღგზნების გამოსაწვევად არის გამიზნული.

პორნოგრაფიამ დღეს ყველგან მძლავრად მოიკიდა ფეხი და ჩანს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში უმრავლესობა იწონებს მას. ერთ დროს პორნოგრაფიას მხოლოდ ცუდი რეპუტაციის მქონე კინოთეატრებსა და საროსკიპოების კვარტლებში უჩვენებდნენ, დღეს კი ის აშკარად აძლევს ტონს ბევრ საზოგადოებას. ერთი შეფასების თანახმად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში პორნოგრაფიას ყოველწლიურად ათ მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მოაქვს!

პორნოგრაფიის ზოგი მომხრე ამტკიცებს, რომ ის ერთფეროვანი ქორწინების გამომაცოცხლებელი საშუალებაა. ერთი მწერალი ამბობს: „ის ადამიანს ფანტაზიებს უღვიძებს, უჩვენებს, თუ როგორ მიიღოს სექსუალური კმაყოფილება“. სხვები აცხადებენ, რომ ის გულახდილად და პირდაპირ ასახავს სექსუალურ თემებს. „პორნოგრაფია სასარგებლოა ქალებისთვის“, — ამბობს მწერალი უენდი მაკელროი.

მაგრამ ყველა როდი იზიარებს ამ აზრს. ხშირად პორნოგრაფიას მთელი რიგი საზიანო შედეგები მოსდევს და მისით გატაცებულების აზროვნებაზეც უარყოფითად მოქმედებს. ზოგის აზრით, არსებობს კავშირი პორნოგრაფიასა და გაუპატიურებას, აგრეთვე პორნოგრაფიასა და ქალებისა და ბავშვების მიმართ გამოვლენილი ძალადობის სხვა ფორმებს შორის. მანიაკი მკვლელი ტედ ბენდი აღიარებს, რომ მას „ძალადობის სცენებით გაჟღენთილი პორნოგრაფიის ხილვის დაუოკებელი წყურვილი“ ჰქონდა. ის ამბობს: „ამ მდგომარეობას ადამიანი მაშინვე ვერ ამჩნევს, ის ვერც იმას ხედავს, რომ სერიოზულ პრობლემასთან აქვს საქმე. . . მაგრამ მას უღვივდება ინტერესი. . . სექსუალური ხასიათის ისეთი მასალისადმი, სადაც ძალადობაა გარეული. მიჭირს იმის სიტყვებით გამოხატვა, თუ რა ძლიერია ეს წადილი. ის დიდი ხნის მანძილზე ღვივდება“.

ამ საკითხის ირგვლივ გაუთავებელი კამათისა და პორნოგრაფიული ხასიათის მქონე ზღვა მასალის გამო შეიძლება იკითხოთ: „არის ბიბლიაში რაიმე მითითება ამ საკითხთან დაკავშირებით?“.

ბიბლია გულახდილად საუბრობს სქესობრივ ურთიერთობებზე

სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ბიბლია გულახდილად და დამორცხვების გარეშე საუბრობს (მეორე რჯული 24:5; 1 კორინთელთა 7:3, 4). „იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან, — თქვა სოლომონმა. — დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს“ (იგავნი 5:18, 19). სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ბიბლიაში ნათელი რჩევა და ხელმძღვანელობაა მოცემული; მასში ამ ურთიერთობისთვის დადგენილი საზღვრებიც არის მოხსენიებული. ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა იკრძალება. არსებობს, აგრეთვე, სქესობრივი ურთიერთობის დამახინჯებული ფორმებიც (ლევიანნი 18:22, 23; 1 კორინთელთა 6:9; გალატელთა 5:19).

ბიბლიაში მოხსენიებული საზღვრების შიგნითაც კი აუცილებელია თავშეკავებულობისა და პატივისცემის გამოვლენა. „ქორწინება ღირსეული, — წერდა მოციქული პავლე, — და სარეცელი უმწიკვლო იყოს ყველასი“ (ებრაელთა 13:4, სსგ). ეს რჩევა სრულიად საწინააღმდეგოა იმ მიზნისა და იდეისა, რაც პორნოგრაფიაშია გატარებული.

პორნოგრაფია ამახინჯებს წარმოდგენას სქესობრივ ურთიერთობებზე

პორნოგრაფია პატიოსან ქორწინებაში გაერთიანებულ მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარულის ლამაზ და ინტიმურ ურთიერთობას კი არ ასახავს, არამედ ამცირებს და ამახინჯებს სქესობრივ აქტს. ნებისმიერ ადამიანთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება და გაუკუღმართებული სექსი ისეა ნაჩვენები, თითქოს ის ამაღელვებელი და სასურველი რამ იყოს. ხაზი ესმება თვითდაკმაყოფილებას — თითქმის არანაირი ყურადღება არ ექცევა სხვა ადამიანის გრძნობებს.

ქალები, მამაკაცები და ბავშვები მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური კმაყოფილების მომნიჭებელ ობიექტებად არიან წარმოსახული. „სილამაზე სხეულის ნაწილების პროპორციულობით განისაზღვრება, რაც ადამიანს არარეალურ მოთხოვნებს უყენებს“, — ნათქვამია ერთ ცნობაში. „ქალების ასახვა, როგორც რაღაც უპიროვნო არსებებისა, რომლებიც მუდამ მამაკაცზე ფიქრობენ, მათი წარმოსახვა მამაკაცის სექსუალური ჟინის დამაკმაყოფილებელ უაზრო თოჯინებად, მათი ისე წარმოდგენა, თითქოს ფულის გულისთვის მზად არიან, გაშიშვლდნენ და სხეული სააშკარაოზე გამოფინონ, ვერ გადმოსცემს იმ აზრს, რომ ქალს აქვს ღირსების გრძნობა, რომ ისიც მამაკაცის თანასწორუფლებიანია და რომ მასაც აქვს ადამიანური გრძნობები“, — ასკვნიან სხვა ცნობაში.

ამისდა საპირისპიროდ, სიყვარული „არ სჩადის უწესობას“, — წერდა პავლე, — ის „თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 13:5). ბიბლია მოუწოდებს მამაკაცებს, „უყვარდეთ. . . თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ და ‘პატივი სცენ’ მათ, არ უყურონ ქალებს როგორც მხოლოდ სექსუალური სიამოვნების მომნიჭებელ საგანს (ეფესელთა 5:28; 1 პეტრე 3:7). თუკი ვინმე, ქალი იქნება ეს თუ კაცი, სისტემატიურად უყურებს აშკარად სექსუალურ სცენებს, შეიძლება კი იმის თქმა, რომ ის წესიერად იქცევა? ავლენს კი ნამდვილად ეს ადამიანი სხვის მიმართ პატივისცემას? სიყვარულის ნაცვლად პორნოგრაფია ეგოისტურ სურვილებს აღვივებს.

არსებობს სხვა ფაქტორიც. როგორც ნებისმიერი შეუფერებელი აღმგზნები საშუალებების გამოყენებისას ხდება ხოლმე, ის, რაც თავიდან ადამიანზე მოქმედებდა, მალე ერთფეროვანი ხდება. „დროთა განმავლობაში, — ამბობს ერთი მწერალი, — [პორნოგრაფიით გატაცებულებს] უფრო აშკარა და გახრწნილი მასალის ხილვის მოთხოვნილება უჩნდებათ. . . თავიანთ პარტნიორებს ისინი უფრო და უფრო თავაშვებული სექსუალური ცხოვრების დაწყებას აიძულებენ. . . და [საკუთარ თავში] ნამდვილი გრძნობის გამოხატვის უნარს თანდათანობით იკლავენ“. განა ეს უწყინარი გართობაა? მაგრამ არსებობს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვერიდოთ პორნოგრაფიას.

რას ამბობს ბიბლია ავხორცობაზე

მართალია, ბევრი თვლის, რომ არაფერია საძრახისი ან საშიში იმაში, რომ ადამიანმა სექსუალური ფანტაზიებით კვებოს გონება, მაგრამ ბიბლია ამას არ ეთანხმება. ის ნათლად ხსნის, რომ მჭიდრო კავშირი არსებობს იმას შორის, თუ რით ვკვებავთ გონებას და როგორ ვიქცევით. „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით. . , — აღნიშნავს ქრისტიანი მოწაფე იაკობი, — შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15). იესომ კი თქვა: „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28).

როგორც იაკობმა და იესომ აღნიშნეს, ადამიანები თავიანთი შინაგანი აღძვრებიდან ანუ გულისთქმებიდან გამომდინარე მოქმედებენ. როდესაც ადამიანი გონებაში კვებავს გულისთქმებს, დროთა განმავლობაში ისინი იმდენად უძლიერდება, რომ თავს ვეღარ თოკავს. მას უკვე აღარ შესწევს იმის უნარი, რომ ეს ავხორცი სურვილები დაიოკოს და, საბოლოო ჯამში, მათი აყოლით საძრახის საქციელს ჩადის. ამგვარად, იმას, რასაც გონებაში ვუშვებთ, შეუძლია დიდად იმოქმედოს ჩვენს მოქმედებაზე.

სექსუალურ ფანტაზიებს შეუძლიათ ხელი შეგვიშალონ ღვთის თაყვანისცემაში. აი, რატომ წერდა პავლე: „მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“ (კოლასელთა 3:5).

პავლე აქ ვნებას აკავშირებს ანგარებასთან — დაუოკებელ სურვილთან, გქონდეს ის, რაც არა გაქვს *. ანგარება კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი ფორმაა. რატომ? იმიტომ, რომ ანგარი ადამიანი სასურველ საგანს ყოველივეზე მაღლა აყენებს, თვით ღმერთზე მაღლაც კი. პორნოგრაფია მას იმის ფლობის დაუოკებელ სურვილს უღვივებს, რაც მას არ ეკუთვნის. „გსურს, რომ ისეთივე სქესობრივი ცხოვრება გქონდეს, როგორსაც ხედავ. . . თავში მხოლოდ ერთი რამ გიტრიალებს — მიილტვი იმისკენ, რაც არ გაქვს. . . რისკენაც ვისწრაფვით, იმას ვეთაყვანებით“, — ამბობს ერთი რელიგიათმცოდნე.

პორნოგრაფია რყვნის

„რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნოა. . . იმაზე იფიქრეთ“, — მოგვიწოდებს ბიბლია (ფილიპელთა 4:8). ადამიანი, რომელიც პორნოგრაფიას უყურებს და გონებას მისით კვებავს, პავლეს ამ მოწოდებას არაფრად აგდებს. პორნოგრაფია არის უწესობა, რადგანაც ის, რაც ყველაზე ინტიმურია და პირადული, ყოველგვარი მორიდების გარეშე სააშკარაოზე გამოაქვს. ეს არის სისაძაგლე, ვინაიდან ამცირებს ადამიანს და ადამიანის სახეს უკარგავს. მასში არავითარი სიყვარული არ არის ჩადებული და არ ვლინდება სხვის მიმართ სინაზე თუ მზრუნველობა. მასში მხოლოდ ეგოისტური ავხორცული ვნებაა.

უზნეო და გარყვნილი ქმედებების უხამსი ჩვენებით პორნოგრაფია ძირს უთხრის ქრისტიანის მცდელობას, განავითაროს ‘სიძულვილი ბოროტისადმი’ (ამოსი 5:15). ის ხალხს ცოდვისკენ მიაქანებს და უპირისპირდება ეფესელებისთვის მიცემულ პავლეს მოწოდებას: «ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. ასევე ბილწსიტყვაობა [„სამარცხვინო საქციელი“, აქ]. . . დაცინვა [„უწმაწური ხუმრობა და ყოველივე, რაც შეუფერებელია“, აქ] არ შეგფერით» (ეფესელთა 5:3, 4).

ასე რომ, პორნოგრაფია სულაც არ არის უწყინარი გართობა. ის არის გამხრწნელი რამ, რაც სხვის გამოყენებაზე აკეთებს აქცენტს. მას შეუძლია ძირი გამოუთხაროს ნორმალურ ურთიერთობებს, რადგან ამახინჯებს ბუნებრივ სქესობრივ კავშირს და უწმინდური სურვილების დაკმაყოფილების საგნად აქცევს მათ; წამლავს ამ გარყვნილებით გატაცებული ადამიანის გონებასა და სულიერობას; აღვივებს მასში ეგოიზმსა და სიხარბეს და იმ აზრს უნერგავს, თითქოს გარშემო მყოფნი მხოლოდ და მხოლოდ მისი ავხორცი ვნებების დასაკმაყოფილებლად არიან განკუთვნილნი. ის გასაქანს არ აძლევს ადამიანს, რომ სიკეთე აკეთოს და სუფთა სინდისი ჰქონდეს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას შეუძლია გააფუჭოს ან სულაც დაანგრიოს ადამიანის სულიერი ურთიერთობა ღმერთთან (ეფესელთა 4:17—19). პორნოგრაფია ნამდვილად ჭირია, რომელსაც უნდა გავექცეთ (იგავნი 4:14, 15).

[სქოლიო]

^ აბზ. 20 პავლე აქ არ საუბრობს ადამიანის ბუნებრივ სურვილზე, ჰქონდეს ნორმალური სქესობრივი ურთიერთობა მეუღლესთან.

[სურათი 20 გვერდზე]

პორნოგრაფია ამახინჯებს ადამიანის წარმოდგენას საპირისპირო სქესზე.