არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოულოდნელი შეხვედრა ჩუმჩუმელა მონადირესთან

მოულოდნელი შეხვედრა ჩუმჩუმელა მონადირესთან

მოულოდნელი შეხვედრა ჩუმჩუმელა მონადირესთან

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან კანადაში

„შეხედე! აი იქ, მდელოზე!“, — აღელვებულმა ჩავიჩურჩულე. მე და ჩემი ცოლი ბრიტანეთის კოლუმბიის ცენტრალურ ნაწილში გამდინარე ულამაზესი მდინარის — ნეჩაკოს — გასწვრივ კანოეთი მივცურავდით და ხელშეუხებელი ველური ბუნების თვალწარმტაცი ხედებითა და ხმებით ვტკბებოდით. მოულოდნელად საიდანღაც რაღაც ცხოველი გამოვარდა და თავისთვის უდარდელად მყოფ კურდღელს გააფთრებით დააცხრა. საკუთარი თავისთვის რომ ეშველა, საწყალმა მსხვერპლმა წამის მეასედში ერთი მოზრდილი სკუპი გააკეთა. მტაცებელმა კი ჩვენი სიახლოვე იგრძნო და მომენტალურად ადგილზე გაშეშდა. ის გაბრაზებული შემოგვცქეროდა და გვიღრენდა, თითქოს გვეუბნებოდა: „მე თქვენ გიჩვენებთ სეირს, როგორ უნდოდა ჩემი პირიდან ლუკმის გამოგლეჯაო“; შემდეგ კი უჩუმრად გატრიალდა და ბუჩქებში გაუჩინარდა. „ეს რა იყო?“ — მკითხა ცოლმა. „ფოცხვერი“, — ვუპასუხე. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ ახლა სხვა ხმა გავიგონეთ — დილის ჰაერი ისეთმა შემზარავმა ღმუილმა გააპო, რომ ძარღვებში ლამის სისხლი გაგვეყინა; ამჯერად ეს ხმა უფრო დიდხანს გაგრძელდა და უფრო ხმამაღალი იყო.

იშვიათი სანახაობა

ეს, მართლაცდა, იშვიათი შემთხვევა იყო. ფოცხვერი ერთ დროს მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მთებსა და უღრან ტყეებში ნავარდობდა, მაგრამ დღეს მისი ნახვა მსოფლიოს მხოლოდ ისეთ რეგიონებშიღა შეიძლება, რომლებიც გარე სამყაროსგან მოწყვეტილია. დადგენილია, რომ ფოცხვერი ევრაზიის შორეულ მთიან ზონებში და სამხრეთით, ესპანეთის მთებშიც ბინადრობს, მაგრამ რიცხობრივად ყველაზე მეტად ის ციმბირში და ჩრდილოეთ კანადისა და ალასკის ხშირ, უღრან ტყეებში გვხვდება. გარეული კატებისადმი მიძღვნილ ერთ ცნობარში ნათქვამია: „ფოცხვერი მხოლოდ ორი სახის ტყეში გრძნობს თავს შინაურულად: დაკოჟრილხეებიან დაბურულ ტყეში, სადაც თავშესაფარსა და ბოკვრების შობისთვის აუცილებელ ადგილს პოულობს; და ხშირი ნოყიერი ბალახით დაფარულ მდელოებსა და ახალგაზრდა ტყეებში, სადაც კურდღლებზე ნადირობა შეუძლია“.

ზოგი მოზრდილი ფოცხვერი ზომით თითქმის ექვსჯერ აღემატება სახლის დიდ კატას, სიმაღლით კი იმხელაა, რომ ადამიანს ბარძაყამდე სწვდება. ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე მამალი ფოცხვერი 10-დან 15 კილოგრამამდე იწონის, ხოლო დედალი 5-დან 10 კილოგრამამდე. თავიანთ ევროპელ „ბიძაშვილთან“ შედარებით, ისინი თითქმის ორჯერ პატარები არიან. ამ გარეული კატებიდან ზოგი სიგრძეში ერთ მეტრამდე აღწევს.

ფოცხვერს ყბის არეში საკმაოდ გრძელი ბეწვი აქვს, რაც მას კატისებრთა ოჯახის სხვა უამრავი წარმომადგენლისგან საგრძნობლად განასხვავებს. „თანამოგვარეებთან“ შედარებით მას უფრო განიერი და მოკლე თავი აქვს, რაც „მორცხვი“ და ლამის „ნაზი არსების“ გამომეტყველებას აძლევს. ზამთრის პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე ფოცხვერს მთელ სხეულზე 10 სანტიმეტრამდე სიგრძის ფაფუკი და ხშირი ბეწვი ეზრდება; ჩვეულებრივ ის ღია ნაცრისფერია, მხოლოდ თავზე აქვს ხოლმე უფრო რუხი ფერის ხალები. ევრაზიაში მობინადრე ფოცხვერი უფრო ღია ყავისფერი შეფერილობისაა და მუქი ყავისფერი ხალები აქვს. ფოცხვერის კიდევ ერთი განმასხვავებელი თავისებურება მისი მოკლე და მსხვილი კუდია, რომელიც ბოლოში შავი ფერის ბეწვით მთავრდება (მისი სიგრძე დაახლოებით 10 სანტიმეტრია). შეუძლებელია, თვალში არ მოგხვდეთ მისი ფართო სამკუთხედი ყურები, რომლებიც ბოლოებზე გრძელი შავი ფუნჯებითაა დამშვენებული. ისინი „ანტენების“ როლს ასრულებენ და მათი მეშვეობით მტაცებელი სულ პატარა ცხოველების ხმებსაც კი იჭერს და თავისი მორიგი მსხვერპლის ადგილსამყოფელს ადგენს.

ფოცხვერი ძირითადად მარტო ნადირობს; თავის მსხვერპლს ის ზუსტად იღებს მიზანში, მალულად ეპარება და მოულოდნელად ესხმის თავს. თავისი განიერი და რბილბალიშა თათების მეშვეობით, რომლებშიც სიარულის დროს ბრჭყალებს მალავს, მას უადვილდება თოვლის ნამქერზე გადაქროლვა. საოცრად გრძელი და ძლიერი უკანა ფეხებით ფოცხვერს შეუძლია თვალის დახამხამებაში მოწყდეს ადგილიდან და 2—3 მეტრის სიგრძის ერთი უზარმაზარი ნახტომი გააკეთოს. და თუ მსხვერპლს დაედევნა, ჰაერშივე შეუძლია აკრობატივით მობრუნდეს და მიმართულება იცვალოს. თუმცა ის დიდხანს მაინც არ მისდევს თავის მსხვერპლს: თუკი მის დევნაში ფოცხვერს უკვე დაახლოებით ხუთი ნახტომის გაკეთება მოუწია, ხოლო „პირის ჩასატკბარუნებელი“ მაინც გაუსხლტა, მტაცებელი მას თავს ანებებს. ხშირად მას, სანამ ერთის დაჭერას მოახერხებს, სამი-ათი კურდღლის დევნა მაინც უწევს. ასე რომ, შანსის ხელიდან გაშვება მისთვის იმას ნიშნავს, რომ მშრალზე დარჩება და ცარიელი კუჭით ივლის. როდესაც ფოცხვერი მოინადირებს რასმე, საბრალოს 28 კბილით და აქედან 4 ეშვით შეიარაღებულ მოკლე და ძლიერ ყბებში მოიქცევს და ამ ოთხივე, მახვილივით ბასრ ეშვს კისერში უსობს.

ფოცხვერი, ძირითადად, გარიჟრაჟამდე ან შებინდების შემდეგ ნადირობს. თავისი ოჯახის სხვა უამრავი წარმომადგენლის მსგავსად, ისიც კარგად ხედავს ბინდ-ბუნდში. ფაქტობრივად, ადამიანთან შედარებით მას ექვსჯერ ნაკლები სინათლე სჭირდება, ღამე რომ საგნები გაარჩიოს. კატისებრთა თვალები ისეა მოწყობილი, რომ თვალის ბადურის უკან მოთავსებული სპეციალური მემბრანა სარკესავით ირეკლავს შუქს და მაქსიმალური სტიმულაციის მისაღწევად კვლავ ბადურას გავლით აგზავნის, რის შედეგადაც მათი თვალები სიბნელეში ფოსფორივით „ანათებს“. გარეული კატების შესახებ დაწერილ ერთ წიგნში ნათქვამია: „თავისი მხედველობის წყალობით ფოცხვერს დიდ მანძილზე შეუძლია მსხვერპლის შემჩნევა. ვარაუდობენ, რომ თაგვის დანახვა მას 75 მეტრის სიშორიდან შეუძლია, ხოლო კურდღლისა — 300 მეტრიდან, რაც სამი საფეხბურთო მოედნის სიგრძეს უტოლდება“.

ფოცხვერმა, თუ კარგად იკვებება, შეიძლება 15 წლამდე იცოცხლოს. კანადაში მობინადრე ფოცხვერის საყვარელი ლუკმაა ამერიკული კურდღელი და ყოველ სამ დღეში ერთხელ ის, საშუალოდ, ორ მათგანს კლავს. მაგრამ ეს მარჯვე მონადირე არც თაგვებზე, მემინდვრიებზე, როჭოებზე, იხვებზე, თახვებსა და ციყვებზე ამბობს უარს. როგორც სხვადასხვა წყაროები ადასტურებს, ფოცხვერი ირემსაც კი კლავს, რითაც სასტიკი და ულმობელი მონადირის სახელი მოიპოვა.

ფოცხვრების შესწავლა და შენარჩუნება

როდესაც ძუ ფოცხვერს „ტრფობის ჟამი“ უდგება და მასში „რომანტიკული გრძნობები“ იღვიძებს, სპეციფიკური სუნის „კვალს“ ტოვებს და ხვადს თავისებური კნავილით მოუხმობს. მაკეობის შემდეგ ის დაახლოებით 4 ნაშიერს შობს, ხოლო იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შვიდი ბოკვერიც კი დაყაროს, თუკი საკვები უხვად ექნება. ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ, როდესაც ძუ ფოცხვერს სამყოფი საკვები არა აქვს, შთამომავლებიც უფრო პატარები ჩნდებიან.

სხარტი და მოუხელთებელი ფოცხვერი ყოველთვის გაურბის ისეთ ადგილებს, სადაც ადამიანის ხელი ატყვია. ხოლო რაც შეეხება ფაუნის დამცველებს, მათი მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ბრიტანეთის კოლუმბიის ტერიტორიაზე ამ ცხოველს ლაღად ენავარდა. ამ მხრივ, შესაძლოა დამხმარე აღმოჩნდეს ტყის გეგმაზომიერი გამოკაფვის თანამედროვე მეთოდიც, რომლის შედეგადაც გაჩენილი მცირე მოტიტვლებული ადგილები კურდღლების გასამრავლებლად აუცილებელ მდელოებს ქმნის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფოცხვრების პოპულაცია პირდაპირ არის დამოკიდებული კურდღლების რაოდენობაზე.

ეს საოცარი ქმნილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს რთულ ეკოსისტემაში. სხვა მტაცებლების მსგავსად, ისიც თავის ნადავლზეა დამოკიდებული. და როგორც ერთ-ერთ საბუნებისმეტყველო წიგნშია შეჯამებული, „მისთვის ის ბალახიცა და ხის რტოებიც მნიშვნელოვანია, რომლითაც მისი მსხვერპლი იკვებება. გარდა ამისა, მისი არსებობა დამოკიდებულია ტყის ნიადაგში მოფუთფუთე იმ ორგანიზმებზეც, რომლებითაც მცენარეულობა იკვებება, ეს მცენარეულობა კი, თავის მხრივ, მისი ნადავლის საარსებო წყაროს წარმოადგენს“. მართლაც, ბუნებაში არსებული რთული პროცესებიდან ვსწავლობთ, რომ მნიშვნელოვანია მასთან ჰარმონიულად შერწყმა და გარემოს დაცვა, რათა ფოცხვერის მსგავსმა უამრავმა ქმნილებამ ლაღად ინავარდოს.