არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვიდეოკლიპები — რომელს ვუყურო და რომელს არა?

ვიდეოკლიპები — რომელს ვუყურო და რომელს არა?

ახალგაზრდების შეკითხვები

ვიდეოკლიპები — რომელს ვუყურო და რომელს არა?

„როდესაც საეჭვო ჯგუფის ან სიმღერის სახელწოდებას ვკითხულობ, ტელევიზორს მაშინვე სხვა არხზე გადავრთავ ხოლმე“ (კეისი).

მუსიკალური ვიდეოკლიპები — ბევრი ახალგაზრდა მას კარგ გასართობად მიიჩნევს, მაგრამ როგორც ამ სერიის წინა სტატიიდან დავინახეთ, ბევრ კლიპში სექსუალური უზნეობისა და ძალადობის ამსახველი, აღმაშფოთებელი კადრებია წარმოდგენილი *. რასაკვირველია, თუ რომელიმე გასართობი გადაცემა რეკლამას უკეთებს იმას, რასაც ღმერთი განსჯის, ქრისტიანმა თავი უნდა შეიკავოს მისი ყურებისგან. თუმცა, ყველა კლიპი როდია აშკარად ამორალური. ზოგი შედარებით უწყინარია. სხვებში შეიძლება, ერთი შეხედვით, სულაც არ იყოს ასახული უზნეობა. მიუხედავად ამისა, კლიპებში შეიძლება შენიღბული სახით იყოს გადმოცემული იდეები, რომლებიც ღვთის სიტყვა ეწინააღმდეგება.

თუ მშობლები გრთავენ ვიდეოკლიპების ყურების ნებას, თავად უნდა შეგეძლოს გარჩევა და ბიბლიით გაწაფული „აღქმის უნარის“ გამოყენებით იმის განსაზღვრა, რას უყურო და რას არა (ებრაელთა 5:14, აქ). რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარება ამ მხრივ? ქვემოთ მოყვანილმა ბიბლიურმა მუხლებმა და კომენტარებმა შეიძლება გარკვეული დახმარება გაგიწიოს.

იგავების 4:23: „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“. გაქვს ისეთი მუსიკალური ინსტრუმენტი ან სპორტული ინვენტარი, რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასია? ცხადია, მას უსაფრთხო ადგილას შეინახავდი და მოუფრთხილდებოდი, ყოველთვის კარგ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო. რასაკვირველია, მას ქუჩაში — თუნდაც ერთი წუთით — უმეთვალყურეოდ არ დატოვებდი, რადგან შეიძლება მოეპარათ ან დაეზიანებინათ. დიახ, შენ უფრთხილდები მას. ამის მსგავსად, უნდა გადაწყვიტო, რომ გაუფრთხილდები შენს გულს და ერთი წამითაც არ შეუქმნი საფრთხეს უხამსი სცენების ყურებით.

ეფესელთა 2:1, 2: „თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს“. „ჰაერი“ წუთისოფლის სული ანუ ისეთი აზროვნებაა, რომელიც ადამიანს ღვთის საძულველი საქმეების ჩადენისკენ უბიძგებს. ამ სულის კვალი მრავალ კლიპს ატყვია და სრულიად ეწინააღმდეგება ღვთის სულს, რომელიც ხელს უწყობს ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიცაა: სიხარული, მშვიდობა და თავშეკავება (გალატელთა 5:22, 23).

2 ტიმოთეს 2:22: „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი“. სექსუალური სცენების ამსახველი კადრების ყურება — თუნდაც მათი მომენტალური გაელვება — მხოლოდ გრძნობებს აგიფორიაქებს და უზნეობის ჩადენის სურვილს აღგიძრავს. ბევრი ახალგაზრდა აღიარებს, რომ ასეთი სცენები ძნელად ავიწყდებათ და, ხშირ შემთხვევაში, გონებაში არაერთხელ „ატრიალებენ“ ნანახ კადრებს. ახალგაზრდა დეივი, რომელმაც უზნეობის ამსახველი კლიპი ნახა, აღიარებს: „მას შემდეგ ყოველთვის, როცა ის მუსიკა მესმოდა, თვალწინ ეკრანზე ნაჩვენები სცენები წარმომიდგებოდა“. ამგვარად, ასეთი კლიპების ყურებამ შეიძლება უკანონო სექსუალური კავშირის დამყარების სურვილი აღგიძრას (1 კორინთელთა 6:18; კოლასელთა 3:5).

იგავების 13:20: „რეგვენთა მოყვასი . . . გაუბედურდება“. ჰკითხე საკუთარ თავს: „მოვიწვევდი სახლში მოძალადეებს, ლოთებს, უზნეო ადამიანებს ან სპირიტიზმით გატაცებულებს?“. თუ ასეთებთან ტელევიზორის მეშვეობით გვაქვს ურთიერთობა, ეს არაფრით განსხვავდება იმისგან, რომ ისინი სახლში დაგვეპატიჟებინა. შეიძლება, რომ ასეთმა ურთიერთობამ ‘გაგაუბედუროს’? კიმბერლი ამბობს: „ბევრჯერ მინახავს შეკრებებზე, როგორ ბაძავენ გოგონები ჩაცმულობასა და გამომწვევ მიხრა-მოხრაში იმათ, ვინც ბოლო დროს ტელევიზორში ნახეს“. მსგავსი რამ, ალბათ, შენც შეგიმჩნევია. ახალგაზრდა, რომელიც მას ბაძავს, ვინც არ აფასებს ღვთის ნორმებს, აჩვენებს, რომ ‘უბედურების’ გზაზე დგას. ამიტომ, მოერიდე ნებისმიერი სახის „ცუდ საზოგადოებას“! (1 კორინთელთა15:33).

ფსალმუნების 10:5: „უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“. თუ ისეთ კლიპებს ვუყურებთ, რომლებშიც სისასტიკე და ძალადობაა განდიდებული, განა სხვებს ისეთ შთაბეჭდილებას არ შევუქმნით, რომ „ძალადობის მოყვარული“ ვართ?

გარჩევა ადვილი არ არის

ვინაიდან „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“, დღითი დღე უფრო რთული ხდება გართობის ისეთი საშუალების გამონახვა, რომელიც არ არის დაბინძურებული წუთისოფლის აზროვნებითა და თვალსაზრისით (1 იოანე 5:19). ზოგ სატელევიზიო არხზე, რომლებიც მთლიანად მუსიკალურ კლიპებს ეთმობა, ვიდეოკლიპების დიდ ნაწილში შეიძლება უზნეობა იყოს წარმოდგენილი. მართალია, ამ კლიპებში ყოველთვის აშკარად არ არის გამოხატული უზნეობა და ძალადობა, მაგრამ ხშირად მათში წუთისოფლის სულია არეკლილი. ერთმა პროფესიონალმა მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ერთი საკმაოდ კარგად ცნობილი მუსიკალური არხი «იქცა „ცხოვრების სტილის მქადაგებელ არხად“, რომელიც რეკლამას უწევს და გვთავაზობს თანამედროვე ცხოვრების ზნედაცემულ სტილს».

არსებობს მარტივი გამოსავალი: თუ უხამსი კლიპი გადის, სხვა არხზე გადართე. ახლა პრობლემა ის არის, რომ სხვა არხის ყურების დროსაც არანაკლები სიფხიზლეა საჭირო, რადგან ბევრ არხზე უშვებენ ისეთ გადაცემებს, რომლებშიც სამარცხვინო კადრებია წარმოდგენილი. უნდა ვაღიაროთ, რომ არცთუ სასიამოვნოა მუდამ სხვა არხზე გადართვის მზადყოფნაში იყო მაშინ, როცა გინდა „შენს გემოზე“ უყურო რაიმე გადაცემას. ხანდახან გადართვასაც კი ვერ ვასწრებთ, რომ უზნეობის ამსახველი კადრები უკვე თავის კვალს ტოვებს ჩვენს გონებაში. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა ღმერთი აკურთხებს შენს გულწრფელ მცდელობას, ყოველნაირად დაიცვა შენი გული (2 მეფეთა 22:21).

შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმაც. ზემოთ მოხსენიებულმა კეისიმ ახსნა, რა ეხმარება მას: „ვიდეო კლიპის დასაწყისში ყოველთვის შეიძლება ჯგუფის სახელისა და სიმღერის სათაურის წაკითხვა. შექმნილი რეპუტაციის წყალობით, თითქმის ყოველთვის იცი, ქრისტიანისთვის რომელი ჯგუფი ან სიმღერა შეიძლება იყოს მიუღებელი. ამიტომ, როდესაც საეჭვო ჯგუფის ან სიმღერის სახელწოდებას ვკითხულობ, ტელევიზორს მაშინვე სხვა არხზე გადავრთავ ხოლმე“.

‘ჭეშმარიტება ილაპარაკე შენს გულში’

მაშინაც კი, როდესაც იცი ბიბლიური პრინციპები, შეიძლება შემწყნარებლური დამოკიდებულება გაგიჩნდეს იმისადმი, რაც ღვთისთვის მიუღებელია. როგორ? თუკი შეეცდები, გამართლება მოუძებნო მიუღებელ საქციელს (იაკობის 1:22). ბიბლია გვეუბნება, რომ იეჰოვას მეგობარი ის არის, ვინც „ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში“ (ფსალმუნები 14:2). ასე რომ, საკუთარი თავის წინაშე იყავი პატიოსანი. თავს ნუ მოიტყუებ! თუ ატყობ, რომ საეჭვო მასალის ყურება უკვე დასაშვებად მიგაჩნია, ჰკითხე საკუთარ თავს: „მოიწონებდა იეჰოვა იმას, რასაც ვუყურებ?“. გახსოვდეს: ხშირად რთული მხოლოდ იმის განსხვავება კი არ არის, რა არის სწორი და რა არასწორი, არამედ იმის გაკეთება, რაც სწორია! შენთვის იეჰოვასთან ურთიერთობა უფრო ძვირფასი უნდა იყოს, ვიდრე გართობა (2 კორინთელთა 6:17, 18).

ჩვეულებრივ, გულგრილად მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენ კლიპების შერჩევისას, საკმარისი არ არის. თუ გადაწყვეტილება მტკიცე არ იქნება, სწრაფადვე დაკარგავ ასე მოქმედების სურვილს. ბიბლია მოგვითხრობს, ღვთის მსახურმა, იობმა, როგორ მიიღო გადაწყვეტილება, მეუღლის ერთ­გული დარჩენილიყო. მან თქვა: „აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა“ (იობი 31:1). წარმოგიდგენია, იობმა აღთქმა ანუ, ასე ვთქვათ, ოფიციალური ხელშეკრულება დაუდო საკუთარ თავს, რომ თვალებისთვის საზღვარი დაედგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის შეეხედა და რისთვის არა! შენც შეგიძლია ასე მოქცევა. მტკიცედ გადაწყვიტე — საკუთარ თავს სიტყვა მიეცი — არ უყურო იმას, რაც ცუდია. დაუდგინე საკუთარ თავს კონკრეტული საზღვრები. ილოცე ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ კი პირობას უერთგულე. თუ შენთვის უკეთესი იქნება, ჩაიწერე კიდეც. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარება დაგჭირდება, რჩევისათვის მიმართე უფროსი ასაკის ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობი, მაგალითად, შენს მშობლებს.

ზოგმა ახალგაზრდა ქრისტიანმა, გაითვალისწინა რა კლიპების ყურებასთან დაკავშირებული საშიშროება, გადაწყვიტა, საერთოდ არ ეყურებინათ მუსიკალური კლიპებისთვის. როგორიც უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება, გამოიყენე აღქმის უნარი. შეინარჩუნე სუფთა სინდისი. თუ მხოლოდ სასარგებლო და გამომაცოცხლებელ გართობებს აირჩევ, არც საკუთარ თავს ავნებ და იეჰოვასთან მეგობრულ ურთიერთობასაც შეინარჩუნებ.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 იხილეთ სტატია „ვუყურო ვიდეოკლიპებს?“, რომელიც გამოქვეყნდა ამავე რუბრიკაში 2003 წლის 8 მარტის გამოშვებაში.

[სურათი 28 გვერდზე]

მართალია, ზოგ კლიპში არ არის აშკარად უზნეო კადრები, მაგრამ ადამიანში არაჯანსაღ იდეებს თესავს.

[სურათი 29 გვერდზე]

გადაწყვიტე, რომ არ უყურებ იმას, რაც ღმერთს არ მოსწონს.