არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იზრდება უკმაყოფილება გადასახადების გამო?

იზრდება უკმაყოფილება გადასახადების გამო?

იზრდება უკმაყოფილება გადასახადების გამო?

„ქანცგაწყვეტამდეც რომ ვიშრომო, ჯამაგირის დიდ ნაწილს მაინც ხელიდან ამაცლიან“ (ბაბილონური ანდაზა, დაახლოებით ძვ. წ. 2300 წ.).

„ამქვეყნად არაფერია გარდაუვალი სიკვდილისა და გადასახადების გარდა“ (აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე ბენჯამინ ფრანკლინი, 1789 წ.).

რუბენი გამყიდველად მუშაობს. ყოველწლიურად მძიმე შრომის ფასად მოპოვებული ხელფასის თითქმის მესამედი გადასახადებში მისდის. „არ ვიცი, სად ქრება ამდენი ფული, — ჩივის ის. — მთავრობა განუწყვეტლივ ამცირებს თანხებს, რითაც სხვადასხვა დაწესებულებებს აფინანსებს. შედეგად, უწინდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები მომსახურებით ვართ უზრუნველყოფილნი“.

მოგვწონს ეს თუ არა, გადასახადები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მწერალი ჩარლზ ადამსი ამბობს: „დღიდან ცივილიზებული საზოგადოების არსებობისა მთავრობები მუდამ ბეგრავდნენ შემოსავალს“. გადასახადები ხშირად უკმაყოფილებას იწვევდა, ზოგჯერ კი აჯანყების მიზეზიც გამხდარა. ძველი ბრიტები, რომლებიც რომაელებს ებრძოდნენ, ამბობდნენ: „ხარკის გადახდას სიკვდილი გვირჩევნია!“ საფრანგეთში ხალხისთვის საძულველი „გაბელი“, ანუ მარილზე დაწესებული გადასახადი, გახდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის წამოწყების მიზეზი, რომლის დროსაც გადასახადების ამკრეფებს თავები მოჰკვეთეს. ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახადებით უკმაყოფილო მოსახლეობის მიერ წამოწყებულმა აჯანყებებმაც თავისი წვლილი შეიტანა ინგლისის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმართული ომის დაწყებაში.

გასაკვირი არაა, რომ გადასახადების გამო უკმაყოფილება დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება. ექსპერტები ამბობენ, რომ განვითარებად ქვეყნებში საგადასახადო სისტემები ხშირად „არაეფექტიანი“ და „არასამართლიანია“. როგორც ერთი მკვლევარი ამბობს, აფრიკის ერთ ღარიბ ქვეყანაში არსებობს „300-ზე მეტი ადგილობრივი გადასახადი, რომელთა მართვა-გაკონტროლება სრულიად შეუძლებელია, თუნდაც ამას საუკეთესო სპეციალისტები აკეთებდნენ. გადასახადების ამოღების და მონიტორინგის სათანადო მექანიზმები ან არ არსებობს, ან არ გამოიყენება . . . რაც ამ მექანიზმების ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა“. ბი-ბი-სი იუწყებოდა, რომ აზიის ერთ ქვეყანაში „ადგილობრივი ბიუჯეტის შესავსებად თუ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად მთავრობამ მოსახლეობას უამრავი . . . უკანონო გადასახადი დააკისრა — დაბეგრილია ყველაფერი, ბანანების მოყვანით დაწყებული და ღორების დაკვლით დამთავრებული“.

მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უთანასწორობაც ზრდის უკმაყოფილებას. აი, რა არის ნათქვამი გაეროს მიერ გამოცემულ პუბლიკაცია „აფრიკის აღორძინებაში“: „განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში არსებულ მრავალ განსხვავებას შორის ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ განვითარებული ქვეყნები ფერმერებს სუბსიდიებს აძლევენ, განვითარებადი ქვეყნები კი — გადასახადებს აკისრებენ . . . მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ აშშ-ის სუბსიდიები 250 [მილიონი] დოლარით ამცირებს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების წლიურ საბიუჯეტო შემოსავალს, რომელსაც ისინი ბამბის ექსპორტირებისგან იღებენ“. ამიტომ, განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ფერმერები შეიძლება უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მთავრობა მათ ისედაც მწირ შემოსავალს ბეგრავს. აზიის ერთ ქვეყანაში მცხოვრები ფერმერი ამბობს: „როგორც კი [მთავრობის წარმომადგენლები] გვეწვეოდნენ, ვიცოდით, რომ ფული უნდა მოეთხოვათ“.

ამას წინათ ასეთივე უკმაყოფილება გამოიწვია გადასახადებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, როცა მთავრობამ ფერმერებს საადგილმამულო გადასახადი დააკისრა. ამ უკანასკნელებმა სასამართლოს მიმართეს. ეს გადასახადი „ლუკმაპურს გამოაცლის ფერმერებს და გაზრდის უმუშევართა რიცხვს“, — ჩიოდა ფერმერთა წარმომადგენელი. გადასახადებით გამოწვეული უკმაყოფილება დღესაც კი ზოგჯერ ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე. ბი-ბი-სი იუწყება: „შარშან მოკლული იყო ორი [აზიელი] ფერმერი, როდესაც პოლიციამ თავდასხმა განახორციელა სოფელზე, რომლის მოსახლეობაც უზომოდ მაღალი გადასახადების წინააღმდეგ გამოდიოდა“.

უკმაყოფილებას გადასახადების გამო მხოლოდ ღარიბები არ გამოთქვამენ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბევრ შეძლებულ გადამხდელს „არ სურს დამატებითი გადასახადების გადახდა — მაშინაც კი, თუ ამის გამო მთავრობა ვერ შეძლებს მათთვის მნიშვნელოვანი მომსახურების გაუმჯობესებას“. ჟურნალ-გაზეთების გარეკანზე ან ტელეეკრანზე ხშირად დაინახავთ, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული კინოს, მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავები, ასევე ცნობილი პოლიტიკოსები თავს არიდებენ გადასახადების გადახდას. წიგნში „საშემოსავლო გადასახადის შემცირება (და დაცემა?)“ ნათქვამია: „სამწუხაროდ, არც ჩვენი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები — ჩვენი პრეზიდენტები — აძლევენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს საგადასახადო კანონმდებლობისადმი მორჩილების მაგალითს“.

შეიძლება თქვენც ფიქრობთ, რომ გადასახადები უზომოდ მაღალი და არასამართლიანია, თანაც უსაშველოდ ბევრი. როგორ უნდა უყურებდეთ გადასახადების გადახდას? ემსახურება ის რაიმე პრაქტიკულ მიზანს? რატომაა, რომ საგადასახადო სისტემები ხშირად ძალიან რთულია და, ერთი შეხედვით, არასამართლიანი? ამ კითხვებს მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.

[სურათი 4 გვერდზე]

განვითარებად ქვეყნებში ღარიბებს გადასახადები მძიმე ტვირთად აწევთ.

[საავტორო უფლება]

Godo-Foto