არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ საფასური?

გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ საფასური?

გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ საფასური?

„გადასახადებს იმიტომ ვიხდით, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში ვიცხოვროთ“ (წარწერა საგადასახადო სამმართველოს შენობაზე ვაშინგტონში).

მთავრობა, ჩვეულებრივ, აცხადებს, რომ გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ არსებობისთვის აუცილებელი საფასურია, რასაც, გინდა თუ არ გინდა, უნდა შეეგუო. ეთანხმებით ამ აზრს თუ არა, ერთი რამ ცხადია: გადასახადები, როგორც წესი, მაღალია.

გადასახადები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებად. მაგალითად, ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, კორპორაციის საშემოსავლო გადასახადი და ქონებრივი გადასახადი პირდაპირ გადასახადთა კატეგორიას მიეკუთვნება. აქედან ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, ალბათ, ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც საშემოსავლო გადასახადი პროგრესულია — რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, მით უფრო მეტ პროცენტს იხდი. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პროგრესული გადასახადები გასაქანს არ აძლევს ხალხს, რადგან ახშობს მათში შრომისა და წარმატების მიღწევის სურვილს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ერთ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ გარდა იმ გადასახადებისა, რომლებსაც მოსახლეობა ცენტრალურ მთავრობას უხდის და რომელთა რიცხვში საშემოსავლო გადასახადიც შედის, „ხელფასის მიმღები პირები შეიძლება იხდიდნენ ადგილობრივი, რეგიონის, პროვინციისა თუ შტატის ხელისუფლების მიერ დაწესებულ საშემოსავლო გადასახადებს. ასეთი ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, ესპანეთში, იაპონიაში, ისლანდიაში, კანადაში, კორეაში, სკანდინავიის ქვეყნებსა და შვეიცარიაში“ (OECD Observer).

არაპირდაპირ გადასახადთა რიცხვს მიეკუთვნება ბრუნვის გადასახადი, აქციზი სპირტიან სასმელებსა და სიგარეტზე და საბაჟო გადასახადები. პირდაპირ გადასახადებთან შედარებით ეს გადასახადები ნაკლებად თვალშისაცემია, მაგრამ შეიძლება მაინც მძიმე ტვირთად დააწვეს გადამხდელებს, განსაკუთრებით ღარიბებს. ინდოეთში გამომავალ ჟურნალ „ფრონტლაინში“ ჟურნალისტი ჯაიალი გოში ამბობს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განაცხადი იმის თაობაზე, თითქოს ინდოეთში გადასახადების ყველაზე დიდ წილს იხდიან საშუალო შემოსავლის მქონე და შეძლებული გადამხდელები. ქალბატონი გოში ამბობს: „არაპირდაპირი გადასახადების სახით შტატების მთავრობები გადასახადებით ამოღებული საერთო თანხის 95 პროცენტზე მეტს იღებენ . . . ეტყობა, რომ სინამდვილეში ღარიბი ხალხი უფრო დიდ ნაწილს იხდის, ვიდრე მდიდრები“. როგორც ჩანს, უთანასწორობას ქმნის ფართო მოხმარების ისეთ საქონელზე დაწესებული მაღალი გადასახადები, როგორიცაა საპონი და საკვები პროდუქტები.

რაში იყენებს ამ ფულს მთავრობა?

სად მიდის ფული?

მთავრობებს უზარმაზარ თანხებად უჯდება მოსახლეობის უზრუნველყოფა აუცილებელი მომსახურებით. საფრანგეთში, მაგალითად, ყოველი მეოთხე ადამიანი სახელმწიფო სექტორში მუშაობს. ესენი არიან მასწავლებლები, ფოსტის მუშაკები, მუზეუმებისა და საავადმყოფოების პერსონალი, პოლიციის თანამშრომლები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე პირები. გადასახადები აუცილებელია მათთვის ხელფასების მისაცემად. გადასახადების ხარჯზე ხდება აგრეთვე გზების გაყვანა, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა და ისეთი მომსახურებებით უზრუნველყოფა, როგორიცაა ნაგვის გატანა და ფოსტის დატარება.

გადასახადების არსებობის კიდევ ერთი მიზეზი შეიარაღებული ძალების დაფინანსებაა. საშემოსავლო გადასახადი პირველად დაეკისრათ შეძლებულ ბრიტანელებს საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ომის მხარდასაჭერად. ეს იყო 1799 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს კი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მუშათა კლასსაც მოსთხოვა საშემოსავლო გადასახადის გადახდა. დღესაც, შეიარაღებული ძალების დაფინანსება, თუნდაც მშვიდობიან დროს, ძალიან ძვირი ჯდება. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასების თანახმად, 2000 წელს მსოფლიო მასშტაბით გაწეულმა სამხედრო ხარჯებმა თითქმის 798 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სოციალური ინჟინერია

გადასახადები „სოციალური ინჟინერიის“ როლსაც თამაშობს — ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა გარკვეული ჩვევები განავითარონ ან რაღაცაზე უარი თქვან. მაგალითად: ითვლება, რომ სპირტიანი სასმელების დაბეგვრა ხელს უშლის მათი დიდი რაოდენობით მოხმარებას. ამით აიხსნება ის, რომ ბევრ ქვეყანაში გადასახადები ლუდის საცალო ფასის თითქმის 35 პროცენტს შეადგენს.

მაღალი გადასახადებითაა დაბეგრილი, აგრეთვე, თამბაქოს ნაწარმი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სიგარეტის ერთი კოლოფის ფასის 45—50 პროცენტი გადასახადია. მაგრამ ასეთი გადასახადების დაწესებისას მთავრობა შეიძლება ყოველთვის უანგარო აღძვრებით არ ხელმძღვანელობდეს. როგორც პროფესორი კენეთ უორნერი შენიშნავს ჟურნალ „ფორინ პოლისიში“, თამბაქო „უძლიერესი ეკონომიკური ძალაა და მის გაყიდვას ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის მოგება მოაქვს, იმ დამატებით მილიარდებთან ერთად, რომლის ამოღებაც ხდება საგადასახადო შემოსავლების საშუალებით“.

XX საუკუნის დასაწყისში შემოღებული ერთი კანონი სოციალური ინჟინერიის ღირსშესანიშნავ მაგალითად წარმოგვიდგება. აშშ-ის კანონმდებლები შეეცადნენ, შეეზღუდათ შეძლებული დინასტიების მატერიალური მდგომარეობა. როგორ? უძრავი ქონების დაბეგვრით. როდესაც ქონების მფლობელი კვდება, დაგროვილი სიმდიდრის დიდ ნაწილს გადასახადის სახით იღებს სახელმწიფო. ამ კანონის მომხრეები ამტკიცებენ, რომ გადასახადის წყალობით „მემკვიდრეობითი არისტოკრატიული არხებიდან სახსრები გადადის სამოქალაქო პირების ხელში, რათა მოხმარდეს დემოკრატიულ მიზნებს“. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ შეძლებული გადამხდელები ათასნაირ ხერხს მიმართავენ, რომ ამ გადასახადის სიმძიმე შეიმსუბუქონ.

გადასახადებს აწესებენ სხვადასხვა სოციალური პროგრამის გასატარებლადაც, მაგალითად, გარემოს დაცვისთვის. ჟურნალ „ინვაირონმენტლ მეგეზინში“ ნათქვამია: „ბოლო ხანებში დასავლეთ ევროპის ცხრა ქვეყანაში შემოიღეს სპეციალური გადასახადი გარემოს დაცვისთვის. ეს გადასახადი, ძირითადად, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლადაა გამიზნული“. პროგრესული საშემოსავლო გადასახადები, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, სოციალური ინჟინერიის ხელშემწყობი კიდევ ერთი მცდელობაა, რაც იმაზეა გათვლილი, რომ შემცირდეს მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული. ზოგი მთავრობა შეღავათს უწევს ბავშვიან ოჯახებს ან მათ, ვინც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

რატომაა ასე რთული?

გადასახადებთან დაკავშირებული ყოველი ახალი კანონის შემოღებისთანავე კანონმდებლები ყველა შესაძლო საგადასახადო ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ. ამაში კი არაფერია გასაკვირი — საქმე ხომ უზარმაზარი თანხების დაკარგვას ეხება! რა არის ამის შედეგი? იქმნება საგადასახადო კანონები, რომლებიც უაღრესად რთული და სპეციფიკურია. ჟურნალ „ტაიმში“ გამოქვეყნებულ ერთ სტატიაში იხსნებოდა, რომ აშშ-ის საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ბევრი სირთულე „იწვევს შემოსავლის განსაზღვრას“, ანუ იმის ზუსტ დაკონკრეტებას, თუ რა არის დასაბეგრი. სხვა სირთულეების წყაროა ურიცხვი წესები, რომლებიც გადასახადების გადახდისას „ითვალისწინებს სხვადასხვა შეღავათებს“. ასეთი რთული საგადასახადო კანონები არა მხოლოდ შეერთებულ შტატებშია. დიდი ბრიტანეთის საგადასახადო კანონმდებლობის განახლებული გამოცემის ტექსტი 9 521 გვერდისგან შედგება და ათ ტომადაა წარმოდგენილი.

მიჩიგანის უნივერსიტეტთან არსებული საგადასახადო პოლიტიკის კვლევითი სამმართველო იუწყება: „ყოველ წელს აშშ-ში გადამხდელებს სამ მილიარდზე მეტი საათი ეხარჯებათ თავიანთი საშემოსავლო დეკლარაციების შევსებაზე . . . დრო და ფული, რომელიც აშშ-ში საშემოსავლო გადასახადების გადამხდელებს [დეკლარაციების შევსებაზე] მისდით, ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ამოღებული გადასახადების თითქმის 10 პროცენტის ტოლია. ის, რომ საგადასახადო კანონების დაცვის გამო უზარმაზარი თანხა იკარგება, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული უსაშველოდ რთული კანონმდებლობის შედეგია“. ამ სერიის პირველი სტატიის დასაწყისში მოხსენიებული რუბენი ამბობს: „ვცდილობდი, თავად შემევსო საგადასახადო დეკლარაციები, მაგრამ ამას დიდი დრო მიჰქონდა, თანაც ვატყობდი, რომ სავალდებულოზე მეტს ვიხდიდი. ამიტომაც, ახლა უკვე ბუღალტერს ვქირაობ“ (იხილეთ მე-8 გვერდზე ჩარჩო „დაიცავით საგადასახადო კანონები“).

გადამხდელები, „ხვრელებით“ მოსარგებლენი და თავის ამრიდებლები

მართალია უხალისოდ, მაგრამ უმრავლესობა მაინც აღიარებს, რომ გადასახადებს სარგებლობა მოაქვს საზოგადოებისთვის. დიდი ბრიტანეთის შიდა საბიუჯეტო შემოსავლების სამმართველოს უფროსმა ერთხელ თქვა: „არავის სიამოვნებს საშემოსავლო გადასახადების გადახდა, მაგრამ ცოტა თუ იტყოდა იმას, რომ მათ გარეშე უკეთესად ვიცხოვრებდით“. ზოგის აზრით, შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 90 % ემორჩილება საგადასახადო კანონმდებლობას. საგადასახადო კანონების ერთი ექსპერტი აღიარებს: „კანონის არდაცვა უმეტესწილად ხდება თვით კანონებისა და მათთან დაკავშირებული პროცედურების სირთულის გამო, და არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ სურს დაემორჩილოს მოქმედ კანონმდებლობას“.

თუმცა კი, არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ გარკვეული გადასახადებისგან თავის დაღწევას. აი, რა არის ნათქვამი ჟურნალ „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტში“ კორპორაციის საშემოსავლო გადასახადების შესახებ: „ბევრი ფირმა კანონიერი გზებით არიდებს თავს გადასახადების დიდი ნაწილის — ზოგჯერ კი მთლიანი გადასახადის — გადახდას. ამას ისინი ახერხებენ საგადასახადო კოდექსში არსებული ხვრელებისა და ჭკვიანურად გათვლილი მანიპულაციების წყალობით“. ერთ-ერთი ასეთი საზრიანი გეგმის შესახებ სტატიაში შემდეგ ნათქვამია: „აშშ-ში არსებული კორპორაცია აფუძნებს ფირმას საზღვარგარეთ — იმ ქვეყანაში, სადაც უფრო დაბალი გადასახადებია. შემდეგ ის საზღვარგარეთ არსებული კომპანიის ფილიალი ხდება“. ამგვარად, კომპანია არაა ვალდებული იხადოს აშშ-ის მიერ დაწესებული გადასახადები (რომლებიც შეიძლება შემოსავლის 35 პროცენტსაც კი შეადგენდეს), თუნდაც უცხო ქვეყანაში დაფუძნებული მისი „მთავარი სამმართველო ოდნავ აღემატებოდეს უბრალო კარტოთეკასა და საფოსტო ყუთს“.

არსებობს ხალხის ისეთი კატეგორიაც, რომლებიც საერთოდ არ იხდიან გადასახადებს. როგორც იტყობინებიან, ევროპის ერთ ქვეყანაში გადასახადებისგან თავის არიდებას „ეროვნულ სპორტად“ მიიჩნევენ. შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ შემდეგი რამ უჩვენა: 25—29 წლის მამაკაცთა მხოლოდ 58 პროცენტი თვლიდა, რომ დეკლარაციების შევსებისას არ შეიძლებოდა სრული შემოსავლის დამალვა. გამოკვლევის ინიციატორები აღიარებენ: „გამოკვლევის შედეგები ჩვენი საზოგადოების ეთიკისა და ზნეობის სასარგებლოდ არ მეტყველებს“. შეფასებების თანახმად, მექსიკაში მოსახლეობის თითქმის 35 პროცენტი არ იხდის გადასახადებს.

ასეა თუ ისე, ხალხი, ჩვეულებრივ, აცნობიერებს გადასახადების აუცილებლობას და სავალდებულო გადასახადების გადახდაზე უარს არ ამბობს. მაგრამ ისიც ჩანს, რომ სიმართლეს შეეფერება ცნობილი სიტყვები, რომლებსაც ტიბერიუს კეისარს მიაწერენ: „კარგმა მწყემსმა ცხვარს ტყავი კი არ უნდა გააძროს, მხოლოდ უნდა გაკრიჭოს“. თუ გრძნობთ, რომ ისეთი სისტემის მსხვერპლად იქეცით, რომელიც, თქვენი აზრით, დამამძიმებელი, უსამართლო და ზედმეტად რთულია, რა დაგეხმარებათ გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით სწორი თვალსაზრისის განვითარებაში?

[ჩარჩო 7 გვერდზე]

დაფიქრდით, სანამ სხვაგან გადასვლას გადაწყვეტთ!

საგადასახადო სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში ერთიმეორისგან განსხვავდება. ერთი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილშიც კი ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადები შეიძლება საგრძნობლად განსხვავდებოდეს. ხომ არ ღირს საცხოვრებლად ისეთ მხარეში გადასვლა, სადაც საგადასახადო განაკვეთი უფრო დაბალია? შესაძლოა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ.

„OECD Observer“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მკითხველებს შეახსენებენ, რომ ყველაფერი ძირითადი საშემოსავლო გადასახადით არ განისაზღვრება. სტატიაში, კერძოდ, ნათქვამია: „თითოეული გადამხდელის გადასახადზე შეღავათებიც ახდენს გავლენას“. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი დაბალია, მაგრამ ეს გადამხდელების მდგომარეობას მაინცდამაინც არ ამსუბუქებს, რადგან საგადასახადო კანონმდებლობა „ნაკლებად ითვალისწინებს ძირითად საგადასახადო შეღავათებს“. შედეგად, ადამიანმა შეიძლება უფრო მეტი იხადოს, ვიდრე იმ ქვეყანაში, სადაც საგადასახადო განაკვეთი შედარებით მაღალია, მაგრამ გაცილებით მეტი შეღავათი არსებობს.

აშშ-ში მცხოვრებთაგან ზოგი ფიქრობს გადასვლას ისეთ შტატებში, სადაც შემოსავალი არ იბეგრება. საინტერესოა, იზოგება ამით ფული? როგორც „კიპლინგერზ პერსონალ ფაინანსშია“ ნათქვამი, არა. იქ წერია: „ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ რამდენიმე შტატში, სადაც მოსახლეობა არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, თანხის ანაზღაურება ხდება იმის ხარჯზე, რომ გაზრდილია ქონებრივი გადასახადი, ბრუნვის გადასახადი და ა. შ“.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

დაიცავით საგადასახადო კანონები

ბევრი ჩვენგანისთვის გადასახადების გადახდა ერთობ დამძაბველი, დამამძიმებელი საქმეა. ამიტომ, პრაქტიკული რჩევების მისაღებად „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი საგადასახადო კანონების ერთ-ერთ ექსპერტს გაესაუბრა.

„მოუსმინეთ სპეციალისტებს. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საგადასახადო კანონი შეიძლება ძალიან რთული იყოს, ხოლო იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ კანონის არდაცვის შემთხვევაში მის არცოდნას საპატიო მიზეზად ჩაგითვლიან. თუმცა საგადასახადო ინსპექტორებს გადამხდელი შეიძლება მტრებად მიიჩნევდეს, ხშირად სწორედ მათგან შეიძლება ზუსტი და მარტივი ინსტრუქციების მიღება იმის თაობაზე, თუ როგორ გაართვათ თავი გადასახადებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ სფეროში მომუშავეებს ურჩევნიათ, რომ საგადასახადო დეკლარაციები თავიდანვე სწორად შეავსოთ. მათ სულაც არ სურთ თქვენი დადანაშაულება კანონის დაუმორჩილებლობაში.

თუ გიჭირთ თქვენი შემოსავლის აღრიცხვა და დეკლარაციის შევსება, რჩევისთვის შეგიძლიათ კერძო სპეციალისტს მიმართოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით! თუმცა ბევრი მათგანი გულწრფელადაა დაინტერესებული კლიენტის ინტერესების დაცვით, არიან ისეთებიც, რომლებსაც მსგავსი აღძვრები სულაც არ ამოძრავებთ. უმჯობესია, თუ სანდო მეგობარს ან თანამშრომელს მიმართავთ და გაარკვევთ, როგორ ახასიათებენ ამა თუ იმ სპეციალისტს.

დროულად იმოქმედეთ. დაგვიანებით მიწოდებული ინფორმაციისთვის შეიძლება მკაცრად დაისაჯოთ.

აწარმოეთ ზუსტი ჩანაწერები. რა საბუღალტრო აღრიცხვის სისტემასაც არ უნდა იყენებდეთ, ინფორმაცია ყოველთვის განაახლეთ. ამგვარად, საგრძნობლად გაიადვილებთ საქმეს, როდესაც საგადასახადო დეკლარაციების შევსება მოგიწევთ, და იმ შემთხვევაშიც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუ თქვენს დოკუმენტაციას შეამოწმებენ.

იყავით პატიოსანი. შეიძლება იმის ცდუნებამ წაგძლიოთ, რომ ცოტა მოიტყუოთ ან წესები თქვენ სასარგებლოდ მოირგოთ, მაგრამ საგადასახადო ინსპექტორები დახელოვნებულნი არიან სიცრუის აღმოჩენაში. ყოველთვის ჯობია, იყოთ პატიოსანი.

ყოველთვის გარკვეული იყავით საქმის ვითარებაში. თუ თქვენ მიერ დაქირავებული სპეციალისტი საგადასახადო დეკლარაციაში არასწორ ინფორმაციას შეიტანს, პასუხს მაინც თქვენ აგებთ. ამიტომ, თვალყური ადევნეთ, რომ თქვენი წარმომადგენელი თქვენი მითითებების თანახმად მოქმედებდეს“.

[სურათი 7 გვერდზე]

ბევრ ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები მაღალი გადასახადებით იბეგრება.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

გადასახადების მეშვეობით ხდება იმ მრავალი მომსახურების დაფინანსება, რომლებსაც, შესაძლოა, ჩვეულებრივად მივიჩნევთ.