არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სისხლთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი გავიზიარე

სისხლთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი გავიზიარე

სისხლთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი გავიზიარე

ექიმი მოგვითხრობს თავის ბიოგრაფიას

საავადმყოფოს საკონფერენციო დარბაზში ექიმების წინაშე გვამის გაკვეთის შედეგებს წარმოვადგენდი. გარდაცვლილს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. დასკვნით სიტყვაში აღვნიშნე: „პაციენტის სიკვდილი გამოიწვია დიდი რაოდენობით სისხლის გადასხმის შედეგად განვითარებულმა ჰემოლიზმა [სისხლის წითელი ბურთულების დაშლამ] და მწვავე რენულმა [თირკმლის] უკმარისობამ“.

ერთი პროფესორი წამოხტა და გაბრაზებულმა ყვირილით მითხრა: „ამით იმის თქმა გინდათ, რომ სათანადო ჯგუფის სისხლი არ გადაგვისხამს?“ „არა, ეს არ მიგულისხმია“, — ვუპასუხე მე. რამდენიმე სლაიდზე ვაჩვენე გარდაცვლილის თირკმლის პაწაწინა მონაკვეთები და დავძინე: „აქ ვხედავთ თირკმელში სისხლის წითელი უჯრედების მასიურ ლიზისს [დაშლას], რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თირკმლის მწვავე უკმარისობა სისხლის გადასხმით იყო გამოწვეული“ *. ატმოსფერო საოცრად დაიძაბა. აღელვებისგან პირი გამიშრა. მე ახალბედა ექიმი ვიყავი, ის კი პროფესორი, მაგრამ უკან დახევა არ შემეძლო.

იმ დროს იეჰოვას მოწმე არ ვიყავი. მე დავიბადე 1943 წელს იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სენდაიში. მამაჩემი პათოლოგოანატომი და ფსიქიატრი იყო. ამიტომ მეც გადავწყვიტე, მამის კვალს გავყოლოდი და სამედიცინოზე მესწავლა. მეორე კურსზე ყოფნის დროს, 1970 წელს, მასუკოზე დავქორწინდი.

ვირჩევ პათოლოგოანატომობას

მასუკო მუშაობდა, რათა შემომშველებოდა სწავლის დამთავრებამდე. მედიცინა ძალიან მიზიდავდა. ყოველთვის მაოცებდა და ჩემში მოკრძალების გრძნობას იწვევდა იმის დანახვა, თუ რა საოცარია ადამიანის ორგანიზმი! მიუხედავად ამისა, არასოდეს მიფიქრია შემოქმედის არსებობაზე. ვფიქრობდი, რომ მედიცინის სფეროში წარმოებული გამოკვლევები შესძენდა ჩემს ცხოვრებას აზრს. ასე რომ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კვლევა პათოლოგიური ანატომიის სფეროში განვაგრძე; ვსწავლობდი დაავადებების ხასიათს, გამომწვევ მიზეზებს და მათ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

კიბოთი გარდაცვლილ პაციენტთა გვამების გაკვეთის შედეგად ეჭვები გამიჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამართლებული იყო სისხლის გადასხმა. კიბოს შორს წასული ფორმის მქონე ავადმყოფებს სისხლდენის შედეგად შეიძლება ანემია განუვითარდეთ. ქიმიოთერაპიაც ხელს უწყობს ანემიის განვითარებას და ექიმები პაციენტებს ხშირად სისხლის გადასხმას უნიშნავენ. მე კი ეჭვები გამიჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის გადასხმის შედეგად შეიძლებოდა ხელი შეწყობოდა კიბოს მთელ ორგანიზმში გავრცელებას. დღეს ცნობილია, რომ სისხლის გადასხმა იმუნოდეპრესიას (იმუნიტეტის დაქვეითებას) იწვევს, რაც თავის მხრივ, ზრდის რეციდივის განვითარების ალბათობას და, შესაბამისად, ამცირებს კიბოთი დაავადებულ პაციენტთა გადარჩენის შესაძლებლობას *.

1975 წელს თავს გადამხდა შემთხვევა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიე. ის პროფესორი იყო გარდაცვლილ ავადმყოფზე პასუხისმგებელი; მისი სპეციალიზაცია ჰემატოლოგია გახლდათ. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ რატომ გაბრაზდა, როდესაც ვთქვი, რომ პაციენტის სიკვდილი სისხლის გადასხმით იყო გამოწვეული. მე განვაგრძე სიტყვა და პროფესორი თანდათანობით დაწყნარდა.

არავითარი ავადმყოფობა და სიკვდილი

ეს დაახლოებით ის დრო იყო, როდესაც ჩემს მეუღლეს ერთი ასაკოვანი ქალბატონი, იეჰოვას მოწმე, ეწვია. ლაპარაკისას მან „იეჰოვა“ ახსენა. ჩემმა მეუღლემ ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა. მოწმემ უპასუხა, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთის სახელია. მასუკო ბიბლიას ბავშვობიდან კითხულობდა, მაგრამ მასში ღვთის სახელი „უფლით“ იყო შეცვლილი. ახლა კი მასუკომ გაიგო, რომ ღმერთი პიროვნებაა და მას სახელი აქვს.

ჩემმა მეუღლემ მაშინვე დაიწყო ამ ქალბატონთან ბიბლიის შესწავლა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე საავადმყოფოდან მოსულს, აღფრთოვანებულმა მასუკომ მახარა: „ბიბლიაში ნათქვამია, რომ ავადმყოფობა და სიკვდილი აღარ იარსებებს!“ „ჩინებული იქნება“, — ვუპასუხე მე. მან კი განაგრძო: „ახალი ქვეყნიერება მალე დადგება და არ მინდა, რომ დროს ტყუილად კარგავდე“. მასუკოს სიტყვებიდან ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ სურდა, ექიმობა მიმეტოვებინა და გავბრაზდი. ამის გამო ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა.

მასუკო მაინც ცდილობდა ჩემში ჭეშმარიტებისადმი ინტერესის გაღვივებას. ის ღმერთს ლოცვაში სთხოვდა, დახმარებოდა ჩემთვის საინტერესო მუხლების პოვნაში და შემდეგ მაჩვენებდა მათ. ჩემს გულს განსაკუთრებით ეკლესიასტეს 2:22, 23–ში ჩაწერილი სიტყვები შეეხო: „რა რჩება ადამიანს მთელი მისი შრომისაგან და თავისი გულისსწრაფვისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს იგი? . . ღამითაც კი არ აქვს მოსვენება მის გულს. ესეც ამაოებაა“. ეს სიტყვები ზუსტად გადმოსცემდა ჩემს მდგომარეობას — თავი მთლიანად მედიცინისთვის მქონდა მიძღვნილი. დღე და ღამეს ვასწორებდი, ჭეშმარიტ კმაყოფილებას კი მაინც ვერ ვგრძნობდი.

1975 წლის ივლისში, კვირა დილით, ჩემი მეუღლე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში წავიდა. მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ მეც წავსულიყავი. იქ რომ დამინახა, მასუკო გაოცდა. მოწმეებმა დიდი სითბოთი მიმიღეს. იმ დღიდან ყოველ კვირა დღეს დავდიოდი შეხვედრებზე. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ერთ მოწმესთან ბიბლიის სწავლა დავიწყე. მასუკო შესწავლის დაწყების დღიდან სამი თვის შემდეგ მოინათლა.

სისხლის შესახებ ღვთის თვალსაზრისის გაზიარება

მალე გავიგე, რომ ბიბლია ქრისტიანებს ეუბნება: „თავი შეიკავეთ . . . სისხლისაგან“ (საქმეები 15:28, 29; დაბადება 9:4). ადრეც ეჭვი მეპარებოდა სისხლის გადასხმის ეფექტურობაში, ამიტომაც არ გამჭირვებია სისხლის შესახებ ღვთის თვალსაზრისის გაზიარება *. გულში ვფიქრობდი: „თუ შემოქმედი არსებობს და ამას ამბობს, მაშინ ეს სწორი უნდა იყოს“.

ისიც გავიგე, რომ ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვაა (რომაელთა 5:12). იმ დროს ათეროსკლეროზთან დაკავშირებით გამოკვლევას ვატარებდი. ასაკში შესვლასთან ერთად ჩვენი არტერიები მკვრივდება, კარგავს მოქნილობას და სანათური ვიწროვდება. ამის შედეგად ვითარდება გულის დაავადება, ცერებროვასკულური მოშლილობები და თირკმელების დაავადება. ლოგიკურად მეჩვენა ის აზრი, რომ ყოველივეს მიზეზი, მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილება იყო. ამის შემდეგ სამედიცინო კვლევა–ძიებისადმი ენთუზიაზმი გამინელდა. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ავადმყოფობისა და სიკვდილის გაქარწყლება!

1976 წლის მარტში, ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, კლინიკაში გამოკვლევების ჩატარება შევწყვიტე. მეშინოდა, რომ ექიმად ვეღარ ვიმუშავებდი, მაგრამ სხვა საავადმყოფოში ვიშოვე სამსახური. 1976 წლის მაისში მოვინათლე. გადავწყვიტე, სრული დროით მქადაგებლად ანუ პიონერად მემსახურა, რადგან ეს იყო ცხოვრების საუკეთესო გზა. მართლაც, 1977 წლის ივლისში პიონერობა დავიწყე.

სისხლის შესახებ ღვთის თვალსაზრისის დაცვა

1979 წლის ნოემბერში მე და მასუკო ტიბას პრეფექტურაში გადავედით. იქ კრებაში ძალიან სჭირდებოდათ მქადაგებლები. ვნახე საავადმყოფო, სადაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობა შემეძლებოდა. სამსახურში მისვლის პირველივე დღეს გარს შემომერტყა ქირურგების ჯგუფი. ისინი მეკითხებოდნენ: „თქვენ ხომ იეჰოვას მოწმე ხართ და რას გააკეთებთ, თუ პაციენტს სისხლის გადასხმა დასჭირდება?“

მე თავაზიანად ვუპასუხე, რომ ღვთის სიტყვისამებრ მოვიქცეოდი. ავუხსენი, რომ არსებობს ალტერნატიული საშუალებები და ყველაფერს გავაკეთებდი პაციენტის დასახმარებლად. დაახლოებით ერთსაათიანი საუბრის შემდეგ მთავარმა ქირურგმა თქვა: „გასაგებია. პაციენტს, რომელსაც დიდი რაოდენობით ექნება სისხლი დაკარგული, ჩვენ მივხედავთ“. მთავარ ქირურგზე ამბობდნენ, რომ მძიმე ხასიათის ადამიანი იყო, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა. ის ყოველთვის პატივისცემით ეკიდებოდა ჩემს რწმენას.

სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო გამოცდის წინაშე

ტიბაში რომ ვმსახურობდით, იმ დროს ქალაქ ებინაში აშენებდნენ იეჰოვას მოწმეთა იაპონიის ახალ ფილიალს (რომელსაც ბეთელს უწოდებენ). მე და მასუკო კვირაში ერთხელ იქ ჩავდიოდით, რათა ბეთელის მშენებლების ჯანმრთელობაზე გვეზრუნა. რამდენიმე თვის შემდეგ მოწვევა მივიღეთ — ბეთელში სრული დროით მსახურებად გვიწვევდნენ. ამგვარად, 1981 წლის მარტში გადავედით ებინაში, სადაც 500–ზე მეტ სხვა მოხალისესთან ერთად დროებით ნაგებობაში ვცხოვრობდით. დილით სააბაზანოებსა და ტუალეტებს ვასუფთავებდი, ნაშუადღევს კი მშენებლებს სამედიცინო მომსახურებას ვუწევდი.

ერთ–ერთი ჩემი პაციენტი იყო ავსტრალიიდან ჩამოსული ილმა იზლობი, რომელიც 1949 წლიდან იაპონიაში მისიონერად მსახურობდა. მას ლეიკემია ჰქონდა და ექიმებმა უთხრეს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვეღა იცოცხლებდა. ილმამ უარი თქვა სისხლის გადასხმაზე, რაც ექიმების თქმით სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა და ბეთელში დაბრუნება არჩია, რათა დარჩენილი დღეები იქ გაეტარებინა. იმ დროს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის მასტიმულირებელი სამედიცინო პრეპარატები და მათ შორის ერითროპოეტინი, ჯერ არ არსებობდა. ზოგჯერ ილმას სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა 3–4 გრამამდე (ნორმალური შემცველობაა 12—15) დადიოდა. მისი მკურნალობისთვის ძალ–ღონეს არ ვიშურებდი. ილმა სიკვდილამდე (1988 წლის იანვრამდე) იეჰოვას სიტყვისადმი მტკიცე რწმენას ავლენდა. მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ილმამ დაახლოებით შვიდი წელი იცოცხლა!

წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა იაპონიის ფილიალში მომსახურე რამდენიმე მოხალისეს დასჭირდა ოპერაციის გაკეთება. ქებას იმსახურებენ მახლობლად მდებარე საავადმყოფოების ექიმები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ და მზად იყვნენ უსისხლო ოპერაციების ჩასატარებლად. მათ ხშირად შევუყვანივარ საოპერაციოში, რათა ოპერაციის მსვლელობისთვის მეყურებინა; ზოგჯერ კი ოპერაციების დროს ასისტენტობასაც ვუწევდი ქირურგს. დიდი მადლობელი ვარ იმ ექიმებისა, რომლებიც პატივისცემით მოეკიდნენ სისხლთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეთა პოზიციას. ამგვარად თანამშრომლობისას არაერთხელ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი მრწამსი მათთვის გამეზიარებინა. ერთ–ერთი ექიმი არცთუ ისე დიდი ხნის წინათ იეჰოვას მოწმე გახდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეთა სისხლის გარეშე მკურნალობის მცდელობის შედეგად, ექიმებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მედიცინის განვითარებაში. უსისხლო ქირურგიამ ცხადყო, რა დიდი სარგებლობა მოაქვს სისხლის გადასხმისთვის გვერდის ავლას. გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ სისხლის გადასხმის გარეშე გაკეთებული ოპერაციების შემდეგ პაციენტების გამოჯანმრთელება უფრო ჩქარა ხდება და გართულებებიც ნაკლებია.

განვაგრძობ სწავლას უდიდეს ექიმთან

ვცდილობ არ ჩამოვრჩე მედიცინის უახლეს მიღწევებს. ამასთანავე, განვაგრძობ სწავლას უდიდეს ექიმთან, იეჰოვასთან. ის არა მარტო იმას ამჩნევს, რაც ერთი შეხედვით ჩანს, არამედ მთლიანობაში ხედავს პიროვნებას (1 მეფეთა 16:7). როგორც ექიმი, მეც ვცდილობ კონკრეტული დაავადების მკურნალობით არ შემოვიფარგლო. ასეთი მიდგომა კი იმის საშუალებას მაძლევს, რომ უკეთესად ვიზრუნო პაციენტის ჯანმრთელობაზე.

მე კვლავ ვაგრძელებ ბეთელში მსახურებას და კვლავაც ვეხმარები სხვებს იეჰოვას გაცნობაში. ამაში ისიც შედის, რომ ადამიანებს გავაცნო იეჰოვას თვალსაზრისი სისხლთან დაკავშირებით. ყოველივე ეს უდიდეს სიხარულს მანიჭებს. ვლოცულობ, რომ უდიდესმა ექიმმა, იეჰოვა ღმერთმა, მალე მოსპოს ყოველგვარი ავადმყოფობა და სიკვდილი (მოგვითხრო იასუში აიზავამ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 დოქტორ დენიზ ჰარმენინგის სახელმძღვანელოს თანახმად, „პოსტტრანფუზიური შენელებული ტიპის ჰემოლიზური რეაქცია“ შეიძლება შეინიშნოს „პაციენტებში, რომლებსაც მანამდე სისხლის გადასხმის, ორსულობისა თუ ტრანსპლანტაციის გამო უკვე ჰქონდათ განვითარებული სენსიბილიზაცია“ (Modern Blood Banking and Transfusion Practices). ასეთ შემთხვევებში „ჩვეულებრივი პრეტრანსფუზიური გამოკვლევებისას შეუძლებელია დაინახო ანტისხეულები“, რომლებიც სისხლის გადასხმის შემთხვევაში უარყოფით რეაქციას იწვევს. ერთ-ერთი წიგნის (Dailey’s Notes on Blood) თანახმად, ჰემოლიზი „შეიძლება შეუთავსებელი . . . სისხლის თუნდაც მცირე რაოდენობით გადასხმამაც გამოიწვიოს. თირკმლის ფუნქციის ბლოკირებისას ორგანიზმი ნელ-ნელა იწამლება, რადგან თირკმელები ვეღარ წმენდს სისხლს“.

^ აბზ. 8 ერთ სამედიცინო ჟურნალში ნათქვამი იყო: „კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც ოპერაციის დროს სისხლს უსხამენ, მნიშვნელოვნად უარესი პროგნოზი აქვთ, ვიდრე პაციენტებს, რომლებსაც ოპერაცია სისხლის გადასხმის გარეშე უკეთდებათ“ (Journal of Clinical Oncology, 1988 წლის აგვისტო).

^ აბზ. 16 სისხლზე ბიბლიური სწავლების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ბროშურიდან „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“ (რუს.), გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 14 გვერდზე]

„[ექიმებს] ავუხსენი, რომ არსებობს ალტერნატიული საშუალებები და ყველაფერს გავაკეთებდი პაციენტის დასახმარებლად“.

[ჩანართი 15 გვერდზე]

„უსისხლო ქირურგიამ ცხადყო, რა დიდი სარგებლობა მოაქვს სისხლის გადასხმისთვის გვერდის ავლას“.

[სურათები 15 გვერდზე]

ზემოთ: ვკითხულობ ბიბლიაზე დაფუძნებულ მოხსენებას.

მარჯვნივ: მეუღლესთან, მასუკოსთან, ერთად.