არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავძლიოთ არასწორი სურვილები?

როგორ დავძლიოთ არასწორი სურვილები?

ბიბლიის თვალსაზრისი

როგორ დავძლიოთ არასწორი სურვილები?

„კეთილის გაკეთება მნებავს და ბოროტი მეტმასნება“ (რომაელთა 7:21, აფ).

სხვა მოციქულებთან შედარებით, ალბათ, ყველაზე მეტად პავლე მოუწოდებდა სხვებს, მიჰყოლოდნენ მაღალზნეობრივ ქრისტიანულ პრინციპებს (1 კორინთელთა 15:9, 10). მიუხედავად ამისა, ის გულწრფელად ამბობს ზემოხსენებულ სიტყვებს. მასში გაუთავებელი ბრძოლა მიმდინარეობდა საღ აზრსა და არასწორ სურვილებს შორის. განგიცდიათ თქვენც მსგავსი გრძნობები? როგორც არასრულყოფილ ადამიანებს, ალბათ, ყველას განგვიცდია შინაგანი კონფლიქტი.

ბევრისთვის ძალიან რთულია არასწორ სურვილებთან ბრძოლა. ზოგი უზნეო სექსუალურ სურვილებს ებრძვის. სხვები აზარტული თამაშების, თამბაქოს, ნარკოტიკების ან სასმელის მონობაში არიან. როდესაც უწმინდური სურვილები მოსვენებას არ გვაძლევს, როგორ შეგვიძლია მათ შევეწინააღმდეგოთ? რა დახმარების მიღება შეგვიძლია? მოეღება ოდესმე ბოლო ამ ბრძოლას?

არასწორ სურვილებს სიყვარული დაგვაძლევინებს

იესომ მოიყვანა ორი უდიდესი მცნება მოსეს რჯულიდან. პირველი იყო: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:37). თუ ისე გვეყვარება ღმერთი, როგორც იესომ თქვა, განა არ გვექნება ძლიერი სურვილი, ვასიამოვნოთ მას? ასეთი სურვილი დაგვეხმარება, ვიბრძოლოთ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ძნელად გასამკლავებელ არასწორ სურვილებს! ეს არ არის უბრალოდ თეორია! მილიონობით ქრისტიანი ყოველდღიურად ამარცხებს არასწორ სურვილებს. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ ასეთი ძლიერი სიყვარული ღვთისადმი? ამაში დაგვეხმარება მადლიერებით ფიქრი ღვთის შესანიშნავ თვისებებზე, რომლებიც მჟღავნდება მის შემოქმედებაში, ბიბლიაში და პირადად ჩვენდამი მოპყრობის დროს (ფსალმუნები 115:3, 5; 118:7, 9; რომაელთა 1:20).

მეორე უდიდესი მცნება, რომელიც იესომ მოიხსენია, ასეთი იყო: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:39). მოციქულმა პავლემ თქვა, რომ სიყვარული „არ ჩადის უწესობას“ და „თავისას არ ეძიებს“. ასეთი უანგარო სიყვარული გვეხმარება, მოვერიდოთ ისეთ საქციელს, რითაც სხვებს გულს ვატკენდით (1 კორინთელთა 13:4—8). როგორ შეგვიძლია მსგავსი სიყვარულის განვითარება? თუ საკუთარ თავს სხვის ადგილზე დავაყენებთ, გულწრფელად გავუწევთ ანგარიშს სხვების გრძნობებს და მათი კეთილდღეობით ვიქნებით დაინტერესებულნი (ფილიპელთა 2:4).

რა დახმარების მიღება შეგვიძლია?

ღმერთმა იცის, თუ რა რთულია ჩვენთვის ვაკეთოთ ის, რაც სწორია. ამიტომ ის გვთავაზობს რამდენიმე სახის დახმარებას. წერილობითი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით, ღმერთი გვასწავლის ბოროტების სიძულვილს და გვეხმარება, განვავითაროთ ჯანსაღი პატივისცემა მის მიმართ (ფსალმუნები 85:11; 96:10). ბიბლიაში მოცემულია ცხოვრებისეული შემთხვევები, საიდანაც ჩანს, თუ რა სავალალო შედეგებამდეა მიმყვანი არასწორი სურვილები. გარდა ამისა, იესომ თქვა, რომ, თუ ვთხოვთ, იეჰოვა მოგვცემს სულიწმინდას, სამყაროში არსებულ უდიდეს ძალას (ლუკა 11:13). სულიწმიდა გაგვიღვივებს სწორად მოქცევის სურვილს. სხვა დახმარება არის მხარდაჭერა და წახალისება, რაც შეგვიძლია მივიღოთ სხვა ქრისტიანებისგან, რომლებსაც თვითონაც უწევთ ბრძოლა არასწორი სურვილების წინააღმდეგ (ებრაელთა 10:24, 25). ასეთი დადებითი გავლენა საშუალებას არ აძლევს უარყოფით აზრებს, ფესვი გაიდგას ჩვენს გონებაში; ეს კი გვეხმარება, ვაკეთოთ ის, რაც სწორია (ფილიპელთა 4:8). ნამდვილად მოაქვს შედეგი ამ ყოველივეს?

მაგალითად ავიღოთ ფიდელის შემთხვევა. ის თავის დასახლებაში ცნობილი იყო, როგორც უზომოდ მსმელი; ეწეოდა, მონაწილეობდა აზარტულ თამაშებში, თვრებოდა და ყველასთან ჩხუბობდა. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის წყალობით დაძლია მავნე ჩვევები. დღეს ის ბედნიერია თავის ცოლ-შვილთან ერთად.

შეიძლება ზოგიერთმა იკითხოს: რა ვქნა, თუ კვლავ იჩენს თავს სისუსტე? იოანე მოციქულმა ერთ-ერთ წერილში ამის შესახებ დაწერა: „შვილნო ჩემნო! ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი“ (1 იოანე 2:1, 2). დიახ, იესოს მსხვერპლი ფარავს იმ ადამიანის შეცდომებს, რომელიც ინანიებს და გულწრფელად ცდილობს თავისი ცხოვრების შეცვლას, რათა ღმერთს ასიამოვნოს. ყოველივე ამის შემდეგ, განა აქვს ვინმეს საფუძვლიანი მიზეზი, დანებდეს და შეწყვიტოს ბრძოლა იმისათვის, რაც სწორია?

აღარავის ექნება არასწორი სურვილები

ღვთისა და მოყვასის სიყვარულს თუ განვივითარებთ და ღვთისგან დახმარებას მივიღებთ, შევძლებთ არასწორ სურვილებზე გამარჯვებას. უფრო მეტიც, ღმერთი გვარწმუნებს, რომ ეს ბრძოლა არ გაგრძელდება მარადიულად. ახლო მომავალში ის ადამიანები, რომლებიც ღებულობენ ღვთის სულიერ დახმარებას, სრულიად განიკურნებიან როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად (გამოცხადება 21:3—5; 22:1, 2). ისინი გათავისუფლდებიან ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან (რომაელთა 6:23). სხვები კი, რომლებიც ჩაფლულები არიან უწმინდურ საქმეებსა და სურვილებში, ვერ მიიღებენ ამ კურთხევებს (გამოცხადება 22:15).

მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მარადიულად არ მოგვიწევს ბრძოლა არასწორ სურვილებთან. ისინი სამუდამოდ ჩამოგვცილდება. როგორი შვება იქნება!