არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამკურნალო მცენარეები ეფექტურია მათი გამოყენება?

სამკურნალო მცენარეები ეფექტურია მათი გამოყენება?

სამკურნალო მცენარეები ეფექტურია მათი გამოყენება?

უძველესი დროიდან მოყოლებული დაავადებების განსაკურნავად სამკურნალო მცენარეებს იყენებენ. ძველი ეგვიპტური სამედიცინო კრებული „ებერსის პაპირუსი“, რომელიც ძვ. წ. მე-16 საუკუნითაა დათარიღებული, შეიცავს ასობით ხალხურ სამკურნალო საშუალებას. ჩვეულებრივ, მცენარეებით მკურნალობის მეთოდები ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემოდა.

დასავლურ მედიცინაში მცენარეებით მკურნალობა სათავეს იღებს დიოსკორიდესგან, პირველი საუკუნის ბერძენი ექიმისგან, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი „სამკურნალო საშუალებათა შესახებ“. იგი წამყვან ფარმაკოლოგიურ ნაშრომად ითვლებოდა შემდგომი 16 საუკუნის განმავლობაში. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტრადიციული სამკურნალო მცენარეები დღემდე პოპულარულია. გერმანიაში მთავრობა მცენარეებით მკურნალობაზე გაწეულ ხარჯებსაც კი უნაზღაურებს პაციენტებს.

არსებობს მოსაზრება, რომ სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ტრადიციულ და ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თანამედროვე ფარმაცევტული პრეპარატები. თუმცა მათი გამოყენებაც არანაკლებ სარისკოა. ამიტომ წამოიჭრება კითხვები: რა გაფრთხილებები და რჩევები უნდა მივიღოთ მხედველობაში, სანამ მცენარეებით მკურნალობას დავიწყებთ? და რისი გათვალისწინებაა საჭირო მკურნალობის რომელიმე მეთოდის არჩევამდე? a

რისთვის იყენებენ მცენარეებს?

მცენარეებს მრავალ სამკურნალო თვისებას მიაწერენ. არსებობს მცენარეები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ინფექციასთან გამკლავება. ზოგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას, გამოიყენება საფაღარათო საშუალებად ან არეგულირებს ჯირკვლების სეკრეციას.

ბევრი სამკურნალო მცენარე მდიდარია საკვები ნივთიერებებითაც. მაგალითად, ზოგი შარდმდენი მცენარე, როგორიცაა ოხრახუში, საკმაოდ დიდი რაოდენობის კალიუმს შეიცავს. შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოიყოფა სიცოცხლისთვის აუცილებელი მიკროელემენტი — კალიუმი და მისი ანაზღაურება შესაძლებელია ასეთი მცენარეებით. სამკურნალო კატაბალახა (ვალერიანა) დიდი ხანია, რაც დამამშვიდებელ საშუალებად გამოიყენება. იგი დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს; კალციუმი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

როგორ ვიმკურნალოთ მცენარეებით?

მცენარეების სამკურნალოდ გამოყენების მრავალი საშუალება არსებობს, მაგალითად: ცხელი სასმელის (რომელიც ჩაის მსგავსად მზადდება), ნახარშის, ნაყენის ან ცხელი საფენის სახით. ცხელი სასმელი მზადდება მცენარეზე მდუღარე წყლის დასხმით. სპეციალისტების აზრით, ცხელი სასმელის მომზადების დროს მისი წამოდუღება არ შეიძლება. თუმცა მცენარის ფესვებიდან და ქერქიდან ძლიერმოქმედი კომპონენტების მისაღებად მათ, ჩვეულებრივ, ადუღებენ, რის შედეგადაც ნახარში მიიღება.

რა არის ნაყენი? ერთ წიგნში ნათქვამია, რომ ეს არის „სუფთა ან შეზავებულ სპირტიან სასმელზე, კონიაკზე ან არაყზე დამზადებული მცენარეთა ექსტრაქტი (გამონაწური)“. რაც შეეხება ცხელ საფენებს, იგი სხვადასხვაგვარად მზადდება. მათ ჭრილობაზე ან მტკივნეულ ადგილზე ადებენ.

ბევრი სხვა წამლისა და ვიტამინისგან განსხვავებით, მცენარეთა უმრავლესობა საკვებად გამოიყენება, ამიტომ ხშირ შემთხვევაში მათ მშიერ კუჭზეც იღებენ. მცენარეების მიღება შეიძლება ასევე კაფსულების სახით, რაც უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნოა. თუ სამკურნალო მცენარეების მიღებას გადაწყვეტთ, უმჯობესია, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.

როგორც წესი, მცენარეების მიღებას ურჩევენ სურდოს, საჭმლის მონელების დარღვევის, ფაღარათის, უძილობისა და გულისრევის შეგრძნების შემთხვევაში. თუმცა მცენარეებით მკურნალობას უფრო სერიოზული დაავადებების დროსაც მიმართავენ, როგორც მკურნალობისთვის, ისე პროფილაქტიკისთვის. მაგალითად, გერმანიასა და ავსტრიაში კეთილთვისებიანი პროსტატული სიმსივნის (წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე) დროს პირველ რიგში სამკურნალო მცენარე Serenoa repens გამოიყენება. ეს დაავადება ზოგიერთ ქვეყანაში მამაკაცების 50—60 პროცენტში შეიმჩნევა. მნიშვნელოვანია, სიმსივნის დიაგნოზი ექიმმა დასვას, რათა დარწმუნდეთ, რომ სერიოზული სამედიცინო ჩარევა, როგორც ეს კიბოს შემთხვევაში ხდება, აუცილებელი არ არის.

რამდენიმე გაფრთხილება

სიფრთხილის გამოვლენა საჭიროა, თუნდაც სამკურნალო მცენარის შესახებ საყოველთაოდ იყოს ცნობილი, რომ სრულიად უსაფრთხოა. არ მოადუნოთ სიფხიზლე მხოლოდ იმიტომ, რომ ეტიკეტზე წერია: „ნატურალური“. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „არასასიამოვნო სინამდვილეა ის, რომ ზოგი მცენარე აშკარად საშიშია. [სამწუხაროდ] ზოგიერთები სამკურნალო მცენარეებს იღებენ ისე, რომ არც კი უკვირდებიან, სახიფათოა თუ არა მათი გამოყენება“. მცენარეში შემავალმა ქიმიურმა ნაერთებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს გულისცემაზე, არტერიულ წნევასა და სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე. ამიტომ მათ, ვისაც აქვს გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული დაავადება, მაგალითად დიაბეტი, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

ხშირ შემთხვევაში კი მცენარეებით მკურნალობის გვერდითი მოვლენები შემოიფარგლება ალერგიული რეაქციებით. ამაში შედის: თავის ტკივილი, თავბრუ, გულისრევა ან გამონაყარი კანზე. ამბობენ, რომ მცენარეები იწვევს „სამკურნალო კრიზისსაც“, რომელსაც გრიპის მსგავსი ან სხვა სიმპტომები სდევს თან. მცენარეებით მკურნალობის დროს, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, შესაძლოა, უფრო ცუდად იგრძნოთ თავი. ასეთ რეაქციას კი იმით ხსნიან, რომ ფიტოთერაპიის დაწყებით ეტაპზე ორგანიზმიდან იდევნება ტოქსიკური ნივთიერებები.

მცენარეებით მკურნალობა ზოგ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზიც კი გამხდარა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმის აუცილებლობას, რომ ვიყოთ ფრთხილად, მივიღოთ საფუძვლიანი ინფორმაცია და კონსულტაციისთვის ექიმს მივმართოთ. მაგალითად, მცენარე ეფედრამ, რომელიც ხშირად გასახდომ საშუალებად გამოიყენება, შეიძლება არტერიული წნევის მომატებაც გამოიწვიოს. შეერთებულ შტატებში სიკვდილის 100-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ეფედრასგან დამზადებული პრეპარატებისგანაა გამოწვეული. სან-ფრანცისკოელი პათოლოგი სტივენ კარჩი აღნიშნავს: „ჩემთვის ცნობილ ყველა შემთხვევაში სიკვდილი [ეფედრას გამოყენების შედეგად] განაპირობა იმან, რომ ავადმყოფს ჰქონდა მწვავე გვირგვინოვანი არტერიის დაავადება ან იღებდა გადაჭარბებულ დოზას“.

ლოგან ჩემბერლენი, რომელმაც დაწერა წიგნი მცენარეულ დანამატებზე, ამბობს: „ბოლო წლებში მცენარეებით მკურნალობის შედეგად გამოწვეული ყველა საზიანო შემთხვევის მიზეზი ექიმის მითითებების უგულებელყოფა იყო . . . საიმედო პრეპარატების რეკომენდებული დოზით მიღება უსაფრთხოა და, ამასთანავე, კონსერვატიულიც. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას. მიმართეთ ამ საკითხში კვალიფიცირებულ სპეციალისტს“.

მცენარეებით მკურნალი ექიმი ლინდა ფეიჯი გვირჩევს: „ჯანმრთელობის საგრძნობლად გაუარესების შემთხვევაშიც კი გონივრულია სამკურნალო მცენარეების ზომიერი, და არა გადაჭარბებული, დოზის მიღება. ხანგრძლივი მკურნალობა უკეთეს შედეგებს მოგვცემს. ჯანმრთელობის აღდგენა დროს მოითხოვს“.

ერთ წიგნში, რომელიც სამკურნალო მცენარეებს ეხება, ნათქვამია, რომ ზოგ მცენარეს გადაჭარბებული დოზის მიღებისგან დამცავი მექანიზმი აქვს. მაგალითად, ერთი მცენარე, რომელსაც ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად იყენებენ, გადაჭარბებული დოზის მიღებისას ღებინებას იწვევს. რამდენადაც ეს თვისება ყველა მცენარისთვის არაა დამახასიათებელი, დიდი დოზის მიღებას უნდა მოვერიდოთ.

და მაინც, ბევრი ფიქრობს, რომ მცენარეებით მკურნალობა მაშინ მოგვიტანს შედეგს, თუ მათ საკმაო რაოდენობით და, ამასთანავე, სათანადო სახით მივიღებთ. ზოგ შემთხვევაში ამის ერთადერთი საშუალებაა ექსტრაქტის გაკეთება. ამის მაგალითია იაპონური მცენარე გინკგო, რომელიც დიდი ხანია, რაც მეხსიერების გასაუმჯობესებლად და სისხლის მიმოქცევის დასარეგულირებლად გამოიყენება. ერთ ჯერზე მისაღები წამლის დასამზადებლად საჭიროა ამ მცენარის რამდენიმე კილოგრამი ფოთოლი.

კიდევ ერთი გაფრთხილება

მცენარეების გამოყენებამ სამედიცინო პრეპარატების პარალელურად შესაძლოა სხვადასხვაგვარად იმოქმედოს. ამან შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს პრეპარატების მოქმედება, ან გამოიწვიოს ორგანიზმიდან მათი უფრო სწრაფად გამოდევნა. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევებში მცენარეებმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი. მაგალითად, კრაზანა, რომელსაც გერმანიაში ხშირად დეპრესიის დროს უნიშნავენ, ხელს უწყობს ბევრი წამლის ორმაგი სისწრაფით გამოდევნას ორგანიზმიდან. ეს კი ასუსტებს მათ მოქმედებას. ამიტომ, თუ წამლებს სვამთ, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, მცენარეებით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ერთ წიგნში მცენარეებით მკურნალობაზე ნათქვამია: „სამკურნალო მცენარეებთან ერთად ალკოჰოლის, მარიხუანას, კოკაინის, სხვა ამგზნები საშუალებების მიღებამ ან თამბაქოს წევამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს სიცოცხლეს . . . საღი აზრი გვკარნახობს, თავი შევიკავოთ [ასეთი საშუალებებისგან], განსაკუთრებით ავადმყოფობის პერიოდში“. ეს რჩევა ორსულმა ქალებმა და მეძუძურმა დედებმაც უნდა მიიტანონ გულთან ახლოს. რა თქმა უნდა, ქრისტიანები არ იყენებენ თამბაქოსა და ნარკოტიკებს, რადგან მიჰყვებიან ბიბლიის შემდეგ მითითებას: „განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან“ (2 კორინთელთა 7:1).

ერთ ნაშრომში მცენარეებთან დაკავშირებით ასეთი რჩევაა მოცემული: „თუ მცენარეებით მკურნალობის პერიოდში დაორსულდით, შეატყობინეთ თქვენს ექიმს. სანამ ამ საკითხს მასთან ერთად არ განიხილავთ, თავი შეიკავეთ მისი შემდგომი გამოყენებისგან. შეეცადეთ ზუსტად გაიხსენოთ, რა რაოდენობით და რამდენი ხნის განმავლობაში იღებდით სამკურნალო მცენარეებს“.

მცენარეთა ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „[მცენარეებით] თვითმკურნალობა რამდენიმე საშიშროებას წარმოშობს“. ჩარჩოში „თვითმკურნალობის საფრთხე“ ნახავთ რჩევებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც მცენარეების, ასევე სხვა პრეპარატების გამოყენებისას გვმართებს სიფრთხილე, ცოდნა და, რა თქმა უნდა, გაწონასწორებულობა. გახსოვდეთ, რომ დღესდღეობით ზოგი დაავადების განკურნება შეუძლებელია. ჭეშმარიტი ქრისტიანები მოუთმენლად ელიან ღვთის მმართველობის დროს. მაშინ დაავადებებისა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზი — არასრულყოფილება, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გადმოგვეცა — სამუდამოდ გაქრება (რომაელთა 5:12; გამოცხადება 21:3, 4).

[სქოლიო]

a „გამოიღვიძეთ!“ სამედიცინო ჟურნალი არ არის, ამიტომ იგი არ უწევს რეკომენდაციას მკურნალობის რომელიმე მეთოდს ან დიეტას, მცენარეებით თუ სხვა სახით მკურნალობას. სტატია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა. მკითხველმა თავად უნდა მიიღოს ჯანმრთელობასთან თუ სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

[ჩარჩო 14 გვერდზე]

თვითმკურნალობის საფრთხე

ქვემოთ ჩამოთვლილია მცენარეებით მკურნალობასთან დაკავშირებული სარისკო ფაქტორები, რაც მოჰყვება კვალიფიცირებული სპეციალისტის დახმარების გარეშე მკურნალობას.

შეიძლება სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვათ საკუთარ თავს.

თვითმკურნალობა შეიძლება სათანადო არ იყოს თქვენი დაავადებისთვის, მაშინაც კი, თუ საკუთარ თავს სწორი დიაგნოზი დაუსვით.

თვითმკურნალობამ შესაძლოა უფრო საფუძვლიანი, მიმდინარე პერიოდში აუცილებელი და სათანადო მკურნალობა შეაფერხოს.

მცენარეები, რომლებსაც თვითმკურნალობისას იღებთ, შეიძლება ვერ შეეთავსოს ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს, მაგალითად ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებს ან მაღალი წნევის პრეპარატებს.

თვითმკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების ნაწილობრივ განკურნებას, მაგრამ გამოიწვიოს სხვა დაავადება, მაგალითად ჰიპერტონია (სისხლის წნევის აწევა).

[საავტორო უფლება]

წყარო: Rodale’s Illustrated Encyclopedia of Herbs