არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩაცმულობა და გარეგნობა ჩემთვის დაბრკოლების ლოდი იყო

ჩაცმულობა და გარეგნობა ჩემთვის დაბრკოლების ლოდი იყო

ჩაცმულობა და გარეგნობა ჩემთვის დაბრკოლების ლოდი იყო

მოგვითხრო აილინ ბრემბამ

გავიზარდე გერმანელ ძველბაპტისტთა რელიგიის მიხედვით, რომელიც ახლოსაა ამიშებისა და მენონიტების სარწმუნოებასთან. ძველბაპტისტთა საძმოს მოძრაობა დაიწყო 1708 წელს გერმანიაში და სულიერი გამოღვიძების ანუ პიეტიზმის ნაწილი იყო. „რელიგიის ენციკლოპედიის“ თანახმად, პიეტიზმი იმით გამოირჩეოდა, რომ მის მიმდევრებს ღრმად ჰქონდათ შეგნებული „კაცობრიობისთვის ქრისტეს სახარების აუცილებლობა“. ამ შეხედულებამ განაპირობა მათი მისიონერული მოღვაწეობის წარმატება მრავალ ქვეყანაში.

1719 წელს შეერთებულ შტატებში, ახლანდელი პენსილვანიის ტერიტორიაზე, ალექსანდრე მაკმა პატარა ჯგუფი ჩამოაყალიბა. მოგვიანებით ის ერთმანეთისგან განცალკევებულ პატარა ჯგუფებად დაიყო. თითოეული ჯგუფი თავისებურად განმარტავდა ალექსანდრე მაკის სწავლებებს. ჩვენი ეკლესიის მრევლი დაახლოებით 50 კაცს ითვლიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ბიბლიის კითხვასა და ეკლესიის წევრების მიერ მიღებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებათა ზედმიწევნით დაცვას.

ჩემი ოჯახის, სულ მცირე, სამი თაობა მაინც მისდევდა ამ რწმენას. მეც მათ კვალს დავადექი და 13 წლის ასაკში მოვინათლე. ბავშვობიდანვე მინერგავდნენ, რომ არასწორი იყო, მქონოდა ან გამომეყენებინა ავტომანქანა, ტრაქტორი, ტელეფონი, ან თუნდაც რადიო და ნებისმიერი სხვა ელექტრომოწყობილობა. ჩვენს ეკლესიაში ქალები უბრალოდ იცვამდნენ; არ იჭრიდნენ თმებს და ყოველთვის თავდახურულები დადიოდნენ; მამაკაცები კი წვერს ატარებდნენ. ჩვენი აზრით, წუთისოფლისგან გამოყოფა იმას ნიშნავდა, რომ არ გვეტარებინა თანამედროვე ტანსაცმელი, არ გამოგვეყენებინა კოსმეტიკა და არ გაგვეკეთებინა სამკაულები, რასაც ცოდვილი სიამაყის გამოხატულებად ვთვლიდით.

ბიბლია სულიერ საზრდოდ მიგვაჩნდა და მისადმი ღრმა პატივისცემას გვინერგავდნენ. ყოველ დილით, საუზმემდე, სასტუმრო ოთახში ვიკრიბებოდით და მამას ვუსმენდით. ის ბიბლიიდან ერთ თავს კითხულობდა და წაკითხულს კომენტარს უკეთებდა. მერე მუხლებზე ვიჩოქებდით და მამა ლოცულობდა. ბოლოს კი დედა წარმოთქვამდა „უფლის ლოცვას“. დილის თაყვანისცემას ყოველთვის სიამოვნებით ველოდებოდი, რადგან მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით და სულიერზე ვფიქრობდით.

ვცხოვრობდით ქალაქ დელფაის (ინდიანას შტატი) მახლობლად, სადაც საკუთარი მეურნეობა გვქონდა და ბოსტნეული მოგვყავდა. მოსავალი ცხენშებმული ურიკით ჩაგვქონდა ქალაქში და ქუჩაში ვყიდდით ან სახლებში დავატარებდით. გვეგონა, რომ ასეთი მძიმე შრომა ღვთისადმი თაყვანისცემის ნაწილი იყო. ამიტომაც, ამ სამუშაოთი ვიყავით დაკავებულები ყოველდღე, გარდა კვირისა, რადგან კვირას არავითარი მძიმე საქმის კეთება არ შეიძლებოდა. დროდადრო მთელი ოჯახი ისე ვეფლობოდით სამუშაოში, რომ იოლი არ იყო სულიერი განწყობის შენარჩუნება.

ვქმნი ოჯახს

1963 წელს, 17 წლის ასაკში, ცოლად გავყევი ჯეიმზს, რომელიც აგრეთვე გერმანელ ძველბაპტისტებს მიეკუთვნებოდა. ამ სარწმუნოებაში ჯერ კიდევ პაპამისი იყო. ორივეს ღვთისადმი მსახურების დიდი სურვილი გვქონდა და გვეგონა, რომ მხოლოდ ჩვენი რელიგია იყო ჭეშმარიტი.

1975 წლისთვის უკვე ექვსი შვილი გვყავდა, 1983 წელს კი მეშვიდე, ნაბოლარა შეგვეძინა. ქალიშვილი მხოლოდ ერთი გვყავდა — რებეკა, რომელიც რიგით მეორე დაიბადა. ჩვენ მძიმედ ვშრომობდით, ცოტა ფულს ვხარჯავდით და უბრალოდ ვცხოვრობდით. ვცდილობდით შვილებისთვის ის ბიბლიური პრინციპები ჩაგვენერგა, რომლებიც მშობლებისა და თანამორწმუნეებისგან ვისწავლეთ.

ძველბაპტისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გარეგნობას. ვფიქრობდით, რომ, რადგან ადამიანის გულს ვერ ვხედავდით, მის გარეგნობას უნდა გაემჟღავნებინა, როგორი იყო შინაგანად. ამიტომ, მრევლიდან რომელიმე ქალი თმას თუ გაიშლიდა, ეს სიამაყედ მიგვაჩნდა. თუ ჩვენი მოკრძალებული კაბების მოხატულობა თვალში საცემი იყო, ესეც სიამაყის გამოვლინებად ითვლებოდა. ხანდახან მათთვის ასეთი საკითხები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე წმინდა წერილები.

საპატიმროში

1960-იანი წლების ბოლოს ჩემი მაზლი, ჯესი, რომელიც აგრეთვე ძველბაპტისტთა სწავლებებით აღიზარდა, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ციხეში აღმოჩნდა. იქ შეხვდა იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც აგრეთვე ფიქრობდნენ, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა (ესაია 2:4; მათე 26:52). ჯესი ბევრს საუბრობდა მოწმეებთან ბიბლიურ საკითხებზე და აკვირდებოდა მათ საქციელს. ბიბლიის ღრმა გამოკვლევის შემდეგ ის იეჰოვას მოწმედ მოინათლა, რაც ძალიან არ გვესიამოვნა.

ჯესი ესაუბრებოდა ჩემს ქმარს ახლად გაგებულ საკითხებზე. მან იზრუნა, რომ ჯეიმზს რეგულარულად მიეღო ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მათი წაკითხვის შემდეგ ჯეიმზი უფრო მეტად დაინტერესდა ბიბლიით. მას ყოველთვის სურდა ღვთისადმი მსახურება, მაგრამ გრძნობდა, რომ შორს იყო მისგან. ამიტომაც აინტერესებდა ყველაფერი, რაც ღმერთთან დაახლოებაში დაეხმარებოდა.

ჩვენი უხუცესები გვიბიძგებდნენ, ამიშების, მენონიტებისა და ძველბაპტისტთა სხვა მიმდინარეობების მიერ გამოცემული ჟურნალები წაგვეკითხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგიები წუთისოფლის ნაწილად მიგვაჩნდა. მამაჩემს მოწმეებზე წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი ჰქონდა. მისი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაგვეკითხა „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ამიტომ, ძალიან განვიცდიდი, როცა ვხედავდი, რომ ჯეიმზი ამ ჟურნალებს კითხულობდა. მეშინოდა, რომ ცრუ სწავლებებს გადაიღებდა.

ამასთანავე, ჯეიმზი უკვე დიდი ხანი იყო, რაც ეჭვქვეშ აყენებდა ძველბაპტისტთა ზოგ სწავლებას, რომლებსაც ბიბლიის საწინააღმდეგოდ თვლიდა; განსაკუთრებით იმ სწავლებას, რომლის თანახმადაც კვირას მძიმე საქმის გაკეთება ცოდვად ითვლებოდა. მაგალითად, ძველბაპტისტები ასწავლიდნენ, რომ კვირას ცხოველების დარწყულება დასაშვები იყო, მაგრამ გამარგვლა — არა. უხუცესებმა ამ წესის დასამტკიცებლად ჯეიმზს ვერავითარი ბიბლიური საფუძველი ვერ უჩვენეს. თანდათანობით ასეთ სწავლებებთან დაკავშირებით მეც გამიჩნდა ეჭვი.

ძალიან გვიჭირდა ეკლესიასთან ურთიერთობის გაწყვეტა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში გვწამდა, რომ ჩვენი რელიგია ჭეშმარიტი იყო; ამასთანავე, გვესმოდა, რის გადატანა მოგვიწევდა, თუ მივატოვებდით მას. თუმცა, სინდისი უფლებას არ გვაძლევდა, დავრჩენილიყავით რელიგიაში, რომელიც მთლიანად არ მიჰყვებოდა ბიბლიურ სწავლებებს. 1983 წელს დავწერეთ წერილი, რომელშიც განვმარტეთ, რატომ ვტოვებდით ეკლესიას და ვთხოვეთ, რომ შეხვედრაზე წაეკითხათ. ჩვენ ეკლესიიდან გაგვრიცხეს.

ჭეშმარიტი სარწმუნოების ძიებაში

იქიდან მოყოლებული, ჭეშმარიტ რელიგიას დავუწყეთ ძებნა. ისეთ სარწმუნოებას ვეძებდით, რომლის წევრებიც თვითონვე შეასრულებდნენ იმას, რასაც სხვებს ასწავლიდნენ. უპირველესად, უარვყავით ყველა ის მიმდინარეობა, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ. უფრო მეტად „უბრალო“ რელიგიები გვიზიდავდა, რადგან ვფიქრობდით, რომ ცხოვრების უბრალო წესი და სადა ჩაცმულობა ამ წუთისოფლის ნაწილად არყოფნაზე მიუთითებდა. 1983—1985 წლებში მთელი შეერთებული შტატები შემოვიარეთ და ერთმანეთზე მიყოლებით ვამოწმებდით მენონიტებს, კვაკერებს და სხვა „უბრალო“ მიმდინარეობებს.

ამ ხნის განმავლობაში ინდიანას შტატის ქალაქ კამდენის მახლობლად მდებარე ჩვენს მეურნეობაში იეჰოვას მოწმეები გვაკითხავდნენ. ვუსმენდით მათ, მაგრამ ვთხოვდით, რომ ბიბლიებიდან მხოლოდ „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ გამოეყენებინათ. მოწმეებს პატივს ვცემდი, რადგან საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ. თუმცა მიჭირდა მათი მოსმენა, რადგან ასე ვმსჯელობდი: თუ ისინი ვერ ხედავენ იმის საჭიროებას, რომ წუთისოფლისგან გამოსაყოფად უბრალოდ ჩაიცვან, მათი რელიგია ჭეშმარიტი ვერ იქნება-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ადამიანებს ისე არ ეცვათ, როგორც ჩვენ, ამაყები იყვნენ. მჯეროდა, რომ ნივთები და საკუთრება სიამაყის საწინდარი იყო.

ჯეიმზმა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში დაიწყო სიარული და ჩვენი ორი ვაჟიც თან დაჰყავდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. ჩემს ქმარს სურდა, რომ მეც მასთან ერთად მევლო, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. ერთხელაც მან მითხრა: „თუ არ ეთანხმები მათ სწავლებებს, მხოლოდ იმიტომ წამოდი, რომ საკუთარი თვალით ნახო, როგორ ექცევიან ერთმანეთს“. ეს დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მასზე.

ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი, მაგრამ ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავი. სამეფო დარბაზში უბრალოდ ჩაცმული და თავდახურული მივედი. ჩვენი ბიჭებიდან ზოგი ფეხშიშველი იყო და ძალიან უბრალოდ ეცვათ. მოწმეებმა სიყვარულით მიგვიღეს. ვფიქრობდი: „ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ მაინც თბილად გვღებულობენ“.

მართალია, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა მათ მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც არ შემიცვლია და მხოლოდ ვაკვირდებოდი. როდესაც მღეროდნენ, არც ვდგებოდი და არც ვმღეროდი. შეხვედრის შემდეგ უამრავი კითხვა დავუსვი მათ; ვფიქრობდი, რომ ყველაფერში არ იქცეოდნენ სწორად და ზოგიერთ ბიბლიურ მუხლს არასწორად განმარტავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კითხვები უტაქტო იყო, ვისაც ვეკითხებოდი, ნამდვილ ინტერესს ავლენდნენ ჩემდამი. შთამბეჭდავი იყო ისიც, რომ ერთსა და იმავე კითხვაზე სხვადასხვა მოწმემ ერთნაირად მიპასუხა. ზოგმა ქაღალდზეც კი დამიწერა პასუხები, რაც ძალიან დამეხმარა, რომ შემდგომ ეს საკითხები უკვე დამოუკიდებლად გამომეკვლია.

1985 წლის ზაფხულში მთელი ოჯახი მხოლოდ დაკვირვების მიზნით დავესწარით იეჰოვას მოწმეთა კონგრესს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში. ჯეიმზი ჯერ კიდევ ატარებდა წვერს და ჩვენც ისევ უბრალოდ გვეცვა. შესვენებების დროს თითქმის არ დავრჩენილვართ მარტო. შეგვძრა მოწმეების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა, ყურადღებამ და სითბომ. წარუშლელ კვალს ტოვებდა ის, რომ სწავლება ერთნაირი იყო ყველგან, სადაც არ უნდა დავსწრებოდით შეხვედრებს.

ჯეიმზზე იმდენად იმოქმედა მოწმეების მიერ გამოვლენილმა გულწრფელმა ინტერესმა, რომ ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. ის გულდასმით ამოწმებდა ყველაფერს, რათა დარწმუნებულიყო, რომ რასაც სწავლობდა, ჭეშმარიტება იყო (საქმეები 17:11; 1 თესალონიკელთა 5:21). დროთა განმავლობაში ჯეიმზი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. მე კი ისევ მტანჯავდა ეჭვები. მსურდა სწორად მოვქცეულიყავი, მაგრამ არ მინდოდა „თანამედროვე“ გავმხდარიყავი და ვინმეს „ქვეყნიურად“ ჩავეთვალე. პირველად, როდესაც შესწავლას დავესწარი, ერთ მუხლზე „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ მქონდა გადაშლილი, მეორეზე — უფრო თანამედროვე „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ყველა მუხლს ვადარებდი ორივე თარგმანში, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მართალს მეუბნებოდნენ.

ბოლოს და ბოლოს ვრწმუნდები

მოწმეებთან შესწავლისას დავინახეთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა ერთი ღმერთია და არა — სამი ღმერთი ერთში; აგრეთვე გავიგეთ, რომ არ გვაქვს უკვდავი სული, რადგან ჩვენ თვითონ ვართ სულები (დაბადება 2:7, ძვო; მეორე რჯული 6:4; ეზეკიელი 18:4; 1 კორინთელთა 8:5, 6). ჯოჯოხეთი კი თურმე საერთო საკაცობრიო სამარე ყოფილა და არა — ცეცხლოვანი საწამებელი (იობი 14:13; ფსალმუნები 15:10; ეკლესიასტე 9:5, 10; საქმეები 2:31). ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის გაგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძველბაპტისტები სრულიად სხვა რამეს ასწავლიდნენ ამაზე.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა მოწმეების რელიგია ჭეშმარიტი ყოფილიყო, რადგან, ჩემი აზრით, მაინც ამ წუთისოფლის ნაწილი იყვნენ. ისინი არ მისდევდნენ ცხოვრების იმ „უბრალო“ წესს, რომელსაც ასე საჭიროდ ვთვლიდი. ამავე დროს, ვხედავდი, რომ სწორედ ისინი ასრულებდნენ იესოს ბრძანებას: ყველასთან ქადაგებდნენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. თავგზა ამებნა, ვეღარაფერი გამეგო (მათე 24:14; 28:19, 20).

ასეთ რთულ დროს მოწმეების მიერ გამოვლენილი სიყვარული მეხმარებოდა, რომ გამოკვლევა გამეგრძელებინა. მთელი კრება ინტერესს ავლენდა ჩვენი ოჯახის მიმართ. კრების წევრები სახლში გვაკითხავდნენ და ზოგჯერ ამის მიზეზად კვერცხისა თუ რძის ყიდვას ასახელებდნენ; და ასე, თანდათანობით მივხვდით, რომ ნამდვილად კარგ ხალხთან გვქონდა საქმე. თუმცა ერთი მოწმე გვასწავლიდა, ეს სხვებს ხელს არ უშლიდა, რომ ჩვენთან მოსულიყვნენ. როცა კრების რომელიმე წევრი ჩვენს სახლთან მოხვდებოდა, აუცილებლად შემოგვივლიდა ხოლმე. ეს ძალიან გვჭირდებოდა, რომ მოწმეები ახლოს გაგვეცნო და ვაფასებდით კიდეც მათ გულწრფელ ინტერესსა და სიყვარულს.

ახლოს მდებარე კრების წევრების გარდა, ჩვენდამი ინტერესს სხვებიც ავლენდნენ. ჩემთან შემოიარა მეზობელი კრების წევრმა კეი ბრიგზმა, რომელმაც იცოდა, რომ ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებით ეჭვები მაწუხებდა; ისიც უბრალოდ იცვამდა და არც კოსმეტიკას იყენებდა. მასთან თავისუფლად ვგრძნობდი თავს და მალევე გამოვნახეთ საერთო. ერთხელ მოვიდა ლუის ფლორა, რომელიც აგრეთვე „უბრალო“ სარწმუნოების მიხედვით აღიზარდა. მან ჩემს სახეზე ამოიკითხა, რომ გაურკვევლობაში ვიყავი და გამომიგზავნა ათგვერდიანი წერილი, რათა ეჭვები გაექარწყლებინა და დავემშვიდებინე. მისმა სიკეთემ გული ამიჩუყა და შემდგომაც არაერთხელ გადავიკითხე ეს წერილი.

ერთხელ მიმომსვლელ ზედამხედველს, ძმა ო’დელს, ვთხოვე, აეხსნა ჩემთვის ესაიას 3:18—23 და 1 პეტრეს 3:3, 4. „ნუთუ ამ სიტყვებიდან არა ჩანს, რამდენად აუცილებელია უბრალოდ ჩაცმა, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ?“ — ვკითხე მე. პასუხად მან მომიგო: „არის კი მიღებული თავსაბურავის ტარება? ან თმების დაწვნა?“ ძველბაპტისტები პატარა გოგონებს თმებს ვუწნავდით, ქალები კი თავსაბურავებს ვატარებდით. მივხვდი, რომ ჩემი შეხედულებები საწინააღმდეგო იყო, მიმომსვლელი ზედამხედველის მოთმინებამ და სიკეთემ კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

თანდათანობით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე, მაგრამ ჯერ კიდევ მაწუხებდა ერთი საკითხი: შეიძლებოდა თუ არა, ქალებს თმა შეეჭრათ. ქრისტიანმა უხუცესებმა განმიმარტეს, რომ თმა ყველას სხვადასხვა დონემდე ეზრდება. ნიშნავს კი ეს იმას, რომ ერთის თმა მეორისაზე უკეთესია? მათ აგრეთვე დამანახვეს, რა როლს ასრულებს სინდისი ჩაცმასა და გარეგნობასთან დაკავშირებით და წასაკითხი მასალაც მომცეს.

ვმოქმედებთ შესწავლილის თანახმად

ჩვენ კარგ ნაყოფს ვეძებდით და ვიპოვეთ კიდეც. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). დავრწმუნდით, რომ სწორედ იეჰოვას მოწმეები არიან ის ადამიანები, რომლებიც ავლენენ ჭეშმარიტ სიყვარულს. მიუხედავად ამისა, ეს რთული დრო იყო ჩვენი უფროსი შვილებისთვის — ნეითანისა და რებეკასთვის, რომლებიც ძველბაპტისტებად იყვნენ მონათლულნი და და ამ ეკლესიის შეხედულებებს იზიარებდნენ. საბოლოოდ, მათ გულსაც შეეხო ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელსაც ვუზიარებდით ხოლმე; ამასთანავე, მოწმეების მიერ მათ მიმართ გამოვლენილი სიყვარულიც დაინახეს და დააფასეს.

რებეკას, მაგალითად, ყოველთვის სურდა ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა. მას უფრო გაუადვილდა ლოცვა, როცა შეიტყო, რომ ღმერთს წინასწარ არ განუსაზღვრავს ჩვენი საქციელი თუ მომავალი; ღმერთთან იმის გაგებამაც დააახლოვა, რომ ის იდუმალი სამების ნაწილი კი არა, რეალური პიროვნებაა, რომელსაც შეგვიძლია მივბაძოთ (ეფესელთა 5:1). რებეკა ბედნიერი იყო, რომ ღმერთთან საუბრისას აღარ სჭირდებოდა „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ არქაული ენის გამოყენება. ის უფრო დაუახლოვდა შემოქმედს, როდესაც გაიგო, როგორ ლოცვებს ისმენს ღმერთი და აგრეთვე მისი გრანდიოზული მიზნის შესახებ, რომ ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნები 36:29; გამოცხადება 21:3, 4).

კურთხევები, რომლებიც ყველას გვახარებს

ჯეიმზი, მე და ჩვენი ხუთი შვილი — ნეითანი, რებეკა, ჯორჯი, დენიელი და ჯონი — 1987 წლის ზაფხულში იეჰოვას მოწმეებად მოვინათლეთ. 1989 წელს ჰარლი მოინათლა, ხოლო 1994 წელს — საიმონი. მთელი ოჯახი ერთგულად ვასრულებთ იესო ქრისტეს დავალებას, რომელიც თავის მიმდევრებს მისცა, კერძოდ, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ.

ჩვენ ვაჟებს — ნეითანს, ჯორჯს, დენიელს, ჯონსა და ჰარლს — აგრეთვე ჩვენს ქალიშვილს, რებეკას, შეერთებულ შტატებში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურების პატივი ხვდათ წილად. ჯორჯი უკვე 14 წელია, რაც იქ მსახურობს, საიმონი კი, რომელმაც 2001 წელს დაამთავრა სკოლა, არც ისე დიდი ხნის წინ მიიწვიეს ბეთელში. ჩვენი ვაჟებიდან ყველანი უხუცესებად ან თანაშემწეებად მსახურობენ იეჰოვას მოწმეთა კრებებში. ჩემი ქმარი მისურის შტატის ქალაქ თერის კრებაში მსახურობს უხუცესად. მეც მსახურებით ვარ დაკავებული.

ამჟამად სამი შვილიშვილი გვყავს — ჯესიკა, ლატიშა და კეილები. გვიხარია, რომ მშობლები იეჰოვას სიყვარულს უნერგავენ მათ ნორჩ და სათუთ გულებში. მთელი ოჯახი ვხარობთ იმით, რომ იეჰოვამ დაგვიახლოვა და დაგვეხმარა, იმ სიყვარულით გვეპოვნა მისი სახელით მოსიარულე ხალხი, რომელსაც ისინი ავლენენ.

მთელი გულით თანავუგრძნობთ მათ, რომელთაც სურთ ღმერთს ასიამოვნონ, მაგრამ მათი სინდისი გარემო პირობების ზეგავლენითაა განსწავლული და არა — ბიბლიით. ვიმედოვნებთ, ჩვენ მსგავსად ისინიც გაიხარებენ იმით, რომ კარდაკარ ივლიან არა პროდუქტებით, არამედ ცნობით ღვთის სამეფოსა და იმ შესანიშნავი ცვლილებების შესახებ, რომელთაც ღმერთი მოიმოქმედებს. ყოველთვის მადლიერების ცრემლებით მევსება თვალები, როდესაც მაგონდება ის მოთმინება და სიყვარული, რომელსაც ჩვენ მიმართ ავლენდა იეჰოვას ხალხი!

[სურათები 19 გვერდზე]

შვიდი წლის ასაკში და ახალგაზრდობაში.

[სურათი 20 გვერდზე]

ჯეიმზი, ჯორჯი, ჰარლი და საიმონი უბრალოდ იცვამდნენ.

[სურათი 21 გვერდზე]

ეს ფოტოსურათი მაშინ გადამიღეს, როცა პროდუქტები ბაზარში მიმქონდა გასაყიდად. ის ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდეს.

[საავტორო უფლება]

Journal and Courier, Lafayette, Indiana

[სურათი 23 გვერდზე]

ოჯახთან ერთად დღეს.