არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შთამბეჭდავი ღია კარის დღე

შთამბეჭდავი ღია კარის დღე

შთამბეჭდავი ღია კარის დღე

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან

ქალაქ მეხიკოსთან ახლოს 2003 წლის 15 მარტს თავი მოიყარეს ორმოცზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულმა დელეგატებმა, რათა ქვემოთ ნაჩვენები ახლად აგებული შენობების მიძღვნის პროგრამას დასწრებოდნენ. ეს საცხოვრებელი შენობები და ტიპოგრაფია მექსიკაში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალის ბოლო გაფართოების ნაწილია.

ამ ადგილას ფილიალის პირველი შენობების მიძღვნა 1974 წელს მოხდა; მაშინ მექსიკაში 65 000 იეჰოვას მოწმე იყო. ვინაიდან იეჰოვას მოწმეთა რიცხვი მექსიკაში სწრაფად იზრდებოდა, 1985 და 1989 წლებში დამატებით აგებული შენობების მიძღვნა მოხდა. უკანასკნელი გაფართოების დროს აშენდა თორმეტზე მეტი ახალი ნაგებობა, მათ შორის უზარმაზარი ტიპოგრაფია და საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც ფილიალის დაახლოებით 1 300 თანამშრომელს იტევს.

მიძღვნიდან ორი კვირის თავზე ფილიალთან ახლოს მცხოვრებთათვის ღია კარის დღე მოეწყო. მოსახლეობის გარდა მოსაწვევები დაეგზავნა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ფილიალის მოპირდაპირე მხარეს ახლახან გახსნილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებს. ფილიალში ბევრს აინტერესებდა, რამდენი გამოეხმაურებოდა მოწვევას.

შესანიშნავი გამოხმაურება

მოწვევას მთლიანობაში 272 ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იყვნენ სტუდენტები და ქალაქის თვითმმართველობისა და მთავრობის წარმომადგენლები. სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ ფილიალი სილამაზითა და სისუფთავით გამოირჩეოდა და მადლიერებას გამოთქვამდნენ გაწეული სტუმართმოყვარეობისთვის. ერთმა ქალბატონმა შთაბეჭდილებების წიგნში ასეთი სიტყვები ჩაწერა: „თქვენს ფილიალში პირველად ვარ. ის მართლაც მშვენიერია. ადრეც აღფრთოვანებული ვიყავი თქვენით და პატივს გცემდით, მაგრამ ახლა უფრო მეტად მომწონხართ“.

ერთმა მამაკაცმა თქვა: „არასწორი წარმოდგენა გვქონდა იმაზე, თუ რა ხდებოდა აქ. თქვენზე რას აღარ ამბობდნენ . . . მაგრამ ნანახი ნდობას მინერგავს. დიდი სიამოვნებით მიგიღებთ სახლში, რადგან ვფიქრობ, რომ ღირსეულ საქმეს ასრულებთ“.

უნივერსიტეტის ერთი ლექტორი, რომლის დედაც იეჰოვას მოწმეა, ორი კურსის სტუდენტებთან ერთად მოვიდა სტუმრად. მან თქვა: „მინდოდა სტუდენტებს სცოდნოდათ, რა საქმეს ასრულებენ იეჰოვას მოწმეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქ მოსვლით მათ ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ“. როგორი რეაქცია ჰქონდათ თავად სტუდენტებს?

ერთმა სტუდენტმა გოგონამ დაწერა: „გმადლობთ სტუმართმოყვარეობისთვის. ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩემთვისაც და ჩემი თანაკურსელებისთვისაც“. მეორემ შენიშნა, რომ ადამიანებს, რომლებიც არ უსმენენ მოწმეებს, წარმოდგენაც არა აქვთ, ვინ არიან ისინი სინამდვილეში. „სხვების შეხედულებების მიმართ შემწყნარებელნი უნდა ვიყოთ, უნდა მოვუსმინოთ და ანგარიში გავუწიოთ“, — თქვა მან. ერთმა ახალგაზრდამ კი გვითხრა: „ამ შეხვედრამდე სრულიად სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა თქვენზე, მაგრამ ახლა ვხედავ, როგორ უჭერთ მხარს ერთმანეთს. თქვენ ჭიანჭველებივით შრომობთ“.

სტუმრებს შორის პოლიციის ოთხი თანამშრომელიც იმყოფებოდა. ერთმა პოლიციელმა ქალმა აღნიშნა: „მოხიბლული ვარ. ვერავითარ დისკრიმინაციას ვერ ვხედავ. ყველანი — დამლაგებლები, მებაღეები თუ სხვები — თანასწორები არიან . . . საოცარია!“

აი, რა თქვა ორმა ბიჭმა, რომლებიც 9 და 10 წლისანი არიან: „ფილიალი ლამაზია და ძალიან დიდი“. ერთ-ერთმა განაგრძო: „ყველაზე ძალიან მანქანები მომეწონა. ისინი სწრაფად მუშაობენ, განსაკუთრებით ის მომეწონა, ქაღალდს რომ ჭრის“.

ფილიალის სტუმრებს შორის იყო აგრეთვე ექიმი-ტრავმატოლოგი მეუღლესა და სტუდენტ ქალიშვილთან ერთად. ექსკურსიის დროს ექიმის ცოლმა უამრავი ბიბლიური კითხვა დასვა. მან აღნიშნა, რომ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მოწმეებმა სახლში მიაკითხეს მამამისს, რომელიც ევანგელისტური ეკლესიის წევრია. მამამისი ძალიან გაღიზიანდა, მოწმეები კი მშვიდად იყვნენ. „ახლა ვხვდები, თუ რატომ“, — დაასკვნა მან.

მათ აღნიშნეს, რომ ამ სტუმრობამ შეცვალა მოწმეების შესახებ მათი თვალსაზრისი. როცა ექიმისა და მისი ცოლ-შვილის მიერ გამოვლენილი ინტერესი დაინახა, ექსკურსიამძღოლმა ხოსემ ისინი უფლის გახსენების საღამოზე მიიწვია და ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, რაზეც დათანხმდნენ და თქვეს, რომ შესწავლისთვის დიდი სიამოვნებით მოვიდოდნენ ფილიალში.

მომდევნო კვირას მთელი ოჯახი ეწვია ხოსესა და მის მეუღლეს, ბეატრისს, რომლებმაც სიხარულით მიიღეს ისინი. მათ იმდენად ბევრი შეკითხვა ჰქონდათ, რომ პირველი შეხვედრა სამსაათ-ნახევარი გაგრძელდა. 16 აპრილს კი ისინი უფლის გახსენების საღამოს დაესწრნენ; მათთან ერთად იყო აგრეთვე ექიმის სიმამრიც — დიახ, ზუსტად ის, მოწმეების მისვლამ რომ გააღიზიანა!

განსაკუთრებით სასიხარულო იყო იმის გაგება, რომ სტუმრებმა ბიბლიური ლიტერატურის 500 ეგზემპლარი აიღეს, რომელთაგან უმეტესობა ბიბლია იყო. ზოგმა თქვა, რომ აქამდე არასდროს ჰქონია ბიბლია.

არმანდოს, რომელიც ლიტერატურას არიგებდა, შორიახლოს მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა უთხრა: „ამიერიდან მეც შემოგიერთდებით მოწმეებს კრების შეხვედრებზე, რადგან ვიცი, რომ თქვენთანაა ჭეშმარიტება“. არმანდოს ძალიან გაუხარდა, როდესაც რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ქალბატონი სამეფო დარბაზში ნახა. ის ყვება: «ამ ქალბატონს თან ჰქონდა წიგნი, რომელიც ღია კარის დღეს მიიღო. როდესაც მივესალმე, მითხრა: „აი, დაგპირდით და მოვედი კიდეც“».

ღია კარის სამივე დღემ თვალსა და ხელს შუა გაირბინა, მაგრამ მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. პირველად მოსული მნახველების სიტყვების მოსმენის შემდეგ ფილიალის თანამშრომლებმა უფრო მეტად დააფასეს იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალში მსახურების შესაძლებლობა.

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

1. ავტოსარემონტო სახელოსნო, 2. საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა, 3. ტექმომსახურების შენობა, 4. საცხოვრებელი კორპუსები, 5. ტიპოგრაფია, 6. შეხვედრების დარბაზი, 7. სასტუმრო.

[სურათები 25 გვერდზე]

მოწვევას ასობით ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის სტუდენტები და პოლიციის თანამშრომლები.