არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ინტერნეტი მძარცველების წინააღმდეგ

ურუგვაიში მცხოვრები მამაკაცი, სახელად მაურისიო, ინტერნეტის კომპიუტერული კამერით (ვებ-კამერით) დაუკავშირდა თავის მეგობარს ბრაზილიაში. უეცრად ბრაზილიელი მეგობრის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და მათი ვიდეოსაუბარი შეწყდა. ამ დროს მაურისიოს მონიტორზე გამოჩნდა ორი უცნობი მამაკაცი, რომელთაგან ერთი შეიარაღებული იყო. შეშინებულმა მაურისიომ დაინახა, რომ მძარცველები — რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე, რომ ვიღაც უთვალთვალებდათ — მისი მეგობრის ბინის ძარცვას შეუდგნენ. მაურისიომ სან-პაულუში მცხოვრებ ნათესავს დაურეკა და პოლიცია გამოაძახებინა. ისინი გარს შემოერტყნენ სახლს. მძარცველები სამი საათის შემდეგ ჩაბარდნენ პოლიციას. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

ადამიანსა და მაიმუნს შორის არსებული უფსკრული

შიმპანზეებისა და ორანგუტანების, ასევე ზოგიერთი ჯიშის მაკაკებისა და სხვა მაიმუნების დნმ-ის ბოლოდროინდელმა ანალიზმა აჩვენა, რომ მათი გენეტიკური სტრუქტურა არა ჰგავს ადამიანისას, რითაც გაბათილდა მეცნიერულ წრეებში გავრცელებული ადრინდელი წარმოდგენა. „დნმ-ში არსებული დიდი — და არა მცირე — სხვაობები ყოფს ადამიანის მსგავს მაიმუნებსა და სხვა მაიმუნებს როგორც ადამიანისგან, ასევე ერთმანეთისგან“,— ნათქვამია დიდ ბრიტანეთში გამომავალ ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. „მათი ქრომოსომების შედარებისას აღმოჩნდა, რომ ცალკეული ნუკლეოტიდები ზოგან დიდი რაოდენობით ფიგურირებდა, ზოგან კი საერთოდ არ იყო“, — ხსნის მეცნიერი კელი ფრეიზერი, რომელიც კალიფორნიაში (აშშ) არსებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის, „პერლეგენ საიენსის“ თანამშრომელია; კომპანიისა, რომელმაც ზემოხსენებული ანალიზი ჩაატარა. „ნიუ საიენტისტმა“ ამ სხვაობებს „ადამიანსა და მაიმუნს შორის არსებული უზარმაზარი უფსკრული“ უწოდა.

ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, უფრო საზრიანები და ჯანმრთელები არიან

„კუინზლენდელმა მკვლევარებმა, რომლებიც თითქმის 4 000 ბრიზბენელ ბავშვს აკვირდებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც დედის რძით იკვებებოდა, მთლიანობაში, გონებრივი მონაცემების უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ“, — ნათქვამია სიდნეიში (ავსტრალია) გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. კუინზლენდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიკ ნაჯმენმა თქვა: „რაც უფრო დიდხანს იკვებება ბავშვი ძუძუთი, მით უფრო მაღალია მისი გონებრივი მონაცემები. ყურადსაღებია გონებრივი მონაცემების შესამოწმებლად ჩატარებული ტესტის შედეგები. აღმოჩნდა, რომ სხვა ბავშვებთან შედარებით, დედის რძეზე გაზრდილმა ბავშვებმა საშუალოდ რვა ქულით მეტი შეფასება მიიღეს. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა. ამ შემოწმებამ დაგვანახვა, თუ რა სხვაობაა საშუალო ბავშვსა და გონებრივად განვითარებულ ბავშვს შორის“. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელსაც ასახელებს „სანდი ტელეგრაფი“, ისაა, რომ ბავშვებს, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, თითქმის 30 პროცენტით უმცირდებათ გასუქების რისკი. როგორც ქალთა კონსულტანტი ჯოი ჰედსი ამბობს, „დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობითაა უსარგებლო პროდუქტები, და ამიტომაც ბავშვის ორგანიზმი მას თითქმის მთლიანად ითვისებს. თუ პატარას ძუძუს აძლევთ, შეიძლება გყავდეთ დიდი და ფუმფულა ბავშვი, მაგრამ ეს პრობლემა არაა. ხოლო რაც შეეხება ხელოვნურ კვებაზე მყოფ მსუქან ბავშვებს, ისინი კი მართლაც დგანან მომავალში ჭარბი წონის საშიშროების წინაშე“.

სწავლა სიბერემდეო. . .

ნეპალში, სადაც ბევრმა წერა-კითხვა არ იცის, ხნიერ მამაკაცში, რომელსაც 12-ზე მეტი შვილიშვილი ჰყავს, კვლავ გაიღვიძა განათლების მიღების წადილმა. ბალ ბაადურ კარკი, რომელიც მწერალ ბაჟეს სახელითაა ცნობილი, დაიბადა 1917 წელს და მეორე მსოფლიო ომშიც მიიღო მონაწილეობა. ოთხი მცდელობის შემდეგ, 84 წლის ასაკში, მან მაინც დაამთავრა სკოლა და მიიღო ატესტატი. ამჟამად, 86 წლის ასაკში, ის კოლეჯში სწავლობს. ძირითად ყურადღებას ინგლისური ენის შესწავლას უთმობს და სხვებსაც კი უტარებს კერძო გაკვეთილებს. როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდებთან ერთად მერხთან ჯდომა მას ასაკს ავიწყებს და თავს ისევ ჭაბუკად აგრძნობინებს. დედაქალაქ კატმანდუში ბოლო ჩასვლისას მან წარჩინებისთვის რამდენიმე ჯილდო მიიღო და მქუხარე ტაშიც დაიმსახურა. ის ამხნევებდა სხვებს, რომ ასაკის გამო ფარ-ხმალი არ დაეყარათ და ცოდნის მიღებისკენ ჰქონოდათ სწრაფვა. მწერალი ბაჟე წუხილსაც გამოთქვამს. დედაქალაქში ჩასასვლელად ის იძულებული იყო, სამი დღე ფეხით ევლო, რომ ავტობუსს გაჰყოლოდა, რადგან ავიაბილეთზე შეღავათი არ გაუკეთეს. ჩვეულებრივი ავიაბილეთის ფასს კი ფინანსურად ვერ შესწვდა. გაზეთ „კატმანდუ პოსტის“ რეპორტიორს მან უთხრა: „ავიაკომპანიებმა სტუდენტებისთვის გათვალისწინებული შეღავათი უნდა გამიკეთონ. მეც ხომ სტუდენტი ვარ?!“