არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საოცრად სიცოცხლისუნარიანი

საოცრად სიცოცხლისუნარიანი

საოცრად სიცოცხლისუნარიანი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ნამიბიიდან

სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში მდებარე ნამიბის უდაბნოში ჰაერი სუფთა და გამომაცოცხლებელია. ცა მოწმენდილია. მზე ამოდის და ჰაერის ტემპერატურაც მატულობს. ეს არის ქვიშიანი დიუნებისა და ქარებისგან გახრიოკებული ღორღიანი ტრამალების მხარე. ირგვლივ გაოცებულები ვიყურებით. ნეტავ რა უნდა იყოს ის მწვანე ფოთლების გროვა, შორს რომ მოჩანს? ახლოდან ვათვალიერებთ და ვხვდებით, რომ აღმოვაჩინეთ პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული მცენარე, რომელსაც ლათინურად ჰქვია Welwitschia mirabilis და „საუცხოო ველვიჩიად“ ითარგმნება.

ბუნებაში ველვიჩიები მხოლოდ ანგოლისა და ნამიბის უდაბნოებში გვხვდება. ისინი იმდენად განსხვავდებიან სხვა მცენარეებისგან, რომ მეცნიერებმა მათ ცალკე ოჯახი და გვარი გამოუყვეს, რომელშიც მხოლოდ ეს ერთი სახეობა შედის. „მცენარეთა დაახლოებით 375 000 სახეობაა ცნობილი. მაგრამ მათ შორის არც ერთი არ იწვევდა ბოტანიკოსებში ისეთ დიდ ინტერესს, როგორც ველვიჩია, და არც ერთი მათგანის კლასიფიცირება არ იყო ასე რთული“, — წერს კრის ბორნმანი თავის წიგნში „ველვიჩია — გახრიოკებული სამოთხის პარადოქსი“.

ველვიჩია ხის კუნძზე დაყრილი ფოთლების გროვას ჰგავს, მაგრამ მას სინამდვილეში სულ ორი ფოთოლი აქვს. უდაბნოს ქარებმა ისინი ბევრ ნაწილად დაყვეს. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ტვიბლარკანიდუთს“ უწოდებს, რაც სიტყვასიტყვით „ორ უკვდავ ფოთოლს“ ნიშნავს. ეს სახელი მართლაც რომ ზედგამოჭრილია! დღის განმავლობაში ტემპერატურა აქ ზოგჯერ +40°C-ს აღწევს, ღამით კი ძალიან ცივა და, რადგან ახლომახლო ხეები არ ხარობს, მძვინვარე ქარები თავისუფლად დათარეშობენ. საერთოდ, მცენარეთა უმეტესობა მთლიანად დამოკიდებულია ფესვებზე, რომლებიც ნიადაგიდან წყალს იწოვენ, ველვიჩია კი სულ სხვაგვარად საზრდოობს. ნამიბში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 25 მმ-ზე ნაკლებია, ხან კი ისე გადის რამდენიმე წელი, რომ საერთოდ არ მოდის წვიმა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ველვიჩია მაინც იზრდება და ფოთლების სიმწვანესაც ინარჩუნებს. მეცნიერებისთვის დიდი ხნის მანძილზე გამოცანად რჩებოდა, თუ როგორ იყო ეს შესაძლებელი. საიდუმლო იმაშია, რომ, როგორც ჩანს, ველვიჩიები ისრუტავენ დილის ნამს, რომელიც რეგულარულად მოაქვთ ოკეანის სანაპიროდან წამოსულ უდაბნოს ქარებს.

ველვიჩიას ფოთლები არ სცვივა და ახალიც არ ამოსდის. ამ მცენარეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფოთლების მხოლოდ ერთი წყვილი ეზრდება. მისი ერთი ფოთლის სიგრძე, როცა გაშალეს და გაზომეს, 8,8მეტრი აღმოჩნდა! წარმოიდგინეთ, რამხელა სიგრძის ფოთლები ექნებოდა ველვიჩიას, ბოლოები რომ არ უხმებოდეს და არ ეცრიცებოდეს! «თავისი სიცოცხლის 1500 წლის განმავლობაში, — ნათქვამია ერთ სამეცნიერო ჟურნალში, — ველვიჩიას ფოთლები შეიძლება 225 მეტრამდე გაეზარდოს» (Veld & Flora). მაგრამ შეიძლება, რომ მცენარემ ამდენ ხანს იცოცხლოს? „ველვიჩია ნელა იზრდება და ხშირად 1000—2000 წლამდე ცოცხლობს“, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკ მულტიმედიაში“.

ველვიჩია მართლაც საოცრად სიცოცხლისუნარიანია. მაგრამ რით აიხსნება, რომ ეს უნიკალური მცენარე უდაბნოს მკაცრ პირობებში ასე დიდხანს ცოცხლობს? ამაში, ყოვლადბრძენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის ხელი ურევია, რომელიც ქმნის ‘მცენარეულობას ადამიანის სამსახურებლად’ (ფსალმუნები 103:14).