არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უშვებს ღმერთი ჩვენს ტანჯვას?

რატომ უშვებს ღმერთი ჩვენს ტანჯვას?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უშვებს ღმერთი ჩვენს ტანჯვას?

„ღმერთი ცაშია, სადაც მხოლოდ სიამტკბილობაა, ჩვენ კი ვიტანჯებით აქ“ (მერი *).

დღევანდელ ახალგაზრდობას უბედურებებით სავსე მსოფლიოში უწევს ცხოვრება. მიწისძვრები და მრავალი სტიქია, რომლებსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ლამის ჩვეულებრივ მოვლენებადაა ქცეული. ომები და ტერაქტები საინფორმაციო გადაცემების მთავარი თემებია. დაავადებები, დამნაშავეობა და უბედური შემთხვევები ხელიდან გვაცლის საყვარელ ადამიანებს. მერის, რომლის სიტყვებიც თავშია მოყვანილი, ტრაგედია პირადად შეეხო. ეს მწარე სიტყვები მან მამის სიკვდილის შემდეგ წარმოთქვა.

როცა ტრაგედია პირადად გვეხება, სრულიად ბუნებრივია, რომ იმედგაცრუება, დანაკარგის გრძნობა ან რისხვაც კი დაგვეუფლოს. „რატომ უნდა მომხდარიყო ეს? — შეიძლება იკითხო. — მაინცდამაინც მე რატომ დამემართა? რატომ მოხდა ეს ახლა?“. ეს ის კითხვებია, რომლებიც დამაკმაყოფილებელ პასუხებს საჭიროებს. სწორი პასუხების მისაღებად კი სათანადო წყაროს უნდა მივმართოთ. ისიც მართალია, რომ, როგორც ახალგაზრდა ტერელი შენიშნავს, ადამიანები ზოგჯერ „იმდენად განადგურებულნი არიან, ფიქრის თავიც კი აღარა აქვთ“. ამიტომ, ცოტათი მაინც უნდა დამშვიდდე, რომ შეგეძლოს დაფიქრება და ლოგიკური, გონივრული დასკვნის გაკეთება.

მწარე სინამდვილის პირისპირ

ალბათ, არასასიამოვნოა ამაზე ფიქრი, მაგრამ სიკვდილი და ტანჯვა ცხოვრების სამწუხარო რეალობაა. იობმა ეს კარგად გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით“ (იობი 14:1).

ბიბლიაში მოცემულია დანაპირები ახალი ქვეყნიერების შესახებ, სადაც ‘დამკვიდრებული იქნება სიმართლე’ (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4). ამ იდეალური პირობების დამყარებამდე კი კაცობრიობამ უპრეცედენტო ბოროტების ხანა უნდა განვლოს. „ეს კი იცოდე, — ნათქვამია ბიბლიაში, — რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება“ (2 ტიმოთე 3:1).

რამდენ ხანს გასტანს ეს ძნელბედობის ჟამი? იესოს მოწაფეებმა დაახლოებით ასეთივე კითხვით მიმართეს მას, მაგრამ იესოს არ დაუსახელებია კონკრეტული დღე ან საათი, როცა დადგება ამ უბედურებებით სავსე წუთისოფლის აღსასრული. ნაცვლად ამისა, მან თქვა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:3, 13). იესოს სიტყვებიდან ვიგებთ, რომ მზერა მომავლისკენ უნდა გადავიტანოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ბევრ უსიამოვნო სიტუაციასთან შესახვედრად, ვიდრე საბოლოოდ არ მოვა ამ წუთისოფლის აღსასრული.

დამნაშავეა ღმერთი?

გონივრულია კი გაბრაზდე ღმერთზე იმის გამო, რომ ის უშვებს ტანჯვას? არა, თუ გაითვალისწინებ, რომ ღმერთი ყველანაირი სატანჯველისთვის ბოლოს მოღებას გვპირდება. არც ისაა გონივრული, იფიქრო, თითქოს ღვთის ნებით ხდება ტრაგიკული მოვლენები. ბევრი ტრაგედია, უბრალოდ, უბედური შემთხვევის შედეგია. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ქარმა ხე მოგლიჯა, ამ შემთხვევას კი ვიღაც ემსხვერპლა. ადამიანებმა ეს შეიძლება ღვთის ხელს მიაწერონ, მაგრამ, სინამდვილეში, ღმერთს არ წაუქცევია ხე. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ასეთი მოვლენები ხშირად „ჟამისა და შემთხვევის“ სამწუხარო შედეგია (ეკლესიასტე 9:11).

ადამიანები შეიძლება თავიანთი წინდაუხედაობის გამოც იტანჯებოდნენ. წარმოიდგინე ნასვამი ახალგაზრდები, რომლებიც მანქანას მართავენ. ისინი ავარიაში ხვდებიან. ვინაა დამნაშავე? ღმერთი? არა, ისინი საკუთარი წინდაუხედაობის შედეგებს იმკიან (გალატელთა 6:7).

„მაგრამ ღმერთს ხომ აქვს იმის ძალა, რომ ტანჯვა-წვალებას ახლავე მოუღოს ბოლო?“ — შეიძლება იკითხო. ბიბლიურ დროში მცხოვრებ ზოგ ერთგულ მამაკაცსაც აღელვებდა ეს საკითხი. წინასწარმეტყველი აბაკუმი ეკითხებოდა ღმერთს: „რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა უკეთური ყლაპავს მართალს?“ მიუხედავად ამისა, აბაკუმს ნაჩქარევი დასკვნები არ გამოუტანია. მან თქვა: „დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის“. მოგვიანებით, ღმერთმა დაარწმუნა ის, რომ „დათქმულ ჟამს“ ბოლოს მოუღებდა სატანჯველს (აბაკუმი 1:13; 2:1—3). ამიტომ, ჩვენც მოთმინებით უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ღმერთი თავის მიერ დათქმულ დროს ბოროტებას ბოლოს მოუღებს.

მოერიდე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას, თითქოს ღმერთს უნდა ჩვენი ტანჯვა ან გვცდის. ფაქტია, რომ ტანჯვის შედეგად შეიძლება ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვლინდეს; ბიბლიაც ამბობს, რომ ღვთის მიერ დაშვებულმა განსაცდელებმა შეიძლება რწმენა განგვიმტკიცოს (ებრაელთა 5:8; 1 პეტრე 1:7). მართლაც, განსაცდელგამოვლილი ბევრი ადამიანი უფრო მომთმენი და თანამგრძნობი ხდება. მაგრამ არ უნდა დავასკვნათ, თითქოს მათი ტანჯვა ღმერთმა გამოიწვია. ასეთი აზროვნებისას ადამიანს მხედველობიდან რჩება ღვთის სიყვარული და სიბრძნე. ბიბლიაში გარკვევით არის ნათქვამი: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“. პირიქით, ღვთისგან მოდის „ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი“! (იაკობი 1:13, 17).

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას?

მაშ, საიდან იღებს საწყისს ბოროტება? გახსოვდეს, რომ ღმერთს ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომელთაგანაც უმთავრესია ის, რომელსაც „ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი“ (გამოცხადება 12:9). ღმერთმა ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, დაასახლა მიწაზე, სადაც არ იყო სატანჯველი. სატანამ კი დაარწმუნა ევა იმაში, რომ ღვთის მმართველობის გარეშე ის გაცილებით უკეთესად იცხოვრებდა (დაბადება 3:1—5). სამწუხაროდ, ევამ დაიჯერა სატანის ტყუილი და არ დაემორჩილა ღმერთს. ადამიც შეუერთდა მას. რა შედეგი მოიტანა ამან? „სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“, — ამბობს ბიბლია (რომაელთა 5:12).

ნაცვლად იმისა, რომ თავისი მოწინააღმდეგეები — სატანა და მისი მიმდევრები — მაშინვე გაენადგურებინა, ღმერთმა დროის გასვლის აუცილებლობა დაინახა. რა მიზნით? ერთი მხრივ, იმის საჩვენებლად, რომ სატანა მატყუარაა! ასევე იმის საფუძვლიანად დამტკიცებისთვის, რომ ღვთისგან დამოუკიდებლობას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. განა ეს ასე არ არის? „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19, აქ). გარდა ამისა, „ადამიანი ბატონობს ადამიანზე მის საბოროტოდ“ (ეკლესიასტე 8:9). მსოფლიოში არსებული რელიგიები ერთმანეთთან დაპირისპირებული სწავლებების დამაბნეველი ლაბირინთია. ზნეობა უკიდურესად დაცემულია. ადამიანებმა მმართველობის ყველა შესაძლო ფორმა მოსინჯეს. ისინი დებენ ხელშეკრულებებს და იღებენ კანონებს, მაგრამ უბრალო ხალხის მოთხოვნილებები კვლავაც დაუკმაყოფილებელი რჩება. ომებს კი უფრო მეტი უბედურება და ტანჯვა მოაქვს.

აშკარაა, რომ ჩვენდა სასიკეთოდ ღვთის ჩარევა და ბოროტებისთვის ბოლოს მოღებაა საჭირო! მაგრამ ეს მხოლოდ ღვთის მიერ დანიშნულ დროს მოხდება. მანამდე კი, გვაქვს ბრწყინვალე შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ღვთის მმართველობას — დავიცვათ ღვთის კანონები და პრინციპები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული. თუ უბედურება შეგვემთხვევა, შეგვიძლია ვინუგეშოთ თავი სატანჯველისგან თავისუფალ მსოფლიოში ცხოვრების სარწმუნო იმედით.

მარტონი არა ვართ

და მაინც, როცა პირადად განვიცდით ტკივილს, შეიძლება გვიჩნდებოდეს კითხვა: „მაინცდამაინც მე რატომ დამემართა ეს?“ მოციქული პავლე შეგვახსენებს, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვიტანჯებით. პავლე ამბობს: „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22). ამის ცოდნამ შეიძლება აგატანინოს ტკივილი. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ნიკოლი ემოციურად ტრავმირებული იყო. „თავზარდაცემული და შეშინებული ვიყავი“, — ამბობს ის. მაგრამ, მას შემდეგ, რაც წაიკითხა, როგორ უმკლავდებოდნენ ამ ტრაგედიას თანამორწმუნეები, ნიკოლმა სხვა თვალით შეხედა მოვლენებს *. „დავინახე, რომ მარტო არ ვიყავი. ტკივილი თანდათანობით შემიმსუბუქდა“.

ზოგ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ვინმეს დაელაპარაკები — მშობელს, მოწიფულ მეგობარს ან ქრისტიან უხუცესს. თუ ისეთ ადამიანს გაანდობ სატკივარს, ვისაც ენდობი, გამამხნევებელ „კეთილ სიტყვას“ მიიღებ (იგავები 12:25). ერთი ბრაზილიელი ახალგაზრდა ქრისტიანი იხსენებს: „ცხრა წლის წინ მამა დამეღუპა. ვიცი, რომ იეჰოვა აღადგენს მას. ჩემი გრძნობები ფურცელზე გადავიტანე და ეს დამეხმარა. ქრისტიან მეგობრებსაც გავუზიარე ჩემი განცდები“. გყავს ისეთი ‘მეგობრები’, ვისაც შეგიძლია ენდო? (იგავები 17:17, სსგ). მაშინ მიმართე დახმარებისთვის! ნუ მოგერიდება მათთან ტირილი ან გრძნობების გამოხატვა. ერთხელ იესოც კი „აცრემლდა“ თავისი მეგობრის სიკვდილის გამო! (იოანე 11:35).

ბიბლია გვარწმუნებს, რომ მომავალში ‘გავთავისუფლდებით ხრწნილების მონობისაგან’ და გავიხარებთ ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’ (რომაელთა 8:21). იმ დრომდე კი შესაძლოა ბევრ კარგ ადამიანს მოუწიოს უბედურების გადატანა. ნუგეში ჰპოვე იმის ცოდნით, თუ რატომ იტანჯებიან ადამიანები — და რომ ეს ტანჯვა დიდხანს აღარ გასტანს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 20 იხილეთ სტატიათა სერია „სიმამაცე ტრაგედიის წინაშე“, რომელიც გამოქვეყნებული იყო 2002 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში.

[სურათი 18 გვერდზე]

თუ ვინმეს გაუზიარებ შენს მწუხარებას, შვებას იგრძნობ.